ქალი, რომელმაც ქმრის საქმის გასაგრძელებლად უნივერსიტეტი მიატოვა - გზაპრესი

ქალი, რომელმაც ქმრის საქმის გასაგრძელებლად უნივერსიტეტი მიატოვა

საბედნიეროდ, 21-ე საუკუნის საქართველოშიც ცხოვრობენ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ რკინის ქალამნები ჩაიცვან, ყველა დაბრკოლება გადალახონ და გარდაცვლილი მეუღლის საქმე ბოლომდე მიიყვანონ... დღეს სწორედ ასეთი ქალბატონი უნდა გაგაცნოთ - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნია ნაცვლიშვილი.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ბებია-ბაბუაც კი თბილისელები იყვნენ. მე და ჩემმა მეუღლემ, ალექსანდრე კვერნაძემ 1990-იან წლებში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალექსეევკაში შევიძინეთ სახლი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სახლი და ეზო ნაბიჯ-ნაბიჯ გავალამაზეთ, გავაკეთილშობილეთ და სწორედ აქ შეიქმნა პირველი ქართული ვისკი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს - ის ქვევრში მზადდება. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისი საქმე მე გავაგრძელე. დღეს საოჯახო ბიზნესი და ძალზე საინტერესო მარანი გვაქვს.

რამდენიმე დასახელების სასმელს ვაწარმოებთ და თითოეული ორიგინალურია, უნიკალური ტექნოლოგიით მზადდება და სხვა ანალოგი არა აქვს. გამოსახდელ ქვაბად ქვევრს ვიყენებთ. ქართული ვისკი ქერისა და სიმინდისგან მზადდება, სამნახადია და ახალგამომცხვარი პურის, თაფლის, ვანილის არომატი აქვს. ჩემი მეუღლის მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კვლევის და ექსპერიმენტების შედეგია. სამწუხაროდ, ის სრულიად მოულოდნელად, ძილში გარდაიცვალა. ეს ჩემთვის დიდი განსაცდელი იყო, დილემის წინაშე აღმოვჩნდი: ან ჩემი პროფესიული საქმიანობა გამეგრძელებინა, ან - მეუღლის მიერ წამოწყებული საქმე, მე ეს უკანასკნელი ვარჩიე და არც ვნანობ.

- მეუღლე ღვინის ტექნოლოგი იყო?

- პროფესიით ფიზიკოსი გახლდათ - ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი და ამავე დროს, აკრედიტებული პატენტ-რწმუნებული. ღვინის ტექნოლოგია მისთვის ჰობი გახლდათ. ყველაფერი კი, ასე დაიწყო: მას სურდა საოჯახო პირობებში მაღალი ხარისხის ჭაჭა გამოეხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დანადგარები, რომლებსაც ჩვენი გლეხები იყენებდნენ, სათანადო სტანდარტებს არ შეეფერებოდა. პირველი მიზეზი იყო ის, რომ ქვაბები თითბრისაგან იყო დამზადებული, თითბერში კი, თუთიის შემცველობა ძალზე მაღალია. მართალია, ქართულ სოფლებში ისეთი ქვაბებიც აქვთ, რომელიც სპილენძისგანაა დამზადებული, მაგრამ ისიც არ არის მაღალი ხარისხის: ეს შენადნობი გამოხდისას სითხეში გადადის, სასმელს აბინძურებს და გემოს უცვლის. ამის გამო, მან ალტერნატიულ გზებზე ფიქრი დაიწყო და როცა ამ საკითხზე ქართულ წყაროებს კითხულობდა, სრულიად მოულოდნელად წააწყდა ფრაზას - ამისთვის თიხა ძალიან კარგი მასალააო. სწორედ ასე გადაწყვიტა ვისკის გამოსახდელადაც ქვევრი გამოეყენებინა. თიხა საუკუნეების განმავლობაში გამოცდილი მასალაა, თანაც, დადგენილია, რომ ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და მაღალ ტემპერატურაზე გახურებასაც უძლებს. თიხა ძალიან გამძლე და იაფია, ხოლო ქვევრს კვერცხის ფორმა აქვს, რაც "ოქროს კვეთის" წესს ზუსტად შეესაბამება. მოკლედ, თიხის ქვევრი საშუალებას იძლევა, რომ მეღვინემ გაცილებით უკეთესი ღვინო, ვისკი და შარბათი მიიღოს. ბოლო ეტაპზე, ქვევრი ჰერმეტულად იხუფება სპეციალური ხუფით - ეს სრულიად ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ალეკომ 2015 წელს პირველად გამოიყენა. 2019 წელს კი - "წლის ინოვაციური ტექნოლოგიის" წოდება და ჯილდო დაიმსახურა. ეს ტექნოლოგია საქართველოშია დაპატენტებული და ანალოგი არა აქვს.

არანაკლებ საინტერესო პროდუქტია შარბათი, რომელიც IX-X საუკუნეების "უსწორო კარაბადინის" რეცეპტის მიხედვით შეიქმნა. ეს არის რვა დასახელების მცენარის საფუძველზე დამზადებული სასმელი, რომელიც 6-7 თვის განმავლობაში ამერიკული თეთრი მუხის კასრებში ინახება...

- როგორც ვიცი, ალექსანდრე კვერნაძემ თავისი მარანიც უნიკალური ტექნოლოგიით ააგო...

- დიახ, არსებობს ასეთი უძველესი მეთოდი - ნედლი ანუ ტკეპნილი მიწის არქიტექტურა. ამ დროს შენობის ასაგებად მხოლოდ მიწა, წყალი და ქვიშა გამოიყენება. ეს უძველესი ტექნოლოგიაა, რომელიც ეკოლოგიურ მშენებლობაში ფართოდ გამოიყენება. ის საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში ააღორძინა რამდენიმე ადამიანმა. ახლა კი, საფრანგეთში მთელი სკოლაა, რომლის წარმომადგენლებიც თავიანთ სახლებს ტკეპნილი მიწის არქიტექტურით აშენებენ. ამ ტექნოლოგიით აშენებული მარანი კიდევ ერთი სიახლეა - ის ერთადერთია ამიერკავკასიაში.

GzaPress

- ალბათ, დიდი ბრძოლა იყო საჭირო, რომ ამ შედეგისთვის მიგეღწიათ.

- რა თქმა უნდა, თავიდანვე გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა: ალექსანდრეს წამოწყებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2015-2016 წლებში ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი, ბევრს უკვირდა - სად ქვევრი და სად - ვისკიო? ამიტომ, ალეკომ თქვა: მობრძანდით და ყველაფერს საკუთარი თვალით გაჩვენებთო. დაინტერესებული ხალხი მარნის სანახავად მოდიოდა, ინფორმაცია სოციალური ქსელებით გავრცელდა და ბევრი უცხოელიც ჩამოდიოდა. ასე გაჩნდა იდეა, რომ ჩვენი მარნის მონახულება და სტუმრების მიღება ტრადიციად გვექცია. მართლაც, რატომ არ შეიძლება, დაინტერესებული ადამიანი სტუმარივით მოვიდეს, დაისვენოს და ახალი ტექნოლოგიაც შეისწავლოს? ჯერ, "აწარმოე საქართველოს" ბენეფიციარები ვიყავით, მერე კი - ევროკავშირის გრანტის მფლობელებიც გავხდით - ეს 2019 წელს მოხდა. ახლა ქართულ ვისკის უკვე მსოფლიო იცნობს. სამაგიეროდ, მე მომიხდა ჩემი საქმიანობის შეზღუდვა სამედიცინო უნივერსიტეტში და სხვა სასწავლებლებში, სადაც ლექციებს ვკითხულობდი. მთელი ჩემი დრო და ენერგია ალეკოს საქმისკენ მივმართე: ღამის 2-3 საათამდე ვსწავლობდი მასალებს, ვცდილობდი, მის მეთოდებში გავრკვეულიყავი. ახლა უკვე შემიძლია, ნებისმიერ სტუმარს ყველა პროცესი მოლეკულურ დონეზე ავუხსნა. მარტო ვიყავი და ერთბაშად ძალიან ბევრი საქმე დამაწვა - სახლისა და ეზოს მოვლის ჩათვლით. თბილისსა და ალექსეევკას შორის უნდა მევლო და რაც მთავარია, სტუმრებს გაღიმებული დავხვედროდი, რაც უმძიმესი მოვალეობა იყო. თავიდან, როცა ჩვენი მარანი სტუმრებისთვის უნდა გამეცნო, მათთვის სუფრა გამეწყო და ალეკოს ფუნქცია შემესრულებინა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. კიდევ კარგი, ეს რთული პერიოდი უკვე გადავლახე.

- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ - როგორი პიროვნება იყო, რამდენ ხანს იყავით ერთად?

- ის ძალიან ნიჭიერი, განათლებული, მრავალმხრივი და ბევრი ახალი საქმის წამომწყები ადამიანი იყო. ანტიკური ლიტერატურით დაწყებული, თავისი პროფესიის ჩათვლით, ყველაფერს ძირეულად სწავლობდა და ყველა ახალ საქმეს ბავშვური ენთუზიაზმით იწყებდა. ჩვენ მეორე ადამიანი მარტო ღირსებების გამო არ გვიყვარს, არამედ - ნაკლოვანებების მიუხედავად. ალბათ, ოჯახშიც ესაა მთავარი - ღირსებები დავაფასოთ და ნაკლოვანებებზე ყურადღება არ გავამახვილოთ. ჩვენი ოჯახის ყველაზე დიდი საყრდენი მეგობრობა იყო და დღეს, სწორედ ეს მიჭირს - საქმეს როგორღაც გაუძღვები, მაგრამ ძნელია, როცა გვერდით ის ადამიანი აღარ გყავს, რომელიც შენი მეგობარი და მთავარი დასაყრდენი იყო. 24 წელი ერთად გავატარეთ და ეს ყველაზე საუკეთესო წლები იყო ჩემს ცხოვრებაში.

- თქვენი შვილი და შვილიშვილები თუ აპირებენ ბაბუას საქმის გაგრძელებას?

- ერთი ქალიშვილი მყავს, რომელიც ოჯახთან ერთად გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ცხოვრობს. ის ქირურგიული გინეკოლოგიის განყოფილების გამგეა. საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს და კოლეგებიც აფასებენ. ორი შვილიშვილი მყავს - სანდრო და ელენე სულაძეები. სანდრო 14 წლისაა, ელენე - 9-ის. ძალიან უყვართ ალექსეევკა და ალეკო ბაბუ, რომლის დაღუპვა მათთვისაც დიდი ტრავმა იყო. ჯერ პატარები არიან, რომ მისი საქმის გაგრძელებაზე იფიქრონ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასე იქნება... ყოველ შემთხვევაში, მე ვეცდები, ალეკოს წამოწყებული საქმე შევინარჩუნო და წინ წავწიო.

ხათუნა ჩიგოგიძე