ხელით გამოთლილი ხის სათვალე, ჩანთა, სამკაული და სხვა ნივთები - გზაპრესი

ხელით გამოთლილი ხის სათვალე, ჩანთა, სამკაული და სხვა ნივთები

გიორგი გვილავა 6 წელია ხის ნივთებს ამზადებს. ცდილობს მისი პროდუქცია მრავალფეროვანი იყოს. პირველი ნივთი სათვალე იყო, შემდეგ მის კოლექციას შეემატა: ხის ჩანთები, ბაფთები, საყურე, სამაჯურები, დასადგამი საათები, ღვინის ბოთლის ჩასადები და ა.შ. ძირითადი მასალა კაკალია და ასევე, თუთის ხე.

GzaPress

- პროფესიით მშენებელი ვარ. საქართველოში ავტობანების მშენებლობა რომ დაიწყო, მას მერე ამ საქმეში ვარ და ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გზების მშენებლობაში მაქვს გატარებული. ბოლოს ქობულეთის ავტობანის მშენებლობაში ვმონაწილეობდი, მაგრამ ძალზე დატვირთული განრიგის გამო, სამსახურებრივი პაუზის აღება გადავწყვიტე. ყოველთვის ვერთობოდი ჩხირკედელაობით. ბავშვობაში ბზისგან ჯვრებს ვაკეთებდი და მეგობრებს ვურიგებდი. იმდროინდელ ნაკეთობას დღემდე ვატარებ ჩემივე გაკეთებულ მძივზე. საოჯახო სასადილო გვაქვს, რომლის გვერდით მარმარილოს საამქროა. ნამტვრევებისგან პატარ-პატარა ეკლესიებს ვაკეთებდი. ყოველთვის მინდოდა ხის სათვალე გამეკეთებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ერთხელაც მეგობრის მეუღლემ მითხრა, რომ ერთ-ერთ საიტს ხელმძღვანელობდა და შემომთავაზა, იქ ჩემი ხელით გაკეთებული რომელიმე ნივთი წარმომედგინა. ვინაიდან სათვალე აქტუალურია, ცადეო. არ ვიცოდი, მაგრამ გავიგე, რომ თურმე იმ დროს ხის სათვალეებს ბევრი აკეთებდა და ზღვა მასალა იყო ინტერნეტშიც. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში დეტალურად შევისწავლე მისი დამზადების ხერხები. შემდეგ ხის საამქროში მივედი, სადაც დურგალმა ყველა იმ დაზგის გამოყენების უფლება მომცა, რაც დამჭირდებოდა და თავისთან ერთი პატარა ადგილიც გამომიყო. ქილიკით მიყურებდნენ ბიჭები, რომლებთანაც უკვე ვმეგობრობდი, მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ჩემთვის სათვალე გავაკეთე. კარგი გამოვიდა, ყველას მოეწონა. ის მეგობარი, ვის "ცეხშიც" ვმუშაობდი, წავიდა და ბორმანქანა მიყიდა წვრილ დეტალებზე სამუშაოდ. ასე დაიწყო ჩემი ინტერესი ხის ნაკეთობების მიმართ. ნელ-ნელა შევისწავლე ხის ტექნოლოგია და თვისებები. შემდეგ ცივი მინანქრით დავიწყე სამკაულის მოპირკეთება. იმდენად შევიჭერი როლში, რომ აღარ მიფიქრია სხვა სამსახური მომეძებნა და ახლა მთლიანად ამ საქმით ვარ დაკავებული.

GzaPress

- ორიგინალურ ხის ჩანთებს ამზადებთ...

- ალბათ ხელოვნებასთან დაახლოებულ ადამიანს, ვინც ხშირად სტუმრობს მუზეუმებს, სახელოსნოებს და ა.შ. ფანტაზიისა და იდეების განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა აქვს. მე ამის საშუალება არ მქონია. უბრალოდ, რაც ხეზე მუშაობა დავიწყე, დიდ დროს ვატარებდი ინტერნეტში, რომ გამეგო რისი დამზადება შეიძლებდა ხისგან და თვალსაწიერი გამეფართოებინა. ალბათ ყველას უნდა რაღაც თავად გამოიგონოს, ამის სურვილი მეც მაქვს, მაგრამ თუ რამის გამოგონებას ვერ ვახერხებ, ის მაინც მინდა, დრო რომ გავა და ვინმე ჩემს ნამუშევარს ნახავს, იცნოს და თქვას, ეს გიორგი გვილავას გაკეთებულიაო. ხის ჩანთებს ინტერნეტში ვნახულობდი და ეს არ არის სიახლე, თუმცა, ჩანთების ქვებით გაფორმება გადავწყვიტე. ახლა ზოგიერთი ჩანთა სადაა და მთლიანად ხელითაა გამოთლილი, ზოგიც ქვებით გაფორმებული. ნელ-ნელა დაიხვეწა მოდელები, მაგრამ როგორც პირველ სათვალეს, ისე პირველად გამოთლილ ჩანთას ვინახავ, არ ვყიდი. ჩანთებმა დიდი ინტერესი დაიმსახურა და რამდენიმე გავგზავნე კიდეც საზღვარგარეთ. პანდემიის დროს აღარაფერი იყიდებოდა, ამიტომ მეგობრებთან ერთად მშენებლობაში ჩავერთე. ახლა დროს ორივე საქმეს ვუთმობ. ვცდილობ, მრავალფეროვანი პროდუქცია მქონდეს და ყველა სეგმენტი დავაკმაყოფილო. ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური, რაც გავაკეთე და რითიც ვამაყობ, ჩემი შვილის საწოლია. დავითი წლინახევრისაა და ძალიან ლამაზი საწოლი გამოგვივიდა.

ანა კალანდაძე