"მადლიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობა" - გზაპრესი

"მადლიერება არის ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობა"

ლუკა ჭაფოძე მომავალი ჟურნალისტია, მართალია ჯერ 17 წლისაა, მაგრამ უკვე ბევრ ინფორმაციას ფლობს. მაგია, მინერალოგია, ჰერბოლოგია, ტაროლოგია, შელოცვები - ეს ის სფეროებია, რომლებიც ლუკას აინტერესებს და თანდათან ვითარდება. ამბობს, რომ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. რჩევები ცხოვრების შესაცვლელად არც ჩვენი მკითხველისთვის დაინანა და გვითხრა, რომ მთავარია გვწამდეს და შეუძლებელი არაფერია.

ის ამერიკელი პრაქტიკოსის შეგირდია, რომლის სახელი და გვარი არ გაგვიმჟღავნა. თანატოლებისგან განსხვავებულია, მაგრამ ამის გამო ბულინგის მსხვერპლი არასოდეს გამხდარა, თუმცაღა, ბევრმა მათგანმა დისტანცია ამჯობინა, ბევრიც უფრო დაუახლოვდა.

ჩემთან საუბრისას ფსიქოლოგებმა აღნიშნეს, რომ არასრულწლოვნისთვის რიტუალებში მონაწილეობა საშიშია, ზოგი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ მთავარია, ადამიანმა საკუთარი თავი იპოვოს და ეს რომელ სფეროში და რა ასაკში მოხდება, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ეკლესიის პოზიცია კი ერთმნიშვნელოვანი: ეს ეკლესიასა და ჩვენს სარწმუნოებას ეწინააღმდეგება და ადამიანის ბედის შეცვლა უდიდესი ცოდვაა. ჩვენი ცხოვრება ზეცაში იწერება და ჩვენ ამას უნდა დავემორჩილოთ.

- ლუკა, რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი?

- მინერალოგია, ჰერბოლოგია, ტაროლოგია, შელოცვები (ვერბალური) და პრაქტიკული რიტუალები - ეს ის სფეროებია, რომლებითაც დავინტერესდი. ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ, როდესაც პირველად ასტროლოგიური პირადი რუკა დავაწერინე. მაშინ მითხრეს, რომ ამის ნიჭი მაქვს და დავინტერესდი, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.

- რას ნიშნავს, შენი ცხოვრება შეიცვალა?

- პირველი, რაც გავაკეთე, ჩამოვიშორე ადამიანები, რომლებსაც ცუდი აურა ჰქონდათ და ჩემთვის არასასიამოვნონი იყვნენ, ასევე შეიცვალა ჩემი ფინანსური მდგომარეობა.

- ყველას აინტერესებს როგორია მათი მომავალი, აქვთ თუ არა გაკეთებული ჯადო და ა.შ. ადამიანები ფულს არ იშურებენ ამისთვის. შენ თუ აქციე ეს გატაცება ბიზნესად?

- არა, უამრავ ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარები. საქართველოში უამრავი მკითხავი, ტაროლოგი, ეზოთერაპევტი არსებობს და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს კადრულობენ. რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ უმეტესობა ასეა, ისინი ადამიანების ნდობას ცუდად იყენებენ და დიდ ფულსაც შოულობენ. მე თანხა არასდროს ამიღია და თუ მეკითხებიან აზრს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, უანგაროდ ვპასუხობ, თუმცა სამყარო მიღება-გაცემის პრინციპზეა შექმნილი.

- როგორი იყო მშობლების რეაქცია ამასთან დაკავშირებით?

- ძალიან მძიმე და რთულად მისაღები. მამა დღემდე ვერ ეგუება ამას, დედაც წინააღმდეგია, მაგრამ თითქოს უფრო შეეგუა. მიუხედავად ამისა, ვაპირებ, უფრო საფუძვლიანად შევისწავლო ეს სფერო და მეტ წარმატებას მივაღწიო.

- შენმა თანატოლებმა და მეგობრებმა როგორ მიიღეს შენი ეს საქმიანობა, თუ ყოფილხარ ბულინგის მსხვერპლი?

- ბევრმა ძალიან კარგად, ზოგიც გვერდზე გადგა, თავიანთი შეხედულებების გამო ჩემგან თავს შორს იჭერენ. ვისაც სჯერა ჩემი, ხშირად მოდიან და მეკითხებიან, რა გააკეთონ, რომ შეყვარებული შეურიგდეთ, ფული როგორ მოიზიდონ და ასე შემდეგ. მათ ყოველთვის ვაძლევ რჩევას.

- ეკლესია ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს... ხარ თუ არა მორწმუნე ქრისტიანი?

- რა თქმა უნდა, ღმერთი მწამს, თუმცა რიტუალებში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მამები იმისკენ მიგვითითებენ, რომ ცოდვილნი ვართ და თვითგვემაში უნდა ვიყოთ, ასე არ არის...

- როგორც ვიცი, ცნობილი ამერიკელი პრაქტიკოსისგან სწავლობ ამ ყველაფერს...

- ის ცხოვრობდა ამერიკის ერთ-ერთ პატარა სოფელში, პატარა სახლში. სიღარიბეში გაიზარდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ირწმუნა, რომ შეეძლო თავისი ცხოვრების შეცვლა, მართლაც ასე მოხდა. დღეს ის მდიდარი და წარმატებულია, ლოს-ანჯელესში ერთ დიდ სახლში ცხოვრობს, აქვს დახურული ჯგუფი, სადაც გვიზიარებს პრაქტიკას და გვიღრმავებს ცოდნას.

- რა არის ჯადო?

- ჯადო არის კეთილიც და ბოროტიც, მას შეუძლია ადამიანის ცხოვრება შეცვალოს ან უკეთესობის, ან უარესობისკენ. ყველაფერზე კეთდება, სიკვდილზეც კი. ადამიანები სურვილებთან ფრთხილად უნდა იყვნენ.

- ჩვენს მკითხველსაც მიეცი რამდენიმე რჩევა, ვისაც ამის სჯერა.

- ყველაზე მარტივია წყლის რიტუალი, მისი საშუალებით შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. აწმყოში ჩასჩურჩულეთ წყალს თქვენი სურვილები, გამოხატეთ მადლიერება სამყაროსა და წინაპრების მიმართ და წყალი გემრიელად მიირთვით, თქვენი სურვილი აუცილებლად ასრულდება, თუკი ის რეალურია. არ დაგავიწყდეთ, მადლიერება ყველაზე მნიშვნელოვანი გრძნობაა.

ფიქრია რობაქიძე