რატომ ღირს ადამიანად ყოფნა სოფიო ხორგუანის აზრით - გზაპრესი

რატომ ღირს ადამიანად ყოფნა სოფიო ხორგუანის აზრით

"იოლი ცხოვრება ნამდვილად არ მქონია: წარმოიდგინეთ, როცა დევნილი ხარ, ომგადატანილი, მშობლიურ გარემოს უცებ მოგწყვიტეს და სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდი... ასეთ დროს გადარჩენა და თავის დამკვიდრება ორმაგად რთულია", - გვითხრა სოფიო ხორგუანმა, რომელიც თავის ცხოვრებაზე გულახდილად გვიამბობს.

- აფხაზეთის ომის შემდეგ ჩემი ოჯახი, სხვა ოჯახების მსგავსად, დევნილების რიცხვს შეუერთდა. ძნელია, როცა ცხოვრებას იწყებ და უეცრად აღმოაჩენ, რომ წარსული აღარ გაქვს; არ იცი, როგორი იქნება შენი მომავალი და აწმყოც ძალიან ბუნდოვანია: არ იცი, სად და როგორ იცხოვრო, რადგან შემოსავალი არ გაქვს. ზოგჯერ ჩემს თავს ვეკითხები, როგორ გადავიტანეთ ის უმძიმესი დღეები?.. ებრაელებზე ხშირად ამბობენ, ჭკვიანი ხალხიაო. იცით, რატომ არიან ასეთები? - ყოველთვის იძულებული იყვნენ ორჯერ უფრო მშრომელები, ორჯერ უფრო ნიჭიერები და მონდომებულები ყოფილიყვნენ. ჩვენც, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ცხოვრებას ვიწყებდი, როცა ეს განსაცდელი დაგვატყდა თავს: სოხუმის უნივერსიტეტში ჩავაბარე და ომიც მალევე დაიწყო! მანამდე კი იყო აფხაზეთში გატარებული ბედნიერი ბავშვობა...

- როგორი ბავშვი იყო სოფო ხორგუანი?

- მგონი, კარგი ბავშვი ვიყავი, კლასშიც და სკოლაშიც ლიდერი გახლდით. საკმაოდ ჯიუტი ხასიათი მქონდა და პატარაობიდანვე მძაგდა უსამართლობა. დაჩაგრულის დასაცავად ყველგან "ხმალამოღებული" მივდიოდი, თანაც, ყველაფერზე საკუთარი აზრი მქონდა და შეკითხვების დასმა ჩემი საყვარელი საქმიანობა იყო. ჩემი მშობლებიც ამბობენ და მეც მახსოვს, რომ ყველაფერზე განსხვავებული აზრი მქონდა და სულ ჩემი პოზიციის დაცვას ვცდილობდი. მახსოვს, ერთხელ მამაჩემთან კამათი მომივიდა და პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღე საჭმელს არ მივკარებივარ. ერთხელ, სახლში პატარა ლეკვი მივიყვანე, მშობლებმა მის დატოვებაზე უარი მითხრეს და ამ ლეკვთან ერთად სახლიდან გავიპარე. შორს სად წავიდოდი, მალევე მიპოვეს, მაგრამ ხომ გავაპროტესტე?

GzaPress

- გერმანული ენის სპეციალისტი ხართ?

- დიახ, სოხუმის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. დავამთავრე თუ არა, მაშინვე ლექციებზე შემიშვეს. მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი: ჩემზე უფროსი სტუდენტები მყავდა და სულ ვცდილობდი, ისე ჩამეცვა და ისეთი ვარცხნილობა მქონოდა, რომ მათზე პატარა არ გამოვჩენილიყავი. მერე ასპირანტურაში ჩავაბარე და სადისერტაციო ნაშრომიც დავწერე, მაგრამ მეცნიერებამ აღარ გამიტაცა და დისერტაციის დაცვა არ მოვინდომე. ჩემს საქმედ არ მიმაჩნდა და თავი დავანებე. ამის შემდეგ სულ სხვა სფეროში მიწევდა საქმიანობა.

- უფლებადამცველი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი - თქვენს ბიოგრაფიაში ეს სამი სპეციალობაა მითითებული. რომელია აქედან თქვენი საყვარელი საქმე?

- ვერ ვიტყვი, რომ მათგან რომელიმეზე ვოცნებობდი. ბავშვობაში მწერლობა და რეჟისურა მომწონდა, მერე მინდოდა მოსამართლე ვყოფილიყავი. საკუთარ კომპანიაზე ან სხვათა უფლებების დაცვაზე არასდროს მიოცნებია, ეს ცხოვრებამ მოიტანა. პოლიტიკაში ჩართვა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ აფხაზეთში დაბრუნება მინდოდა და ეს საკითხი პოლიტიკოსებს უნდა გადაეწყვიტათ.

- 2007-2009 წლებში სახალხო დამცველის მოადგილე იყავით, ბიზნესი მერე წამოიწყეთ?

- იმ წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უმძიმესი მდგომარეობა იყო: ყველანაირად ვცდილობდით, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდით, რადგან სახელმწიფო ყრუ და შეუვალი იყო. ხშირად, იმ ხალხის სახელებს, ვისაც ჩვენ ვიცავდით, მოსახსენებელში ვწერდი და ღმერთს ვთხოვდი, ის მაინც დახმარებოდა. სააკაშვილმა მაშინ დაგვადანაშაულა, რომ პოლიტიკურ ინტერესებს ვემსახურებოდით და პოლიტიკაში ალბათ, ამის გამო წავედი. სახალხო დამცველის აპარატიდან წამოსვლის შემდეგ, მე და ჩემმა მეგობარმა საკონსულტაციო კომპანია დავაარსეთ. ეს კომპანია დღემდე მუშაობს. სხვადასხვა დროს პოლიტიკაშიც ვაქტიურობდი: 2009-2010 წლებში "რესპუბლიკურ პარტიაში" ვიყავი და არჩევნებშიც ვმონაწილეობდი, მერე - "ქართულ პარტიაში" გადავედი. ამის შემდეგ, არც ერთ პარტიაში აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიური არ ვარ.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

- რაც შეეხება ოჯახს: მყავს მამა - როლანდ ხორგუანი და დედა - ლიანა ჩოფლიანი, რომელიც მოხუცთა თავშესაფრის დირექტორია. დედა პროფესიით ექიმია, აფხაზეთში სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი იყო. ასევე მყავს ძმა, რძალი და სამი არაჩვეულებრივი ძმისშვილი. არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი ოთხფეხა მეგობრები: გერმანული ნაგაზი და კატები, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარს.

- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?

- ჩემთვის ოჯახი ადგილია, სადაც ყველას ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ და შენც ისინი ისეთები გიყვარს, როგორებიც არიან. მშობლებისთვის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ სამყაროში! ეს არის ადგილი, სადაც მოგივლიან, დაგიყვავებენ და მოგეფერებიან. მით უმეტეს, ჩვენ ძალიან მოსიყვარულე ოჯახი გვაქვს: ზოგჯერ ვფიქრობ, რომ დედაჩემს და მამაჩემს ისევ ისე უყვართ ერთმანეთი, როგორც თაფლობის თვეში უყვარდათ. ბებია-ბაბუებიც ასეთები იყვნენ, ყოველთვის სიყვარულით სავსე ოჯახი გვქონდა. სხვათა შორის, ჩემი ბებია - დედის დედა ოსი იყო, საოცრად თბილი და კარგი ქალი. მათი სახლი სულ სავსე იყო ბაბუაჩემის ნათესავებით. სვანეთიდან სოხუმში თუ ვინმე სწავლობდა, ყველა მათთან მიდიოდა და იქ ცხოვრობდა. ომის მერე ჩვენი ოსი ნათესავები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ, ფინანსურად ძალიან დაგვეხმარნენ. საოცარი ნათესაობა იციან და მათი დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. იმის გამო, რომ სიყვარულისა და პატივისცემის მაღალი სტანდარტი გვქონდა, მეც სულ ვფიქრობდი, რომ ოჯახი გადარეული სიყვარულით უნდა შემექმნა. ალბათ ამის გამოც ვერ ავიღე პასუხისმგებლობა ამ მხრივ.

- ესე იგი, დაქორწინება ვერ გაბედეთ.

- ალბათ, რადგან ქორწინება ნიშნავს ჯერ მეორე ადამიანზე აიღო პასუხისმგებლობა, მერე - შვილზე და ბოლოს - მთელ ოჯახზე. შეიძლება ქალმა ამ ყველაფერს უფრო მარტივად უნდა შეხედოს, მაგრამ მე ეს არ გამომივიდა. თანაც, სიყვარულს დიდი დრო და მოცალეობა სჭირდება. მე ამისთვის ვერასდროს მოვიცალე და ამჟამად მარტო ვცხოვრობ. ვერ ვიტყვი, რომ თავს დაჩაგრულად ვგრძნობ ან ძალიან განვიცდი, პირიქით, ყოველი დღე მიხარია და ყველა გათენებული დღისთვის უფლის მადლობელი ვარ. მშობლები ადრე უფრო მსაყვედურობდნენ, რატომ არ თხოვდებიო, მაგრამ უკვე მიხვდნენ, რომ ეს ჩემი ცხოვრების წესია, რომელსაც შევეჩვიე. რილკეს სიტყვებია: ხასიათი ბედისწერააო და ალბათ, ყველაფერი ხასიათის ბრალია. თანაც, ჩვენ გარშემო იმდენი რამ ხდება, იმდენი წიგნის წაკითხვა მინდა, იმდენი რამ მაქვს მოსასწრები, რომ ამ ყველაფერს ერთი ცხოვრება არ ეყოფა. ომი რომ არ მომხდარიყო და ჩვენს ქვეყანაში ასეთი კატაკლიზმები არ დატრიალებულიყო, შეიძლება ჩემი ცხოვრებაც სულ სხვანაირად წარმართულიყო, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ისეთი ბედნიერი იყოს, როგორც ახერხებს და შეუძლია. ვიღაცისთვის აუცილებელი პირობაა, გვერდით ქმარი და ბევრი შვილი ჰყავდეს, მე არ მყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბედნიერი არ ვარ. ბედნიერების უფლება მეც მაქვს, ეს უფლება უკვე მოვიპოვე (იცინის).

- ერთი "ჩამჭრელი" კითხვა უნდა დაგისვათ: როგორი მზარეული ხართ?

- აფხაზეთში რომ ვცხოვრობდით, მამაჩემი სულ უმეორებდა დედაჩემს: შენს შვილს ღომის გაკეთება ასწავლე, აქ სულ მეგრელები ცხოვრობენ, რომელიმეს ცოლად რომ გაჰყვეს და ღომის გაკეთება არ იცოდეს, თავი მოგვეჭრებაო... ასე რომ, პირველად ღომის გარეცხვა და მომზადება მასწავლეს, მერე - სხვა რამეები და საბოლოოდ, ჩემგან საკმაოდ კარგი დიასახლისი "გამოდნა". ძალიან მიკვირს, როცა ქალი ამბობს, სადილის გაკეთება არ ვიციო. მე ყველაფერი კარგად გამომდის: ხაჭაპურს, კუბდარს, ნამცხვრებს, სადილებსაც ვაკეთებ და გემრიელი ხელიც მაქვს - ამას დედაჩემიც დაგიდასტურებთ.

GzaPress

- რამდენად რთულია ქართველი ქალისთვის ბიზნესში და საზოგადოებრივ ასპარეზზე თავის დამკვიდრება?

- უნდა ვაღიაროთ, რომ ნებისმიერ საქმეში, პოლიტიკა იქნება, ბიზნესი თუ სხვა რამ, წამყვანი ფიგურები კაცები არიან. დამკვიდრებულია აზრი, რომ პოლიტიკა და ბიზნესი მამაკაცების საქმეა. ეს ჩვენი ტრადიცია და სამწუხარო მოცემულობაა. მართალია, საქართველოში ძლიერი და წარმატებული ქალებიც იყვნენ და არიან, მაგრამ ამ მოცემულობას თვალი უნდა გავუსწოროთ. მე არასდროს მიფიქრია, ქალობა შეღავათისთვის გამომეყენებინა. არასოდეს, არც ერთ საქმეში, რაც მიკეთებია, არ მქონია მოლოდინი, რომ რაღაც შეღავათი მეკუთვნის ან მჭირდება. უბრალოდ, ძალიან მაწუხებს, რომ პოლიტიკაში და საჯარო ცხოვრებაში აგრესიისა და ცინიზმის ენა მკვიდრდება.

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც, სოციალურ ქსელს გადავხედოთ: ჩვეულებრივ ყოფაში ერთმანეთს არ ვლანძღავთ, არც უწმაწური სიტყვებით მივმართავთ, მაინტერესებს, ეს წესი სოციალურ ქსელში რატომ არ მოქმედებს? - იქ ზრდილობის წესები გაუქმებულია? ქუჩაში უცხო ადამიანს ასე ხომ ვერ დაეტაკები და შეურაცხყოფას ვერ მიაყენებ? სოციალურმა სივრცემ მეორე ადამიანისადმი პატივისცემა გააქრო და "წესების გარეშე ბრძოლა" ჩვეულებრივ ამბად აქცია. ზოგიერთს შეჯიბრება აქვს გამართული, როგორ დაამციროს თავისი ოპონენტი ან მეტოქე. ჩვენ ირგვლივ ცოტაა ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც თავის თავს ხალხის მსახურად მიიჩნევს და ვინც უფრო მეტ აგრესიას გამოავლენს, ის იმარჯვებს. ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში ქალების როლი წინ წამოიწევს, რატომ? - კაცები უფრო მიზანზე ფიქრობენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდიან. ქალი უფრო შედეგებზე ფიქრობს: "აი, იქ რომ მივალ და ჩემს მიზანს მივაღწევ, თუ ამ გზაზე ბევრი რამ დავაზიანე, შედეგი როგორი იქნება?" - ალბათ, ყველამ ასე უნდა იფიქროს.

- დაბოლოს, ეკლესიაში გადაღებული თქვენი რამდენიმე ფოტო ვნახე. თქვენი რწმენის შესახებაც გვიამბეთ?

- ჩემი მოძღვარი ჩემი სკოლელია, შავი ბერი - ისიც აფხაზეთიდან დევნილია, ახლა უკვე სვეტიცხოვლის წინამძღვარი - მამა სერაფიმე. სკოლაში რამდენჯერ ერთად გვითამაშია და გვირბენია. ის ძვირფასი ადამიანია ჩემთვის, ძალიან ვაფასებ და როცა რთული დღეები მაქვს, მის რჩევა-დარიგებას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მამა სერაფიმემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ სიკეთე, სიყვარული, მეორე ადამიანზე ზრუნვა - ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია, რის გამოც ადამიანად ყოფნა ღირს. ჩვენი რელიგიაც ხომ ამას ქადაგებს? - ქრისტიანმა უნდა მოახერხოს და სწორი არჩევანი გააკეთოს: არჩევანი სიკეთისკენ, სინათლისა და სიყვარულისკენ, რაც ყველაზე მთავარი არჩევანია ცხოვრებაში.

ხათუნა ჩიგოგიძე