"მის გარეშე უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებ სიცოცხლეს" - გზაპრესი

"მის გარეშე უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებ სიცოცხლეს"

მამუკა ხატიაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი შვილი, ხატია გვიყვება, რომ ცოტა ხნით ადრე, ვიდრე მამამისს დიაგნოზს დაუსვამდნენ, მას დასჭირდა ძვირად ღირებული ოპერაციის გაკეთება, ამიტომ ოჯახს ფინანსური რესურსები აღარ აქვს და წუხს, რომ იძულებული გახდა, საზოგადოებას მიმართოს თხოვნით...

- ძალიან ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანს მოულოდნელად მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა - პანკრეასის ავთვისებიანი სიმსივნე, ადენოკარცინომა, მე-3 სტადია. მამას დიაგნოზი დაისვა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ჩემი ოპერაციიდან - მეც ასევე მოულოდნელად აღმომაჩნდა თავის ტვინის საძილე არტერიაზე ანევრიზმა და საკმაოდ სერიოზული ოპერაციის გაკეთება მომიხდა თურქეთში, რაც ცხადია, დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამ ყველაფრის ფონზე ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით არა მარტო ფინანსურად, არამედ მორალურადაც.

- მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენად მძიმეა?

- იმდენად მძიმეა, რომ მოგვიწია თურქეთში გამგზავრებამ. სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელი გახდა ბიოფსიისა და სხვა რიგი კვლევების ჩატარება. თურქეთში ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა, განისაზღვრა ზუსტი მკურნალობის კურსი. საჭიროა ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის ჩატარება, შემდგომ ოპერაცია, ოპერაციის მერე ისევ რადიოთერაპია და ქიმია... მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მამას შემთხვევაში სიმსივნე მჭიდროდ არის შემოხვეული მაგისტრალურ სისხლძარღვებზე... ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი ამოვწურეთ და იძულებული ვართ, საზოგადოებას ვთხოვოთ დახმარება...

- იქნებ მამაზე მიამბოთ...

- მამა? ის არის დედამიწაზე ყველაზე კეთილშობილი ადამიანი, საუკეთესო მამა და ქმარი. გუწრფელად ვამბობ, მისნაირები დღეს იშვიათია. მთელი ცხოვრება სხვებს ეხმარებოდა, ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული როგორც ახლობლებისთვის, ისე სრულიად უცხოებისთვის და იმედი მაქვს, უფალი არ გაგვწირავს. ახლა თავად სჭირდება დახმარება...

წლების მანძილზე საზღვარგარეთ ცხოვრობდა. ამ პერიოდში, თუკი გაიგებდა, ვინმე ქართველი ჩავიდა და რამე უჭირდა, აკითხავდა, ყველა სახლში მიჰყავდა და ეხმარებოდა.

ვინც იცნობს, ყველას განსაკუთრებულად უყვარს, ასე მგონია. მას რომ რამე დაემართოს, მის გარეშე უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებ სიცოცხლეს. იმედი მაქვს ხალხის გულისხმიერების. წინასწარ, თითოეულს ვუხდი მადლობას!

P.S. თუ ოჯახის დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE90TB7445545061600012 ("თიბისი" ბანკი) ან GE92BG0000000366021379 ("საქართველოს ბანკი"). მიმღები ხატია ხატიაშვილი.

paypal : khatiashvili.khat@gmail.com

ლიკა ქაჯაია