თარჯიმანი, რომელიც სამშობლოდან გაქცეულ ადამიანებს თავის დამკვიდრებაში ეხმარება - გზაპრესი

თარჯიმანი, რომელიც სამშობლოდან გაქცეულ ადამიანებს თავის დამკვიდრებაში ეხმარება

წლებია ესპანეთში ცხოვრობს და მუშაობს. ამბობს, რომ საქართველო მისთვის შეუცვლელია, აქაური ცხოვრების წესს გადაჩვეულია და დიდი ხნით დარჩენა უჭირს... ნათია კობაიძე იმ ქართველებს უწევს თარჯიმნობას, ვინც სამშობლოდან ძალადობას, გაჭირვებას ან უბრალოდ მუდმივ სტრესს გაექცა და უკეთეს მომავალს ეძებს.

- თითქმის 15 წელზე მეტია, ესპანეთში ვცხოვრობ. ბავშვობიდან ძალიან დამოუკიდებელი და აქტიური ადამიანი ვარ. უცხოეთში წასვლა და რაღაც ახლის სწავლა მინდოდა, რითაც ჩემს სამშობლოში შემოსავალი გამიჩნდებოდა. კიდევ ერთი მიზანი მქონდა - სახლის შეძენა. მშობლებთან ვცხოვრობდი, ჰარმონიული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ ჩემთვის, დამოუკიდებლად ცხოვრება მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე ესპანეთში წამოსვლა, აქაურობა თავიდანვე მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებიც იყო, თუნდაც ენის უცოდინარობის გამო. აქ რომ ჩამოვედი, ინგლისურად და რუსულად ვსაუბრობდი... მახსოვს, ბარსელონაში ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი, წყლის ყიდვა მინდოდა და ვიკითხე, წყალი, "აქუა" ესპანურად როგორ იქნება-მეთქი? - "აგუა" გინდათო? - გამიღიმეს. ამოვისუნთქე. ნიჭიერი ხალხია, ოღონდ ქართველებივით - არა, უცხო ენების შესწავლა უჭირთ. ამიტომ, ვინც ინგლისური იცის, მიაჩნიათ, რომ ძალიან ნიჭიერია... ერთი სიტყვით, ესპანური ენის კლასიკურ დონეზე შესწავლა გადავწყვიტე. ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ლაპარაკი ისედაც არასდროს მეზარებოდა და ღრმა საუბრებიც მიყვარს, ამისთვის კი ენის ზედაპირული ცოდნა არ გამომადგებოდა. მოკლედ, ენის შემსწავლელ კურსებზე ვიარე, ტელევიზორსაც ვუყურებდი და რადიოსაც ვუსმენდი, ყველანაირად ვცდილობდი, ენა რაც შეიძლება სწრაფად შემესწავლა. თანამოსაუბრეს ყოველთვის ვთხოვდი, თუ რამეს არასწორად ვამბობ, შემისწორეთ-მეთქი. მალე აქაურობაც შემიყვარდა, თუმცა ჩემი ქვეყანა ძალიან მენატრებოდა. იმდენად, რომ პირველი წასვლის შემდეგ ოთხი წელი ვერ ჩამოვედი და ვფიქრობდი, როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, მიწას ვაკოცებ-მეთქი. თუმცა, რომ დავბრუნდი, უცნაური განცდა დამეუფლა: ვერ ვიგრძენი, რომ სამშობლოში ვიმყოფებოდი. იგივე პრობლემები დამხვდა - ადამიანთა უმეტესობა ბედნიერი არ არის, აგრესიული დამოკიდებულებებია, ერთმანეთის მოსმენა და მოთმენა უჭირთ. ძალიან მეწყინა და გავბრაზდი კიდეც, ამდენი წლის განმავლობაში რატომ ვერაფერი შევცვალეთ-მეთქი?.. ესპანეთში რომ დავბრუნდი, აეროპორტშივე შვება ვიგრძენი. აქაურები ძალიან თბილი ხალხია. საკმარისია, ერთმანეთს შეხვდნენ, თვალებში ჩახედონ, რომ შემდეგ სალამსაც არ იშურებენ. თუ მოწყენილს გნახავენ, ჩაგეხუტებიან, პოზიტიურად რომ განგაწყონ. კომუნიკაბელური ხალხია. მეც მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მრწამსისა და ცხოვრების წესის მიუხედავად. არასდროს მიგრძნია, რომ უცხო ვარ... შესაძლოა, ეს ყველაფერი ზოგიერთმა ან მეტიჩრობაში ჩამომართვას, არც დამიჯეროს, ან სულაც თქვას, - წავიდნენ ევროპაში და ქართველობა დაკარგესო, - მაგრამ ჩემთვის ესპანეთი ნამდვილად მეორე სამშობლოა. აქ თავს დაცულად ვგრძნობ და საქართველოშიც ასე მინდა იყოს.

- ალბათ გახსოვთ პირველი სამსახური, არა?

- დიახ. მოხუც ქალბატონთან ვმუშაობდი. აქ არსებობს დიასახლისების ასოციაცია. ის ქალბატონები, რომლებიც არ მუშაობენ, ოჯახებს პატრონობენ. ამ ასოციაციის პრეზიდენტი იყო ის ქალი, ძალიან კარგი ადამიანი. მართლა შვილივით მიმიღო, ხშირად ვმოგზაურობდი, საჩუქრებსა და მზრუნველობას არ მაკლებდა. უამრავ საუკეთესო თვისებასთან ერთად, პროფესიონალი მზარეული იყო. მისი დამსახურებით ვისწავლე ესპანური კერძების მომზადება, თან ისე კარგად, რომ შემდეგ, სხვაგან რომ ვმუშაობდი, გაოცებული იყვნენ, ასე კარგად როგორ ამზადებ ჩვენებურ კერძებსო... საკმაოდ მრავალფეროვანი სამზარეულო აქვთ, მათ შორის ცხარე კერძები, თუმცა, ზოგი მიირთმევს ცხარეს, ზოგი - არა. ერთი კერძი აქვთ, "ტორტია დეპატატას" ჰქვია, კარტოფილითა და კვერცხით მზადდება. შემწვარი კარტოფილი ათქვეფილ კვერცხში უნდა ჩაყარო და გამოაცხო. ასე ვთქვათ, რაღაც წერტილი უნდა დაუჭირო, რომ არც ძალიან გამოცხვეს და არც უმი იყოს, რაც ადგილობრივებსაც უჭირთ. დაახლოებით ისეთია, საქართველოში საუკეთესო აჭარულ ხაჭაპურს რომ აცხობდე ან კარგ ხინკალს ახვევდე. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ვიმუშაო, მაგრამ ქართული სამზარეულოს ვერსიაც მაქვს. როდესაც სტუმრად მეპატიჟებიან, ხაჭაპური მიმაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქართულ სასწაულს ქუჩაშივე გამოუჩნდა თაყვანისმცემლები. არ ჩანდა, რა მიმქონდა, მაგრამ ისეთ სურნელს აფრქვევდა, ვინც გვერდით ჩამივლიდა, ჩერდებოდა და მეკითხებოდა, - რა მიგაქვთო?.. როგორც ვთქვი, კომუნიკაბელურები არიან და დეტალებს მეკითხებოდნენ. საკვები, ჭამა ამათთვის წმიდათაწმიდაა. დღეში ხუთჯერ მიირთმევენ. საკვები წინასწარ გამზადებული დააქვთ ან სახლში მიდიან, დედას ან ოჯახის რომელიმე წევრს ურეკავენ, ერთად რომ მიირთვან. ერთი სიტყვით, მთელი რიტუალები აქვთ, რომელსაც ზედმიწევნით იცავენ. ჭამას არასდროს გააცდენენ. კარგი ჭამა-სმის შემდეგ ცეკვა-სიმღერა იწყება, დაახლოებით ისე, როგორც ქართველებში, მაგრამ ესენი ბევრად ხალისიანები არიან, ქართველები კი - ბევრად ნიჭიერები. ეტყობა, გაჭირვებამ და მძიმე წლებმა თავისი დაღი დაგვასვა.

GzaPress

- ვიცი, რომ იოგით ხართ დაინტერესებული.

- დიახ. 2016 წელს ავტოავარიაში მოვყევი, მაგრამ ბავშვობიდან იოგაზე დავდიოდი, მცირე ჩავარდნები კი მქონდა, თუმცა, სხეული გაკაჟებული მაქვს და იმან გადამარჩინა. მხოლოდ კისრის მალები ჩამიტყდა. არადა, მთელი სხეული დალურჯებული მქონდა და ძვლები დღემდე მტკივა. და მაინც, იმ ავარიის ფონზე ძალიან მცირე მოტეხილობები მქონდა. ფიზიკურად ფორმაში მალე ჩავდექი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ცუდად ვიყავი, - შიშები მქონდა, ტრანსპორტში დიდხანს ვერ ვჯდებოდი. შემდეგ, იოგის მიმდევართა იმ გუნდს შევუერთდი, ვინც სამი დღის განმავლობაში მედიტაციით იქნებოდა დაკავებული, იმ დღეების განმავლობაში მხოლოდ ხილს მიირთმევდნენ და ერთმანეთს არც ესაუბრებოდნენ. ვიგრძენი, რომ ძალიან დავმშვიდდი და ამ მიმდინარეობით მეტად დავინტერესდი. ერთი სიტყვით, სამწლიანი კურსი გავიარე და შარშან დავამთავრე. ამის შემდეგ გადავწყვიტე, თავადაც ჩამეტარებინა გაკვეთილები. ამჟამად, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობ, როგორც ასაკოვნებთან, ასევე ახალგაზრდებთან. ორი კერძო მოსწავლე მყავს... საერთოდაც, პანდემიის დაწყებამდე ჩემი სკოლის დაფუძნება მინდოდა, მაგრამ "კოვიდმა" შემიშალა ხელი.

- ახლანდელ სამსახურზე მოგვიყევით: ვიცი, რომ თარჯიმნად მუშაობთ.

- ვინც ესპანეთში წლების წინ ჩამოვიდა, უკვე დამკვიდრებულიცაა, მაგრამ ვინც ერთი-ორი წლის წინ ჩამოვიდა, უმეტესობა ლტოლვილად ბარდება. რომ დაგტოვონ, დამაჯერებელი მოტივია საჭირო. დიდი ნაწილი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, ასევე მომრავლდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების შემოსვლა. ხშირად მიწევს ფსიქოლოგიური სეანსების თარგმნა. შარშანდელი აგვისტოდან ვმუშაობ ერთ ქართველ ქალთან, რომელიც ძალადობის მსხვერპლია და საოცრად მიმძიმს მისი ამბების მოსმენა. არის შემთხვევები, როდესაც აქ ჩამოდიან წყვილები და მერე შორდებიან... ამ ქალებმა აქ თანადგომა იპოვეს და მიხვდნენ, რომ არაადამიანური მოპყრობა არ უნდა აიტანონ. კიდევ ერთი: არავის უნდა იმის თქმა, რომ სოციალური პრობლემების გამო ჩამოვიდნენ, არადა, უმრავლესობა ნამდვილად იმიტომ ჩამოვიდა, რომ საქართველოში საარსებო საშუალება არა აქვს. სურს, შვილების კარგი მომავალი უზრუნველყოს. ერთხელ ვიბადები და ბედნიერი მინდა ვიყოო, ამბობენ.

ძალიან მძიმე ისტორიები აქვთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ასევე - აფხაზეთსა და შიდა ქართლიდან დევნილებს. ასევე მახსოვს ერთი მამაკაცი, რომელიც ციხეში გახდა ძალადობის, წამების მსხვერპლი. მისი მოსმენისას ასე მეგონა, საშინელებათა ჟანრის ფილმის პერსონაჟს ვუსმენდი... ძალიან ხშირად ჩამოდიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები და ახალგაზრდებს, რომლებიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვენ, აქაური ქართველები ავიწროებენ, თანაც იმდენად, რომ ზოგჯერ სუიციდამდეც მიჰყავთ... აქაც არიან კონსერვატორები, მაგრამ უფრო ლიბერალური ნაწილი ჭარბობს, ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის ქორწინებაც კი დაშვებულია... კიდევ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ჯგუფური ქურდობისთვის დაკავებული ქართველების თარჯიმნობა მიწევს, სასამართლო პროცესებზე დავდივარ. ამას წინათ დააკავეს რამდენიმე ქართველი. ასეთები ხომ სხვებს, მთელ ერს უტეხენ სახელს: ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბინას ვეძებდი დასაქირავებლად და მეპატრონეს ჩემი ეროვნების გამო უთქვამს უარი...

- საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ?

- უფრო სტაბილური სიტუაცია რომ იყოს, ვითარება ოდნავ მაინც რომ შეიცვალოს საქართველოში, შესაძლოა დავბრუნდე... ბოლო დროს ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენელს დავუმეგობრდი, ყველა მათგანი იმდენად საინტერესოა ჩემთვის, ვფიქრობ, მსოფლიოს მოქალაქე უფრო ვარ, ვიდრე ერთი რომელიმე ქვეყნის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი სამშობლო უპირველესია, საქართველოსთან კავშირს არასდროს გავწყვეტ. ოჯახი, ბავშვობის მეგობრები და ახლობლები შეუცვლელია.

ლალი პაპასკირი