მინიფერმა დედოფლისწყაროში - გზაპრესი

მინიფერმა დედოფლისწყაროში

გახსოვთ სიმღერა - "ერთად ვცხოვრობთ დიდ ფერმაში, ია-იაო"? სწორედ ეს გამახსენდა, დედოფლისწყაროში მცხოვრები საოცრად ხელმარჯვე ადამიანის, დავით შეითნიშვილის მინიფერმა რომ "გავიცანი". ამაზე ოჯახის დიასახლისს გულიანად გაეცინა და გაიხუმრა კიდეც, - ჩვენს პატარა ეზოში უკვე იმდენი გალია გვაქვს, მეუღლე მალე ჩვენც გალიებში მოგვათავსებსო.

მინიფერმის დიასახლისი ჩემი მეგობარია - თბილისში დაბადებული და გაზრდილი ინგლისური ენის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნატო ჭოტაშვილი, რომელმაც რაიონში გათხოვების შემდეგ, პროფესიით მუშაობის პარალელურად, საოჯახო მეურნეობას მიჰყო ხელი. ფერმის "გენერატორი" მწყერია, რომლის ოჯახში მოშენებასაც სუბიექტური მიზეზი ჰქონდა...

ნატო ჭოტაშვილი:

- ორი პატარა ქალიშვილი გვყავს - მარიამი და თეკლა. ორივე ალერგიულია და მათი კვებისას ბევრი პრობლემა გვექმნებოდა. მერე შევიტყვეთ, რომ თურმე, მწყრის კვერცხი არ იწვევდა ალერგიას და რადგან შინ ეზოც გვაქვს, მწყრის მოშენება გადავწყვიტეთ. ბევრი ინფორმაცია მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ მისი კვერცხი, მართალია, ქათმისაზე პატარაა - 11, 15 და 18-19-გრამიანიც კი არსებობს, მაგრამ ზოგადად, ძალიან სასარგებლო ყოფილა. ეგ კი არა, იაპონიაში კანონით არის განსაზღვრული სკოლაში მოსწავლეებისთვის დღეში მწყრის ორი კვერცხის მიღება. ამ ზაფხულიდან სერიოზულად შევუდექით საქმეს. თავდაპირველად, საინკუბაციო კვერცხები შევიძინეთ და ინკუბატორში ჩავდეთ, რომელიც ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით მოაწყო. დათო ხელმარჯვეა. მწყრების გალიებიც თვითონ გააკეთა და სხვათა შორის - კურდღლებისაც. პირველად საკმაოდ კარგი პროცენტულობით გამოიჩეკნენ - 300 კვერცხიდან 70%. ინკუბატორს პატარა საჰაეროებიც აქვს და მახსოვს, პირველად რომ იჩეკებოდნენ, თავზე ვადექი და ვაკვირდებოდი, როგორ გამოყო ნისკარტი, მერე - თავი და ა.შ. ზოგიერთი ნეკისხელაც არ იყო. ისეთი პატარები იყვნენ, ვფიქრობდი, ამათგან რა უნდა გამოვიდეს-მეთქი. არადა, როგორც კი გაშრნენ, მაშინვე სირბილი დაიწყეს. ისეთი სწრაფები არიან, ხელში ვერ მოიგდებ.

სამი ჯიშის მწყერი მოვაშენეთ: ტეხასური, ფარაონი და მაჟორული. ტეხასური არის მეხორცული, ფარაონი და მაჟორული კი - მეხორცულ-მეკვერცხულია ანუ დიდიც არის და კვერცხსაც ბევრად მეტს დებს. სხვათა შორის, გემოთიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგალითად ისევე, როგორც სოფლის ქათამი განსხვავდება ბროილერის ქათმისგან - ტეხასურს აქვს თეთრი, ქათქათა ხორცი და უფრო ბროილერისას წააგავს, ხოლო ფარაონსა და მაჟორულს ხორციც შედარებით მუქი აქვს - სოფლისას ჰგავს. ყველა კარგია, მაგრამ მე ეს უკანასკნელი უფრო მეგემრიელება, სასარგებლო თვისებები კი ყველას თანაბრად აქვს.

GzaPress

ჩვენს მინიფერმაში გვაქვს მინიაგრეგატიც, რომლის მეშვეობით მწყრისთვის თავადვე ვამზადებთ საკვებს. მწყერს ვკვებავთ ჯანსაღად, მათგან ჯანსაღი პროდუქტი რომ მივიღოთ - ხორბალი რომელსაც ვიყენებთ, მოწეულია ჩვენსავე ნაკვეთში, ქერი და სიმინდი - ჩემი უახლოესი მეგობრის ნაკვეთში და ზუსტად ვიცი, არ არის ჰიბრიდული, გენმოდიფიცირებული. მესაქონლეობა-მეფრინველეობაში საკვებთან დაკავშირებით მსოფლიოში ახალი ტენდენცია დაიწყო და ესეც გვინდა გამოვცადოთ - ლაპარაკია ფრინველების გაღივებული მარცვლეულით გამოკვებაზე.

ფერმაში არ ვიყენებთ პრემიქსს, უფრო სწორად, პრემიქსს ვაძლევთ მხოლოდ მწყრებს და ისიც - მკაცრად განსაზღვრულად, 14 დღემდე. ვიტამინებს მწვანე მასის სახით იღებენ - ძალიან უყვართ ჭინჭარი და ჭარხლის ფოთოლი. ზამთრისთვის მოგროვილი გვაქვს და დიდი ოდენობით ვაშრობთ ჭინჭარს, ბაბუაწვერასა და იონჯას, შემდეგ კი საკვებთან ერთად ვაწვდით. არ ვიყენებთ სოიის შროტს. მცოდნეები შენიშვნას მომცემენ, მწყერს დიდი რაოდენობით პროტეინები სჭირდება და აბა, სოიის გარეშე როგორ იქნებაო? პროტეინებზე მოთხოვნას ვუკმაყოფილებთ მზესუმზირის შროტით ანუ კოპტონით, რომელსაც ჩემი მეგობრისაგან ვყიდულობ და ზუსტად ვიცი, სად ჰქონდა დათესილი, გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული არ არის.

- ზოგადად, როგორი ბუნების არიან მწყრები, რა ახასიათებთ?

- ზღაპრებში რომ არის მოთხრობილი, პერსონაჟები საათებსა და წუთებში რომ იზრდებიან, მწყრებიც ასე ყოფილან - თვალის დახამხამებაში იზრდებიან. დილის შემდეგ მთელ დღეს რომ არ შევიდე და საღამოს მივაკითხო, უკვე საგრძნობლად გაზრდილები მხვდებიან. ვერ წარმოიდგენ, თავიდან რა სასიამოვნო იყო ამაზე დაკვირვება. ამ პროცესს მარტო ჩვენი ოჯახი კი არ ვადევნებდით თვალს, არამედ - მთელი სამეზობლო-სანათესავო. თუმცა, როგორც გავიგე, რეკომენდებული არც არის მწყრებთან უცხო ადამიანების ხშირი სტუმრობა. თურმე, ძალიან მშიშრები არიან და შესაძლოა, ხალხმრავლობამ კვერცხის დადებას შეუშალოს ხელი. ამიტომ, ლამის მეც აღარ მიშვებს ხოლმე დათო სამწყერეში. სასურველია, მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდეს მათთან კონტაქტი. მათთან ახლოს არც სხვა შინაური ცხოველების თანაარსებობაა რეკომენდებული, რადგან ეს ხმაურს იწვევს, ხმაური კი მწყერს აფრთხობს. ამიტომ ისინი განცალკევებით, სახლის უკანა ეზოში დავაბინავეთ.

GzaPress

- ბავშვებს როგორ აკავებთ, მწყრებთან რომ არ შევიდნენ?

- ამის გამო დიდი ომი გადაგვხდა. ზოგადად, ძალიან უყვართ ცხოველები და ფრინველები და ხელსაყრელ მომენტს როგორც კი იპოვიდნენ, მათთან იპარებოდნენ, გარეთ უშვებდნენ, საწყლებს ხელით დაატარებდნენ, უნდა მოვეფეროთ, ვაჭამოთ, წყალი დავალევინოთო... მოკლედ, ვუხსნით, ასე მოქცევა რატომ არ შეიძლება. თითქოს ესმით, მაგრამ გული მაინც მათკენ მიუწევთ - რა ქნან, ფაქტობრივად, ფერმაში იზრდებიან და... მაინც თუ გასწევენ იქით, ჩვენც შევყვებით ხოლმე, განსაკუთრებით - თეკლას, უმცროსს გოგონას, რადგან მოსიყვარულებისას შეიძლება ვერ მოზომოს და მოჭყლიტოს. კვერცხის აღებაზე კი ორივე მუდამ დასწრებაზეა. საბოლოოდ, დათომ მოიფიქრა და დაარწმუნა, კვერცხების აღება მხოლოდ ღამითაა შესაძლებელიო და მას შემდეგ ბავშვების ძილის დროს, ღამით ვიღებთ კვერცხებს. ჯერჯერობით ბევრი მწყერი არ გვყავს, დაახლოებით 500-მდეა. უკვე სამჯერ გამოვჩეკეთ და ბოლოს გამოჩეკილებმა კვერცხის დებაც დაიწყეს.

- ბავშვებს მოსწონთ მწყრის კვერცხის გემო?

- სიამოვნებით მიირთმევენ შემწვარსაც, თოხლოსაც, მოხარშულსაც. ზოგადად, მწყრის კვერცხისგან ყველაფერს ვამზადებ, მარინადსაც კი - ტრადიციული პრინციპით მომზადებულ მარინადს მოხარშულ მწყრის კვერცხს (მის კარგად მოსახარშად 3-4 წუთიც საკმარისია) ვასხამ. ძალიან მომწონს მარინადი ჭარხლით, რადგან გემოსაც შესანიშნავს აძლევს და ლამაზიცაა - მისი სიწითლე კარგად უჯდება კვერცხს. სხვათა შორის, გემრიელია გარნირად შემწვარ მწყერთან და სხვა ხორცეულთან ერთად, სტუმრებთანაც შეგიძლია თავის მოწონება. ყველა ისე აღფრთოვანდა, რომ შეკვეთებიც მომცეს. ძალიან მიყვარს ლუდი და თავად მწყრის დამარილებაც ვცადე, თევზის მსგავსად. ესეც მოეწონათ. ახლა დათო შესაბოლი აპარატის დამზადებას აპირებს და ვფიქრობთ, კვერცხიც შევბოლოთ და მწყერიც - ამბობენ, გემრიელიაო. ძალიან ცუდია, რომ მწყრის კვერცხის სასარგებლო თვისებებს ბევრი არც იცნობს, არადა, მისგან იმდენი გემრიელი რამის მომზადება შეიძლება. სხვათა შორის, მწყრის ხორცის კერძებით საინტერესო და ორიგინალური იქნება საახალწლო სუფრაც!

ჩვენს მინიფერმაში მწყრების გარდა, სხვა ფრინველები და ცხოველებიც გვყავს. სახლის გვერდით ქათმების გალიებია, მერე - კურდღლების. გვყავს იხვ-ინდაურა ანუ მუსკატის იხვი. ეს ჯიში იხვისა და ინდაურის ნაჯვარი არ გეგონოთ, მხოლოდ გარეგნობით მცირედ თუ მიამსგავსებ ინდაურს. იგი ტრადიციული ქართული ჯიშისგანაც განსხვავდება - ხმა არ აქვს, შეფერილობითაც განსხვავებულია, ხორციც მეტი აქვს და უფრო დიეტურიცაა. იხვებს ჯერ სახელები ვერ შევურჩიეთ, სამაგიეროდ, კურდღლები და ქათმები "მონათლეს" ბავშვებმა და სახელები კარზე დავუწერეთ - თეთრა, ნატაშა, პატარქალა და ა.შ.

GzaPress

საფუტკრე ეზოში არ გვაქვს, მოშორებითაა, ელიას მთასთან. დათომ იქაც ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა. თვითონვე უვლის, რადგან ჩემს გაცნობამდეც ჰყოლია ფუტკრები, მამამისიც მეფუტკრე იყო. ახლა ჩვენს შვილებსაც ასწავლის ფუტკრებთან ურთიერთობას. მაგალითად, 6 წლის მარიამი უკვე სიამოვნებით ეხმარება, არც ეშინია ფუტკრების. ლაფეტთან თავისუფლად მიდის, ხანდახან 3 წლის თეკლაც მიჰყვებათ ხოლმე. დათო სულ აფრთხილებს, ღია ფერის ტანსაცმლით წამოდითო, რადგან მუქი არ ჰყვარებია ფუტკარს; სკას წინ არ გადაურბინოთო, ხელი არ აუქნიოთო და ა.შ. ასე რომ, მათთვის ფუტკარს არასდროს უკბენია. სხვათა შორის, მკვეთრი ფერის ტანსაცმელი არც მწყრებს და კურდღლებს უყვართ, რადგან შესვლისთანავე ფორიაქი და საშინელი აგრესია ეწყებათ. ამიტომ მათთანაც, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ფერის ტანსაცმლით უნდა შეხვიდე.

- რაიმეს შემომატებას ხომ არ აპირებთ მინიფერმაში?

- კი, დათოს თხების მოყვანაც უნდა, მისი რძე ძალიან უყვარს ჩვენს უმცროს გოგოს, მაგრამ... მალე ამ ერთი ბეწო ეზოში ჩვენი ადგილი რომ აღარ იქნება, აშკარაა (იცინის).

ირმა ხარშილაძე