"პრაიდელების" რეალური სახე ანტიევროპულობაა" - გზაპრესი

"პრაიდელების" რეალური სახე ანტიევროპულობაა"

ნათია ქოლუსი:

- ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც სექსუალური უმცირესობების ფსევდოუფლებადამცველი ორგანიზაციები ვამხილე, ვიღაცებმა მითხრეს, - ნათია, თუ იცი, რა საშინელ ძალებს შეეჭიდეო? ვუპასუხე, რომ ვიცი. ეს საქართველოს მთავრობასთან ან რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციასთან შეჭიდება არაა. მსგავსი ორგანიზაციები მსოფლიოშია მოდებული. სათავეში ვინ უდგას, არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ამას მნიშვნელობა არა აქვს. ეს ყველაფერი იმიტომ ვთქვი, რომ უკვე ვიცი, არსებულ სიტუაციას რა მოჰყვება. კანადაში ის უკვე მოხდა, რაც უნდათ, რომ საქართველოში ბევრად სწრაფად მოხდეს.

- კონკრეტულად რამ აღგაშფოთა, რა ხდება კანადაში?

- "ჰომოფობობის" გამო სამსახურებიდან ხალხის გამოყრა უკვე დაიწყეს. მიდი და უმტკიცე, რომ ჰომოფობი არ ხარ, როცა კანონი ისეა მიღებული, რომ ყველაფერი ჰომოფობიაა. მათი ორგანიზაცია თუ არ მოგწონს, ეს უკვე ჰომოფობიაა. კანადაში პრეზიდენტობის კანდიდატი "პრაიდზე" თუ არ გავიდა, არ აირჩევენ. პოლიტიკოსები, კომპანიები "პრაიდს" გვერდით უნდა დაუდგნენ, ანუ კანადაში "პარადი" ამ ორგანიზაციას მიჰყავს. ჩანცელ ჩულტურ-ის სახელით, ხალხის შევიწროება ხდება: ადამიანებს ჯერ სოციალურად "აქენსელებდნენ", ახლა უკვე მათი ციხეში გაგზავნა დაიწყეს. მაგალითად, კანადელ პასტორს იმის გამო აპატიმრებენ, რომ თითქოს "კოვიდწესები" დაარღვია. ეს უბრალოდ მიზეზია, ბერკეტია, ვინმეს "გაქრობა" თუ უნდათ. წლის განმავლობაში ტორონტოში "კოვიდწესებს" უამრავი ადამიანი არღვევდა... სასწავლო დაწესებულებებს რაც შეეხება, ძალაუფლება მთლიანად სტუდენტებს გადაეცათ. პროფესორებს, ლექტორებს, მასწავლებლებს ავიწროებენ. არ შეიძლება ვინმეს პირის ნაცვალსახელით (რომელიც ადამიანის სქესს აღნიშნავს) მიმართო. უნივერსიტეტებში სპეციალური ჯგუფები ჰყავთ, რომლებიც არკვევენ, ვინმემ რაღაც "ჰომოფობიური" ხომ არ თქვა. საბჭოთა კავშირის მსგავსი სიტუაციაა, ოღონდ - უარესი. მასწავლებელმა მოსწავლეს თუ არ მოუბოდიშა, - მაპატიე, შენი სქესი შემეშალაო, - სერიოზული პრობლემა შეექმნება. აგიხსნით, ეს რას ნიშნავს: ისინი სქესს ხომ არ აღიარებენ, არა? ამბობენ, რომ სქესი არ არსებობს, მოგონილია, სოციალური კონსტრუქციაა. მათი უმრავლესობა ისე გამოიყურება, რომ არც ქალს ჰგავს, არც - კაცს. მიდი და გამოიცანი, რომელ ნაცვალსახელს იყენებს. ამის მიხედვით აუცილებლად დამნაშავე იქნები, თუ დასჭირდათ...

- იმ პერიოდზე მოგვიყევი, როცა თავად გადიოდი "პრაიდზე"...

- საქართველოში თითქოს სექსუალური უმცირესობების დაცვა რომ დაიწყეს, მეგონა, მართლა ხალხს იცავდნენ. მათ მხარეს ვიყავი. შემდეგ კანადაში გავემგზავრე. ტორონტოს "პრაიდი" მსოფლიოში ცნობილია - როგორ არ წავსულიყავი?! წავედი, გავერთე. კარგი იყო ფერადოვნება, მხიარულება... ისიც შევნიშნე, რომ "პრაიდზე" ბევრი უბრალოდ შიშველი ტიპი დადიოდა, მაგრამ ხომ იცი, ადამიანს თვალებზე ბინდი რომ გაქვს გადაკრული და მაინც ყველაფერი რიგზე გგონია? ვიფიქრე, თავისთვის ერთობიან, რას ვერჩი?! თუ არ მომწონს, არ შევხედავ-მეთქი... მერე უკვე რეალური სიტუაცია ვნახე და შევაფასე...

- მათი მხრიდან შევიწროება საკუთარ თავზე გამოგიცდია?

- "ტიკ-ტოკზე" სექსუალური განათლების შესახებ ვსაუბრობდი, წყვილებს ვეხმარებოდი - მეცნიერულ, ბიოლოგიურ საკითხებზე გასაგები ენით ვლაპარაკობდი. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა ჩემი გვერდი. ხალხმა აიტაცა... როცა ვიდეოში ლოგიკურ რამეს ვამბობდი, ბიოლოგიურ, მეცნიერულ საკითხებს "ვაწვებოდი", ვიღაცები "მაბულინგებდნენ", - ტრანსოფობი ხარო... მეუბნებოდნენ, - "ქალი" კი არ უნდა თქვა, არამედ - "დაბადებისას ქალად მონიშნული". ჩემს ვიდეოებს მინიმუმ, 200 000 ნახვა ჰქონდა. სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობა კი მიწერდა, - ტრანსოფობი, ბოროტი ხარო, იმის გამო, რომ უბრალოდ, საუბრისას "ქალს" ვამბობდი. ხვდები, როგორი სისულელეა?

- "ტიკ-ტოკზე" უამრავი არაადეკვატური მომხმარებელია. შესაძლოა, ადამიანი ნებისმიერი რამის გამო "დააბულინგონ". რეალურ ცხოვრებაში მსგავსი სიტუაცია პირადად შეგქმნია?

- რეალურ ცხოვრებაში მეგობარი დავკარგე, რადგან მასთან ჩემი თეთრი კანის პრივილეგია არ ვაღიარე. თავად შერეული კანის ფერის გახლდათ, მე კი მის წინაშე თავი დამნაშავედ რომ არ ვიგრძენი, რადგან თეთრი კანი მაქვს, ამიტომ დამკარგა... თუ "პრაიდის" და მსგავსი ორგანიზაციების მიერ მოგონილ ტერმინებს არ იყენებ, გასაქანს არ მოგცემენ. წესების ლაბირინთი აქვთ შექმნილი. ერთადერთი შანსი, რომ მათთვის მისაღები იყო, ისაა, თუ ყოველთვის ბოდიშს იხდი, - რაღაც არ იცი, რაც მათ მოიგონეს და ცდილობ, ისწავლო, თუნდაც - ადგილობრივი ტომების ისტორია. უცნაური რაღაცების გამო ბოდიში სახალხოდ უნდა მოიხადო, წინააღმდეგ შემთხვევაში, "დაგაბულინგებენ". იმ დროს სამსახური არ მქონდა, თორემ იქიდანაც აუცილებლად გამომაგდებდნენ...

GzaPress

- რას გულისხმობ, უფლებადამცველები ფარისევლები არიან და რეალურად სხვა ინტერესები აქვთ?

- აუცილებლად. შენი აზრით, რატომ აფაფხურდნენ და საქართველოში მთელი გადაცემა რატომ დამითმეს? ძალიან საშიში ძალაა. ვიღაცებმა ხომ მკითხეს, - არ გეშინია, ასეთ სიმართლეს რომ ამბობო? როგორ არ მეშინია?! მაგრამ ყველაზე მეტად ღმერთის მეშინია...

- საქართველოში არსებულ სიტუაციას როგორ აღიქვამ?

- ძალიან საშიშად. ცუდი სიტუაციაა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეთივე რაღაცები ხდება. ბოლშევიკები ძალაუფლების ხელში ჩაგდებას რომ იწყებდნენ, მაშინ ვიღაცას ყვირილი რომ დაეწყო - დიქტატურას, კომუნიზმს აპირებენო, დაცინვას დაუწყებდნენ - აზრზე არა ხარ, ბოლშევიკები ხალხის კეთილდღეობისთვის არიანო... დღეს ხალხს ჰგონია, რომ "პრაიდი" და მსგავსი დიდი ორგანიზაციები ევროპიდან მოდის. სინამდვილეში, ევროპული ღირებულებების მატარებლები არ არიან. თუ ამას ხმამაღლა ამბობ, "რუსეთუმეს" გიწოდებენ. ულტრამემარცხენე იდეოლოგიებს ვინც არ გაჰყვება, "კოლონიალისტებს" ეძახიან. ახლა მათი პროპაგანდა მოდაშია ამერიკაში, კანადასა და ავსტრალიაში... მათი იდეოლოგია ანტიევროპული, ანტიოჯახისეულია. ამბობენ, ადამიანისთვის სქესის დაწესება ევროპელების ბრალიაო და საერთოდ უნდა "ამოვთხაროთო". მათი იდეოლოგია ზუსტად ესაა, რომ "ქალის" და "კაცის" არსებობა საერთოდ გააქრონ. ადამიანები მშობლებს "დედას" და "მამას" ვეღარ დაუძახებენ. კანადაში ამას უკვე ცდილობენ. ამის შესახებ სტატია სწორედ გუშინ გავაზიარე სოციალურ ქსელში. სიტყვა "გოგოს" გამოყენება არაინკლუზიურიაო... მათი რეალური სახე ანტიევროპულობაა. ძალიან გამაღიზიანებელია, რომ ფაქტები სახეზეა, საჯარო ინფორმაციაა, ხალხს კი თვალებზე ბინდი აქვს გადაკრული. ჰგონიათ, რასაც ვიღაც ხელმომთბარი პოლიტიკოსები ეუბნებიან, ზუსტად ისეა. ამის გამო გული ძალიან მწყდება... მინდა ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ ძალადობას არ ვემხრობი, პირიქით - იმედია, ყველა მოძალადე გასამართლდება. უბრალოდ, 5 ივლისს თბილისში აქციაზე ბევრი ხალხი იყო. აქციის ორგანიზატორი ვერ განსაზღვრავს, ვინ რას აკეთებს, ვის რისთვის გადაუხადეს ფული. სამწუხაროდ, ბევრმა დაიჯერა ის ამბავი, თითქოს 5 ივლისს სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ხალხის უმრავლესობა მოძალადე იყო. რეალურად, რამდენიმე კაცმა მოაწყო საზიზღარი ძალადობა... სექსუალური უმცირესობის ბევრ წარმომადგენელს ვიცნობ. რომელს ექმნება პრობლემა საყურის თუ ჩაცმულობის გამო? ულტრაგეივით გამოიყურებიან, გამომწვევ ჩაცმულობას ადამიანებს ლამის სახეში აზელენ, მაგრამ მაინც არავინ მისდევთ. უბრალოდ, ხალხი "პრაიდის" გამო ბრაზდება, თორემ თბილისში არატრადიციული სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მშვენიერი "ტუსოვკებიც" იმართება, კარგადაც ერთობიან, მათი მხარდამჭერები კარგ კომპანიებში არიან დასაქმებულები. არავინ თქვას, რომ იჩაგრებიან, პირიქით - მათი მოწინააღმდეგეები უფრო დაჩაგრულები იქნებიან თბილისში, მაგალითად - "კაი სასტავში" ვერ მოხვდება ის, ვინც მათი წინააღმდეგია, ძირითადად... "ფაქტჩეკერმა" ჩემ მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს "ცრუ ინფორმაცია" დააწერა. თითქოს ფაქტების შემმოწმებელმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ინფორმაცია გადაამოწმეს და დაასკვნეს, რომ სიცრუეს ვამბობდი, ოღონდ - სად ამოწმებენ, არ ვიცი. ამასთან დაკავშირებით, ჩემ გამო ერთ-ერთმა ორგანიზაციამ მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა... როგორც იცით, ვიდეოში ისიც ვახსენე, რომ სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია პედოფილმა ჩაატარა... საინტერესოა, რომ 1970-იან წლებში ჰომოსექსუალიზმი დაავადებების სიიდან ამოიღეს. გამოდის, რომ მაშინ მეცნიერების დასკვნასთან დაკავშირებით შეკითხვის გაჩენის უფლება გქონდა ადამიანს, დღეს კი - არ გაქვს, როცა გიწერენ, რომ სქესი არ არსებობს...

ეთო ყორღანაშვილი