მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში - გზაპრესი

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში

პანდემიის მორიგი ტალღის მიუხედავად, დედაქალაქში მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ვაკის მარტო ერთ პატარა მონაკვეთში - სამების ეკლესიიდან გალაკტიონის ძეგლამდე - იმდენი "მუშაობს", მაჩვენებელი გინესის რეკორდების წიგნში შევიდოდა, ვინმეს ეს ინფორმაცია რომ მიეწოდებინა. ჩვენმა სახელმწიფომ სამი ათწლეულია იმასაც ვერ მიაღწია, რომ ადამიანებს საარსებოდ ხელის გაწვდენა არ სჭირდებოდეთ.

მოგეხსენებათ გავრცელებული ფრაზა - საბჭოთა საქართველოში მათხოვარს ვერ ნახავდითო. ასეც იყო, რის გამოც ახლანდელი მდგომარეობა ლამის ჯოჯოხეთურად აღიქმება. ვინ როგორ ებრძვის ამ "ღირსების შემლახავ" პრობლემას: თუ ლუკაშენკოს ბელარუსში მთხოვნელები "ბუნებრივად არ არსებობენ", მეზობელმა აზერბაიჯანმა მათი ქუჩაში გამოსვლა კანონით აკრძალა.

90-იანების დასაწყისიდან, ე.წ. ველურმა კაპიტალიზმმა დიდი სოციალური უთანასწორობა გამოიწვია. წუთისოფლის რადიკალურ ცვლილებას ყველამ თვალი ვერ გაუსწორა და ფსკერზე აღმოჩნდა. ადამიანებს ინსტინქტი უკარნახებდა, რომ ბიბლიური "ითხოვე და მოგეცემა" გამოეყენებინა. თბილისის მეტროს ვაგონები ლამის გადავსებულია მთხოვნელებით. განსაკუთრებით თვალში საცემი და მტკივნეული მცირეწლოვნების დანახვაა მოწყალების მთხოვნელთა ამპლუაში. რა კრეატივს აღარ იგონებენ ამ გზაზე, სიმღერა და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა უკვე გუშინდელი დღეა.

ცალკე კატეგორიაა ე.წ. ყუთიანი მთხოვნელები. ალბათ არავინ იცის, მათთვის "შეწევნა" რეალურად საით მიემართება. ამ დროს, მათზე ისეთი გამგმირავი განცხადებებია (ასეთივე ფოტოებით), რომ ქვა უნდა გქონდეს გულში, არ შეეწიო.

ასევე, ხიდებსა და ზედ ქუჩებზე გვხვდება ეკლესიის ფორმის რკინის ყუთები ნაცნობი წარწერით - "შეეწიეთ!" აქაც სრულიად გაუგებარია, ვის ან რას უნდა შეეწიო. ერთგან ისიც წავიკითხე, - სულიერებას შეეწიეთო. ვინმე ახსნის მოკვდავის ენაზე, რას გულისხმობენ? ოსტაპ ბენდერის ფრაზა მახსენდება: "წმინდა საქმეა ალპური მათხოვრობა", - რუსული "დემოკრატიის მამასთან" ერთად, საქართველოს სამხედრო გზაზე მორიგ "პადაიტეს" რომ "ამხეცებს".

ვაკეში, ერთ-ერთი მაღაზიის წინ 5-6 წლის გოგონა გამვლელებისგან დახმარებას ითხოვს. მზე სულ უფრო აჭერს და ბავშვს სახეზე ეტყობა, გაძლებაზეა. მეზობლად ბანკში სასწრაფო საქმე მაქვს და შევრბივარ, გამოვალ თუ არა, ვიკითხავ, აქ ვინ მოიყვანა-მეთქი? როგორც ყოველთვის, ბანკში "ვიჭედები" და გარეთ გამოსულს ბავშვი აღარ მხვდება. გული მწყდება, კოორდინატს მაინც ჩავიწერდი და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს დავუკავშირდებოდი...

იქვე მიწისქვეშა გვირაბის თავზე, მზესუმზირის გამყიდველ ქალს ვეკითხები, - ეს ბავშვი საით წავიდა-მეთქი? - გვირაბის მეორე ბოლოში დედამისი მათხოვრობს და ხანდახან მასთან გარბის. ეგენი ბოშები არიან და მათი საქმე მათხოვრობაა, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ. თუ რამე დახმარება შეგიძლია, აგერ ამ ყავარჯნიან კაცს დაეხმარე, დილიდან საღამომდე რომ აქ ზის და პატრონი არ ჰყავსო.

GzaPress

მაინც ვერ გავიგე, იმ ულამაზეს ბავშვს რატომ არ შეეძლო დილიდან საღამომდე ქუჩაში მათხოვრობის გარეშე ცხოვრება...

ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს ეზოში ბოშების საზოგადოება მხვდება. მათგან ყველაზე უფროსი (სრულწლოვანი) ბიჭი წინ გადმოდის და რიხით, - დამეხმარეო! - შესძახებს. ძალიან მეჩქარება და მასთან შესაყოვნებლადაც არ მცალია, გვერდს ვუქცევ. ამ დროს, ხმამაღლა მადევნებს, - შე, მათხოვაროო!..

გალაკტიონის ქანდაკების წინ "შავოსანი" ქალბატონი მოწყალებას ითხოვს. მწველი მზისგან თავს ქოლგით იფარავს. პენსიონერი მეგონა და თავიდან ვკითხე, სახელმწიფოსგან რამე დახმარებას არ იღებთ-მეთქი? - 55 წლის ქალი სულ დავბერდი, აგერ თმა გაჭაღარავებული მაქვსო, - მპასუხობს:

- ქმარი ადრევე დამეღუპა. ბიჭი წლების წინ ავარიაში მოყვა, სამკურნალოდ ბინა იპოთეკაში ჩავდე და დავკარგე. ახლა ქირით ვცხოვრობ და თვეში 230 ლარს ვიხდი. აქ ჯერ ყიფშიძის დასაწყისში, გზის პირას დავდექი, იქიდან მაღალმა ქალმა გამომაგდო. მერე აქ გვირაბის თავთან მოვედი. უკვე მიცნობენ და მეხმარებიან. ზოგი ხურდას მაძლევს, ზოგი - მაკარონს, ბრინჯს და ა.შ. სახლშიც წამომყვნენ და ჩემი გაჭირვებული ყოფა ადგილზე იხილეს. ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მთელი თვის ქირის ფულიც გადამიხადა. აქ 10-12 ლარი გამომდის და ბედს არ ვემდური.

მიწისქვეშა გადასასვლელის მეორე ბოლოში კიბეზე სხვა ითხოვს მოწყალებას. შემომჩივის, რომ სახელმწიფო მარტო სოციალურად დაუცველის თანხით ეხმარება, რაც მის ოთხსულიან ოჯახს საარსებოდ არ ჰყოფნის. ადრე მისი მეუღლე და შვილებიც მოდიოდნენ სათხოვნელად, მერე სახელმწიფო სამსახურებმა აუკრძალეს:

- ცოტ-ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ფიზიკურად ვერ ვმუშაობ. აქ უკმაყოფილო არ ვარ, ბევრმა იცის ჩემი მდგომარეობა და მეხმარებიან. უფასო სასადილოში არ დავდივარ, რადგან იქაურ საჭმელებს ჩემი ოჯახის წევრები ვერ მიირთმევენ და მარტო ჩემთვის ხომ არ ვივლიო?..

პროსპექტზე ჯან-ღონით სავსე, მაგრამ დაფეთებული ახალგაზრდა კაცი მხვდება, - ძმაო, ბავშვი საოპერაციოდ მიწევს საავადმყოფოში, წამლისთვის ფული მაკლდება, ლარით ვერ დამეხმარებიო? ეშმაკსაც წაუღია გაღლეტილ ჯიბეში რის ვაი-ვაგლახით შემორჩენილი ლარიანი, რადგან ამის გამგონეს ტირილი მინდება. ვაწვდი ლარიანს, ის კი მადლობასაც არ მეუბნება, ისე გარბის შემდეგისკენ, - ლამისაა, გზად გულმხურვალე ლოცვაც დავადევნო.

გადის რამდენიმე დღე და ეს გახვითქული კაცი იმავე ტექსტით მხვდება. ლარიანი აღარ მაქვს და უარის თქმა მიწევს, სინდისის ქენჯნით. რა ვქნა, ფეხით სიარული მიყვარს და ეს კაცი კიდევ მხვდება თვეების შემდეგ ქუჩაში და ისევ "მწოლიარე" ბავშვის "ოპერაციისთვის ემზადება". ნიხრიც იგივეა - ლარი, ძმაო! კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ილფი და პეტროვის გმირი მარადიული, საზღვრებს გარეშეა.

ზურაბ გ. სამებასთან ითხოვს მოწყალებას. ამაზე, მოძღვრისგან კურთხევა აქვს მიღებული. სამაგიეროდ, ეკლესიური სანქცია არა აქვს დალევაზე, რაც, ცოდვა გამხელილი სჯობს და, უყვარს. ლამის ყოველი დღე ისე მთავრდება, რომ მოგროვილი თანხა მორიგ ლოთობას ხმარდება. ასეთ დროს, ცოტა არ იყოს, დაუმორჩილებელი მორჩილი ხდება და საკუთარ თავსვე უტეხს ხოლმე არასასურველ ამბავს. სულიერ მამებს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავთ და ლოცვა-დარიგებას არ აკლებენ. სულიერად ავადმყოფი შვილი ჰყავს მას და თანადგომას საჭიროებს.

ზურაბმა მერიის მიერ ჭავჭავაძეზე დადგმული ახალი სკამებიც კარგად მოირგო. ყოველ მიმწუხრს სამების წინ შავ სკამზე სხვადასხვა პოზაში სძინავს მშფოთვარეს. გუშინ ჩამოვიარე და რაღაც ახალი მოეგონებინა - სავალი გზისკენ ზურგშექცეულს მარჯვენა ფეხი საზურგეზე ზემოდან გადაეგდო, ეტყობა, დროებითი სიმშვიდე ამ გზით მოეპოვებინა. სხვა დროს ასეთ სარისკო რამეს ნაკლებად სჩადის. ამას კიდევ არა უშავს, თქვენ სხვა ახალი სკამები უნდა ნახოთ, რომლის კიდეებიც უკვე დანებითაა დაჭრილი. ჩანს, ვიღაცები სხვა "გასართობს" ვერაფრით პოულობენ.

ერთი სავაჭრო ცენტრის წინ მოწყალების მთხოვნელი ქალბატონი შუშანა მთელი დღე გამვლელ მოქალაქეებთან ურთიერთობითაც არ იღლება. ერთ დღეს მობილურში საათის გასწორება მთხოვა და, - მე სულ მათხოვარი კი არ ვიყავი, ადამიანებთან სჯა-ბაასი, ურთიერთობა მიყვარსო. აღარ მიკითხავს, ადრე რას საქმიანობდა, მეჩქარებოდა და აღარ გამიშვებდა...

GzaPress

ზუსტად მოპირდაპირე მხარეს ევროკავშირის ახალი ოფისის წინ ასაკოვანი ქალები და კაცები მოწყალებას არ ითხოვენ, მაგრამ ყოველდღიურად სტაბილურად მიტინგობენ და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენას ითხოვენ. თაკარა სიცხის მიუხედავად, მთელი დღე მხურვალე გამოსვლებში ერთმანეთს ცვლიან. მათი ხმა მეგაფონში არემარეს ავსებს და ხანდახან იქვე მთხოვნელების კრულვასაც იწვევს; მათი თხოვნით ხმა იხშობა და გამვლელებს გასაჭირს ვეღარ აგონებენ. 30-წლიანი სტაჟის მქონე მომიტინგეებს ეს ნაკლებად აღელვებთ და სასტუმროში განთავსებულ ევროკავშირის ოფისს უხსნიან ამ ქვეყნის ბოლო 30-წლიან კანონგარეშე ისტორიას. იქვე პატრულის ორი თანამშრომელი მთელი დღე წესრიგს იცავს მოწყენილი.

ამ მცირე "ლირიკული" გადახვევის შემდეგ, გეტყვით, რომ ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსს ითხოვს. მთავრობამ ეფემერულ წარმატებებზე ხმამაღალი განცხადებების მაგივრად, ყოველდღიურად და მუხლჩაუხრელად სიღატაკის შემცირებაზე უნდა იზრუნოს. როგორც საყოველთაო ჯანდაცვის (დაზღვევის) პროგრამა უამრავი ადამიანის ფიზიკურად გადარჩენას უტოლდებოდა, ასეთივე ქმედითი პროგრამა უნდა შეიქმნას და, რაც მთავარია, განხორციელდეს. ამ გზით არანაკლები ჩვენი თანამოქალაქის ფიზიკური ხსნა მოხერხდება.

თბილისის მერიის განკარგულებით, მოწყალების მთხოვნელებს არა აქვთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიწისქვეშა გადასასვლელებში "მუშაობის" უფლება. ამავე დროს, შეუძლებელია მარტო კანონითა და სამართალდამცველებით დაარეგულირო აღნიშნული სფერო. პირველ რიგში, ქვეყანაში სიღარიბე უნდა შემცირდეს. ადამიანები იმ ოდენობის სოციალურ დახმარებას მაინც უნდა იღებდნენ, ქუჩაში დგომა რომ არ დასჭირდეთ. ნებისმიერი მთავრობისა და საზოგადოებისთვის ეს ელემენტარული პრესტიჟის საქმე უნდა იყოს.

გიორგი მეფარიძე