"ჩემმა თაობამ უნდა დატოვოს წუთისოფელი და მერე შეიცვლება რაღაც უკეთესობისკენ..." - გზაპრესი

"ჩემმა თაობამ უნდა დატოვოს წუთისოფელი და მერე შეიცვლება რაღაც უკეთესობისკენ..."

"პოეზიის ხევისბერი" - ასე უწოდებენ მას სიყვარულით. გულისტკივილით ამბობს, რომ საზოგადოება სიყვარულს კარგავს და ზიზღით ივსება. თურმე, ზოგჯერ იმედგაცრუება მასაც წამოუვლის, მაგრამ შემდეგ ახალგაზრდა თაობისგან წამოსულ მუხტს იხსენებს, რომელსაც ისე უყურებს, როგორც სინათლეს გვირაბის ბოლოს...

ტარიელ ხარხელაური:

- ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველას ჰგონია, მხოლოდ თავად არის მართალი და მხოლოდ თავად ღაღადებს ჭეშმარიტებას. ერთმანეთის მოსმენის უნარი, ნებისყოფა და შინაგანი კულტურა რომ გვქონდეს, ასეთ დღეში არ ჩავცვივდებოდით. ჯიუტი თხებივით ვართ. ასე თუ გავაგრძელებთ, აუცილებლად გადავიჩეხებით უფსკრულში და მერე ვიღაცის ბრალეულობაზე საუბარი გვიანი იქნება. თავიდანვე ბევრ რამეში დავუშვით შეცდომა. ყველაზე მთავარი, იმაში შევცდით, რომ სიყვარული ჩვენი საკუთრება გვგონია. ამ ყველაზე ძლიერ და ლამაზ გრძნობას ერთმანეთს არ ვუგზავნით, დაახლოებით ასეა - მე მინდა მისგან მივიღო, მაგრამ მე ვერ გავცემ, ჩემგან არ მინდა გავიდეს. წლებია უკვე, ერთმანეთს სიყვარულის კი არა, სიძულვილისა და ნიშნის მოგების ენაზე ველაპარაკებით. სინანულის განცდაზე არაფერს ვამბობ. ამ გრძნობას უკვე ვეღარც განვიცდით, რადგან, როგორც ვთქვი, ყველანი მართლები ვართ. ჟურნალისტებს ადანაშაულებენ, სიძულვილის ენით საუბრობენო; შესაძლოა, რაღაც ნაწილი ასე იქცეოდეს, მაგრამ ჩვენ, სხვა მოქალაქეებიც რომ ასე ვიქცევით?.. თუ ეს არ მოგვწონს, მაშ, რატომ ველაპარაკებით ერთმანეთს ზიზღის ენით?!. უკვე ყოველდღიურობად გვექცა ასეთი ტონით საუბარი - მე შენზე უპირატესი ვარ და არა შენი თანასწორი. თუმცა, არც მედიის თემას მინდა თავი ავარიდო, ამ სფეროში რაღაც გამეგება, ის მაინც ვიცი, რომ პოზიციას, მხარეს კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ მკითხველს, მაყურებელს ისე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ არჩევანი დაუტოვოს, თავად გადაწყვიტოს, სწორი რომელია. რატომ მახვევ შენს აზრს თავზე, სხვის დარღვეულ უფლებებზე როგორ საუბრობ, როცა ჩემსას ზღუდავ?.. ეს მხოლოდ ჟურნალისტებს არ ეხებათ, ყველას გვჭირს, ყველაფერში იგრძნობა. ასეთი მორალი მკვიდრდება - მე მისმინე, მე ვარ მართალი! - და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ამას რამდენად ხმაურიანად, აგრესიულად გააკეთებენ. სულ მიკვირს, შედეგზე რატომ არ ფიქრობენ, თავადაც ხომ აქ ცხოვრობენ და შემდგომაც უნდა იცხოვრონ... ასეთ მიკერძოებულ მედიაზე ვწუხვარ, თორემ ჟურნალისტს თუ გავახსენდები, აზრს თუ მკითხავს და საზოგადოებასთან სასაუბროდ ტრიბუნას დამითმობს, მაგას რა სჯობია.

- რატომ გვჭირს ეს?.. თუ ყოველთვის ასე იყო და არ ჩანდა?

- ყოველთვის გვჭირდა, მაგრამ ახლა - განსაკუთრებით... იმიტომ, რომ ინტელექტი არ გვყოფნის. როდესაც ადამიანს კამათისას არგუმენტები არა აქვს, განათლება, ნაკითხობა არ ჰყოფნის, ინტელექტი არ მოსდევს, პოლიტიკურ განათლებაზე საუბარიც კი ზედმეტი მეჩვენება. ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა, ერთმანეთთან საუბარი არ შეგვიძლია და ეს რომ ასეა, არაერთხელ დავამტკიცეთ. ევროპელი დიპლომატის გარეშე, გაჯიქებული პოლიტიკოსები ერთმანეთის პირისპირ სასაუბროდ არ დასხდნენ. ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ასეთი გაუცხოება იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან მძიმე დღეში ვართ. ამ პატარა საქართველოში რამდენი პარტიაც არის, იმდენი პოლიტიკური პოზიციაა. პოლიტიკამ ყველაფრის პროვოცირება გამოიწვია, ხალხში დაგროვილი თუ არსებული აგრესიის გამოსავლენად ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა. პოლიტიკური კულტურის დაკარგვის კვალდაკვალ დავკარგეთ ბევრი რამ, ყველაზე მთავარი - თანაგრძნობის უნარი... გენიალურ ვაჟას კარგად აქვს ნათქვამი - "განუვითარებელი, გაუზრდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული, თვალახილებული ხალხია". ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ განათლება გვაკლია. იმ სიმაღლეზე არ ავსულვართ, როგორიც ქართულ სულსა და გულს ეკადრება. ზედაპირულ განათლებას შევეგუეთ, სადღაც ყურმოკრულს, ვიღაცის ნათქვამს ვიმეორებთ და გვგონია, რომ განათლება მივიღეთ. ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ ამას - ქართველი საზოგადოება შინაგანი ინტელექტისა და კულტურისგან იცლება.

- რაც გუშინ და დღეს არ დაწყებულა, არა?

- არა, დიდი ხანია ასეა. საბჭოთა კავშირის დროიდან მოდის. ამ ჯადოსნური ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოვედით... როდესაც შესაბამისი განათლება არ გაქვს, სხვისი, სხვა ქვეყნის სამართავი ხდები. ჩემი ქვეყნის როგორი გულშემატკივარიც უნდა იყოს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ შეიძლება ჭკუას მარიგებდეს, რა ჯობია ჩემთვის?.. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს შეურაცხყოფა იყო, მაგრამ მერე დავუკვირდი და მივხვდი, - მართლები არიან ის ადამიანები, სწორ რჩევას გვაძლევენ. დიპლომატიურად გვეუბნებიან, - რა კარგი ქვეყანა გაქვთ, რა კარგი ხალხი გყავთ, უკეთეს მომავალს იმსახურებთ, იქნებ შეწყვიტოთ ერთმანეთის ცემა-ტყეპა და მათზე იფიქროთო, - და შემრცხვა... შემრცხვა, იმიტომ, რომ მართლაც ვიმსახურებთ უკეთეს მომავალს, განათლებულ თაობას, მოწესრიგებულ და დალაგებულ ქვეყანას, მაგრამ ვერ შევქმენით. მეტიც, როდესაც გვეუბნება, ასე ჯობია თქვენთვისო, არც იმას ვასრულებთ. იმ წყევლისა არ იყოს - არც შენ გცოდნოდეს და არც სხვისთვის დაგეჯერებინოსო. არადა, როგორ შეიძლება რუსთაველის, ილიას, ვაჟას ქვეყანაში წლები ვერ მიგვეღწიოს იმისთვის, რომ სხვისი რჩევა-დარიგების გარეშე რაიმეს ვაკეთებდეთ, მუდმივად სხვისი ხელის შემყურე ვიყოთ?!. მოტივაციაც კი დავკარგეთ, რომ თავად ვიპოვოთ უკეთესი გზა და მას დავადგეთ. არადა, რამდენი რამ გვაქვს თავის მოსაწონი, ისეთი, რომ სამყარომ ჩვენგან ისწავლოს.

GzaPress

- ყველაზე მთავარი ვერ შევძელით - ვერ შევქმენით ისეთი სახელმწიფო, რომელიც თავისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული, კანონის უზენაესობა ეჭვქვეშ არ იქნება, ადამიანები საშოვარზე სხვაგან არ გადაიხვეწებიან...

- დიახ, იმიტომ, რომ ჯერ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა - იმისთვის კი არ ვირჩევთ, რომ საკუთარ თავს ემსახუროს, არამედ ხალხზე უნდა ზრუნავდეს. ჩვენშიც არის პრობლემა: ამა თუ იმ გუნდს ხშირად იმიტომაც ვირჩევთ, რომ ქვეყნის სათავეში სხვა, უფრო არასასურველი პოლიტიკური ძალა არ მოვიდეს... ვიდრე ქვეყნისთვის გამოსადგომ ძალას არ ავირჩევთ, ქვეყანა და საზოგადოებაც ორპოლუსიანი იქნება.

ამავე დროს, მოწუწუნე ერად ვიქეცით. ვირჩევთ ხელისუფლებებს და მივიჩნევთ, რომ ჩვენი გასაკეთებელი საქმეც მან უნდა გააკეთოს, მიწა დამიბაროს, მომითიბოს, სახლში მომიტანოს და მე მხოლოდ ვჭამო. თითქოს არ ვიცით, რომ უფლებაზე მეტი მოვალეობა გვაქვს ქვეყნის წინაშე. ასეთი ყოფით ქვეყანას ვერასდროს ავაშენებთ. ჩვენშია პრობლემა, ჩემშია პრობლემა. ილია გვეუბნება, ჩვენი უბედურების მიზეზს მუდამ სხვაში ვეძებთო, ასეცაა. საკუთარ თავზე არასდროს ვიტყვით აუგს, სხვაზე - იცოცხლე!.. არ ვფიქრობთ სამშობლოზე, არ ვამბობთ, დღეს ვერაფერი გავუკეთე ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს და იქნებ ხვალ ვცადოო... როგორ შეიძლება ერთმანეთის დანახვა არ გვინდოდეს და ამასობაში ქვეყნის პერსპექტივაზე ვლაპარაკობდეთ?! ადრე ილიას "ბედნიერ ერს" რომ ვკითხულობდი, გულისგულში მწყინდა, ვფიქრობდი, განა შეიძლება ასე დაინახო და ასეთნაირად დახატო შენი ერი-მეთქი, მაგრამ დააკვირდით, განა კი ასე არ არის?!

დღევანდელ სამყაროში ხალხის გულს სიყვარული აკლია, ხოლო გონება ფიქრისგან არის დაცლილი. თუ ღამე შენთვის მარტო იმისთვის არსებობს, რომ დაიძინო და არ იფიქრო ხვალინდელ დღეზე, ოჯახზე, ქვეყანაზე, რა აზრი აქვს ამქვეყნად ყოფნას?.. რაც უნდა შექმნას სახელმწიფომ, თუ ასეთი მიდგომით ვიქნებით, ყოველთვის იქნება ჩვენში უმუშევრობის პრობლემა, მთაში კვლავ არავინ დაბრუნდება, არც სიყვარული იქნება ჩვენ შორის და არც ფიქრი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის...

ეს ყველაფერი ძალიან მტკივა. აქ ვარ, თითქოს შორს იმ დუღილისგან, რაც ცენტრში ხდება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, სად ვარ, ჩემთვის მხარე არ არსებობს - ჩემთვის საქართველო მკითხველია. იმაზე მეტ სიყვარულს ვიღებ, ვიდრე მეკუთვნის და თავს როგორ მივცე უფლება, მშვიდად ვუყურო პროცესებს?! თუმცა, გული მისკდება, რომ ამის შესაცვლელად ვერაფერს ვაკეთებ, მხოლოდ ცქერა და ლაპარაკი შემიძლია, იმ იმედით, რომ ვინმეს ჩემი გულისტკივილით დავანახვებ იმას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. გაოგნებული ვარ - სად დავუშვით შეცდომა, სად ავცდით ერთმანეთს ასე ძალიან, როგორ ავუქციეთ გვერდი ისე, რომ ერთმანეთის ტკივილი ვერ დავინახეთ? ასე მგონია, საკმარისია, ერთმანეთი დავინახოთ და ისევ მშობლიური გავხდებით ერთმანეთისთვის, აღარ დაგვჭირდება ვიღაცის რჩევა-დარიგება, რომ გვერდიგვერდ ვიაროთ.

- ამის იმედი ჩანს?

- ადამიანს შეუძლია უეცრად, ერთ დღეში თავზე ხელი აიღოს და უსინდისოდ უარი თქვას ყველაფერზე, მაგრამ, როგორც უნდა გაუჭირდეს, სამშობლოსა და უფალს არ უნდა უღალატოს. ჩვენ კი ორივესთან ვცოდავთ, ღმერთთანაც და სამშობლოსთანაც. ვაჟას ნათქვამი კი მოგვწონს - ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, მძინარეც ამას ვდუდუნებო, - მაგრამ ამისთვის გარჯა არ გვინდა... საკუთარი თავისთვის ყველა ილოცებს, სამშობლოსა და ხალხისთვის, შენ გარშემო მყოფებისთვის ლოცვა არის გმირობა და ვაჟკაცობა. მარტო მე თუ გადავრჩი, რა თავში ვიხლი ამ სიცოცხლეს?!. მაინც არ მინდა ცუდზე ვიფიქრო და ვიმედოვნებ, რომ ის ბიბლიური ორმოცი წელი გასავლელი გვაქვს. ცუდი ნათქვამია, მაგრამ ჩემმა თაობამ უნდა დატოვოს წუთისოფელი და მერე შეიცვლება რაღაც უკეთესებისკენ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მე ჩემი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილებისთვის გარკვეულწილად, ბარიერი ვარ, რადგან ჩემი მენტალობა, ცხოვრების წესი ვერ შეიცვალა. როგორც ნახევარი საუკუნის წინ ვფიქრობდი, ისე ვფიქრობ დღესაც, არადა, დღეს სხვა რეალობაა. ზოგადად, თაობაზე ვამბობ, მხოლოდ ჩემზე კი არა. როდესაც არ გინდა, რომ შენი მომავალი თაობა შენზე უკეთესი იყოს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის სიკეთე არ გინდა. ეს უნებურად გამოგვდის ასე, თორემ სინამდვილეში მინდა, რომ ჩემი შვილი ჩემზე უკეთესი იყოს, მაგრამ ასე მგონია, ჩემი გზაა სწორი და მართალი და ამას ვახვევ ჩემს შვილიშვილებსაც. ეს ხელის შეშლაა, აბა, რა არის? ბევრ სხვა რამესთან ერთად, ეს უნებლიე დანაშაულიც მიგვიძღვის მომავალი თაობის წინაშე.

თუმცა მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილიშვილების თაობა - გვირაბის ბოლოს სინათლეა. ხშირად ვხვდები ამ თაობას და ყოველი შეხვედრის შემდეგ ბედნიერი მოვდივარ შინ, რადგან ვგრძნობ, რომ მათ ეროვნული ღირებულებები ლამის ქვეცნობიერში უდევთ. როდესაც მათთან ვარ, ასე მგონია, გვირაბის ბოლოს სინათლეს ველაპარაკები. ასე რომ, სიკეთესა და სინათლეს მაინც ჩემი შვილებისა და შვილიშვილების თაობაში ვხედავ და ჩემი წუთისოფელი ამ სინათლის მოლოდინშია.

ლალი პაპასკირი