"არ გაქვს უფლება, დედა აატირო, შვილი დააობლო და ქმარი დააქვრივო..." - გზაპრესი

"არ გაქვს უფლება, დედა აატირო, შვილი დააობლო და ქმარი დააქვრივო..."

გაუსაძლისი ტკივილები ლიკა ჩაკვეტაძეს ემიგრაციაში, საბერძნეთში ყოფნისას დაეწყო. ჩვენთან საუბრისას იმ მძიმე დღეებს იხსენებს, რომლებიც გამოიარა: "იყო იმედგაცრუება, უიმედობა, ბევრი ცრემლი, გაუსაძლისი ტკივილი და თვითმკვლელობის მცდელობაც კი, მაგრამ იმაზე ფიქრი მაძლებინებდა, რომ დედისთვის გული არ მეტკინა, ის ხომ ვერ გაუძლებდა ერთადერთი შვილის ტკივილს. დედაზე, მეუღლესა და შვილზე ფიქრმა გამაძლებინა და ბრძოლის გაგრძელების ძალა მომცა".

- ლიკა, რა არის თქვენი დიაგნოზი?

- საბერძნეთში არასწორი დიაგნოზი დამისვეს. იძულებული გავხდი, საქართველოში ჩამოვსულიყავი და აქაც რომ ვერაფერს მივაღწიე, ავსტრიაში წავედი. მახსოვს, ექიმი რომ შემოვიდა ჩემს პალატაში და მას თარჯიმანი შემოჰყვა, სევდიანად მიყურებდა ყველა. თარჯიმანს ვკითხე, ის არის, რასაც ვეჭვობ-მეთქი? თავი დამიქნია მან და გამჭოლი მზერა იმ ლეპტოპს მიაპყრო, ხელში რომ ეჭირა. ეს ცხოვრების დასასრული იყო ჩემთვის. ჩემი დიაგნოზი ძვლებისა და რბილი ქსოვილების სარკომაა, ოსტეონეკროზი კოქსართროზია.

- ავსტრიის შემდეგ გერმანია იყო, მერე - ისევ საქართველო და შემდეგ - თურქეთი. რატომ გახდით იძულებული, ავსტრია და გერმანია დაგეტოვებინათ?

- იქ არ შემეძლო მკურნალობის გაგრძელება, საჭირო თანხა არ მქონდა. საქართველოში დავბრუნდი, შემდეგ კეთილი ადამიანების დახმარებით შევძელი თურქეთში გადასვლა.

- ყოველთვის ამახვილებდით ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ არავინ გეხმარებოდათ, გარდა კეთილი ადამიანებისა. თუ მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს?

- დახმარება ვითხოვე ყველგან, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროშიც, მაგრამ არავინ დამეხმარა, ყველასგან მხოლოდ ერთი პასუხი მომდიოდა: უკაცრავად, ამ ავადმყოფობის მკურნალობას არ ვაფინანსებთო. არ დაუფინანსებიათ არანაირი გამოკვლევა და არც ერთი ანალიზი. დღესაც მაქვს გამოკვლევა ჩასატარებელი ფილტვებზე, რასაც დიდი თანხა სჭირდება და ვერ ვიკეთებ, რადგან დაფინანსებაზე უარი მითხრეს. ერთი ასეთი კვლევა დამიფინანსა "ანიტას ფონდმა", რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ! თამამად შემიძლია ვთქვა - რომ არა კეთილი ადამიანები, რომ არა ემიგრანტები, რომლებიც მხარში მედგნენ, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი.

- რა ეტაპზეა მკურნალობა?

- უკვე მეორე ფეხზეც გადავიდა. ბილეთები ვიყიდე, ისევ ხალხის დახმარებით და მალე მივდივარ საბერძნეთში, მკურნალობის გასაგრძელებლად. ყველა ქვეყანაში, სადაც ვიყავი, ძალიან თბილად და დიდი ყურადღებით მექცეოდნენ, ყოველთვის ვგრძნობდი მათ სითბოს და სურვილს, რომ მალე გამოვჯანმრთელებულიყავი.

- არ შემიძლია არ გავიხსენო ფაქტი, როდესაც თქვენთვის ჩარიცხული თითო ლარით და ევროთი აგროვებული თანხის მითვისებაში თურქს ადანაშაულებდით.

- ინტერნეტით გავიცანი ქალბატონი, რომელიც თურქზე იყო გათხოვილი და დახმარებას დამპირდა. მართლაც ჩავედი და მისი მეუღლის ანგარიშზე ვარიცხვინებდით თანხას, რომელიც ოპერაციისთვის მჭირდებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ენა არ ვიცოდით და არც საბანკო ანგარიშები გვქონდა, იმას ვიჯერებდით, რასაც გვეუბნებოდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გარკვეული თანხა დაიკარგა, არ დაგვიბრუნეს და ამის ფაქტებიც არსებობს.

- თუმცა, მაშინ თქვენს წინააღმდეგ აგორდა ცილისწამების ტალღა, თითქოს თვითმარქვია ხართ და ავადმყოფობას იგონებთ.

- ტკივილთან ერთად მიწევდა გამეძლო ამ ცილისწამებისთვის, თუმცა, ჩემს გვერდს მართავდა რამდენიმე ჩემი მეგობარი და ასწრებდნენ კომენტარების წაშლას მანამდე, სანამ მე წავიკითხავდი, რომ არ მენერვიულა. მაინც ვკითხულობდი. ამას წერდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ ჩემი დიაგნოზი და მათ შორის გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ეს დიაგნოზი, - ის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩემ გვერდით იყო. მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და ყოველთვის ვამბობდი, - ღმერთმა დაიფაროს ყველა იმისგან, რასაც მე ვუძლებ-მეთქი!

- ბევრ ონკოპაციენტთან მეგობრობთ; ხშირად მიდიხართ მათ საფლავებზე, ვინც სენთან ბრძოლაში დამარცხდა. ამას რატომ აკეთებთ?

- ეს ძალიან დიდი ტკივილია, არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, რასაც გარდაცვალება ჰქვია. როდესაც ვიგებ, რომ ონკოპაციენტი გარდაიცვალა, სიცოცხლის ყოველ წამს კიდევ უფრო ვაფასებ და მიძლიერდება ბრძოლის სურვილი. ბევრი რამ სხვანაირად შევაფასე, ადამიანები კიდევ უფრო შევიყვარე, მათი ნაკლოვანებების მიუხედავად და დავაფასე ყველა წუთი, უფრო გავძლიერდი. ყოველ დილით ღმერთს მადლობას ვწირავ თითოეული გათენებული დღისთვის.

- როგორ ფიქრობთ - სარკომა განაჩენია?

- არც ერთი დაავადება არ არის განაჩენი, აუცილებლად უნდა გავუძლოთ და ვიბრძოლოთ. თუ ვიბრძოლებთ, გამოგვივა კიდეც! ეს უნდა გავაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად ვუყვარვართ და ვისაც ვჭირდებით. არ გაქვს უფლება, დედა აატირო, შვილი დააობლო და ქმარი დააქვრივო, - თუ ასე იფიქრებ, მიხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია. მინდა ყველა იმ ადამიანს ვურჩიო, ვინც დღეს იმ გზას გადის, რაც მე გამოვიარე, რომ არ დანებდნენ. მე არ გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ეს სიტყვები ყველაზე მეტად გვაღიზიანებს იმ დროს, მაგრამ გეტყვით, რომ უნდა შეძლოთ!

ფიქრია რობაქიძე