"ჩემთვის დიდი პატივია, ჩემი ქვეყანა ვასახელო უცხო მიწაზე" - გზაპრესი

"ჩემთვის დიდი პატივია, ჩემი ქვეყანა ვასახელო უცხო მიწაზე"

ნინო ვაჩნაძე 18 წელია ემიგრაციაშია. არქიტექტორების ოჯახში დაბადებულ გოგონაზე ზემოქმედება მშობლების პროფესიას მოუხდენია და ამიტომ ჯერ სამხატვრო სკოლა დაამთავრა, შემდეგ - სამხატვრო გიმნაზია და ბოლოს სამხატვრო აკადემია. მამა კარგად ხატავდა თურმე და ხატვასთან ერთად საუცხოოდაც მღეროდა, დედაც მხატვარი იყო და კარგად სცოდნია ხელსაქმეც - ქსოვა, კერვა, ქარგვა. ქალბატონი ნინოც ბავშვობიდან დაინტერესებულა ხატვით, დღეს უკვე წარმატებულია თავის პროფესიაში, არაერთი გამოფენა ჰქონდა.

- ემიგრანტობაში თვითდამკვიდრება რომ საკმაოდ რთულია, ამაზე ბევრს უთქვამს და დაუწერია, მაგრამ 18 წლის წინ შედარებით იოლი იყო ყველაფერი. თანაც, მე ვიტყოდი, რომ გამიმართლა - ვითანამშრომლე ცნობილ საქორწილო სახლთან - Pრონოვიას, სადაც ჩემი დიზაინით ვაკეთებდი აქსესუარებს, შემდეგ საკუთარი მაღაზია გავხსენი. ვითანამშრომლე ცნობილი ფეხბურთელის, ლიონელ მესის მეუღლესთან, ანტონელა როკუზოსთან ივენთი გავაფორმე.

- რა გახდა მიზეზი თქვენი ემიგრაციის და რას საქმიანობდით საქართველოში?

- განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა. მქონდა სურვილი, როგორც არქიტექტორს, რეალობაში მენახა ესპანელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის შედევრები ბარსელონაში, მაგრამ მერე ისე შემიყვარდა ეს ქალაქი, რომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას საქართველოში, სტუდენტობის დროს მხაზველობით გეომეტრიას ვასწავლიდი კერძო სკოლაში "ათინათი", მერე ვიმუშავე პრეზიდენტის აპარატში, სადაც ბროშურების დიზაინს ვაკეთებდი და ამის შემდეგ უკვე ბარსელონაში წამოვედი.

- ვინ იქონია გავლენა თქვენს შემოქმედებაზე, ვინ დაგეხმარათ პროფესიულ ზრდაში?

- დავდიოდი ცნობილ ქართველ მხატვართან, ქალბატონ ქეთი მატაბელთან, რომელმაც პასტელით ხატვა და თოჯინების გაკეთება მასწავლა. შემდეგ იყვნენ: ხატვის სკოლაში - ლეილა ჩოხელი, ხელოვნების გიმნაზიაში - ლევან ლონდარიძე, სამხატვრო აკადემიაში - ცნობილი მხატვარი გივი თოიძე და კლასიკური აკვარელის დიდოსტატი ზაურ ჯაფარიძე.

- ნახატების გარდა, ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნით...

- ძირითადად თექის ქუდებს, შარფებსა და ნახევრად ძვირფასი ქვებით გაწყობილ წინდებს ვამზადებ. ეს სასიამოვნო პროცესია.

- როგორი გარემო გიქმნით იდეალურ სამუშაო განწყობას?

- ჩემთვის ორ მნიშვნელოვან ფაქტორს აღვნიშნავ: იზოლირებულად ყოფნა და საყვარელი მუსიკა (ჯაზი).

- გაიხსენეთ თქვენი პირველი და ბოლო გამოფენა, რა განსხვავებაა მაშინდელ ნინო ვაჩნაძესა და დღევანდელს შორის?

- ცვლილებები თითქოს თავისთავად მოხდა. როდესაც მაყურებელს ჩემი ნახატის შეძენის მოთხოვნილება უჩნდება, ესე იგი, ჩვენ შორის კონტაქტი შედგა და მან ჩემი გამხატვრულებული სათქმელი გაითავისა, თანაც ისე, რომ მზად არის, მის სულიერ ღირებულებაში მატერიალური ფასი გადაიხადოს. ეს ძალზე სასიამოვნოა.

- თუ არსებობს ისეთი ნახატი, რომელსაც ვერასოდეს გაყიდით?

- არის რამდენიმე ნამუშევარი, რომელსაც არ გავყიდი, მაგრამ როგორც ყველაფერი, ესეც პირობითი გადაწყვეტილებაა, - გამორიცხული არ არის, გარკვეულ დროსა და ვითარებაში საყვარელმა ნახატმა, როგორც სრულწლოვანმა შვილმა, დამოუკიდებელი ცხოვრების გზა არჩიოს სხვასთან ერთად (იცინის).

- თქვენი ნამუშევრები ისტორიული მემკვიდრეობის არქივში შეინახება, ამის შესახებაც რომ გვიამბოთ.

- დიახ, ალკაზარის სასახლე სევილიაში ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ქვეყნის სახეს განაპირობებს, - ესპანეთის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების სიაში შედის და მსოფლიოში უძველეს სამეფო სასახლეს წარმოადგენს. თავისთავად ცხადია, რთულია აქ გამოფენის გაკეთება, არადა, ჩემი რეპროდუქციები ისტორიული მემკვიდრეობის არქივში უკვე ინახება, რაც ძალიან მახარებს.

- როგორია თქვენი, როგორც წარმატებული ქალის თვალით დანახული ემიგრანტი?

- ემიგრანტობა სასურველი არასდროს ყოფილა, თვით ეს ტერმინი ხომ იძულებით გადაადგილებას ნიშნავს. ამიტომ ვფიქრობ, რაც უნდა წარმატებული იყო, ყველაფერს ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმისთვის აკეთებ, რომ ემიგრანტი აღარ გერქვას. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემი ქვეყანა ვასახელო უცხო მიწაზე.

- იმისთვის, რომ იყო წარმატებული, გარდა შრომისმოყვარეობისა, კიდევ რა არის საჭირო?

- როგორც გალაკტიონი იტყოდა: "ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!" (იცინის).

- რა გეგმები გაქვთ უახლოესი მომავლისთვის და ხომ არ ემზადებით ახალი გამოფენისთვის?

- საოცარია, მაგრამ პანდემიამ ვერ შეაფერხა ჩემი გამოფენების განრიგი. ამჟამად რომსა და სიცილიაში, ხოლო შემდეგ ბარსელონაში მექნება გამოფენა, სექტემბერში კი - თბილისში და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ ეს არის, საკუთარ ქვეყანაში, სხვა უცხოელ მხატვრებთან ერთად წარვადგინო ჩემი ნამუშევარიც. წელსვე ოქტომბერში მართლაც საოცნებო ადგილას, ლუვრის კარუსელში გამოიფინება ჩემი ფერწერული ტილოები. ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციასაც დავამატებ: ბარსელონაში სულ მალე გაიხსნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული რესტორანი, რომლის ინტერიერის დიზაინიც მე მეკუთვნის.

ფიქრია რობაქიძე