როგორ იპოვა 33 წლის შემდეგ ბიჭმა ბიოლოგიური მშობლები? - გზაპრესი

როგორ იპოვა 33 წლის შემდეგ ბიჭმა ბიოლოგიური მშობლები?

ეს ამბავი მძაფრსიუჟეტიან დეტექტივს ჰგავს. დაუჯერებელი მწარე რეალობა ახლახან გაცხადდა. ქალმა 33 წლის შემდეგ შეიტყო, რომ შვილი, რომელიც გარდაცვლილი ეგონა და რომელსაც გლოვობდა, თურმე ცოცხალია, ოჯახიც აქვს შექმნილი და ბედნიერადაც ცხოვრობს. არც თავად ახალგაზრდა ბიჭმა იცოდა, ნაშვილები რომ იყო. გამზრდელი დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მოჩხუბარი მამიდის ნათქვამმა მწარე სიტყვამ, - შენ გუგუნავა არა ხარ, ამ სახლში შენი არაფერია, ნაშვილები ხარო, - 33 წლის ალექსანდრე გუგუნავას ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ამ მწარე სიტყვების შემდეგ სოციალურ ქსელში ჯგუფში "ვეძებ" განცხადება დადო და ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო. საბედნიეროდ, ამდენი წლის საიდუმლოს ფარდა მალევე აეხადა. ალექსანდრემ ბიოლოგიური მშობლები და ძმა იპოვა.

ეჭვგარეშეა, ამ საქმეში მონაწილე დამნაშავეების გამოვლენა და უმკაცრესად დასჯა აუცილებელია. წარმოუდგენელია ემოციების გარეშე უსმინო დედას, რომელიც ტირილით გიყვება დეტალებზე, მაგრამ ხვდები, რომ ქალს ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.

გვანცა მეუნარგია და ალექსანდრე გუგუნავა 7 წლის წინ სიყვარულით შეუღლდნენ. ორ შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ.

გვანცა მეუნარგია:

- როცა შევუღლდით, რატომღაც ეჭვი გამიჩნდა, ალექსანდრე ნაშვილები ხომ არ იყო, რადგან დედ-მამა ასაკოვნები ჰყავდა. დედამთილი ამბობდა, 8 წელი შვილი არ მყავდა და 42 წლისას გამიჩნდაო. მეუღლის მშობლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მათთან ერთად ცხოვრობდნენ მამიდები და მამიდაშვილი, მათთან დამეძაბა ურთიერთობა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად ჩემს სახლში გადმოვედით. ალექსანდრეს მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრობდნენ, შეყვარებულობის დროს პირველი მამა გამაცნო. ძალიან სასიამოვნო და კარგი კაცი იყო. ჩვენი შეუღლებიდან ერთ წელიწადში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უფროსი შვილი რომ შეგვეძინა, ბებია-ბაბუას სისხლის ჯგუფიც არ დაემთხვა, მაშინაც გამკრა ეჭვმა, მაგრამ მეუღლესთან არაფერი მითქვამს. შარშან სექტემბერში პირველად ბავშვების გარეშე, სამი დღით დასასვენებლად ბათუმში წავედით. მეუღლის პირადობის მოწმობას ავტობუსში ხელში ვათამაშებდი და დავინახე - დაბადების ადგილად თელავი ეწერა. ადრე ამისთვის არასოდეს მიმიქცევია ყურადღება. იმ დღეს ვკითხე, რატომ ეწერა ეს. დედაჩემმა კი მითხრა, ალბათ იუსტიციაში შეეშალათო. მერე სამწუხარო ფაქტი მოხდა: ნოემბერში ჩემი დედამთილი "კოვიდით" გარდაიცვალა. პანაშვიდზე ჩემი მეუღლის დეიდას ვიღაცამ დის გარდაცვალება მიუსამძიმრა; ტელეფონზე საუბარს რომ მორჩა, მეუღლის მამიდას და მამიდაშვილს უთხრა, თელავიდან დამირეკესო. ეს თელავი ისევ მომხვდა ყურში და ვიკითხე, ვინ გყავთ თელავში-მეთქი? ახლობელიაო, ვინაობა არ გამიმხილეს...

ერთ დღეს მათ სახლში მივედით, რათა მეუღლის პირადი ნივთები წამოგვეღო. მაშინ აღმოვაჩინე, რომ მეუღლის დაბადების მოწმობა თელავის მმაჩის ბიუროს მიერ იყო გაცემული. ჩემმა მეუღლემ მამიდას უთხრა, მშობლების ოთახში გადმოვალთ საცხოვრებლადო. მაშინ მამიდამ უთხრა, შენს მეუღლესთან მე და ჩემი შვილი ვერ ვიცხოვრებთო. მამიდა ქმარს გაშორებულია და იქ ცხოვრობს შვილთან ერთად. ეტყობა, მის გულში დაგროვილმა ნეგატივმა იფეთქა და კონფლიქტის დროს მიახალა, - შენ არა ხარ გუგუნავა, აქ შენი არაფერიაო. მაშინ დავრწმუნდი - მამიდაშვილმაც იცოდა ეს ამბავი, რადგან დედას პირზე ხელს აფარებდა. ჩემი მეუღლისთვის ემოციურად ამ ფორმით ამის თქმა ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, დედა რამდენიმე დღის გარდაცვლილი ჰყავდა... ახლა ვხვდები, მამიდას მთელი ცხოვრება ხინჯად ჰქონდა, ნაშვილები ძმისშვილი რომ ჰყავდა. არადა, ალექსანდრე დედ-მამასთან სითბოსა და სიყვარულში იზრდებოდა, ეს საიდუმლო მათ თან წაიღეს.

GzaPress

- რაიმე წერილი ხომ არ დაუტოვებია გამზრდელ დედას?

- ამ ამბის შემდეგ საგულდაგულოდ გადავქექეთ სახლი, ყველა წიგნი, იმ იმედით, იქნებ სადმე დედის წერილი გვეპოვა, სადაც რეალობა იქნებოდა მოთხრობილი. ვეძებდით ხელჩასაჭიდ ინფორმაციას ნათესავებთან, მაგრამ - უშედეგოდ. ჩემი მეუღლე ისევ მამიდას მიადგა, - ბარემ მითხარი სიმართლე, რა და როგორ მოხდაო. - მეორე მამიდამ (რომელიც გარდაცვლილია) და მამაშენის ძმაკაცმა თელავიდან წამოგიყვანეს, დღეების იყავიო. დამანგრეველი დარტყმა იყო ჩემი მეუღლისთვის: ხომ შეიძლება, დაბადების დღეც შეცვლილი იყოსო. ახლა დეიდასთან მივიდა. მანაც თქვა, მხოლოდ ის ვიცი, თელავიდან მოგიყვანესო. გადავწყვიტეთ, თელავის სამშობიაროში მივსულიყავით, იქნებ იქ გვეპოვა ხელჩასაჭიდი. ამ დროს სოციალურ ქსელში ვიდეო ვნახე - გოგო ჰყვებოდა, როგორ იპოვა დაკარგული ძმა ჯგუფში "ვეძებთ" და ამ ჯგუფში გავწევრდი. იქ ისეთი ამბები წავიკითხე, გაოცებული დავრჩი. მსგავსი შინაარსის ტექსტი მეც დავწერე, მეუღლის პატარაობის ფოტო დავურთე. ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, კითხვებს მისვამდნენ, ისეთ წვრილმანებს მეკითხებოდნენ, მომერიდა, ძალიან პირადი იყო და სტატუსი წავშალე, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ვუთხარი, რაც მოხდა. ახლა მისი თანხმობით იგივე ტექსტი დავდეთ, კვლავ ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, ამბობდა, უკვე აღარ შემიძლია, მგონი, ყოველ მეორეს გავუგზავნე ჩემი სურათიო. დავიბენით, უიმედობაც გაჩნდა. მერე ქალბატონი გამოჩნდა, რომელმაც იკითხა, სად ცხოვრობო? როგორც აღმოჩნდა, ბიოლოგიური დედა ამ ჯგუფში გაწევრებული არ იყო, ის არავის ეძებდა, რადგან დარწმუნებული იყო ჩვილის გარდაცვალებაში. ნათესავს ჩემი მეუღლის პატარაობის ფოტო რომ უნახავს, მიუმსგავსებია ალექსანდრეს ძმისთვის და მათ შეატყობინა. ახლა ეს ქალბატონი გვეკითხებოდა, ეს სურათი საიდან გაქვთ, ეს ჩემი უფროსი შვილის ფოტოაო. მეუღლემ მისწერა, ბიოლოგიურ მშობლებს ვეძებ, თელავში 1988 წელს ვარ დაბადებულიო. ქალი ცოტათი დაიბნა, ეტყობოდა, შეუძლოდ გახდა. ერთადერთი, რაც ჰკითხა, - გთხოვ, მითხარი, გულმკერდის არეში ხალი ხომ არ გაქვსო? დიდი ხალი აქვს, 10-თეთრიანისხელა... ის ქალი ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა. არც იმას დაგიმალავთ, მამიდამ გვითხრა, შენ ისეთი ქალის შვილი იყავი, ვისაც მეუღლე ციხეში ჰყავდა, სხვისგან დაორსულდა და ამ სირცხვილის მოსაშორებლად შვილი მიატოვაო. ამ ვერსიას ვეყრდნობოდით და არ ვეძებდით მოსიყვარულე დედას, ვეძებდით უბრალოდ წარმომავლობას, რადგან შვილები გვეზრდება. მან კი შოკის მომგვრელი ფაქტები გვიამბო: ბავშვი 7-თვიანი დაიბადა 1988 წლის 26 ივლისს. ექთანმა რომ მომიყვანა, მითხრა, შეხედე, როგორი ხალი ჰქონია მკერდზეო. ასე ნახა ეს ხალი. სამი დღე ბავშვი ცოცხალი იყო, მეოთხე დღეს უთქვამთ, თქვენი შვილი გარდაიცვალაო. ცხედრის დამარხვის საქმეში ჩაერთო მისი დედამთილი, ისიც გარდაცვლილია უკვე... ახლა მეორეჯერ დავიბადები, თუ ჩემი ხარ ან ხელმეორედ მოვკვდებიო... იმდენად მძიმე მოსასმენი იყო მისი მონათხრობი, ისე ვითრგუნებოდი მისი ტრაგედიით, რომ ჩვენი სატკივარი გვავიწყდებოდა. ექიმების სახელებიც კი ახსოვს. სხვა ადამიანებისგან შევიტყვეთ, რომ თელავში ცხოვრობდა ქალი, რომელიც ჩვილების მოპარვით და გაყიდვით იყო ცნობილი. ალბათ მალე დამნაშავეებსაც გამოვავლენთ. წესით, გამოძიებაც უნდა დაიწყოს. ამბობენ, ხანდაზმულობის ვადა გასულიაო, მაგრამ ესეც აბსურდია: თუ ცოცხალია დამნაშავე, რა მნიშვნელობა აქვს, ამბავი როდის გაირკვევა, ხომ უნდა დაისაჯოს?!

ბიოლოგიურმა დედამ ისიც გაიხსენა, როდესაც პალატაში ვიწექი, ექთანთან ერთად ქალი და კაცი შემოვიდნენ, ჩემზე მიუთითა ექთანმა და უთხრა, - ეს ქალია, რომელსაც შვილი მოუკვდაო. როგორც ჩანს, მშვილებლებს დაანახვეს დედა... სერიოზული ეჭვი გვაქვს, ექიმებმა მოიპარეს ბავშვი. სურათები რომ გავცვალეთ, მსგავსება იყო ძმებს შორის. მერე ძმა მოვიდა ჩვენთან... სისხლის ჯგუფიც დაემთხვა. ჩვენი შემდეგი ნაბიჯი დნმ-ის ანალიზი იყო, მერე ერთი თვე - ჯოჯოხეთური მოლოდინი. აქტიურ ურთიერთობაში ვიყავით დედასთან, რომელიც ემიგრაციაშია. ის მეუღლეს ვერაფერს ეუბნებოდა: შვილის სიკვდილის ამბავი რომ გვითხრეს, ორ კვირაში მეუღლე გაჭაღარავდა და ახლა, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, ვერ ვეტყვი, მომიკვდებაო...

მოლოდინში ცრემლებით სავსე დღეები გავატარეთ. ერთია, მეუღლეს ბიოლოგიური მშობლების მოძებნა უნდოდა, მაგრამ ახსოვდა გამზრდელების უდიდესი სითბო და სიყვარული, მეც გვერდში ვყავდი, მეორე მხარეს კი იყო ქალი, რომლისთვის ეს იქნებოდა ახალი ტრაგედია, ახლიდან ვუღვიძებდით იმ 33 წლის წინანდელ ამბავს დნმ-ის უარყოფითი პასუხი რომ მოსულიყო, ახლიდან ვკლავდით მის შვილს... ძმების დნმ-ის პასუხით დადასტურდა, რომ ძმები არიან. ვერ აღგიწერთ, რა განცდა იყო ეს. ამ ამბიდან კიდევ სამი დღე ბიოლოგიურმა დედამ მეუღლისთვის თქმა ვერ გაბედა, ვერ ვალაგებ აზრებსო, მერე "ვიდეოთვალით" დაურეკავს, აქედან შვილი ჩართეს და მეუღლე მიყვებოდა, ამხელა კაცი ბავშვივით რომ ქვითინებდა, მძიმე სანახავი იყოო... ახლა მშობლებიც ჰყავს, ძმაც, ძმისშვილიც, ბიძაშვილები და მამიდაშვილები, დიდი, შეკრული ოჯახია. ამ დღეებში კახეთში მამასთან შესახვედრად მივდივართ. მეუღლე იხსენებს, - პატარა ვიყავი, მაისური არ მეცვა, დედა მეფერებოდა და ერთხელ ვკითხე, დედა, ეს რა არის და ხალზე ვანიშნეო; მან მიპასუხა, თუ დაიკარგები, დედა ამით მოგძებნისო... ბევრჯერ ნატვრით უთქვამს ჩემს მეუღლეს, ყოველ ხავსს ვეჭიდებოდით, ნეტავი რამე მაინც ეთქვათ ან წერილი დაეტოვებინათო. ჩემი მეუღლის ნათლიასაც ვესაუბრეთ, დედამთილის მეგობარს. მან გვითხრა, ბევრჯერ მითქვამს, რომ მოეყოლა შენთვის სიმართლე, მაგრამ ვერ ბედავდა, ეშინოდაო...

უმძიმესი მოსასმენი იყო ჩემთვის, როცა ვისმენდი, ჩემი მეუღლის ბიოლოგიურ ოჯახში მის შესანდობარს როგორ ამბობდნენ: ამ დროს ორი შვილი გვეზრდებოდა და ამხელა ცრემლი მოსდევდა ადამიანს, რომელიც ცოცხალი იყო!.. ბიოლოგიური დედა უკეთილშობილესი ადამიანია, რომელიც ცხოვრებამ ვერ გააბოროტა. ჩვენი შეხვედრა როდის მოხდება, ჯერ არ ვიცით, ის საბერძნეთშია და იქ გვეპატიჟება.

ალექსანდრე:

- იმედი მქონდა ბიოლოგიურ მშობლებს მოვძებნიდი. საბედნიეროდ, მოკლე პერიოდში ამიხდა ეს ოცნება. ჩემი დედ-მამა უსაყვარლესი და უჭკვიანესი ადამიანები იყვნენ, ძალიან მიყვარდა ისინი, მადლობელი ვარ და ვიქნები მთელი სიცოცხლე, რომ ასეთად გამზარდეს. დიდი სიყვარული მქონდა, მაგრამ რატომღაც შინაგანად, მქონია მომენტები და შეგრძნება, რომ არ ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი... თან, პატარაობისას სულ ვთხოვდი, შვილი გაეჩინათ. ძალიან მინდოდა და და ძმა მყოლოდა.

GzaPress

- როგორი იყო ბიოლოგიურ ძმასთან შეხვედრა?

- ძალიან ემოციური. ერთმანეთს ვუყურებდით და შოკში ვიყავით, ხმას ვერ ვიღებდით. ორივეს გაგვიჭირდა საუბარი. ვერც მას წარმოედგინა, რომ ძმა, რომელზეც 5 წლის ასაკში უთხრეს, გარდაიცვალაო, ცოცხალი მნახა. ისეთი შოკი იყო ჩემთვის გარდაცვალების ამბავი, არ ვიცოდი, როგორ გადამეტანა: ძმა უნდა მყოლოდა, სახლში ველოდებოდი და ეს მითხრესო. მამასთან ჯერ მხოლოდ ვიდეოკომუნიკაცია მქონდა, თითქმის ყოველდღე ვუკავშირდები და ერთი სული აქვს, როდის ჩავალ კახეთში. ბარიერი ნელ-ნელა დედასთან საუბრის დროს გადავლახე, დღეში ოცჯერ ვუკავშირდებით ერთმანეთს, ვერ ისვენებს. ვერ ჩამოდის, მე იქ ვერ მივდივარ და ვერ ვეხუტებით ერთმანეთს. ჩემი ძმის ოჯახი სახლში მოვიპატიჟე და გავიცანით ერთმანეთი. ჩემი პატარაობის სურათი მამას დედამ რომ გაუგზავნა, ეს ბექას სურათი მას საიდან აქვსო? იკითხა, ბექა ეგონა... ბევრი ხალხია ასე მოტყუებული, ამან შემაშფოთა. ვინ იცის, უკვე რამდენი სისხლია არეული და კიდევ რამდენი აირევა, ამაზე ძალიან ვნერვიულობ. ჩემი ძმაკაცი მოვიდა, ეს ამბავი რომ გაიგო, ახლა მათაც აქვთ ეჭვი. ამბობს, - დედაჩემს 4 დღის შემდეგ ნახალოვკის სამშობიაროში უთხრეს, ბავშვი გარდაიცვალაო და არც ცხედარი გადასცესო. ისეთ ამბებს ვისმენდი ეს პერიოდი, წარმოუდგენელი განუკითხაობა ყოფილა.

ალექსანდრეს ბიოლოგიურ დედას, სესილი მელიქიშვილს საბერძნეთში დავუკავშირდი. ტირილით მომიყვა უმძიმეს ამბავს, რომელმაც ფაქტობრივად თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება. ერთ დღეს კი დისშვილის სატელეფონო ზარმა დიდი ტკივილი უდიდეს სიხარულად უქცია და ახლა შვილთან ჩახუტებაზე ოცნებობს:

- თავი სიზმარში მგონია, შოკში ვარ. ბავშვი შვიდთვიანი იყო და ინკუბატორში იწვა, სამი დღე მის გვერდით ვიყავი და ჩემს პატარას ვუყურებდი. სასიკვდილო არაფერი სჭირდა. ამ ამბის გახსენებაც არ მინდა, იმხელა ტრაგედიაა. მეოთხე დილას დამესიზმრა, თითქოს ქუჩაში ვიდექი და ბავშვი ხელიდან გამომტაცეს. შიშისგან გამეღვიძა და ბავშვთა ოთახში გავიქეცი. იქ ჩემი შვილი აღარ დამხვდა, მითხრეს, გარდაიცვალაო. ბავშვთან ერთად მეც მოვკვდი, გონება დავკარგე. გონზე რომ მოვედი, უკვე პალატაში ვიყავი. იქ იწვა გოგო, რომელსაც მკვდარი ბავშვი გაუჩნდა. იმის გვამი მე გამომატანეს და ჩემი შვილი თურმე გააშვილეს. ისე იყო ცხედარი საფენებში შეფუთული და შეხვეული, ვერაფრით გავხსენი, არ მომცეს ამ გამწარებულ დედას საშუალება, ცხედარი მენახა. დედამთილმა და მაზლმა გაასვენეს ბავშვი, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი... 33 წელი გლოვაში გავატარე და დღემდე შავები ტანიდან არ გამიხდია... 11 წელია, ემიგრაციაში ვარ. ჩემი ძმისშვილი ესპანეთშია, ორი თვის წინ დამირეკა და მითხრა, - ვიღაც სტატუსი დადო ბიჭმა ჯგუფში, მშობლებს ეძებს და სურათი რომ ვნახე, ბექას ძალიან ჰგავსო. ფოტო როგორც კი ვნახე, გულში რაღაც რომ გაატარო, ისეთი შეგრძნება მქონდა. ვიგრძენი, რომ ის ჩემი შვილი იყო. დავწერე ამ ჯგუფში, გეხვეწებით, ამ ბიჭზე თუ რამე ინფორმაცია გაქვთ, სასწრაფოდ მომაწოდეთ-მეთქი; თუ შენ, შვილო, ახლა ამ წერილს კითხულობ, სასწრაფოდ დამიკავშირდი-მეთქი. დამთავრებული არ მქონდა წერა, პასუხი მივიღე, - დე, მომიყევი ჩემ შესახებ, რა მოხდაო? მაშინ ვუთხარი, - თუ შეგიძლია, სიხარულო, ამ კითხვაზე მიპასუხე, მკერდზე დიდი ხალი ხომ არ გაქვს, შვილო-მეთქი? - ახლა გავიხდი და სურათს გამოგიგზავნიო. სურათი რომ გამომიგზავნა, ეს იყო სრული შოკი. - არანაირი დნმ-ი მე არ მჭირდება, დედი, შენ ჩემი შვილი ხარ-მეთქი. არ ვიცი, ვინ იყო ამაში გარეული, ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ ჯერ ამაზე ვერ ვილაპარაკებ.

- ახლა როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი ცხოვრება?

- მე საბუთები არა მაქვს, რომ საბერძნეთიდან ჩამოვიდე, თორემ აქ რა გამაჩერებს?! ვაპირებ აქეთ ჩამოვიყვანო და ჩავიხუტო. ვიდეოზარით რომ დავუკავშირდით და დავინახე, ლამის გული გამიჩერდა, ძალიან ცუდად ვიყავი. თვითონაც როგორ უჭირს... მერე აეწყო ჩვენი ურთიერთობა. სამი დღის წინ მითხრა, ერთი სული მაქვს, როდის ჩაგეხუტები გულშიო. ამ სიტყვებზე კინაღამ მოვკვდი, წარმოუდგენელი განცდებია. ძალიან მიყვარს ჩემი შვილი და მინდა, მანაც შემიყვაროს. რასაკვირველია, ისიც მინდა, რომ სიმართლე გაირკვეს, თუ ვინ იდგა ამ საქმის უკან და ასე რატომ გამამწარეს.

თეა ხურცილავა