"თითქოს ღმერთთან ახლოს ხარ, ჩემი სამოთხე ვიპოვე" - გზაპრესი

"თითქოს ღმერთთან ახლოს ხარ, ჩემი სამოთხე ვიპოვე"

ახალგაზრდა ქალი, შორენა ბალიაშვილი დედაქალაქის ხმაურს რაჭაში გაექცა და ერთ-ერთ სოფელში დასახლდა. ახლა იქ მარტო ცხოვრობს, ირგვლივ მეზობელიც კი არ ჰყავს. ამბობს, რომ ოცნება აისრულა და რაჭაში თავისი სამოთხე იპოვა.

- სულ ვოცნებობდი, რომ სოფელში ჩემი სახლი მქონოდა, ჩემი მეურნეობა გამეშენებინა და ნატურალური პროდუქტები მომეყვანა. 8 წელი გიდად ვმუშაობდი, შემოვლილი მაქვს მთელი საქართველო. ტურისტებს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ადგილებს, ტრადიციებს ვაცნობდი და ძალიან მომწონდა ეს საქმე. მაგრამ არის მომენტები, როცა ხალხთან ურთიერთობით იმდენად იღლები, განმარტოება გსიამოვნებს და ბუნებაში ყოფნა გინდა. ჩემი ოცნების ასრულებას საბოლოოდ პანდემიამ შეუწყო ხელი. საქართველოში შეწყდა ტურისტების ნაკადი, არადა, ჩემი პატარა ბიზნესი აწყობილი მქონდა, გიდობასთან ერთად, სასტუმრო ბიზნესიც ავაწყვე. მასობრივად აუქმებდნენ ტურისტები შეკვეთებს და ყველაფერი დავკეტეთ. საბოლოოდ კი გადავწყვიტე, საცხოვრებლად მთაში გადავსულიყავი. საქართველოს ყველა კუთხე მქონდა მოვლილი და რაჭაში ცხოვრება ჩემთვის მართლა ოცნება იყო: რაჭველები თბილები და მშვიდები არიან, ულამაზესი გარემოა, არაჩვეულებრივია იქაურობა. ბუნებაც სულ სხვანაირია, თითქოს ღმერთთან ხარ ახლოს და საოცრად მშვიდდები სულიერად ადამიანი.

- რაჭაში სახლი გქონდათ?

- რუსეთში ვარ დაბადებული, დედა უკრაინელი მყავს და სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით. თითქმის ყველა ქალაქი მოვლილი მაქვს, ბავშვობა იქ გავატარე. მერე საქართველოში დავბრუნდი. აქ გავთხოვდი, თუმცა - არცთუ ისე წარმატებულად. რთული წლები გამოვიარე, სამი შვილით მარტო დავრჩი. პედაგოგიური დავამთავრე და პროფესიით რუსულის მასწავლებელი ვარ, მაგრამ პედაგოგად არასოდეს მიმუშავია. პირველად სუპერმარკეტში დავიწყე მუშაობა. მალე მივხვდი, არავითარი პერსპექტივა არ მქონდა იქ, ერთი წელი ვიმუშავე, მერე გიდობის 3-თვიანი კურსები გავიარე და ამ კუთხით დავსაქმდი. გიდობა ყოველთვის მიზიდავდა, აქტიური სამსახურია. მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია, ბუნებაში სიარული. მომწონს, შენს ქვეყანას რომ აცნობ ტურისტებს. გიდი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, რადგან უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა. საინტერესოა უცხოელებთან ერთად მოგზაურობა. საქართველოს ყველა კუთხეს ხომ თავისებური სახე, ფერი და ხიბლი აქვს. როცა პირველად ჩამოდიან, უმეტესად მცხეთის, თბილისის, კახეთისა და სვანეთის დათვალიერება სურთ. მეორედ ვინც ჩამოდის, მათ უკვე მეტი ინფორმაცია აქვთ და სხვადასხვა ადგილით ინტერესდებიან. მერე მანქანაც შევიძინე და გიდი მძღოლი გავხდი, ყოველ წელს სიახლეებს ვნერგავდი, ჩემი პატარა კომპანიაც მქონდა, გიდებიც მყავდა და ეს ბიზნესი მართლა განვავითარე, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. რაჭაში რომ მოვხვდი პირველად, მივხვდი, იქ მინდოდა სახლი მქონოდა, სხვა შეხება რაჭველებთან არ მქონია. რაჭველები რთულად ყიდიან თურმე სახლებს და საყიდლად ვერ ვიშოვე. მერე მითხრეს, ერთ სოფელში იყიდებაო. მომეცა შანსი და შევიძინე. ცოტა ხანში მითხრეს, გვერდით მეორე სახლიც იყიდებაო, ისიც ვიყიდე, რადგან რაჭაში ბიზნესის გაფართოებას ვაპირებ. რომ დავსახლდი, მერე გავიგე ამ სოფლის ისტორია. მითხრეს, დაწყევლილი ადგილია და იქაურობას არავინ ეკარებოდაო. თურმე ამ უბანში 8 ოჯახი ცხოვრობდა, გაგიჭაურის დასახლებას ეძახიან. იქ საბჭოთა პერიოდში ეკლესია დაუნგრევიათ და ყველა ოჯახში რაღაც უბედურება მომხდარა. ალბათ მათი წინაპრები მონაწილეობდნენ ტაძრის დანგრევაში. იქ აღარავინ დარჩა, ამიტომ დასახლებას დაწყევლილი ადგილის სახელი მიანიჭეს. მე ეს წყევლა მოვხსენი... ჩემი წინაპრები ამაში არ მონაწილეობდნენ და ეს ცოდვა მე არ მაწევს. სრულიად მარტო ვარ სოფელში. რომ ჩამოვედი, აქ არც წყალი იყო, არც დენი, მაგრამ ახლა ყველაფერი მაქვს. დაკეტილ სახლებსაც რემონტი სჭირდება. ერთი სახლი გავარემონტე, ხოლო მეორე ორსართულიანი დიდი სახლია და ბევრი სჭირდება შესაკეთებლად.

GzaPress

- რა ღირს რაჭაში სახლები?

- ამ სოფლის ასეთი სახელის მიუხედავად, იაფად არ მოუყიდიათ ჩემთვის სახლები, რა ფასებიც იყო მაშინ, იმ ფასად მომყიდეს: ერთი 6.000 დოლარი დამიჯდა, მეორე - 4.500. ჩემთვის მისაღები იყო, იმდენად მინდოდა და ისე ვოცნებობდი რაჭაში სახლზე. ახლა მგონი, გაიზარდა ფასებიც.

- შვილები არ წამოგყვნენ რაჭაში?

- ჩემ გარშემო არავინ ცხოვრობს, ჩემი მეზობელი მხოლოდ დათვია... ჩემი ბიჭები თავიდან წამოვიყვანე, ისინი დიდები არიან, მუშაობენ, გოგონა სტუდენტია და სწავლობს. პერიოდულად ჩამოდიან... ბუნებასთან სიახლოვე და სოფელში ცხოვრების სურვილი ასაკთან ერთად მოდის. სიმართლე გითხრათ, თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ ჩემი მშობლებიც ჩემს ამ ნაბიჯს და ფიქრობდნენ, მალე ყველაფერს თავს დავანებებდი და უკან დავბრუნდებოდი, რადგან მე და სოფელი ერთმანეთისგან შორს ვიყავით. ცხოველს როგორ მიხედავ ან ბაღში რას იზამო, სულ ამბობდნენ, მაგრამ ახლა რომ ხედავენ ჩემს ნამუშევარს, იციან, ასე სულაც არ არის. ბევრს ვშრომობ, ყველაფერი ნატურალური მაქვს. ხილისა და მცენარეებისგან ჩაისაც კი ვამზადებ. მსიამოვნებს მცენარეების დარგვაც, არაფერს ვრწყავ ქიმიური წამლებით. ისიც კი შევისწავლე, სხვადასხვა დაავადება არაქიმიური ხერხებით როგორ უნდა მოვსპო. აგრონომიასაც ვსწავლობ და მართლა კარგად მიდის საქმე.

- თავიდან ალბათ რთული იყო ეს ყველაფერი, არა?

- საერთოდ არაფერი ვიცოდი, არც ბოცვრის, არც ღორის მოვლა, არც კარტოფილის დათესვა და ისეთ გარემოში მოვხვდი, რომ ცოდნა მჭირდებოდა. რამდენიმე ენას ვფლობ, რაც ძალიან დამეხმარა, ინტერნეტით ინფორმაცია რომ მომეძიებინა. ბევრს ვსწავლობდი და ახლაც ვკითხულობ. უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოფელში ვინც ცხოვრობს, ბევრს ვჯობნი ამ ცოდნით.

- ახალგაზრდა ქალი მარტო დასახლდა, ამაზე რაჭველებს რა რეაქცია ჰქონდათ?

- თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, გოგო ქალაქიდან ჩამოვიდა, თან, რომ შემომხედავს ადამიანი, სულ არ იფიქრებს, რომ ამდენ საქმეს ვაკეთებ... მერე რომ ნახეს, ტომრებით ხორბალს, ქერს ვეზიდებოდი, მითხრეს, ბევრი შარვლიანიც კი არ არის შენნაირიო... ახლა ჩემს გაწეულ შრომას რომ ხედავენ, ხშირად რჩევასაც მეკითხებიან. პატივისცემით მეპყრობიან, რადგან ხედავენ, ადამიანი შრომობს და ამას აფასებენ. პომიდორი პირველმა დავრგე და მეუბნებიან, შენ გექნება წელს პირველი მოსავალიო. 5 ბოცვრით დავიწყე, ახლა აბსოლუტურად ყველა ჯიშის ბოცვერი მყავს, გოლიათის ჯიშიდან დაწყებული. მყავს ქათმები, კვატები, წიწილები. ვაპირებ ჯიშიანი ძროხებიც მოვიყვანო, ჩემი ნატურალური ყველი და რძე რომ მქონდეს. ღორები მყავს, რაჭა ხომ ლორის გარეშე წარმოუდგენელია.

- თქვენი ერთი დღე როგორია?

- ძალიან დატვირთული. დილით 6-ის ნახევარზე ვდგები და ვუვლი ფრინველებსა და ცხოველებს. 8 საათამდე ყველა საქმის მოგვარებას ვასწრებ, მერე 10 კილომეტრის მოშორებით სამსახური ვიშოვე და იქ მივდივარ. თუ ავტობუსია, ხანდახან ტრანსპორტით მივდივარ, თუ არ მოვიდა ტრანსპორტი, ფეხითაც გავდივარ ამ მანძილს. სამსახური მთაშია, სასტუმრო აქვთ და იქ ვმუშაობ. გამოცდილებაც მქონდა, ენერგიულიც ვარ და ამიყვანეს. პატარა სასტუმროა, ვახშამსაც ჩვენ ვამზადებთ. ორი გოგო ვართ, ყველაფერს ვათავსებთ: ადმინისტრატორობასაც, დალაგებასაც და სადილების მომზადებასაც. იმდენად კარგი გარემოა, ხშირად მოდიან ელჩები და ბევრი საინტერესო ადამიანი გვსტუმრობს.

- როგორც ჩანს, სამომავლოდ თქვენც აპირებთ სასტუმრო ბიზნესს რაჭაში...

- კი, მეც ვაპირებ განვავითარო ტურიზმი. ჩემი 5-წლიანი გეგმა უკვე გაწერილი მაქვს და ამ გეგმას მივყვები. ვაპირებ ისეთი რაღაცების განხორციელებას, რაც ჯერ არ არის საქართველოში. მთის სტატუსი უკვე მომანიჭეს, ახლა გრანტებზე შევიტან პროექტს და იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა.

- სოფელში არავინ ცხოვრობს და მარტო რომ ხართ, არ გეშინიათ?

- თავიდან არ მეშინოდა, მერე მოხდა ერთი შემთხვევა: ძალიან წვიმდა და ჩემი ორი ძაღლი სახლში შემოვიყვანე, დავიძინე. ღამით ქვევით, სარდაფიდან რაღაც ხმები ისმის. ძილბურანში ვარ, ერთი ვიფიქრე, მეზობლები ხომ არ არიან-მეთქი? გამახსენდა, მეზობლები არ მყავს და რაჭაში ვარ. უცებ გამოვფხიზლდი და ხმას ყური დავუგდე, მივხვდი - არ იყო კარგად საქმე. როცა გარეთ გავედი, დათვის ნაფეხურები ვნახე. მივხვდი, იმ ღამით დათვი მესტუმრა. სარდაფში იყო, სადაც მურაბები და კონსერვები მელაგა. ორი ქილა დაუმტვრევია და მურაბა უჭამია, ასე რომ, აქაურ დათვს ბლის მურაბა ჰყვარებია... ჩემი სახლის გვერდზე, 100 მეტრში ტყეა, ირგვლივ ვენახებია და ზოგჯერ გვსტუმრობენ გარეული ცხოველები - დათვი, მგელი, ტურა.

GzaPress

- რა განცდა იყო, როცა მიხვდით, რომ სახლში დათვი მოვიდა?

- შიშის განცდა ნამდვილად იყო. ერთხელ ჭიშკრამდე იყო მოსული. კართან ფხაკუნზე ხვდები, რომ დაუპატიჟებელი სტუმარი გეწვია.

- თოფი გაქვთ?

- თოფი ჯერჯერობით არა მაქვს, ახლა ვაპირებ გამოცდის ჩაბარებას და მალე მექნება. სროლა ნამდვილად კარგად ვიცი და თუ დამჭირდა, გამოვიყენებ.

- რაჭული ღვინო ცნობილია. ვენახებიც გაქვთ სოფელში?

- ჩაყრა დავიწყე, 50 ძირი დავრგე, ამ დღეებში მწვანე ვაზის ჩაყრასაც ვაპირებ, 100 ძირი უნდა დავრგო და მომავალ წელს უკვე 200 ძირს დავრგავ. ხეხილი რაც ჩავრგე, ყველაფერი გახარებულია. დამხვდა ძველი ნარგავებიც, მაგრამ რაჭაში არ იციან ხეების გასხვლა, ეს ტრადიცია არ არის. მამაჩემი წარმოშობით გორიდანაა და იქ სხვანაირად უვლიან ხეებს, რაჭაში ახლა იქაურ წესებს ვნერგავ.

- ავტომანქანა არ გყავთ?

- არა. რთულია უმანქანოდ. ფეხით მართლა დიდი მანძილის გავლა მიწევს ხოლმე. როცა შებინდდება, ფეხით სიარული ცოტა საშიშია, ირგვლივ ტყეა, ბევრი გარეული ცხოველია. ვცდილობ, ცხოველს არ გადავეყარო და სანამ დაღამდება, სახლში მივდივარ. როცა ტურისტების მისაღებად ვიქნები მზად, ჩემს სტუმრებს აქ საოცრად ლამაზი სერვისი დახვდებათ, საოცარ ბუნებასთან ერთად, მათ რაჭულ კულინარიასაც გავაცნობ. რაც მთავარია, აქ მოსულებს ყველაფერი ნატურალური დახვდებათ. ხვანჭკარას მიკროზონაა და მინდა ხვანჭკარა მქონდეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამომივა. ძალას მაძლევს ეს ტყე, ბუნება, ულამაზესი ხედები. სადაც უნდა იყიდო რაჭაში სახლი, 80 პროცენტი ასეთი ლამაზი ხედებით იქნება, რადგან აქ საოცარი ბუნებაა და რაც მაღლა ადიხარ, მით უფრო ლამაზია. ძალიან მომწონს აქაურობა. მიხარია, შრომის შედეგს რომ ვხედავ.

თეა ხურცილავა