"წყალი წითლად შეიღება, შემდეგ ტბა გასკდა და სოფლის ნაწილი წალეკა" - გზაპრესი

"წყალი წითლად შეიღება, შემდეგ ტბა გასკდა და სოფლის ნაწილი წალეკა"

ეს ადამიანი მაღალმთიანი აჭარის მკვიდრია. ხულოს სოფელი ვერნები, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარეობს და იქ ყველა იცნობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, სამი შვილის დედას, ფოლკლორისტის მეუღლესა და კარგ მეურნეს, ქალბატონ მადონა სურმანიძეს. მისი მონათხრობი ზედმიწევნით საინტერესოა და სიამოვნებით ვთავაზობთ მკითხველს:

"ჯერ კიდევ მაშინ, როცა აჭარა თურქეთის კლანჭებიდან გათავისუფლების შემდეგ მძიმე იარებს იშუშებდა, როდესაც არსად არ იყო სკოლები გახსნილი, ბაბუაჩემი - ტარიელ სურმანიძე გახლდათ პირველი, რომელმაც ჩვენს სოფელსა და მიმდებარე სოფლებში წერა-კითხვა იცოდა. ბაბუას დამთავრებული ჰქონდა ბათუმის სპეციალური სასწავლებელი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტის წოდებით და მუშაობდა ხიხანის ხეობის სასოფლო საბჭოს მდივნად, სადაც 12 სოფელი იყო გაერთიანებული. მთიანი აჭარის მიმართ არასწორი პოლიტიკა იქნა გატარებული კომუნისტების მიერაც. თურქეთის კვალის იოლად წაშლის მიზნით, სოფლების მოსახლეობის ლამის უმეტესობას მიანიჭეს ერთნაირი გვარი, "ვისაც რა შეხვდებოდა" პრინციპით. ამის მიხედვით ჩვენს სოფელში ორი გვარი, სურმანიძეები და აბაშიძეები, ხოლო ძველი, შემორჩენილი გვარებით 14 ოჯახი ცხოვრობს. ამჯერად სოფელში 70 კომლია.

შემორჩენილი მრავალი ტრადიციიდან განსაკუთრებულია "შუამთობა", რომელიც აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება წინასწარ შედგენილი სცენარის გარეშე, მოიალაღეებთან. ივნისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე მთაში მიდიან ოჯახის უფროსი ასაკის წევრები, ბავშვები, რომლებიც ზამთრისათვის რძის პროდუქტებს ამზადებენ, ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრები სოფლად უვლიან ყანა-ბაღჩას. "შუამთობისას" მემთეურებს ნათესავები აკითხავენ, ლხინობენ და სიყვარულს უცხადებენ ერთმანეთს. ოტია იოსელიანს აქვს ნათქვამი, - თუ გინდა, რომ ზემო აჭარა შეიცნო, მოიალაღეებს უნდა ეწვიოო.

ჩვენს სოფელში შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, რომელიც უტყუარი მაგალითია სოფლის ისტორიისა. ეკლესია მდებარეობს ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე, რომელსაც "მადიძირს" ვეძახით. ეს სახელი მადის (ურთხელი) ხისგან წარმოსდგება, რომელიც სოფლის ცენტრში იდგა და იმოდენა იყო, რომ სამი კაცი გარშემო ხელს ვერ შემოავლებდა. ამ ხემ XX საუკუნის 60-იან წლებამდე მოაღწია. ისტორიული და არქეოლოგიური გათხრების მიხედვით სოფელი ვერნები X საუკუნის წყაროებში მოიხსენიება. გათხრების შედეგად აღმოჩენილია უძველესი სამუშაო და საყოფაცხოვრებო ნივთები. ამ მასალების საფუძველზე ვამბობთ, რომ სოფელი ვერნები შუაფეოდალური ხანიდან ჩანს. ამას მოწმობს სოფლის ეკლესიის გარშემო განლაგებული 23 სამარხი, ამათგან 13 კოლექტიურია. 5 სამარხში აღმოჩნდა ცალყურა სასმისები და მოჭიქული ჯამები. დღეისთვის შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, ჯვრიანი ქვა, ქვევრები, ორნამენტიანი და წარწერიანი ქვები. ტაძარი საგულდაგულოდ დანგრეულია ოსმალთა თარეშის ხანაში. გადარჩენილია მხოლოდ საძირკველი, საფეხურიანი ცოკოლი და კედლის წყობის რამდენიმე რიგი. შედარებით უკეთაა შემონახული დასავლეთის კედლები (სიმაღლე 2,1 მ) და ჩრდილოეთის კედელი (1,15 მ). ტაძარი დარბაზული ტიპისაა (13,5-7,5 მ), სამხრეთის მინაშენი (სიგრძე 2,15 მ), საძვალედ იყო გამოყენებული. ტაძრის მარცხენა თაღის არეში ამოკვეთილია წარწერა: ქრისტე, ადიდენ ერისთავთ ერისთავნი გრიგოლ აბუსერი და შვილნი მათნი გრიგოლ, ზაქარია. წარწერაში მოხსენიებული ერისთავთ ერისთავნი მოღვაწეობდნენ XI საუკუნის შუახანებში. არაა გამორიცხული, ეს ის გრიგოლ ერისთავი იყოს, რომელმაც 1046 წელს ღრტილას საეკლესიო კრებაში მიიღო მონაწილეობა და ასევე მოხსენიებულია ათონის მონასტრის აღაპებში. ვერნების ეკლესია ქართულ ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენდა. კედლები, ტრადიციულად, მოპირკეთებული იყო თლილი ქვის კვადრებით, რომელთა წესიერი თარაზული წყობა მაღალი სამშენებლო ოსტატობის მაჩვენებელია. ეკლესია გადახურული უნდა ყოფილიყო ორფერდა სახურავით. მასალად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ხის ლორფინები. აქ მოხსენიებული აბუსერნი არიან დიდი გამოჩენილი მეცნიერის, მწიგნობარის, ვარსკვლავთმრიცხველის აბუსერისძე ტბელის წინაპრები, რომელიც მოღვაწეობდა XII საუკუნეში და განაგებდა ზემო აჭარას.

GzaPress

სოფლის სახელი ვერნები გავერანებულ, აოხრებულ, განადგურებულს ნიშნავს. ასეთი ლეგენდაა შემორჩენილი: უწინ სოფლის შემოგარენი სულ ბაღ-ვენახით იყო გარშემორტყმული. ადამიანის თვალი სხვას ვერაფერს ინატრებდა. ბაღ-ბოსტნების ზევით ატეხილი ჭალები იწყებოდა. სოფლის ზემოთ ჭალებში, ერთ ვრცელ ტაფობზე, ცრემლივით გამჭვირვალე წმინდა ტბა იყო, რომელიც ფერდობებიდან ჩამონადენი წყაროებით იკვებებოდა. წყალი ყინულივით ცივი ყოფილა და ზაფხულობით კოპწია სოფელს დასიცხულ შუბლს უგრილებდა, ნათესებს აგრილებდა. იმ ტბაში თურმე ერთი უცნაური ცხოველი ბინადრობდა. სიდიდით ბუღის ტოლა, გარეგნობითაც მას ჰგავდა და ამიტომაც სოფლელებმა "წყლის ბუღა" შეარქვეს. საძოვარზე შებინდებისას გამოდიოდა და იცისკრებდა თუ არა, ისევ თავის სამყოფ ტბას უბრუნდებოდა. სანამ ის იყო, სოფელი განცხრომითა და ფუფუნებით ცხოვრობდა, შიში რა იყო, არ იცოდა ხალხმა, რადგან წყლის ცხოველი ყოველთვის განსაცდელისგან იფარავდა მათ, მაგრამ ნათქვამია: ათას ბრძენში ერთი სულელი მაინც გამოერევაო. სოფელშიც გამოჩენილა ასეთი სულელი, სახელად ზაურბეგი.

ზაურბეგი ტანადი და მოხდენილი ახალგაზრდა ყოფილა, პატარაობიდანვე საგმირო საქმეებით გატაცებული და სიამოვნებით ისმენდა მოხუცი მონადირეების საოცარ თავგადასავლებს. ნატრობდა, მალე გავიზარდო, რომ მეც იმ მონადირეებივით საგმირო საქმეები ჩავიდინოო და ეს ნანატრი დღეც დაუდგა. ზაურბეგი შესანიშნავი მონადირე დადგა. იარაღს მარჯვედ ხმარობდა. მისი ნასროლი ისარი მიზანს არასდროს სცდებოდა. ერთ ზაფხულს იალაღებში წავიდა და რამდენიმე დღის შემდეგ სოფელში ნაიალაღარი ბუღა ჩამოიყვანა. - ეგ პირუტყვი რატომ მოგიყვანია, შვილო? - გაიკვირვა თურმე მამამ. - ჯერ გაასუქე და მერე გაიგებ! - მოკლედ მოუჭრა შვილმა. - ამას თუ კიდევ სიმსუქნე აკლია, აღარ ყოფილა საშველი და ეგაა. - შენ რასაც გეუბნებიან, ის გააკეთე! - შეუღრინა ზაურბეგმა მოხუცს.

მოხუც მამას აღარაფერი უთქვამს, მაგრამ არ მოეწონა შვილის საქციელი. მთელი ერთი თვე ბაგაზე ჰყავდა დაბმული და კარგად კვებავდა. დღის სინათლეს თითქმის გადააჩვია. ერთ დღეს ზაურბეგმა სოფელს ჩამოუარა და თავისი საიდუმლო განზრახვა თანასოფლელებს გაანდო. ახალგაზრდებმა მოუწონეს, მოხუცებმა დაუშალეს, მაგრამ ჯიუტმა ზაურბეგმა თავისი მაინც გაიტანა. დაღამდა. ცა ვარსკვლავებით მოიკენჭა. მალე მთვარეც ამოვიდა და ქვეყანა რძისფერი სინათლით აავსო. ხუთი ვაჟკაცი ძლივს იმორჩილებდა სინათლეს გადაჩვეულ, გავეშებულ პირუტყვს, ბნელ ორღობეებს ურჩევდნენ. როცა სოფელს გასცდნენ, სათიბები დაიწყო და სიარულიც გაადვილდა. სახეზე ოფლი ხვითქად გადასდიოდათ. წყალთან "წყლის ბუღა" ბალახობდა. საფრთხის მოახლოება რომ იგრძნო, შეშფოთდა, თავის საყვარელ სავანეს მიაშურა, მაგრამ გვიანღა იყო - გზა მოჭრილი დახვდა. კაცებმა შინაურ ხარს ხელი უშვეს და განერიდნენ. ორთაბრძოლამ შუაღამემდე გასტანა. გახელებული ცხოველების ფლოქვებიდან ბელტად მოცვიოდა კორდი. ზაურბეგის ხარმა იძალა და დამარცხებული ტბის ხარი სულთმობრძავი ტბაში შევიდა. რამდენიმე წუთში მკვდარი ხარი ტბის ზედაპირზე ატივტივდა. წითლად შეიღება წყალი, შემდეგ ტბა გასკდა და სოფლის ნაწილი წალეკა. ტერიტორია, რომელიც ტბის ქვემოთ იყო გაშენებული, ერთიანად მოოხრებულიყო. სადღა იყო წარმტაცი ბაღ-ვენახები, სადღა იყო ბუნების მშვენიერება, აყვავებული სოფელი უდაბნოდ ქცეულიყო. სადღა იყო თვალკამკამა ტბა, რომელიც გვალვიან დღეებში შუბლს უგრილებდა სოფელს, სადღა იყო ის ჩუხჩუხა წყაროები, რომლებიც ტბას კვებავდნენ. დანგრეულიყო კეთილნაშენი ეკლესიაც. ყველაფერი ერთ ღამეში იავარქმნილიყო. გადარჩენილმა, განრისხებულმა სოფლელებმა ზაურბეგი აკაფეს და ნარბევ, ნამეწყრალში ნაჭერ-ნაჭერ გადაყარეს, ხოლო სოფლის უხუცესობამ გავერანებულ სოფელს ვერნები დაარქვეს.

სოფელს რაც მეწყერმა დააკლო, თურქების შემოსევამ დაასრულა. მათ აჭარაში 253 წელი დაჰყვეს. ცეცხლითა და მახვილით, სიცოცხლის ფასად დაიწყეს ისლამის გავრცელება. ეს დღე ჩემი სოფლისთვისაც დადგა. 1645 წელი იყო. იმ დროისთვის სოფლის მღვდელმთავარი ჩემი გვარის დიდი წინაპარი მამუკა სურმანიძე იყო (1590-1680). ის მძიმე პერიოდში, ღრმად მოხუცებული, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. როცა თურქები შემოჭრილან, საკმაოდ ასაკოვანს რწმენის შეცვლაზე უარი განუცხადებია, რის გამო სიკვდილი მიუსჯიათ და ამის დამადასტურებელი "ფირმანი" სტამბოლში გაუგზავნიათ, რადგან ეს გადაწყვეტილება სულთანს უნდა დაემტკიცებინა. როცა გაიგო, სიკვდილმისჯილი 70 წელს გადაცილებული იყო, სულთანმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნა და ოსმალოებს დაავალა, ახალგაზრდებზე ემუშავათ, შვილსა და შვილიშვილზე, რათა ისინი გაემუსლიმანებინათ (მამუკას შვილი - ჯანუკა და შვილიშვილი - ბიძინა). ჯანუკა სურმანიძე ამ დროისთვის 30-40 წლის იყო. მამამ ურჩია: რადგან თავს ზემოთ ძალა არ არის, უნდა გამუსლიმანდე, მათ დასანახავად მაინც, რადგან ჩვენი გვარი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩესო. ასეც გააკეთეს. ჩუმად მაინც ქრისტეს აღიარებდნენ და ლოცულობდნენ. სადაც და რაზეც შეიძლებოდა, ყველგან შეფარულად გამოჰყავდათ ქრისტიანული სიმბოლოები, მჭადსაც რომ ჩააკრავდნენ, კეცზე ზემოდან ჯვარს უკეთებდნენ. ამით ჩვენი გვარი და მთელი აჭარის მოსახლეობა ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა. მამა-შვილი, მამუკა და ჯანუკა ეკლესიის გალავანში არიან დასაფლავებული, მამა ქრისტიანული, ხოლო შვილი - მუსლიმანური წესით, გვერდიგვერდ. მათი საფლავები დღესაც გვაქვს შემორჩენილი. ჯანუკას შვილის სახელიდან მოდის ჩვენი გვარის თურქული გვარი "ბიძოღლები" - ბიძინას შვილები. მე გახლავარ მამუკა სურმანიძის მე-9 თაობა. ჩვენს გვარში დღესაც გრძელდება წინაპრების სახელების შენარჩუნება, დღესაც არქმევენ ბავშვებს ამ სახელებს წინაპრების პატივსაცემად, რადგან ეკლესიის ეზოში არიან დასაფლავებული. ვფიქრობ, საგვარეულო ეკლესიაა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად ჩვენი გვარის წარმომადგენლები ვცხოვრობთ".

P.S. ქალბატონი მადონას მეუღლე ხელოვანია, რომელმაც სოფლის უხუცესებისგან ჩამოაყალიბა ანსამბლი "ტბელი", რომელიც აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით გამართულ ფოლკლორულ ღონისძიებებსა და სახალხო დღესასწაულებში.

როლანდ ხოჯანაშვილი