"ბევრისთვის ეს მიუღებელი გახლდათ, მაგრამ სხვა გზა ვერ ვნახე იმ სიტუაციაში..." - გზაპრესი

"ბევრისთვის ეს მიუღებელი გახლდათ, მაგრამ სხვა გზა ვერ ვნახე იმ სიტუაციაში..."

18 ივლისს, კვირას, პარლამენტში დიდი აურზაური იყო. იმ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა. ოპოზიციურმა პარტიებმა სიტყვა პირველსავე წუთზე შეაწყვეტინეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ტრიბუნასთან ჩავიდნენ და მინისტრს სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. პარალელურად დარბაზში პროტესტს აგრძელებდნენ ჟურნალისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და სხდომათა დარბაზში გადმოფინეს ბანერები წარწერით "დასაჯეთ დამნაშავეები". ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლაც სცადა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა კი იქიდან ძალით გამოიყვანა. ამ ფაქტს შეხლა-შემოხლა მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთმა წევრმა, დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა მიიქცია ყურადღება, გაწევ-გამოწევის დროს ის საკუთარ მაგიდაზე ავიდა და 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი ლექსო ლაშქარავას გამოსახულებიანი პლაკატით ხელებაწეულმა გამოხატა. ოპოზიციონერი დეპუტატის ამ ქცევას უმრავლესობის წევრების პროტესტი მოჰყვა. "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მამულაშვილს ჯერ მაგიდიდან ჩამოსვლისკენ მოუწოდეს და დეპუტატის ქცევის წესები შეახსენეს, შემდეგ კი უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მას მიუახლოვდა, ხელში აიყვანა და მაგიდიდან ჩამოსვა. საბოლოოდ, ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა მოჰყვა, ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში კი გადაიდო.

ნონა მამულაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი:

- კვირადღეს "ქართულმა ოცნებამ" უეცრად ჩანიშნა მოსმენა და ფაქტობრივად შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში შემოაპარა. ცდილობდა მაქსიმალურად იმ კითხვებს დამალოდა, რაც მასთან გვქონდა. სხდომათა დარბაზში 10 კაცი მაინც ჰყავდა მოყვანილი. ეს აღმაფშოთებელია. შს მინისტრი მოდის პარლამენტში და თურმე, დაცვა სჭირდება. მისი დაცვის წევრები აგრესიით გამოირჩეოდნენ. ნახეთ ალბათ კადრებიც, ფიზიკურ ძალადობაზეც კი გადავიდნენ, როცა ჩვენი ტრიბუნიდან ჩამოგდება სცადეს. რა თქმა უნდა, მინისტრი არ იყო მოსული კითხვებისთვის პასუხები რომ გაეცა, უნდოდა უცებ ჩაეტარებინა მოსმენა და გაქცეულიყო. ჩვენ გვქონდა მდუმარე პროტესტი. გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავას ფოტოები ხელში გვეჭირა და არაფრის თქმას არ ვაპირებდით იმ მომენტში მინისტრისთვის; როცა გამოსვლას დაასრულებდა, შემდგომში კითხვებს დავსვამდით. მოხსენების დროს გვინდოდა ტრიბუნასთან ვყოფილიყავით. მივუახლოვდით თუ არა, ეს გააფთრებული ხალხი დაგვერია და იქიდან ჩამოგვყარა, მერე კუთხეში მიმიმწყვდიეს. მთელმა ქვეყანამ ნახა თინა ბოკუჩავა ლამის გაგუდა პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, პაპუაშვილმა. მე ჩემს მაგიდასთან ვიყავი მიმწყვდეული, რეალურად ალყაში ვყავდით, ყოველი მხრიდან გვლანძღავდნენ და ყველაფერს ხელიდან გვართმევდნენ. ერთადერთი პროტესტის საშუალება რაც მრჩებოდა, მეც რომ არ მოვეგუდე რომელიმე პარლამენტარს, იყო ის, რომ მაგიდაზე ავსულიყავი და იქიდან გამეგრძელებინა პროტესტი. ვიცი, ეს ბევრისთვის მიუღებელი გახლდათ, მაგრამ სხვა გზა ვერ ვნახე იმ სიტუაციაში... წარმოუდგენელი რამ დატრიალდა პარლამენტში. მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც არანაირ აგრესიას არ ატარებდა, დიდ აგრესიასა და პროტესტში გადაიზარდა, ეს იყო კლასიკური ძალადობა.

- როგორ აღმოჩნდა "ქართული ოცნების" დეპუტატი ზარქუა თქვენთან ახლოს?

- ის სულ სხვა მხარეს ზის, მოვიდა ჩემთან, ჯერ პლაკატი გამომართვა და დახია, მერე უკნიდან მომადგა, ბილწი სიტყვებით მლანძღავდა. როდესაც ავედი ჩემს მაგიდაზე, უკნიდან მომეპარა და ჩამომაგდო.

ზოგადად, ამისთვის არსებობენ მანდატურები, რომლებმაც დისციპლინა უნდა გააკონტროლონ პარლამენტში, მაგრამ ზარქუა დაბნეულია და არ იცის, რა ფუნქცია აქვს პარლამენტში. ამ შემთხვევაში, გადაწყვიტა მანდატურის ფუნქცია აეთვისებინა. პლაკატი, რომელიც ხელში მეჭირა, დახია. ადამიანი დაიღუპა და არ შეიძლება ამის უპასუხოდ დატოვება. არ შეიძლება მინისტრს მისცე საშუალება, მოსახლეობა მოატყუოს, თითქოს ისინი გამოძიებას აწარმოებენ. ჩვენ ვნახეთ ზუსტად 2 დღეში როგორ შეკერეს ის სიბინძურე ლექსოზე, ვიხილეთ სუს-ის შეკრული კადრები. ეს იყო ბინძური კამპანია.

- რა კითხვები გქონდათ გომელაურთან?

- სად იყო პოლიცია იმ დღეს? თქვენ ნახეთ ოპოზიციის სათავო ოფისში რომ შეცვივდნენ და ნიკა მელია დააკავეს, მაშინ 3000 პოლიციელი გამოყო შს სამინისტრომ. აქ იცოდნენ, ძალადობა მოხდებოდა და ყველაფერი დამთავრდებოდა მსხვერპლით, მაგრამ არ გამოიყვანეს პოლიცია საკმარისი რაოდენობით. იმ დღეს მეც ვიყავი "სირცხვილიას" ოფისში, სადაც გავიცანი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. იქ მხოლოდ ერთი პოლიციელი იყო. როდესაც ხდებოდა ასეთი ძალადობა მედიაზე, სად იყო მაშინ პოლიცია, რატომ არ იყო მობილიზებული ძალები? ერთადერთი, რაც შეიძლება დავასკვნათ, ხელისუფლება და მოძალადე ჯგუფები შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

- თქვენ ჩართეთ პარლამენტში რუსული ჰიმნი, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა მოსახლეობაშიც. რატომ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება?

- ეს იყო საბჭოთა კავშირის და არა რუსეთის ჰიმნი, თუმცა მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო, ასეა. იმდენად უნდათ რუსეთი, რუსულად აღიქვეს. პარლამენტში "ქართული ოცნების" ბევრი დეპუტატის გამოსვლა მოვისმინე. ისინი უყვებოდნენ მოსახლეობას, თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი ყვავის, ადამიანის უფლებები დაცულია, რომ სასწაულ შედეგს მიაღწიეს "კოვიდის" მართვაში. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" ფრთა დგებოდა და უკრავდა ტაშს. ჩვენ მიკროფონები გამორთული გვაქვს, არ გვეძლევა საშუალება გავაპროტესტოთ ტყუილი, რასაც ვისმენთ. ერთადერთი, რაც გამახსენდა, ბავშვობაში ნანახი ბრეჟნევის გამოსვლებია, რასაც ტაშს უკრავდნენ კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები. ამ ყველაფერმა ჩემში პროტესტი გამოიწვია და მივუძღვენი ის მუსიკა. როგორ შეიძლება დღევანდელ რეალობაში ადამიანები გამოდიოდნენ და იძახდნენ, რომ ჩვენთან ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა, ჯანდაცვა ყვავის, "კოვიდს" გავუმკლავდით, ადამიანის უფლებები დაცულია და არანაირი პრობლემა არ არის?..

მესმის, მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეულია ნებისმიერი საბჭოთა და რუსული სიმბოლიკა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ვართ იმ პარლამენტში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვი იჯდა. სამწუხაროა, ლუსტრაციის კანონი ჯერ არ არის საქართველოში მიღებული. ამისთანა ხალხისთვის მიუღებელი იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნის მოსმენა პარლამენტში. მოდი, თავიანთ ცოდვებს გადახედონ და მერე ვილაპარაკოთ, რა ჰიმნი უნდა გააჟღერონ და ვინ უნდა ჩასვან პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. დღეს ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" რეალურად "რუსული ოცნებაა". ბოლო 8 წელია გაძლიერდა რუსული გავლენები საქართველოში, გაიზარდა საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე. შესაბამისად, რუსეთს, რომელიც ყოველთვის იყენებს ეკონომიკას, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს, ნებისმიერ დროს შეუძლია გაუკეთოს ის, რაც 2008 წელს გააკეთა... "ქართული ოცნება" უნდა დასრულდეს, რომ შევძლოთ პროდასავლური გზით სიარული და გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რომელსაც ისტორიულად ვეკუთვნით.

GzaPress

- პრემიერისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით იმართება აქციები. რა მოლოდინი გაქვთ, სადამდე მიგვიყვანს ეს პროტესტი?

- "ქართულ ოცნებას" მოუწევს ღარიბაშვილის გადაყენება. ეს დღეების თუ არა, რამდენიმე კვირის ამბავია. თუ ღარიბაშვილი ხელისუფლებაში დარჩა, არანაირი შანსი არა აქვთ. მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგეს, დასავლეთის მხარდაჭერაც ჰქონდათ და ისიც დაკარგეს. მოსახლეობას ჰქონდა მოლოდინი, რომ ეს ძალა რაღაცას შეცვლიდა და რაც ახლა ხდება, ეს დიდი გაწბილებაა. იცის "ოცნებამ", რომ ვერანაირ არჩევნებს ვერ მოიგებენ, ამიტომ მოუწევს ღარიბაშვილის გადაყენება. ჩვენ მაქსიმალურად შევუქმნით დისკომფორტს. ოპერატორის სიცოცხლე შეეწირა ამ პოლიტიკური პარტიის უნიათობას, სიბოროტეს, მოწოდებებს. მთავრობა რომ ყოფილიყო სხვანაირად მობილიზებული, დღეს ლექსო ცოცხალი იქნებოდა და ჩვენ არ გვექნებოდა ის რეალობა, რაც გვაქვს. მედია ხელშეუხებელია ყველაზე "ცხელ წერტილშიც" კი. ერთადერთი გამოსავალი არის ბრძოლა კონსტიტუციური მეთოდებით. ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენ უნდა გავისტუმროთ ეს მავნებელი ხელისუფლება.

- შარლ მიშელის განცხადებებზე რას იტყვით?

- მოსალოდნელიც იყო, რომ არ ექნებოდა დადებითი რეაქცია იმაზე, რაც ხდება საქართველოში. "ოცნებამ" მოაწერა ხელი შეთანხმებას და მოატყუა, გადააგდო დასავლელი პარტნიორები. ამ შეთანხმებაზე ბევრმა მაღალი კალიბრის დიპლომატმა, მათ შორის თავად მიშელმა იმუშავა, რეალურად განმუხტა შექმნილი კრიზისი. "ქართულმა ოცნებამ", როგორც მმართველმა ძალამ, პასუხისმგებლობა აიღო, რომ შეასრულებდა იმ პუნქტებს, რაც გაწერილი იყო შეთანხმებაში, მაგრამ რეალურად აბსოლუტურად ყველა პუნქტი დარღვეულია. ჰოდა, როგორ ექნებოდა ამაზე დადებითი რეაგირება შარლ მიშელს?.. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთი რჩება ქართველი ხალხის გვერდით და არა კონკრეტულად რომელიმე პარტიის.

- ახალი სახე ხართ "ნაციონალური მოძრაობის", ცოტა რამ გვიამბეთ თქვენს განვლილ გზაზე...

- დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მოგვიანებით სწავლა განვაგრძე პარიზის, სორბონის უნივერსიტეტში, სპეციალობით ისლამური ცივილიზაცია. ამის შემდეგ ვსწავლობდი ჰარვარდში, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი გავხდი. 15 წელი სხვადასხვა მსხვილ ამერიკულ კომპანიაში ვმუშაობდი. პარალელურად უნივერსიტეტში ვასწავლიდი პოლიტიკურ მეცნიერებას, პოლიტიკურ იდეოლოგიას და კონფლიქტოლოგიასთან დაკავშირებულ უამრავ სხვა საგანს. პოლიტიკით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული, მაგრამ არ მქონდა პოლიტიკაში ჩართვის სურვილი. როდესაც ვნახე რეალურად ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა და ტელევიზორთან ჯდომა, იქიდან აღშფოთება არაფერს უშველის, გადავწყვიტე იმ პოლიტიკურ ძალას შევუერთდე, რომელმაც ერთხელ უკვე შეცვალა ძალზე ტრაგიკული რეალობა, ბევრი შეცდომით, მაგრამ ეს შეძლო. 90-იანი წლების და სააკაშვილის პერიოდის საქართველო სრულიად განსხვავებული რეალობა იყო. ახლა პარტიას ხედვაც აქვს, ის მწარე გამოცდილებაც, იცის რა პოლიტიკური შეცდომები არ აპატია მოსახლეობამ და გადავწყვიტე, "ნაციონალურ მოძრაობაში" გავწევრებულიყავი, რომელიც რეალურად პროდასავლური ძალაა. ახლა უკვე პარლამენტიდან ვცდილობ შევცვალო ჩვენი მოსახლეობის რთული მდგომარეობა. რამაც გადამაწყვეტინა პოლიტიკაში მოსვლა, არის ის, რომ ან უნდა გადავრჩეთ, ან გავიქცეთ აქედან. გაქცევას კი არ ვაპირებ. არ მინდა ვიცხოვრო სხვაგან და ვუყურო, როგორ ჩამოიქცევა ჩემი ქვეყანა, როგორ გახდება კვლავ რუსეთის გუბერნია. მე კარგი ცხოვრება მინდა საქართველოში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ის გამოცდილება, რაც მივიღე დასავლეთში, მინდა გამოვიყენო საქართველოში. პოლიტიკური დემაგოგიისთვის არ ვლაპარაკობ. მინდა გადავტეხოთ და საბოლოოდ ჩამოვიშოროთ რუსეთი, რადგან ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც შეუძლია ჩამოიშოროს რუსული იმპერია საქართველოში და ეს არის ბოლო ბრძოლა ამ ქვეყანასთან, რომელიც აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით.

- "ნაციონალურ მოძრაობას" მუდმივად ახსენებენ სისხლიან 9 წელს. ამბობთ, რომ სუფთა წარსულით მოხვედით, პარტიის წევრთა უმრავლესობა კი ძველი სახეა, რომელიც იმ 9 წელთან ასოცირდება. დისკომფორტს არ გიქმნით ამ პარტიაში ყოფნა?

- ადრე პროტესტიც მქონდა იმ შეცდომების გამო, "ნაცმოძრაობა" რომ სჩადიოდა, მაგრამ ამ პარტიამ ყველაფრისთვის პოლიტიკური საფასური გადაიხადა. 2012 წელს დასაჯა ხალხმა და უთხრა, ვეღარ პასუხობთ ჩვენს მოთხოვნებს და წადით, გვინდა ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს რეალობას უკეთესობისკენ შეცვლისო. სამწუხაროდ, ვინც დაუჯერა "ქართულ ოცნებას", რეალურად გაწბილდა. ამათ ჩაიდინეს უფრო მეტი დანაშაული და პარალელურად არაფერი შეუქმნიათ. ამიტომ ვხედავთ ერთი და იმავე რიტორიკას, ლაპარაკობენ მხოლოდ წარსულ 9 წელზე. "ოცნების" წევრებს არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ თავად გამდიდრდნენ. რეალურად დაგვაბრუნეს ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ და დაუპირისპირდნენ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს არის "ქართული ოცნების" დანატოვარი. 9 წელი ამ ძალამ იმის ძახილში დაკარგა, რამდენად ცუდი იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი.

GzaPress

- სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

- არანაირი სამხილი არ აქვთ მის წინააღმდეგ. აბა, გადახედეთ ამათ დანაშაულებს. რაფალიანცის საქმე დღემდე გამოუძიებელია. უამრავი ადამიანი მსხვერპლად შეეწირა ამ რეჟიმს... "ოცნებამ" გაითვალისწინოს, სააკაშვილი რომ არ უნდოდა ხალხს, ის გადაირჩია და წავიდა, არ იბრძოლა ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

- ახლა აპირებს დაბრუნებას...

- სააკაშვილი ისტორიული ფიგურაა, ამხელა როლი შეასრულა ქვეყნის მოდერნიზაციაში. დღეს არის დევნილი პოლიტიკური ფიგურა, ვერავინ დაუმტკიცა რომ აქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. რეალურად რომ ჰქონოდათ რამე, დიდი ხნის წინ იქნებოდა დაკავებული. ის არის პოლიტიკური დევნილი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შიში დღემდე აქვს "ოცნებას". სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მას აქვს უამრავი ღვაწლი. ბევრ ქვეყანაში დღესაც ლაპარაკობენ იმ რეფორმებზე, რომელიც სააკაშვილის გუნდმა გაატარა. ჩვენ ამ ადამიანს ვდევნით იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს ექმნება დისკომფორტი და აქვს შიში იმ ადამიანის, რომელმაც შექმნა საქართველოს ისტორია.

- წინააღმდეგი იყავით პარლამენტში შესვლის, დღეს სკანდალები საკანონმდებლო ორგანოში ხდება. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ქალმა დეპუტატმა ტრიბუნის ბლოკირება შეძლო, ახლა ეს ახალი დაპირისპირებაც მოხდა. კიდევ რას გეგმავთ?

- იმისათვის, რომ "ქართული ოცნების" დანაშაულების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ. ჩვენ შევედით პარლამენტში, ამით შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომელიც დასავლელ პარტნიორებს ჰქონდათ. თუმცა, ვერ მოვუსმენთ იმ გამოსვლებს, სადაც ზღაპრებს გვიყვებიან, თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგადაა. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში და ამის გამო არ უნდა დაგვესხას თავს ვინმე. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას და ეს მოეწონება თუ არა "ქართულ ოცნებას", მათი პრობლემაა. სხვათა შორის, მომხდარი ფაქტის გამო, მე და თინა ბოკუჩავამ უკვე შევიტანეთ საჩივარი ეთიკის კომიტეტში.

- ამ ფაქტის შემდეგ ირაკლი ზარქუა ხომ არ გინახავთ?

- იმდენი კაცობა რომ ჰქონდეთ, ბოდიში მოიხადონ, აქამდე საერთოდ არ მივიდოდა საქმე. ზარქუა უნდა ჩამოყალიბდეს, მანდატურია თუ პარლამენტის წევრი?! სრულიად მიუღებელია პარლამენტის წევრი ასეთი მეთოდებით გაუსწორდეს ოპონენტებს.

თეა ხურცილავა