რა პრობლემები აქვთ "თეთრი ხელჯოხის" მფლობელებს - გზაპრესი

რა პრობლემები აქვთ "თეთრი ხელჯოხის" მფლობელებს

"საქართველოს უსინათლოთა კავშირი" უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც მხედველობის პრობლემა აქვთ. 3 სექტემბერს უსინათლოთა კავშირის არჩევნები უნდა გაიმართოს, რაც მათ ყოფაში ბევრ რამეს შეცვლის.

როგორ ცხოვრობენ უსინათლოები დღევანდელ საქართველოში და როგორ ხვდებიან 3 სექტემბერს? - ამის თაობაზე "უსინათლოთა კავშირის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ნანა ბრეგვაძეს ვესაუბრეთ:

- "საქართველოს უსინათლოთა კავშირში" მუშაობა 2012 წლიდან დავიწყე და რამდენიმე წელიწადს დავრჩი: ვიყავი სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოციალური სამსახურის უფროსი, მანამდე კი ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობდი. ამ წლებმა ბევრი რამ მასწავლა და უფრო მეტად დამანახვა მათი ყოფა, მათი პრობლემები. მართალია, მხედველობის პრობლემა მეც მაქვს, მაგრამ ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ჩემს სულში ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, უსინათლოთა თემს ბოლომდე ვემსახურო. მეცადინეობებზე რომ შემოდიოდნენ, ხუმრობდნენ, - აბა, წავედით ოქსფორდშიო. მათთან ურთიერთობაში დიდ ენერგიასა და ენთუზიაზმს ვდებდი: თითოეულს ინდივიდუალურ გაკვეთილებს ვუმზადებდი, ბუნებაში გავდიოდით, ყველა გავიცანი... ამ გამოცდილებას ძალიან ვაფასებ.

- ესე იგი, უსინათლოთა თემის პრობლემები ზედმიწევნით კარგად იცით?

- დიახ, ასეა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ჩვენთვის პანდემიის პერიოდი: ეს ჩაკეტილობა პირდაპირი დარტყმაა უსინათლოს ფსიქიკაზე, მის განწყობაზე. ჩაკეტილობა დეპრესიისა და იმედგაცრუების პირდაპირი წყაროა, უსინათლოები კი სულ სხვაგვარად განიცდიან ყველაფერს! ამას ისიც დაერთო, რომ ცხოვრება გაძვირდა, ასლარიანი დანამატი გვქონდა, მაგრამ შეგვიწყვიტეს. ყველაფერს გავაკეთებ, მომავალში ეს დანამატი რომ აღდგეს და უსინათლოთა სოციალური პაკეტიც გაიზარდოს.

GzaPress

- ეს ადამიანები რეგიონებში ალბათ უფრო დაუცველები არიან, არა?

- გეთანხმებით, თბილისში მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, რეგიონებში უფრო რთული მდგომარეობაა. საქართველოს ყველა რეგიონი მოვიარე მეუღლესთან - მიხეილ პაპუნაშვილთან ერთად და ამაში დავრწმუნდი. მყავს საოცრად კეთილი და მხარში მდგომი მეუღლე, რომელსაც ძალიან უყვარს ყველა, ვინც მე მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა, მაგრამ ყველას ასე ხომ არ უმართლებს? რეგიონებში მცხოვრები უსინათლოები მხოლოდ "უსინათლოთა კავშირის" ფილიალებში არიან დასაქმებული. არადა, კანონმდებლობა რომ ხელს უწყობდეს და შესაბამისი პირობები ჰქონდეთ, უსინათლო ადამიანი თავისუფლად შეძლებს მუშაობას. თანაც, ისინი სამსახურში მთელ სულსა და გულს დებენ. ამას ჩვეულებრივი, მხედველი ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს. დღეს უსინათლო ადამიანები მებრძოლ ჯარისკაცებს ჰგვანან, რადგან გადარჩენისა და დამკვიდრებისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ. რეგიონებში ბევრი ჩივის, რომ მოკლებულია დასვენების და გართობის ელემენტარულ საშუალებას. სულ სახლში არიან გამოკეტილი და საზოგადოებას მათი არ ესმის. ახალგაზრდები დასაქმებას ვერ ახერხებენ და სწავლის ინტერესიც აღარ აქვთ.

- რა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ადამიანებს ცხოვრების სტიმული ჰქონდეთ?

- პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა შეგვიწყოს ხელი: განსაკუთრებით საჭიროა კვოტირებული დასაქმების სისტემის შემოღება უსინათლო ადამიანებისთვის. ადრე "უსინათლოთა კავშირს" სპეციალური საწარმოები ჰქონდა, სადაც ხელნაკეთი ნივთები იქმნებოდა, რომელთა რეალიზაციით უსინათლოებს გარკვეული შემოსავალი ჰქონდათ. დღეს შშმ პირს ერთ კარს რომ ჩაუკეტავენ, მეორე თუ არ გააღო, ძალიან იჩაგრება. შშმ პირების დასაქმება კი არა, ჩვეულებრივი, ჯანსაღი ადამიანების დასაქმებაც ჭირს. ჩვენთან ტრანსპორტიც არაა ისე მოწყობილი, რომ უსინათლომ ნორმალურად იაროს და არავის გვაქვს გარანტია, რომ მანქანა არ დაგვეჯახება. ევროპის ქვეყნებში რომ ვყოფილვარ, იქ ავტომობილი იმდენ ხანს გელოდება, სანამ არ გადაისეირნებ, სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს. რეგიონებში გამართული შეხვედრების დროს, უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს ყველა ამ საკითხზე ვესაუბრე. არ მავიწყდება ერთი ქალბატონი, რომელმაც მითხრა: იცით, დღეს ყურადღებით გისმენდით და მე თქვენ დაგინახეთო... ალბათ ეს შეხვედრები მარტო ამ სიტყვების მოსასმენად ღირდა!

- მიუხედავად ყველაფრისა, უსინათლო ადამიანები ნიჭით და შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან, წარმატებებსაც აღწევენ.

- ძალიან ბევრი ინტელექტუალი გვყავს: მეცნიერები, მხატვრები, მუსიკოსები, რის გამოც ვამაყობ. შემიძლია დაგისახელოთ თეოლოგიის დოქტორი ლაშა ცაიშვილი, უნიჭიერესი მომღერალი ნატალი ვეფხვაძე; დავით ყვირილიანი, რომელიც პირველი უსინათლო მთამსვლელია; ნიკა თვაური, რომელიც წარმატებული მოცურავეა; იტალიაში მოღვაწეობს ირაკლი ნუცუბიძე - წარმატებული ოპერის მომღერალი, რომელსაც ჩვენთან ერთად არაერთი კონცერტი გაუმართავს... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ უსინათლო ადამიანები პარაპლანით ხტებიან, მთებს ლაშქრავენ, ცურავენ და ექსტრემალური სპორტით არიან დაკავებული. როცა ადამიანი მიზანს დაისახავს, მთაზეც ავა და სიმაღლიდანაც გადმოხტება, სრულყოფილი მხედველობა რომ არ ჰქონდეს. მიზნის დასახვა და საუკეთესო შედეგისთვის ბრძოლა - ეს მათი გამარჯვების მთავარი წყაროა... უსინათლო შეიძლება ქუჩაშიც იდგეს და მოწყალებას ითხოვდეს, მაგრამ ამ მდგომარეობაში ჩვეულებრივი ადამიანებიც ხომ არიან! ამიტომ, მოდი, დავასაქმოთ და იქნებ უსინათლომ თავის საქმეში ბევრ სხვასაც აჯობოს.

GzaPress

- ალბათ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრ უსინათლო წყვილს კარგი ოჯახი აქვს...

- ისეთ უსინათლო წყვილებს ვიცნობ, რომლებსაც 3 და მეტი შვილი ჰყავთ. მათი შვილები ხშირად ჩვეულებრივი მხედველობით იბადებიან, მაგრამ ზოგჯერ იგივე პრობლემა აქვთ, რაც მშობლებს. ასეთ ოჯახებში განსაკუთრებით თბილი და კარგი ბავშვები იზრდებიან: ვერც წარმოიდგენთ, როგორ ეხმარებიან დედას, მამას, როგორ ყურადღებას აქცევენ მათ... მინახავს, პატარა ბავშვებს დედა როგორ მიჰყავთ, მოჰყავთ და უვლიან. დიახ, უსინათლო ადამიანებს შეუძლიათ იმუშაონ და ღირსეული შვილებიც აღზარდონ. სხვათა შორის, ჩემი მთავარი ოცნებაა შვილი მყავდეს და ვიცი, სხვაზე ნაკლები დედა არ ვიქნები. ადრე დედასთან ერთად ვცხოვრობდი და ის მეხმარებოდა, მაგრამ როცა ოჯახი შევქმენი და ფაქტის წინაშე დავდექი, ყველაფერს კარგად ვაკეთებ. ჩვენს სახლში რომ შემოხვიდეთ, ვერ იტყვით, - ამ ოჯახს მხედველობის პრობლემის მქონე დიასახლისი ჰყავს.

- უსინათლო ადამიანებისთვის წარმატების მაგალითი თქვენც ხართ... როგორ აპირებთ უსინათლო ადამიანთა ხვედრის შემსუბუქებას, მათ დახმარებას?

- უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის არჩევნები 3 სექტემბერს იქნება. სულ 5 კონკურენტი ვართ, ხუთივე მხედველობის პრობლემის მქონე უნდა იყოს - ასეთია წესდება. ვეცდები, ჩემი გამოცდილება ამ ადამიანების სასიკეთოდ გამოვიყენო. მაქვს ჩემი პროგრამა, ხედვა, თუ როგორ შეიძლება მათი ყოფა სასიკეთოდ შევცვალოთ, როგორ შევქმნათ მათთვის ადაპტირებული გარემო, როგორ მიიღონ პროფესიული განათლება და ა.შ. ჩემი დიდი სურვილია, უსინათლოთა კავშირს ჰყავდეს წარმომადგენელი პარლამენტში, სხვა სტრუქტურებში და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უფრო მეტმა ადამიანმა იზრუნოს. დავანებოთ თავი კანონებს, სულ პატარა წვრილმანებითაც შეიძლება მათი ცხოვრება შევამსუბუქოთ.

- რა წვრილმანებს გულისხმობთ?

- არსებობს ხმოვანი სასწორები, თერმომეტრები, ხმოვანი წნევის აპარატები, ჭიქები, რომელიც წყლით რომ ივსება, წრიპინს იწყებს და უსინათლოს ამცნობს, რომ მეტი წყალი აღარ უნდა ჩაასხას. თითქოს ეს წვრილმანებია, მაგრამ მათთვის დიდი მნიშვნელობის მქონე. მიხარია, რომ დღეს საქართველოში თეთრი ხელჯოხები უფასოდ გაიცემა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გამარჯვების შემთხვევაში, დიდი მადლიერებით დავემშვიდობები თბილისის მერიას და იქ წამოვალ, სადაც ჩემი გული და სულია. უსინათლოთა კავშირში თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში. დაბოლოს, გეტყვით, რომ ისეთი საქართველოს ნახვა მსურს, სადაც უსინათლოებს და შშმ პირებს არსებობისთვის ბრძოლა აღარ დასჭირდებათ.

ხათუნა ჩიგოგიძე