"ისინი უყოყმანოდ წავიდნენ ომში და უკან არ დაბრუნებულან" - გზაპრესი

"ისინი უყოყმანოდ წავიდნენ ომში და უკან არ დაბრუნებულან"

ქალბატონი მანანა როსტიაშვილი გვიამბობს საკუთარ წინაპრებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულან და გულისტკივილით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ წინაპრების მიერ სისხლის ფასად დაცული მიწები XXI საუკუნის საქართველოში უცხოელებზე იყიდება. ფიქრობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, როგორც ერი, მალე აღარ ვიქნებით.

"მაისი გაზაფხულის ბოლო თვეა. ვარდობისთვესაც ეძახიან. ამ თვეში ყველაზე დიდი დღესასწაული 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. 1945 წლის 9 მაისი ოქროს ასოებით ჩაიწერა კაცობრიობის ისტორიაში. ამ დღეს დასრულდა ის ტანჯვა-წამება, რაც მეორე მსოფლიო ომმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას და მთლიანად მსოფლიოს.

მართალია, საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი ზარალი ნახა ომის დროს. ვისაც კი იარაღის დაჭერა შეეძლო ხელში, ყველა ომში წავიდა, ზოგი ოჯახიდან ორი-სამიც კი. ომმა საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიწირა და ბევრი ბავშვი დააობლა. ომის დამთავრების შემდეგ მცირე ნაწილი დაბრუნდა უკან, უმრავლესობა ინვალიდი და ჯანმრთელობაშერყეული. ბევრი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, ზოგიც დაიკარგა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ვინც ვეღარ დაბრუნდა, ყველა გმირია. ისინი ხომ სამშობლოს იცავდნენ, დაუფიქრებლად შესწირეს თავი საკუთარი მიწა-წყლის დაცვას. მინდა მოგიყვეთ ჩემს პაპებზე, რომლებიც უყოყმანოდ წავიდნენ მეორე მსოფლიო ომში. მამის მხრიდან ესტატე ქოქიაური სოფელ თოხლიაურში ცხოვრობდა, თავის მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად, მაგრამ 1942 წელს ომში წასვლამ მოუწია. სახლში დარჩნენ არაფრისმქონე პატარები და ბებია. მათი უფროსი შვილი 10 წლის იყო, მომდევნო, ანუ მამაჩემი - 8-ის და კიდევ სამი მცირეწლოვანი ბავშვი. წარმოიდგინეთ, რა საშინელ დღეში ჩავარდა ბებია, რომელიც ხუთი შვილით მარტო დარჩა და არც არავინ ჰყავდა დამხმარე. მე მისი უფროსი შვილიშვილი ვიყავი და კარგად მახსოვს, ბებია რა გაჭირვებებზე ჰყვებოდა. ყურებს არ ვუჯერებდი და მეცოდებოდა. ვფიქრობდი, როგორ გაუძლო ამდენს-მეთქი.

სხვა გზა არ ჰქონდა ბებიას, რაღაცით უნდა ერჩინათ თავი, ამიტომ უფროსი ბიძა და მამაჩემი ცხვარში გაგზავნა, - მთიდან ცოტა ყველს და ცოტა ნაშრომსაც მოიტანენო, მაგრამ სახლშიც სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა ლუკმაპურის გარეშე და საწყალი თურმე, ხან ვის ეხმარებოდა საქმეებში და ხან ვის, ამ დროს კი თავის შვილებს მარტო ტოვებდა და მთელი დღე გარეთ იყო, ლუკმაპური რომ მიეტანა პატარებისთვის. როცა სხვაგან ვმუშაობდი, სულ მეშინოდა, როგორ დამხვდებოდნენ ბავშვები სახლში მისულს, თან მთაში წასული შვილების დარდიც მქონდაო. მართლაც, ვერ გაუძლო მამამ იმ მძიმე შრომას, გაცივდა და მაღალი სიცხე მისცა, მაგრამ მაშინ ხომ წამლები ფუფუნება იყო, ექიმის პოვნაც ჭირდა, ამიტომ ხალხი საკუთარი მეთოდებით მკურნალობდა ავადმყოფს. ასე უმკურნალეს მამასაც, რომელიც რამდენი დღე უგონოდ ყოფილა. თურმე შეანჯღრევდნენ ხოლმე, რომ გაეგოთ, ცოცხალი იყო თუ არა. რამდენიმე დღის მერე სიცხემ დაუწია და ნელ-ნელა გამოკეთდა.

GzaPress

პაპისგან არაფერი ისმოდა და ამის გამოც ძალიან წუხდნენ მისი ოჯახის წევრები. მისი კვალი დაიკარგა და აღარც გამოჩენილა.

ომი რომ დამთავრდა, რატომღაც ეგონათ, მალე დაბრუნდებაო, მაგრამ სულ ტყუილად. მართალია, ამასობაში ბავშვებიც ცოტა წამოიზარდნენ, მაგრამ ბებიას მაინც მარტოს მოუხდა ბოლომდე მათი დაფრთიანება და მართლაც, სანაქებო ადამიანები დადგნენ. ორი ვაჟი თოხლიაურშივე დამკვიდრდა, მესამე - თბილისში, გოგოები კი საგარეჯოში გაათხოვა. სხვა ოჯახი ბებიას აღარ შეუქმნია. სანამ შეეძლო, ყველა შვილს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, მერე კი მძიმე სენით გარდაიცვალა.

დედას მამა - გიორგი ნანდოშვილი სიღნაღის რაიონიდან იყო. ისიც ომის დაწყებიდან მალევე გაიწვიეს ომში. ბებიას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მას ქსოვა ეხერხებოდა და ბევრ რამეს ქსოვდა ყაისნაღითა და ჩხირებით, მერე კი ბოდბის ბაზარზე ყიდდა და ასე არჩენდა ოჯახს. პაპამ ქერჩამდე იომა. ბოლო წერილიც სწორედ ქერჩიდან მოვიდა. იწერებოდა, კარგად ვარო, მაგრამ მერე მისი კვალიც დაიკარგა და აღარც ის დაბრუნებულა. როცა ომი დამთავრდა და პაპა აღარ გამოჩნდა, ბებიამ მეორე ოჯახი შექმნა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაუმართლა. იმ კაცსაც გოგო და ბიჭი ჰყავდა, საკმაოდ დიდები, მეუღლე კი გარდაცვლილი იყო. ამ კაცს ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ და საკმაოდ ცნობილი პიროვნება სიღნაღის რაიონში... თოხლიაურში დედას დეიდა ცხოვრობდა, სადაც ხშირად დადიოდა სტუმრად და იქ გაიცნო მამაჩემიც. მამა გარეგნულად ძალიან ლამაზი კაცი იყო. მართალია, ისე არაფერი გააჩნდა, მაგრამ დედა მისი სილამაზით მოხიბლულა და შეუღლდნენ. ულამაზესი ოჯახი შექმნეს მათ და სამი შვილი გაგვზარდეს.

დედას ძმაც თოხლიაურში ჩასიძდა, ერთი ლამაზი დედისერთა გოგონა შეირთო. მათი ოჯახიც უკაცოდ იყო დარჩენილი. ბიცოლას მამაც ომიდან აღარ დაბრუნებულა, ამის გამო ბიძაჩემი მათთან დასახლდა. მინდა გითხრათ, რომ მათაც მშვენიერი ოჯახი შექმნეს და სამშობლოს სამი შვილი გაუზარდეს.

ჩემი მეუღლის ოჯახში, დედამთილის მამა და ბიძებიც ომში იყვნენ დაკარგულები. ჩემი მამამთილის მამა დაბრუნდა, მაგრამ მარჯვენა ხელი ომში დაკარგა და ინვალიდი დარჩა. თუმცა, იმდენად ყოჩაღი ყოფილა, რომ ყველა საქმეს აკეთებდა მარცხენა ხელით.

აი, ამ მცირე მაგალითებიდანაც კარგად ჩანს, რა საშინელი შედეგები მოუტანა მეორე მსოფლიო ომმა თითქმის ყველა ოჯახს. უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა, ვიდრე დაბრუნდა.

ახლა, ამდენი წლის მერე, მართალია, თოფებითა და ყუმბარმტყორცნებით არ არის ბრძოლა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომია კორონავირუსის სახით. ეს დაავადება მთელ მსოფლიოს მოევლინა საშინელი ჯალათივით და აგერ უკვე მეორე წელია, გვიტევს. რამდენი ადამიანი დაიღუპა... რომ არა ჩვენი ექიმები და მათი თავდაუზოგავი შრომა, უფრო მეტი ხალხი დაიხოცებოდა.

ამ საშინელ სენთან საბრძოლველად ვაქცინა შექმნეს, მაგრამ ხალხი ძალიან შეშინებულია, რადგან რამდენიმე ფატალური შედეგი იყო, რაც აცრებს დაუკავშირეს, მაგრამ აცრაზე კარგი საშუალება ამ ვირუსის დასამარცხებლად არაფერი აქვს მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოსაც. მინდა მოვუწოდო ყველას: აიცრან. ასე დაიცავენ თავიანთ და სხვის სიცოცხლესაც.

ახლა ჩვენი ყურადღება მიპყრობილია ისრაელისკენ, რომელიც საშინლად დაიბომბა და შედეგად დაიხოცა უდანაშაულო ხალხი, მათ შორის ბავშვებიც. ეს საშინელებაა. მე, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას და რატომღაც მგონია, რომ დღესდღეობით ხალხი ისე ვართ განვითარებული, ყველაფრის მოგვარებაა შესაძლებელი მოლაპარაკებით და სულაც არ არის საჭირო ერთმანეთის დახოცვა. განა რამდენი ხნით მოვდივართ ამქვეყნად, რომ სისხლმოწყურებული პირველყოფილებივით დავერიოთ და გავანადგუროთ სხვისი სიცოცხლე, ეს მაშინ, როცა ჩვენ გვყავს მთავრობა, მათ ერთმანეთთან მოლაპარაკების ისეთი კულტურა უნდა ჰქონდეთ, რომ ომები აღარ მოხდეს და ამდენი უდანაშაულო ხალხი არ დაიხოცოს. სხვა თუ არაფერი, ამდენი ბოროტებისა და ერთმანეთის შუღლისაგან ბუნება გაგვინაწყენდა და დედამიწა ავად გახდა. ისეთი განსაცდელი მოგვივლინა, რომ მსოფლიო შეაშფოთა, გარდაიცვალა რამდენიმე მილიონი ადამიანი. როგორ ვერ ვხვდებით, რომ ჩვენ დედამიწაზე მოსული ადამიანები ამ ქვეყნის სტუმრები ვართ. ამიტომ უნდა გვიყვარდეს და ჩავეხუტოთ ერთმანეთს, გავუთბოთ გულები და ქვეყნად სიყვარული, სითბო რომ დაისადგურებს, ერთად დავიცავთ ჩვენს მიწა-წყალს, რომელიც მამა-პაპამ თავისი სისხლით მორწყული ჩაგვაბარა და იმედი ჰქონდათ, მას გავუფრთხილდებოდით, მაგრამ ვხედავ, აქეთ-იქიდან გვაცლიან და ხელის აუკანკალებლად უცხოელებზე გვიყიდიან. მოისპო და განადგურდა მინდვრები, ბაღები, სადაც ხალხი იყო დასაქმებული. გვქონდა ფერმები, მეფრინველეობა, მეღორეობა. აქაც ძალიან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული, მაგრამ დღეს ვუყურებ და გული მტკივა, რომ ყველაფერი განადგურებულია. მარტო ერთეულებს აქვთ უზრუნველი ცხოვრება, საწყალი ხალხისთვის სამსახურებიც კი აღარ არის. იცით, რა მაინტერესებს? ვინ ვიქნებით ხვალ ჩვენ და ალბათ, ჩვენი შვილები ჩვენს მიწაზე დაქირავებული მონები გახდებიან. განა ამისთვის იწვალეს ჩვენმა წინაპრებმა?

მართალია, ცოტაღა არიან მეორე მსოფლიო ომში მონაწილეები, მაგრამ თუ გვაინტერესებს, მოვძებნით და შეგვიძლია დავუსვათ კითხვები, ისინი კი გვიპასუხებენ, თუ რის ფასად დაიცვეს ის მიწა-წყალი, რომელსაც დაუფიქრებლად გვიყიდიან მარტო იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვონ და დიდი სიმდიდრე დააგროვონ ვიღაცებმა. არადა, ხომ შეიძლება გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის მონაპოვარს, თორემ ხვალ შეიძლება საერთოდ გავქრეთ და გავნადგურდეთ როგორც ერი, ეს კი დიდი სირცხვილი იქნება.

ღმერთო, დაიფარე, დაიცავი ჩემი, ჩვენი საქართველო და შენი კალთა გადმოაფარე. ვიცი, ყველაფერს ხედავ და გთხოვ, დაგვეხმარე!!!"

P.S. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ