დავით ევგენიძის თვალით დანახული დღევანდელობა - გზაპრესი

დავით ევგენიძის თვალით დანახული დღევანდელობა

მუსიკოსი დათო ევგენიძე იმ პროცესებზე გვესაუბრება, რომლებიც ბოლო ხანებში ქვეყანაში განვითარდა. მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში გამოსავალი სახელმწიფოს პრიორიტეტების სწორად დაგეგმვაა.

- ახლა ზოგიერთი ძალიან ბევრს ლაპარაკობს იმაზე, რომ ქართველ საზოგადოებაში ურთიერთსიძულვილია, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, ეს ჩვენი კეთილმოსურნე ძალების მიერ განზრახ შემოგდებული მგონია, რაც ისევ ჩვენ ავიტაცეთ და ტრენდული გავხადეთ. ეს ქართველებს არა, იმ ძალებს სჭირდებათ, ვისაც ხელს აძლევს ჩვენი საზოგადოება დაიყოს, დაქსაქსოს და დააპირისპიროს, რათა შემდეგ ადვილად მართოს. ეს მხოლოდ ამ და თუნდაც წინა ათწლეულის შემთხვევა არ არის. 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დროს თავისუფლება მოვიპოვეთ და შემდეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდით, ასე ხდებოდა - 90-იან წლებში, პირდაპირ ვიტყოდი, ძალადობრივი გზით მოვიცილეთ კანონიერი ხელისუფლება და ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო... კანონიერი პრეზიდენტი სრულიად მიუღებელი ფორმით განვდევნეთ ქვეყნიდან, არადა, მას მოსახლეობის 97%-მა მისცა ხმა.

- მსგავს საფრთხეს ახლაც ხედავთ?

- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ახლაც იგივე გამეორდეს. ხელისუფლების ძალადობრივი გზით მოშორების შემდეგ ქვეყანამ ჯოჯოხეთი გამოიარა, ქართველმა ქართველს ესროლა - ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?!. თუმცა, საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში სულ საფრთხეშია, მუდამ გადარჩენისთვის იბრძოდა, ხან ყველა ერთად გვიტევდა, ხან - ცალ-ცალკე, ხან კი ჩვენ გამო უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, რადგან გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის და პირიქით - ყოველთვის დერეფანი ვიყავით. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია დასაპყრობად იმდენად მნიშვნელოვანი კი არ იყო, რამდენადაც მისი, როგორც სატრანზიტო დერეფნის გამოყენება სურდათ. ამიტომაც ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებას ის მეფეები, ვინც ჭეშმარიტად ხედავდნენ საქართველოს ფუნქციის არსს; ისინი მუდმივად ლავირებდნენ და ცდილობდნენ რომელიმე სხვა ქვეყნის კი არა, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესის გატარებას. ქართველი ხალხი მთავარი საფრთხის წინაშე და ერთი ძლიერი მეფის ქვეშ ყოველთვის ერთიანდებოდა - ასე იყო ვახტანგ გორგასლის, დავითის, გიორგი ბრწყინვალეს, თამარის დროს... მათი ხელისუფლების პირობებშიც იყვნენ დაპირისპირებული მხარეები, რომლებიც ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ძლიერ მმართველს ვერაფერს აკლებდნენ. ხალხი კი ხედავდა და აღიქვამდა საფრთხეს, რომ შესაძლო იყო, ამას ქვეყნის ინტერესები შესწიროდა, როგორც დაგვემართა ეს ბოლო 30 წლის წინ, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დავკარგეთ და მგონია, ეს ტერიტორიები აღარც არავის ახსოვს. როგორ მაინტერესებს, ვინც პრაიდს მართავდა ან ვინც არბევდა, ეს ხალხი საქართველოს მოქალაქეები არიან?..

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ვერ ვიჯერებ, პრაიდის გამართვა და დაშლა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა პრობლემები, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე დგას!.. თავისუფლების ეგიდით ქვეყნის დაზიანება რამდენად გამართლებულია?.. არა მგონია, ეს იმპულსური ქმედება ყოფილიყო, უფრო ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების მიერ ინსპირირებული მგონია, - შედეგად კი ორივე მხარე უგუნურად მოიქცა. როდესაც გაფრთხილებენ, რომ ამ ღონისძიების იქ გამართვას შესაძლოა გარკვეული საფრთხეები, ვითარების გამწვავება მოჰყვეს, ხომ შეიძლება გაითვალისწინო?.. მაგრამ - არა. ვიცი, პრაიდის ორგანიზატორების დიდი ნაწილი არ იყო მომხრე, ეს ღონისძიება რუსთაველზე გამართულიყო, მაგრამ არ დაუჯერეს. შიგნითაც დაპირისპირება იყო, ვიღაცებმა იცოდნენ, რომ ეს მშვიდობიანად არ ჩაივლიდა, დედაენის ბაღი და სხვა ადგილები განიხილებოდა, მაგრამ სხვებმა არ დაუჯერეს... თავისუფლად ცხოვრების უფლება ყველას აქვს, მით უმეტეს, მართლმადიდებელ ეკლესიას როდესაც ეკუთვნი, ყველას უნდა მიუტევო, ვინმეს პირად გემოვნებას მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი ასეთი იბადება და ეს მისი არჩევანია. საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით ყველას მიმართ, ჩემ გარშემო განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს დაეჩაგრა. ერთ დიდ წრეში, ერთმანეთთან ყველას ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ისინი იყვნენ თავისთვის.

- და მაინც, მათაც აქვთ უფლებები.

- კი ბატონო, ოღონდ - მე ქალი მიყვარს და მომწონს, მაგრამ ყოველ წუთს არ გამოვდივარ და აღლუმებს არ ვმართავ, - ქალებზე ვგიჟდები-მეთქი. შესაძლოა, ვიღაცას მართლა ჰქონდეს პრობლემა, ბოლოს და ბოლოს, ოჯახშიც კი, ვიღაცას შვილი არ მოსწონდეს, რომ ასეთი ჰყავს, მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა და ყოველთვის იყო. მარტო საქართველოში არ მომხდარა მსგავსი რამ, სხვა ქვეყნებშიც დევნიდნენ მათ გარკვეული ძალები, როდესაც ისინი ხმამაღლა იწყებდნენ საუბარს. არც ევროპულ ქვეყნებში დამკვიდრებულა ეს ნორმად ერთ დღეში, იქაც მსგავსი პროცესები ახლდა, უარესი თუ არა... რაღაც ეტაპები იქაც გაიარა: ჯერ საზოგადოების მხრიდან აგრესია, შემდეგ - უგულებელყოფა და ბოლოს, ჩვეულებრივად მიიღეს და, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ყურადღებასაც აღარ აქცევენ. თუმცა, არა მგონია, ახლა ეს იყოს საქართველოს მთავარი პრობლემა და ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები უნდა შეეწიროს. პრაიდის ორგანიზატორებიც და მოძალადეებიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. არავის არ უნდა აძლევდეს ხელს ამის გამო არეულობის დაწყება და შემდეგ მისი გამწვავება. ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები უნდა იდგეს და შემდეგ სხვა დანარჩენი. როგორ შეიძლება ამას სამშობლოს კეთილდღეობა გადავაყოლოთ?!.

- 5-მა ივლისმა ბევრი სხვა რამ წარმოაჩინა, თუნდაც ის, რომ საეკლესიო პირებს შორისაც არის აზრთა სხვადასხვაობა...

- დიახ, ამბიონიდან ქადაგება, - "სცემეთ და იძალადეთ", - არ არის ეკლესიური და მართლმადიდებლური, მაგრამ ეს არ იყო ეკლესიის პოზიცია. ადამიანი, რომელსაც ანაფორა აცვია, მთელ ეკლესიაზე პასუხისმგებლობას ვერასდროს აიღებს, რადგან მღვდლებიც სცოდავენ. ასე იყო სულ. ამიტომ აქცენტების ეკლესიაზე გადატანა არასწორი მგონია. წარმოუდგენელია, პატრიარქს ვინმეზე ძალადობა სურდეს. ეს არ უნდა იყოს მიზეზი, რომ საზოგადოების ნაწილი მას თავს ესხმოდეს, ისევე როგორც ეკლესიას, რომელიც ათასწლეულებს ითვლის... რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა დასაჯოს ის მოძალადეები, ვინც ჟურნალისტებსა და იქ მყოფ სხვა ადამიანებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. უნდა გვახსოვდეს, მხოლოდ ფიზიკური კი არა, მორალური ძალადობაც ისჯება...

- როგორ ფიქრობთ, თანამედროვე თაობამ ისწავლა უფროსი თაობის შეცდომებზე, თუნდაც ქვეყნის პრიორიტეტების განსაზღვრა, განსხვავებული აზრის მიღება, ჯანსაღი კამათი?..

- სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებული რეალობის თანახმად - აქ ყველაფერს, მათ შორის განსხვავებული აზრის გამოხატვასაც, პოლიტიკური იარლიყი ეკერება. ხანდახან მედიაც კი მხარე ხდება; მედია, რომელიც მეოთხე ხელისუფლებაა, შეუძლებელია ვინმეს მხარეს იყოს. ის მხოლოდ უნდა ატარებდეს ინფორმაციას თავისი ეთერის საშუალებით და მაყურებელმა, მსმენელმა და მკითხველმა თავად განსაჯოს, რა არის კარგი და რა - ცუდი, კარნახი და ამინდის შექმნა მედიის პრიორიტეტი არ არის. სამწუხაროდ, მიუკერძოებელი მედიის დეფიციტი გვაქვს. მეტიც, როგორც პოლიტიკური სპექტრია ორად გაყოფილი, ისეა მედიაც, ანუ კომპლექსური პრობლემები გვაქვს.

თანამედროვე თაობამ, ცხადია, ბევრი რამ ისწავლა და გაიაზრა, ბევრი რამით წინ არის, მაგრამ ასევე უამრავი რამ აქვს შესამეცნებელი, თუნდაც ის, რომ ახლა ქვეყნისთვის მთავარია, დავგეგმოთ პრიორიტებები. თუ სრულიად საქართველო და ყველა პოლიტიკური პარტია გაიაზრებს, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და ამა თუ იმ არასწორი ქმედებით მხოლოდ ოპონენტს ან მისთვის მიუღებელ პერსონას კი არა, მთლიანად ქვეყანას, სახელმწიფოს აზარალებს, მაშინ გვეშველება. არ ვიცი, ასეთი წინა პირობები ჩანს თუ არა. თუ მათი პირადი ამბიცია და სურვილი ხელისუფლებაში მოსვლისა თუ დარჩენისა მეორადი გახდება და მთავარი ქვეყნის ინტერესების დაცვა იქნება, პოლიტიკაში მოსვლა და დარჩენაც სხვის ჯიბრზე, სხვის დასამარცხებლად მიღებული გადაწყვეტილება კი არა, უკეთესი სახელმწიფოს აშენებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვით იქნება განპირობებული, საზოგადოებაც უკეთესი გახდება. როდესაც ქართული სამოთხეები, აფხაზეთი და სამაჩაბლო გვაქვს დაკარგული, ჩვენ კი სისულელეებზე ვხარჯავთ ენერგიას და ერთმანეთს ვერჩით, არ მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში რაიმეს უკეთესობისკენ შევცვლით. უკვე გვყავს თაობა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში მყოფ აფხაზეთში ნამყოფიც არ არის, - ისევე, როგორც ჩვენი თაობა არ იყო ნამყოფი იმ სოჭში, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა. საბჭოთა კავშირის დროს ე.წ. სოჩაში კი დავდიოდით, ვიცოდით, რომ ეს ჩვენი მიწა იყო, მაგრამ ასეთი მძაფრი ტკივილი არ გვქონდა... ასე იქნება შემდეგი თაობის შემთხვევაშიც და ამას არ უნდა შევეგუოთ, დღე და ღამე იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომ მათ გარეშე სრულფასოვანი სახელმწიფო არ ვართ.

GzaPress

- პირადი ინტერესები ახსენეთ, სახელმწიფოს პრიორიტეტების სანაცვლოდ, რაც დიდად არასდროს გვეხერხებოდა. თითქმის ყოველთვის პირადი დაპირისპირებისთვის გადაგვიყოლებია ქვეყანა...

- დიახ, მართლაც, ამის არაერთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ 9 აპრილს საზოგადოება ერთ მთლიან ორგანიზმად გადაიქცა და ასე მოხდება, თუ იდეა იქნება ღირებული. თუ ის ძალები, ვისაც პოლიტიკური ველი აქვთ დაკავებული, მოსახლეობას დაანახვებენ, რომ მათ გზავნილებში, ჭეშმარიტად ეროვნული და სახელმწიფოებრივი გზავნილები დევს, საზოგადოებაც მეტად გააქტიურდება და იმ ჭეშმარიტი მამულიშვილური ვალის მოხდაში, რასაც ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნება ჰქვია, ახალგაზრდებიც ჩაებმებიან. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ მშვიდობიანი გზით, მეტი განათლებით, ეკონომიკური წინსვლით, დაცული უფლებებით და სხვ. ასევე, როცა იქნება საუბარი რუსეთთან თუ დასავლეთთან, პირველი მოთხოვნა უნდა იყოს, - თუ ჩემთან მეგობრობ, ქვეყნის ტერიტორიების დაბრუნებაშიც გვერდით უნდა მედგე. ეს ეხება ევროსაბჭოსაც და ნატოსაც. მე არც ევროკავშირი მინდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე და აღარც ნატო. არაფრით მინდა, აქ კვიპროსის მაგალითი განმეორდეს...

- როგორ ფიქრობთ, ქართველი საზოგადოება რამდენად ახლოს არის ევროპასთან - შეგნებით, მენტალობით, ცნობიერებით...

- ჩვენ ყოველთვის ახლოს ვიყავით ევროპასთან როგორც შეგნებით, ასევე შინაგანი მოწოდებით. დასავლეთში არც კი იცოდნენ, რა იყო პარლამენტი, თამარ მეფის დროს კარავი რომ გვქონდა. გარდა ამისა, შოთა რუსთაველი გვყავდა, სულხან-საბა ორბელიანი გვყავდა. ეს ბნელი ქვეყანა კი არ არის, რომელიც სინათლისკენ მიისწრაფვის, უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა ვართ, რომელიც უკვე ევროპა არის. თუმცა, მან ისეთი უნდა მიგვიღოს, როგორიც ვართ, - იდენტობა ჩემთვის უპირველესია. მე თუ ქართველი ვარ, ჩემი ბუნებით, მოწოდებით, მრწამსით ვარ, მე ჩემს ზნეს და ბუნებას არ შევიცვლი, ყოველთვის ქართველად დავრჩები.

- ამის შეცვლას ითხოვს ევროპა ჩვენგან?

- არა, მაგრამ თუ მოითხოვს, ეს ჩემთვის მიუღებელი იქნება. მე ჩემი კულტურით, მრწამსით და იდენტობით გავხდები ევროპის ნაწილი და არა - რამის დაკარგვის ხარჯზე. ჯერ კიდევ როდის თქვა ილიამ - "ენა, მამული, სარწმუნოება!" ეს არის სამი უმთავრესი რამ ქართველი კაცისთვის და მისი შეცვლის მოთხოვნის უფლება არავის აქვს.

ლალი პაპასკირი