"გაბრიაძის ქუთაისში" - ჩიტი ბორიას ფრთებით - გზაპრესი

"გაბრიაძის ქუთაისში" - ჩიტი ბორიას ფრთებით

რეზო გაბრიაძე დააკლდა საქართველოს. მის შესახებ ბევრი გვაქვს სათქმელი, თუმცა ვფიქრობ, მასზე ბევრი ვერ ილაპარაკებს ისე, როგორც ქუთაისელი კოლორიტი, ხელოვნებისა და კულტურის უბადლო მცოდნე, ქუთაისზე უსაზღვროდ შეყვარებული პედაგოგი და ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.

- საქართველოს სხვა კუთხეზეც დამიწერია რამე, ვთქვათ, კახეთზე, თბილისზე. მაგრამ ყოველთვის ვუბრუნდები ჩემს ქუთაისს. იქ, ქუთაისსა, ბანოჯასა და გუმბრინს შორის მონაკვეთი დაახლოებით, პეტრიაშვილის ქუჩასა და უნივერსიტეტს შორის მანძილს უდრის. ამ მონაკვეთში მოქცეული იყო მთელი ჩემი სამყარო. აი, ამ სამკუთხედში დაფრინავდა ჩიტი ბორია". - ამბობს ერთგან რეზო გაბრიაძე. და ისღა დაგრჩენია, პატარა ქუთაისელი ბიჭის, ვარლამის "სამაკატკაზე" შედგა ცალი ფეხი და სიყვარულით ჩამოუქროლო ძველი ქუთაისის ქვაფენილიან ქუჩებს; ან ჩიტი ბორიას პოეტური ფრთებით იფრინო და თავისუფლების ფასი შეიგრძნო; ან კიდევ - რიონის რკინიგზის სადგურში შეესწრო შექსპირული ვნებების აბობოქრებას ორი ძველისძველი ორთქლმავლის სიყვარულის მაგალითზე.

ქუთაისი, მშობლიური ქალაქი, მისი დიადი ეზოტერიკა, გაბრიაძის სტიქია იყო - აქ მას "დროის ჭიდან" (მისი სიტყვებია) ამოჰყავდა წარმტაცი თემები და პასაჟები, რომლებზეც ულამაზეს გვირისტებს ავლებდა უკიდეგანო ფანტაზიით, უჩვეულოდ პოეტური იუმორით, დიდი გულწრფელობითა და უშუალობით. ქუთაისი და რეზო გაბრიაძე - ეს მარადი შეწყვილებაა, განუყოფელი გრძნობათშეხამებაა.

მხოლოდ რეზო გაბრიაძის კალამს შეეძლო, ასე ლამაზად ეთქვა: "არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა, აღარც ქარია უკვე და აღარც ნიავი. ჯერ გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი. ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსტიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ".

რეზო გაბრიაძის ნაწარმოებების განსაკუთრებული თავისებურება ისიცაა, რომ მისი მხატვრული პერსონაჟები, თავიანთი სახელებით და გვარებით, ხშირად ქუთაისური საზოგადოების რეალური წარმომადგენლები არიან. ამიტომაც, სხვა აუდიტორიისაგან განსხვავებით, ქუთაისელი მკითხველი (მაყურებელი) არაორდინარულ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე: მას უწევს წლობით თვალწინ მყოფი ადამიანებისა და მათგან მხატვრულად გარდასახული გმირების გამიჯვნა, მათ შორის ზღვრის გავლება, შედარება. ექიმი ისაკ მინოვიჩი, ქუთაისის უსრულყოფილესი კაცი დიმიტრი გელოვანი, მესხიშვილის თეატრის არტისტები თამარა კიკნაძე, თიკო ღვინიაშვილი, მხატვარი ვალიკო მიზანდარი, ილო ფოტოგრაფი, მდივანი ნარსია, ბორია ბრეგაძე (ჩიტი ბორიას პროტოტიპი), მწერლის ბებია დომნა და კიდევ რამდენი, კარგად ნაცნობი თანაქალაქელის სახელი ჩაგესმის, ხოლო მათ გვერდით ტრიალებენ, სტკივათ, უხარიათ, ოცნებობენ, აზროვნებენ მწერალ-დრამატურგის წარმოსახვით შექმნილი პერსონაჟები, რომელთა შორის, საინტერესო პროტოტიპთა კრებითი, განზოგადებული სახეებიც იკვეთება...

უყვარდა რეზო გაბრიაძეს თავისი ბავშვობისა და ყრმობის ქალაქი, ამიტომაც უდიდესი სიყვარულითა და მოლოდინით მოჰქონდა მასთან თავისი ყველა მნიშვნელოვანი ნამუშევარი. კრძალვით მიეახლებოდა წარსულიდან გამოხმობილ სილუეტებს. მეგობრები იხსენებდნენ: "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" რომ პირველად უჩვენა ქუთაისელ მაყურებელს, მეორე დილით საშინლად წვიმდა. მეგობრებმა სასტუმროში მივაკითხეთ და... სად იყო რეზო! წარმოდგენის შემდეგ, მორთმეული ყვავილების უზარმაზარი გორა წაუღია და თავისი დიდი მოამაგისა და მუზის, დომნა ბებიას საფლავზე ჩაუტანია, ქვიტირში!"

მას არასოდეს დავიწყებია ბავშვობისა და სიყრმის მეგობრები, სიცოცხლის ბოლომდე ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან. აწ გარდაცვლილი ქუთაისელი მხატვრების, ოთარ ქანდარიასა და ბერნარდ (ფრანცია) ნებიერიძის სახელოსნოებში დღესაც ინახება რეზო გაბრიაძის სხვადასხვა პერიოდის გრაფიკული და ფერწერული ნახატები, ჩანაწერები. თავისი "უცხო ჩიტი" ("შერეკილები") პირველად ოთარ ქანდარიას გააცნო, ფილმის სცენარისათვის გაკეთებული პატარა, სახასიათო ესკიზები, აქ რომ შექმნა, დღემდეა შემორჩენილი. ვაჟა ჭყონიას ოჯახში მინახავს ძველი ბარათი, რომლის ბოლოში დახატულია თეთრი ხიდი; ერთმანეთისაკენ მიემართება სიხარულით ხელგაწვდილი ორი კაცი. რეზო გაბრიაძის მინაწერი: "ასე შევხვდებით ერთმანეთს მე და შენ ყანწებით, თეთრ ხიდზე". რეზო ჭეიშვილის სახლის კედელზე, მწერლის სამუშაო ოთახის შესასვლელში, სულ იპყრობდა ჩემს ყურადღებას რეზო გაბრიაძის არაჩვეულებრივი იუმორისტული კომპოზიცია - სტადიონიდან გამოსული განრისხებული იმერელი გულშემატკივრების თემაზე და ზედ გაკეთებული ხალისიანი წარწერები... აწ გარდაცვლილი დის - ექიმ ნორა გაბრიაძისა და მისი მეუღლის - მოქანდაკე გოგილო ნიკოლაძის სახლის ერთ კუთხეში დაცულია რეზო გაბრიაძის რამდენიმე ნაშრომი, ფოტოები, ჩანაწერების წიგნაკი, ერთ-ერთ კარში კი მინების ნაცვლად ჩასმული მისივე ადრინდელი ნახატები...

GzaPress1988 წლის აგვისტო იყო. რეზო გაბრიაძემ სკოლის მეგობარს, გაზეთ "ქუთაისის" რედაქტორ ალექსანდრე შენგელიას სთხოვა, რომ რედაქციას წამოეწყო კამპანია იმ საკირეებისა და ქვის სამტეხლოების წინააღმდეგ, გამონაბოლქვითა და ვიბრაციით საფრთხეს რომ უქმნიდნენ გელათისა და მოწამეთის მონასტრებს. შეიქმნა მეცნიერთა ბრიგადა და როგორც ჟურნალისტი, მეც შემიყვანეს. გაზეთის ეს ნომერი საგანგებო თეთრ ქაღალდზე დაიბეჭდა, ჩვენი ნაშრომი მთლიანად გაფორმებული იყო ბატონი რეზოს მიერ ექსკლუზიურად ჩვენთვის შესრულებული საოცარი გრაფიკული ნახატებით. მასალა იმდენად მძაფრი აღმოჩნდა, მინისტრთა საბჭომ განიხილა და სპეციალური დადგენილებაც მიიღო. გაზეთს გამოეხმაურა ჩვენი სასიქადულო მწერალი რევაზ ინანიშვილი. მოკლედ, დიდი ამბები მოჰყვა...

ეტყობა, სწორედ ამ სტატიით დამიმახსოვრა ბატონმა რეზომ და მას შემდეგ მისკენ მიმავალ გზაზე მწვანე შუქი ამენთო (მაინცდამაინც არ სწყალობდა ჟურნალისტებს...). სულ ცოტა ხანში, როცა საახალწლო ინტერვიუსათვის დავურეკე, კვლავ ალექსანდრე შენგელიას დავალებით, თბილად მკითხა, ჩიჩილაკი გაგიგონიაო? იმხანად ჩვენი მამაპაპური ეთნოგრაფიული ნაკეთობა არცთუ ისე დაფასებული გახლდათ, თუმცა, კანტიკუნტად მაინც იყიდებოდა ქუთაისის მწვანე ბაზარში და რეზო გაბრიაძის პირადი დავალებით, სწორედ აქ მოვამზადე სპეციალური საახალწლო რეპორტაჟი. მერე ერთ-ერთ ზარათელ მოხუცს, რომელმაც გამოთლისა და სურო-კურკანტელებით მორთვის წესი ამიხსნა, ვთხოვე დიდი ზომის ჩიჩილაკის დამზადება. საოცარი სილამაზისა გამოთალა და ჩამოიტანა, მაგრამ რომ გაიგო, ვისთვის მინდოდა, ფული არ გამომართვა - საჩუქრად გაუგზავნა მისთვის ესოდენ საყვარელი ფილმების, "შერეკილებისა" და "არაჩვეულებრივი გამოფენის" სცენარის ავტორს. მეც უზარმაზარ ქაღალდის ტომარაში ჩავდე "ხუჭუჭა დედოფალი" და ჩემი დის მეუღლის, იმჟამად დამწყები ადვოკატის, ზურაბ როსტიაშვილის ხელით მივაწოდე თბილისში ბატონ რეზოს.

ასე დაიწყო მრავალწლიანი მოკრძალებული ურთიერთობა საყვარელ მწერალთან, რომელმაც არაერთი წიგნი მაჩუქა ავტოგრაფითა და პირადი ნომრით. რომანს "ქუთაისი ქალაქია" (2002), რომელიც ჩემს კოლეგებს გამოატანა თბილისიდან, ასეთი წარწერა აქვს: "დიდი მოკითხვა ნანულის. რ. გაბრიაძე".

მოხდა ერთი შემთხვევა, რომელმაც მაშინ ძალიან ატკინა გული ბატონ რეზოს. 80-იან წლებში გადაწყვიტა, რიონის მარცხენა ნაპირას, ფალიაშვილის მუზეუმისა და ახლანდელი ხარების ეკლესიის მიმდებარედ, ქუთაისი-თბილისის მარიონეტების თეატრი შეექმნა. თეატრის მშენებლობასთან დაკავშირებით ხშირად ჩამოდიოდა ქუთაისში. ერთხელ მეც წამიყვანა და დამათვალიერებინა ძველი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, გამაცნო შორსმიმავალი გეგმები. გაანგარიშებული ჰქონდა არა მარტო შემოქმედებითი პოტენციალი, არამედ ისიც, ქალაქისათვის რა მოგება უნდა მოეტანა თეატრს. მაგალითად, საუკეთესო სტანდარტებით მოწყობილი სასტუმროთი, უცხოელების მომსახურებით, კარგი მენეჯმენტით, როგორც ბატონ რეზოს მიაჩნდა, ქუთაისის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება შეეძლო. არაფერს ვიტყვი იმ შემოქმედებით სასწაულზე, რომლის მხილველნიც ქუთაისელები და ქალაქის სტუმრები ერთნაირად გავხდებოდით. რეზო გაბრიაძე 10-12 ახალგაზრდის წაყვანას და თეატრალურ ინსტიტუტში მათ მოწყობას, მეთოჯინის პროფესიისთვის მომზადებას აპირებდა. აღმაფრენით ლაპარაკობდა! განსაკუთრებით მოსწონდა შენობის ადგილმდებარეობა, ის ნაცნობი გარემო თავის ბავშვობას და ყრმობას რომ ახსენებდა! პადრე დამიანისეული აივანიც მიჩვენა, გლიცინიების ლურჯი ტევრით მოხლართული... იტალიური მოზაიკის ფერადი "კატაც"... ორნამენტებითა და სადაფით მოოჭვილი ძველი ბორდიურის ნაშთებიც, სადაც თურმე კოლია ქვარიანი და ჟორჟიკა იაშვილი ერთმანეთს მკლავის ძალას უსინჯავდნენ... ის ადგილიც, სადაც ერთ დროს კოტე მარჯანიშვილს "ამოკის" ეპიზოდი გადაუღია... ბავშვური აღტაცებით ეფერებოდა ბაღის კვიპაროსებს - რატომ უძველეს ქალაქურ ჩვევას არ გაიხსენებთ, შვილო, და თოვლს არ ჩამობერტყავთ ხოლმეო. შაჰის ჰარამხანის კვიპაროსების სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ტურისტები, ის ხეები კი ჩვენს კვიპაროსებს წელამდეც ვერ მოსწვდებიან, უნდა გავუფრთხილდეთო.

მომავალი თეატრის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელად თავისი სიყრმის მეგობარი, ქუთაისელებისათვის უსაყვარლესი კაცი - ვაჟა ჭყონია ჰყავდა შეგულებული. აფიშებიც კი ჰქონდა დამზადებული...

მაგრამ დაიწყო სამოქალაქო ომი, არეულობა, მთლიანად გაიძარცვა მომავალი თეატრი. მერე, შედარებით სიწყნარე რომ შეიქნა, ეპარქიამ მოინდომა ის შენობა, რადგან იქვეა ხარების ეკლესია. და რა მოხდა შემდეგ? ჩემთან ინტერვიუში (1998 წელი, რეგიონული გაზეთი "პოსტსკრიპტუმი") ვაჟა ჭყონია იხსენებდა: "რეზომ საყვედურებით სავსე წერილი მისწერა არჩილ კოსტავას, ქალაქის პრეფექტს... მითხრა, - მე რომ წავალ თბილისში, შეუტანე შენ, მე აღარ შევალ იქო. მართლაც, შევუტანე პრეფექტურაში. ბატონი არჩილი კარგად ჩასწვდა წერილში ჩადებულ აზრს და სთხოვა იმ მხარეს, უარი ეთქვათ მისაკუთრებაზე. მაგრამ რეზომ უკვე გული აიცრუა და, აღარ ჩამოვალ აწიო..."

თუმცა, არა, არ გაბუტვია მშობლიურ ქალაქს, ფიქრებითა და გრძნობებით მუდამ მასთან იყო დაკავშირებული. 2011 წლის მაისშიც, როცა ოპერის თეატრში "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა" კვლავ ჩამოიტანეს და მარიონეტულ წარმოდგენას ამჯერად ქუთაისელთა სრულიად ახალი თაობა დაესწრო, ჯანმრთელობის პრობლემის გამო თავად ვეღარ ჩამოვიდა; სამაგიეროდ, მოკითხვისა და მობოდიშების შემცველი ისეთი წრფელი ბარათი გამოუგზავნა მაყურებელს, სცენიდან რომ წაიკითხეს, საზოგადოებას იმგვარი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს სპექტაკლის რეჟისორი და დრამატურგი იქვე, ახლოს იმყოფებოდა და თითოეულს ეფერებოდა...

უკანასკნელად 2018 წლის მაისში, თეთრ ხიდზე შეხვდა რეზო გაბრიაძე მშობლიურ ქუთაისს. მისი ვაჟის, რეჟისორ ლეო გაბრიაძის მიერ გადაღებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმი "ჰარი-ჰარალე, დედაო" სწორედ თეთრ ხიდზე, რიონის ტალღების მშობლიურ დუდუნში, ფართო ეკრანით უჩვენეს მაყურებელს და კიდევ ერთხელ აზიარეს რეზო გაბრიაძის თვითმყოფად შემოქმედებას. ერთ-ერთ სკამზე კი უჩუმრად იჯდა ხელჯოხიანი კაცი და ბევრმა არ იცოდა, რომ ის - დიდი რეზო - აქვე იყო, მათთან სულ ახლოს, ისე ბედნიერი და მშვიდი.

მერე ჩუმადვე წავიდა, როგორც ერმონია - ქუთაისის მარად თანამდევი, დაუღლელი კეთილი სული...

უყვარდათ, უყვართ დიდი ხელოვანი. აგერ, ერთი, სულ უბრალო მაგალითი თუ შემთხვევა: ორიოდე წლის წინათ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას პეტერბურგიდან ჩამოსული, სოლიდური ასაკის თხუთმეტამდე ტურისტი მოადგა მოკრძალებული თხოვნით: გთხოვთ, დაგვათვალიერებინოთ ის ბიბლიოთეკა, სადაც დიდი მაესტრო რეზო გაბრიაძე დადიოდა ბავშვობაშიო.

... ქუთაისში დარჩა მისი ბავშვობისა და ყრმობის ნატერფალები, დარჩნენ პროტოტიპთა შთამომავლები, მკითხველთა ახალი თაობები...

ჩიტი ბორიაც, სურათის გადაღება მეოთხე ნომერი გასტრონომის გვერდით, ილო ფოტოგრაფთან რომ ისწავლა, კვლავ ჩვენ თვალწინ დაფრინავს...

როლანდ ხოჯანაშვილი