რუსუდან კერვალიშვილი: "მაიას გამოსვლამდე ჩათვალეთ, რომ ნახევარი ადამიანი ვარ!" - გზაპრესი

რუსუდან კერვალიშვილი: "მაიას გამოსვლამდე ჩათვალეთ, რომ ნახევარი ადამიანი ვარ!"

"მაიას გამოსვლამდე ჩათვალეთ, რომ ნახევარი ადამიანი ვარ! ჩვენი ასე დაცილება ჩემთვის ბევრად მტკივნეულია, ვიდრე იქ ერთად ყოფნა იყო! მიუხედავად ამისა, ვაგრძელებ ცხოვრებას... მე ვჭირდები მაიას, მის საქმეს და თავი არ უნდა დავკარგო! დღევანდელ ჩემს ჩაცმულობაში არაფერია გადაპრანჭული და გადამეტებული. მინიმალიზმით ვცდილობ ფორმაში ვიყო", - ამბობს რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც დიდი თხოვნის შემდეგ ინტერვიუზე დავითანხმეთ...

- ყველაზე მნიშვნელოვანი ის გარემოა, სადაც ადამიანი იზრდება... ალბათ ამიტომაც არის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა და კუთხე თავის სტილით ერთმანეთისგან განსხვავდება...

დედა ინგლისურის სპეციალისტი, ლექტორი იყო. მეხსიერებაში ჩამრჩა მისი დარიგება, ჯობია ორი ხელი ტანსაცმელი გქონდეს, მაგრამ იყოს მაღალი გემოვნებით შერჩეული და ინგლისური, სპორტული სტილისო... დედა მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონი იყო უნივერსიტეტში...

როგორ პერიოდში იზრდება ადამიანი, ესეც ბევრი რამის განმსაზღვრელია! მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში გავიზარდე და მაშინ მრავალფეროვნება შეუძლებელი იყო. ძალიან მწირი არჩევანი გვქონდა. ძირითადად სკოლის ფორმის ტარება გვიწევდა, რომლის გალამაზებასაც დეტალებით ვცდილობდით. ვთქვათ, ლამაზი და განსხვავებული წინდების ჩაცმას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თავზე განსხვავებული ბაფთის შერჩევა ურთულესი გახლდათ, რადგან აუცილებლად თეთრი ნეილონისგან უნდა ყოფილიყო შეკერილი. დამთრგუნველად მოქმედებს, როდესაც რაღაც სავალდებულო ხდება!

- როდის აღმოჩნდით პირველად საზღვარგარეთ?

- პირველად საზღვარგარეთ ფინეთში, 1980 წელს მოვხვდი. ჩემზე მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა ამ ქვეყანამ, რადგან გამთენიისას იწყებდნენ ქუჩების მოვლას, ირგვლივ საოცარი სისუფთავე და სილამაზე იყო. ფერად სამოსში გამოწყობილმა ადამიანებმა მომხიბლეს, მაშინ ჩვენთან ხომ ჯერ კიდევ საბჭოთა ჩაკეტილი სივრცე გახლდათ... სულ 30 დოლარი მქონდა, ამ ფულით ახლობლებისთვის საჩუქრები უნდა ამერჩია. თქვენ წარმოიდგინეთ, შევძელი და ამ თანხით ოჯახის წევრებს, მეზობლებს და მეგობრებს სიმბოლური საჩუქრები წამოვუღე. იქაური სუვენირიც კი ჩვენთვის ძალიან უცხო იყო, რადგან მაშინ პირველად ვნახე თუნდაც ფერადი ფლომასტერები... ასევე პირველად ვნახე ყვითელი, ხასხასა მზისფერი ზეწრები. გაოგნებული დავრჩი, როგორ შეიძლებოდა ზეწარი ყვითელი ყოფილიყო. ვინ იცის, რამდენი რამ ვნახე იქ პირველად, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს (იღიმის)...

- მოგზაურობა გიყვართ, არა?

- ძალიან... განსხვავებული ცივილიზაცია ჩემთვის საინტერესოა და ამ მხრივ, პირველ რიგში, იაპონიას დავასახელებ. ქვეყანაში ხომ ამხელა მიღწევებია და თან სიძველე თანამედროვეობასთან საოცრად შერწყმულია. ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა წარსულის პატივისცემა! იქ იგრძნობა შრომისმოყვარეობა, სოლიდარობა, მიზანსწრაფულობა და ჰუმანურობა... განსაცვიფრებელი ერია!

- როგორ ფიქრობთ, ქართველები გემოვნებიანები ვართ?

- გემოვნებით შექმნილი სამოსის მხრივ ქართველებს რომ საოცარი ტრადიციები მოგვდევს, ამას ადასტურებს ჩვენი ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია... მოგეხსენებათ, ქართველი ქალები კოკო შანელის მოდელები იყვნენ...

- თავად ჩაცმულობის როგორი სტილი მოგწონთ?

- ვფიქრობ, სადაც ხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო! ყველა სიტუაციაში ისე უნდა იყო შემოსილი, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდე... რასაკვირველია, სპორტული სტილი ყველაზე კომფორტულია, მაგრამ არის ადგილები, სადაც ისე გიხდება ჩაცმა, როგორც გარემოებას შეეფერება! თეატრში, წვეულებაზე კლასიკურად შემოსილი უნდა წახვიდე, მაგრამ არ არის სავალდებულო, ძალიან ძვირად ღირებული სამოსი გეცვას! ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნატურალურ ქსოვილს, მიყვარს ნათელი, ნაზი ფერები... განწყობა შემოაქვს ფერებს.

- საიდუმლოს არ წარმოადგენს, როგორი მატერიალური კეთილდღეობა გქონდათ... ხშირად ყიდულობდით ძვირად ღირებულ სამოსს?

- საშუალება თუ მქონდა გამორჩეული სამოსი შემეძინა, ასეთ დროს ხარისხს ვანიჭებდი უპირატესობას და არა ფასს. თქვენ წარმოიდგინეთ, 15 წელია მაქვს ისეთი სამოსი, რომელიც ახალივითაა და თან, ისევ მოდურია! როდესაც ახლობელს ტანსაცმელს ვჩუქნი, ყოველთვის შეულახავია და ცინცხალივით გამოიყურება. ტანსაცმლის კარგად მოვლა და შენახვა შემიძლია. თუ წონა არ მეცვლება, ძალიან დიდხანს შემიძლია კონკრეტული სამოსის ტარება.

- წონა ახსენეთ და ოდესმე ამ მხრივ პრობლემა თუ გქონიათ?

- მუდამ ერთი წონა მაქვს, 55 კილოგრამს ვიწონი, მაგრამ მისი შენარჩუნება თავისთავად არ ხდება. ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში ჩემი ცხოვრების წესია. არ ვიცავ დიეტას, რადგან ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. სწორი კვება ყველაზე კარგი საშუალებაა წონის შესანარჩუნებლად. საბედნიეროდ, საქართველო ნატურალური პროდუქტებით ძალიან მდიდარია და ასეთ გარემოში მავნე პროდუქტებით არ უნდა ვიკვებოთ!

- თქვენი ოჯახის ქალბატონები: თქვენ, ქალბატონი მაია, თქვენი შვილი - ნინო დარასელი განსაკუთრებული გემოვნებით გამოირჩევით, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულები ხართ...

- აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით! ნინო თავისი ბუნებით შემოქმედია და საკუთარ სამოსს თვითონ ქმნის... ერთი და იგივე სამოსი შეუძლია ათასნაირად გადააკეთოს. მე უფრო მეტად იმას ვცდილობ, სიტუაციის შესაფერისად შევიმოსო. რაც შეეხება მაიას, მას შერეული სტილი აქვს ცხოვრების წესიდან გამომდინარე.

- თქვენთვის ყველაზე რთულ პერიოდშიც არ დაგიკარგავთ ფორმაში ყოფნის სურვილი...

- დიახ, მაგრამ ჩემი ჩაცმულობა იქ მაქსიმალურად სადა იყო! მთავარია, რომ საკუთარი თავისთვის არ მიმიცია უფლება, მოუწესრიგებელი ვყოფილიყავი. სხვანაირად არ შემეძლო, ამას ვერ გადავიტანდი! ოთხი წელი ქუსლიანი ფეხსაცმელი თვალით არ მინახავს და არც მჭირდებოდა. ახლა ისევ მიჩვევა ძალიან გამიჭირდა... ადამიანებს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ მოვდუნდეთ, თორემ ეგ ყველაზე ადვილია! "მოშვება" ცუდად მოქმედებს ფსიქიკასა და გარშემო მყოფებზეც!

- დღეს ქართველი ქალბატონების უმეტესობას ურთულეს პირობებში უწევს ყოფნა... ყველაფრის მიუხედავად, შესაძლებელი თუ არის ქალბატონმა ფორმაში ყოფნა მოახერხოს?

- ქართველი ქალები გმირები არიან და ვნახეთ, ძნელბედობის ჟამს როგორ შეძლეს გადაერჩინათ ქვეყანა, თავიანთი ოჯახები... რამდენი წელიწადია ჩვენი ქვეყანა ამ ქალბატონების თავგანწირული შრომის შედეგად არსებობს! ამიტომაც, ქართველი ქალი შეძლებს ყველაფერს! მათ თავიანთ თავზეც აუცილებლად უნდა იფიქრონ, რადგან ისინი სჭირდება ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას! როდესაც ყველაზე ზრუნავენ და თავს წირავენ, სულ ცოტა დრო საკუთარ თავებსაც უნდა დაუთმონ, სხვაგვარად არ შეიძლება!

- პრაქტიკული რჩევებიც ხომ არ გაქვთ, თუნდაც სახის კანის მოვლა, ყოველდღიური რუტინა?

- სახის კანისთვის საუკეთესო რეცეპტი კარგად დატენიანება და ცივი წყლის ხშირად შესხმაა სახეზე... როგორც ექიმი, ვიტყოდი, რომ დღეში ორი ლიტრი წყლის მიღება "ოქროს წესი" მხოლოდ სახის კანისთვის კი არა, ჯანმრთელობისთვისაა საუკეთესო! უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ ლიტრ-ნახევარი და შემდეგ - ნახევარი ლიტრი წყალი... თუ დავკვირვებივართ მონაზვნებს, ისინი არანაირ კოსმეტიკურ საცხს არ იყენებენ და მათი სახის კანი მუდმივად გაწკრიალებულია. ეს არის მათი ცხოვრების წესი, კვება და მირონი...

თავს უფლებას ვერ მივცემ და რეკომენდაციებს ვერ გავუწევ იმ ქალბატონებს, რომლებსაც უმძიმესი სამუშაოს შესრულება უწევთ. ბუნებრივია, იმას ჭამენ, რასაც მოიხელთებენ და არ აქვთ ფუფუნება სწორად იკვებონ.

GzaPress

- ინიექციების, პლასტიკური ქირურგიის მომხრე ხართ?

- ბუნებრიობა კარგია, მაგრამ ადამიანს თუ აქვს მცირე ჩარევების სურვილი და შესაძლებლობა, ამაში ცუდი არაფერია... ადამიანს თუ რამე აბედნიერებს, რატომ არ უნდა გააკეთოს?! ოღონდაც აუცილებელია სანდო კლინიკა და ექიმი შეირჩეს! ყოველგვარი ინიექცია რისკის მატარებელია, თუ პროცედურა არ არის მაღალ დონეზე შესრულებული!

- ცნობილი ქართველი ქალბატონებიდან ვინ არის თქვენთვის მისაბაძად გემოვნებიანი?

- ჩემთვის გამორჩეულად გემოვნებიანი გახლავთ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე! თავის ვიზუალს, სამოსსა და ყველაფერს იმდენად ყოველგვარი გადამეტების გარეშე წარადგენს, მისი ყოველი გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევს!.. სხვებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან ბევრნი არიან...

- ქუჩის სტილზე რას იტყოდით?

- რა ვქნა, ძალიან მომწონს! განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ისე აცვია, სიხარულს იწვევს მათი დანახვა... ლამაზები, თავისუფლები, ლაღები არიან! ბნელი ოთხმოცდაათიანების შემდეგ, ეს დიდი გამონათებაა... ჩემს თვალში ოთხმოცდაათიანი წლები ასე ჩარჩა: სამხედრო ფორმა, ავტომატები, პანაშვიდებზე ძაძებით მოსილი ქალბატონები... აფხაზეთში დატრიალებული კოშმარის შემდეგ ხომ უმძიმესი წლები გვქონდა და შესაბამისად, ყველაფერი ხალხის ჩაცმულობაზე აისახა.

ორიათასიანი წლებიდან ეს სიტუაცია გაფერადდა, მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვების წლები იყო. შემდეგ ეკონომიკური ზრდა დაიწყო და ეს ხალხზეც სასიკეთოდ აისახა.

ქართული გემოვნება უნიკალური ფენომენია! საქართველოში გვყავდა და გვყავს იმდენად მაღალი დონის თეატრალური მხატვრები, როგორებიც სხვაგან იშვიათად არიან... პეტრე ოცხელის, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედება, მათი გემოვნება კმარა ნათელი სურათის შესაქმნელად!

- დასასვენებლად მთას ამჯობინებთ თუ ზღვას?

- რაჭველი გახლავართ და ჩემთვის მთის, დათოვლილი კავკასიონის დანახვა სიცოცხლეა! ღვთის მადლია და საოცრად მიყვარს მთა! რასაკვირველია, ზღვაც მიყვარს. საქართველო ისეთი მრავალფეროვანია, არჩევნის საშუალება გვაქვს ან ისეთ ადგილას შეგიძლია დაისვენო, სადაც მთაც არის და ზღვაც, მაგალითად გაგრაში! მოგზაურობა მიყვარს და შთაბეჭდილებები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ დასასვენებლად საქართველოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება!

მანანა გაბრიჭიძე