"შინაგანად დანგრეული და ცოტა დაბნეულიც ვარ" - გზაპრესი

"შინაგანად დანგრეული და ცოტა დაბნეულიც ვარ"

ცნობილია, "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად რუსთაველის გამზირზე ჯგუფები გამოვიდნენ. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა 5 ივლისს 55 ადამიანზე იძალადეს. მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია. სასულიერო პირს, მამა პეტრეს (კოლხი) ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასება ვთხოვეთ.

- მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ საუბარმა საზოგადოებაში ისევ აგრესია, არასწორი კრიტიკა არ გამოიწვიოს. ზოგადად კრიტიკის არ მეშინია, შეუძლებელია მომხდარში მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე და მეორე ყველაფერში მართალი, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, როცა ადამიანის ფიზიკურ განადგურებას ეხება საქმე, შეუძლებელია დავსვათ სხვა სიტყვა შორისდებულად. შეუძლებელია ძალადობა გამართლებული იყოს, მით უფრო, სასულიერო პირის მხრიდან, ვინაიდან ქრისტეს ეკლესია აღმოცენდა სიყვარულზე, მიტევებაზე, პატიებაზე, ჰუმანიზმზე და ეს ყველაფერი თითქოს დავკარგეთ. მექანიკური სამართავი თოჯინებივით ვიქცევით და ეკლესიის სახელით, ქრისტეს დაცვის სახელით გამოვდივართ ქუჩაში და ისევ ვძალადობთ. პირადად მე, შინაგანად დანგრეული და ცოტა დაბნეულიც ვარ. თუ გვახსოვს წლების წინ, როცა ქუჩაში დაპირისპირება მოხდა, სასულიერო პირებიც იყვნენ და მეგონა, მას მერე რაღაც შეიცვალა. ვფიქრობდი, უფრო მეტად დავფიქრდით, გავაანალიზეთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძენით და დავინახეთ, მაგრამ თურმე, ამ შეფასებაშიც ვცდებოდი. დღეს რაც ხდება, ეს არ არის მარტო ჟურნალისტიკისა და სუბიექტური მიდგომების ბრალი. სამწუხაროდ, მუდმივი კრიტიკა და ეკლესიაზე თავდასხმა, მისი შეურაცხყოფა ხდება. კონკრეტულად ერთი სასულიერო პირი შეიძლება არ მოგწონდეს, შეიძლება მე არ მოვწონდე ვიღაცას, ჩემი ქცევები არ იყოს მისაღები, მაშინ ცხადია, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ იმის გამო, რომ მე, ერთი სასულიერო პირი არ ვარ მოსაწონი, ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესია, ქრისტეს სწავლება და მოძღვრება არ არის მოსაწონი. როცა კრიტიკულები ვართ ეკლესიის მიმართ, ჩვენ ქრისტეს მოძღვრების მიმართ არ ვართ კრიტიკულები. ჩვენ არასწორი სასულიერო პირების მიმართ ვართ კრიტიკულები, რომლებმაც დააზომბირეს საზოგადოება და აბსოლუტურ ვაკუუმში მოაქციეს მოსახლეობის დიდი ნაწილი. თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ალბათ 80 პროცენტი აღმსარებელი და მაზიარებელია, მაგრამ ამ კუთხითაც საგანგაშო ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, სასულიერო პირებიდან დაწყებული, მრევლით დამთავრებული, მოსაქცევი ვართ და ხელმეორედ უნდა ვისწავლოთ სახარება, ხელმეორედ უნდა ვისწავლოთ რელიგია და ზოგადად სარწმუნოება, რადგან ის, რაც დღეს ხდება, აცდენილია ყოველგვარ მოძღვრებას, ქრისტიანულ სწავლებას, საეკლესიო გამოცდილებას. სამწუხაროდ დაწყებული პროცესი ერთ მშვენიერ დღეს ჩიხში შეიყვანს ეკლესიასაც და საზოგადოებასაც. გამოსავალი ის არის, რომ მეტი სიყვარული, მეტი მიტევების უნარი, მეტი გამოცდილება გამოვიყენოთ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაში. ძალისმიერი მეთოდები არასდროს არის მომგებიანი... მე, როგორც სასულიერო პირი, არ უნდა გამოვირჩეოდე აგრესიით და არ უნდა მოვუწოდებდე ადამიანებს ძალადობისკენ; ქრისტიანული მორალის დაცვა ძალადობაზე არ გადის. ნებისმიერმა ჩვენგანმა ჩვენი ცხოვრების წესით უნდა დავიცვათ და დავამოწმოთ ქრისტიანობა.

როდესაც ადამიანი ქრისტიანული მორალისა და ზნეობის მიღმაა, ბუნებრივია, შეცდომებიც მეტია და ამ შეცდომებს სახელი ჰქვია, მაგრამ როდესაც არის მეორე მხარე და ქრისტეს სახელით უარესს აკეთებს (ეს უარესი არის ძალადობა, აგრესია, მრისხანება, უსიყვარულობა და ქვებით ჩაქოლვა), ამ შემთხვევაში არ გვაქვს მორალური უფლება საკუთარ თავს ქრისტიანები ვუწოდოთ. ღვთის მსახურება ადამიანთა მსახურებიდან იწყება. ყველას უნდა მიეცეს არჩევნის თავისუფლება. ვიღაცას არ უნდა იყოს ეკლესიური, მე ვერ დავაძალებ, მე ქრისტეზე მეტად ქრისტიანი ვერ ვიქნები, მაგრამ ამავდროულად აუცილებლად უნდა ვთქვა. იმ მეორე მხარეს, ე.წ. ლგბტ თემს მინდა შევეხო, აბსოლუტურად არც ერთი ადამიანის ცხოვრების წესი არ არის ჩემი საქმე. ეს არის მათი მდგომარეობა ან მათი არჩევანი. მაგრამ როდესაც ცდილობს, ეს არჩევანი სხვამაც მიიღოს და დააკანონოს, მით უმეტეს ისეთ სახელმწიფოში, რომელიც ლამის თეოკრატიულ სახელმწიფოდაა ჩამოყალიბებული და მოსახლეობის უმრავლესობა ეკლესიურია, კატეგორიულად მიუღებელია ქუჩაში ამის დემონსტრირება და მე ვფიქრობ, რომ ესეც ძალადობაა. დიახ, ფსიქოლოგიური, მორალური ძალადობაა. მართლმადიდებელი ადამიანი როგორც ემიჯნება უზნეობას და ამორალიზმს, ისე გაემიჯნება ძალადობასაც. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა ობიექტურები ვიყოთ, უნდა დავგმოთ ორივე მხარე. არავითარ შემთხვევაში არ გავამართლებ იმას, ვისაც სურს თავისი ცხოვრების წესი ქუჩაში გამოფინოს და დანარჩენებიც აიძულოს, გინდა თუ არა, ეს მოიწონე და აღიარე, რომ ეს უნდა იყოს დაკანონებულიო, ეს არასოდეს მოხდება. ეს ხომ არ არის დემოკრატია. მე თუ მკითხავთ, ეს არის დიქტატურა, ტირანია, თავს მოხვეული დემაგოგია და ეს ნიშნავს, რომ ის ძალადობს იმ ადამიანზე, რომელმაც შეიძლება პასუხად ფსიქოლოგიური ძალადობა არც გამოიყენოს, რადგან ამის რესურსი არ გააჩნია და, გლიჯოს, წააქციოს. ჩვენ რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? მარტო ერთი მხარე იქნება დამნაშავე? ცოდვის, ძალადობის პროვოცირებაც დანაშაულია და ორივე მხარეს მეტი სიფრთხილე მართებს.

ყველასთვის საკმარისი უნდა იყოს ერთი ადამიანის გარდაცვალება. ერთი ადამიანის ტკივილი უფრო ძვირფასია, უფრო დიდია ღმერთისთვის, ვიდრე მთელი სამყარო ერთად აღებული. განა რა უნდა მომხდარიყო იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი 5 ივლისს, ვიდრე ლექსო ლაშქარავას სიცოცხლის დაცვა იქნებოდა? ნურავინ იტყვის, რომ მხოლოდ ერთი მხარის ბრალია ლექსოს გარდაცვალება. ყველა მხარეა დამნაშავე და დამნაშავეა ისიც, ვინც ძალადობა არ შეაჩერა.

- შეეძლო საპატრიარქოს და ეკლესიას ეს ძალადობა შეეჩერებინა?

- საპატრიარქო ყველა ადამიანს ვერ გააკონტროლებდა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვა, რომ ვნახეთ, ზოგიერთები გამოვიდნენ ქრისტეს სახელით, ხატებით, ჯვრებით და სინამდვილეში სულით ფაშისტები აღმოჩნდნენ, ვიდრე ეკლესიურები.

- კადრებში სასულიერო პირებიც ჩანდნენ, რომლებიც მოუწოდებდნენ ბრბოს ძალადობისკენ, ამაზე რას იტყვით?

- ისეთი სასულიერო პირებიც ვნახე იმ კადრებში, რომლებიც წაქცეულს გადაეფარნენ, მაგრამ გიდასტურებთ, სამწუხაროდ, რამდენიმე სასულიერო პირი ხალხს სხვა რამისკენ მოუწოდებდა. უნდა ვაღიაროთ, ლამის მოძალადედ ჩამოყალიბდა ერი. სასულიერო პირების უმრავლესობა მეც მიწუნებს ცხოვრების წესს, ჩემი პოეზიიდან, სათვალეებიდან გამომდინარე მაკრიტიკებენ. ჰოდა, დამანახვონ და მაჩვენონ, რომ ჩემზე მაგარი ქრისტიანები არიან... ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყველაზე მეტად ქრისტეს ეკლესია შეიძლება დააზარალოს ცრუ ქრისტიანობამ, ფსევდორელიგიურობამ, თამაშმა. არც ერთი ადამიანი არ უნდა შეეწიროს ნებისმიერი ტიპის ბრძოლას, ეს იქნება იდეოლოგიური, რელიგიის თუ უმცირესობის ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს.

რატომ გვგონია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ქრისტეს სახელის ოკუპირება მოვახდინოთ? ჩვენ ხომ ღვთის შვილები ვართ და შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაც, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, ისიც ღვთის შვილია, მასზე შეიძლება უფრო მეტად შესტკიოდეს გული უფალს და ჩვენი იმედი ჰქონდეს, რომ ის ადამიანი გადავარჩინოთ. ახლა კი რა გამოდის? თითქოს გახვეული ვართ რელიგიის სამოსში, მაგრამ ვძალადობთ ადამიანებზე. თუმცა კიდეც ვუსვამ ხაზს იმ ფაქტს, რომ ორივე მხარე დამნაშავეა. უბრალოდ, ჩვენ ხომ გვაქვს პრეტენზია, რომ ქრისტიანები ვართ და ფეხებს ვაბაკუნებთ, ჭკუას ვასწავლით, მორალს ვუკითხავთ ყველას. არ მინდა ე.წ. მორწმუნე მკვლელის თვალებით მიყურებდეს და ისე დავზარალდე მე მორალურად, სულიერად და ისე დავზიანდე, რომ იმედი გამიცრუვდეს ადამიანურ ურთიერთობებზე. თუკი მორწმუნე, ეკლესიური, "ღვთის მოშიში" ადამიანი იქნება მოძალადე და ის არაფრით იქნება განსხვავებული საზოგადოების სხვა დანარჩენი წევრებისგან, მაშინ ვის უნდა მივანდო ჩემი გულისტკივილი, ვის უნდა მივანდო თავი? ვისი ან რისი იმედი უნდა მქონდეს? გავიგე, რომ უფლის იმედი უნდა მქონდეს, მაგრამ უფალმა გვითხრა, თქვენ ერთმანეთის ნუგეში უნდა იყოთ და ასე გაავრცელოთ ქრისტიანობა და მოიმოწაფენით ქრისტიანობაო. რით უნდა მოიმოწაფოთ, ლეწვა მტვრევით, ნგრევით? გინებითა და შეურაცხყოფით? დამცირებით, აბუჩად აგდებით? რა ხდება სოციალურ ქსელში გადახედეთ, ლამის სახლში შემომივარდნენ, ლამის ეკლესიაში შემომივარდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ძალადობას არ ვქადაგებ, პირიქით, ვგმობ ამას.

GzaPress

- მამა პეტრე, იმ სასულიერო პირების პასუხისმგებლობა თუ დადგება დღის წესრიგში, რომლებიც აშკარად მოუწოდებდნენ ხალხს ძალადობისკენ?

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი სასულიერო პირი დაიბარეს საპატრიარქოში და შენიშვნა მისცეს. ვნახე მერე სოციალურ ქსელში ამ სასულიერო პირის მიმართვა საზოგადოებისადმი. დიდ ბოდიშს გიხდით, შენდობას გთხოვთ, ძალადობის მოწოდება არ უნდა გამეკეთებინაო. ამ შენს ბოდიშს აწი რაღა აზრი აქვს, როცა ადამიანებმა ქრისტეს სახელით ერთმანეთს ისეთი ბართლომეს ღამე მოუწყვეს, რომ სამწუხაროდ, ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. არ მინდა ჩემი ეკლესია ძალადობას ქადაგებდეს და იმის ტირაჟირებას ახდენდეს, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. მე არ მინდა ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო ეკლესიის რიგებში მისი კუთვნილი ადგილი დაკარგოს კონკრეტული სასულიერო პირების გამოხდომების გამო, რომლებიც უზნეობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებენ ძალადობრივ მეთოდს. ქრისტიანის ყველაზე დიდი იარაღი ბრძოლის ველზე მისი ცხოვრების წესია - ჯვარია, ხატია, რწმენა, ლოცვაა და არა ძალისმიერი მეთოდები, დაქირავებული მუშტი-კრივები. ეს არ უნდა განმეორდეს, მაგრამ თუ ისევ მოხდა, პირობას გაძლევთ, ბევრ პროგრესულად მოაზროვნე სასულიერო პირს დაკარგავს ეკლესია და საზოგადოება ძალიან დიდ სიბნელეში აღმოჩნდება.

- როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი აგრესია ჟურნალისტების მისამართით?

- ვთქვათ სიმართლე: ბოლო დროს "ტვ პირველზე" ძალიან ხშირად, ყოველ შაბათს მიმდინარეობდა ეკლესიის დისკრედიტაცია. ხშირად შესაძლოა მათში იყო სიმართლის მარცვალი, მაგრამ უმეტესად გადამლაშებული, ცინიზმითა და სარკაზმით, სუბიექტური მიდგომებით სავსე გახლდათ. როგორც ჩანს, ეს ადამიანებმა ვერ აიტანეს, საკუთარ შეურაცხყოფად მიიღეს და 5 ივლისს გულში დაგროვილი ბრაზის გადმონთხევის საშუალება მიეცათ - ამ ფაქტს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.

თეა ხურცილავა