შესანიშნავ მდგომარეობაში მყოფი კრიმინალი, აქუბარდიას პორნო და მოყრანტალე ყვავები - გზაპრესი

შესანიშნავ მდგომარეობაში მყოფი კრიმინალი, აქუბარდიას პორნო და მოყრანტალე ყვავები

ახლახან, ლარის კურსის ვარდნამ ხალხში პანიკა გამოიწვია. მაშინ, როცა საზოგადოება მთავრობის მხრიდან სერიოზულ ანალიზსა და მიზეზში გარკვევას ელოდა, მინისტრი ნოდარ ხადური გამოვიდა და თქვა: "ლარის კურსის ვარდნა აჟიოტაჟის ბრალია". სამომავლოდ მაინც გავითვალისწინოთ და ამ თემაზე აჟიოტაჟი აღარ ავტეხოთ.

ზაქარია ქუცნაშვილმა ერთ-ერთ პოლიტიკურ ტოქშოუში სტუმრობისას ბრძანა:

GzaPress"მე ვიყავი პარლამენტის ის წევრი, რომელმაც გახსნა დიალოგი პრეზიდენტთან, როცა მასთან მიკარებას ვერავინ ბედავდა. მე გამიკვირდა, რომ ზოგიერთ ჟურნალისტს გაუკვირდა, რომ ხელში მეჭირა კონსტიტუცია. პირიქით, ის იქნებოდა გასაკვირი, რომ ხელში კონსტიტუცია არ მჭეროდა და მჭეროდა სხვა რამ".

მის ნათქვამს წამყვანის რეპლიკა მოჰყვა: - სხვა რამ რა უნდა გჭეროდათ?

- ძირითადი კანონით სიარული ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა იყოს საამაყო! - იყო პასუხი.

წლის დასაწყისში ქვეყანაში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება განხილვის თემა იყო. მაშინ, როცა რიგითი ადამიანები კრიმინალის გახშირებაზე წუხდნენ, მინისტრმა ჭიკაიძემ "დამამშვიდებელი" განცხადება გააკეთა: "კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია".

შალვა ნათელაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შემდეგნაირად ახსნა:

"ქვეყნის ხელისუფლება წარმოადგენს ივანიშვილის სუფრის გამშლელი ბიჭების კრებულს და არავინ ქვეყნის საქმეებზე არ ფიქრობს".

"რესპუბლიკელები" კი მოყრანტალე ყვავებს შეადარა:

"ძალიან მალე ამ კოალიციიდან გრიხინ-გრიხინით გავარდებიან "რესპუბლიკელები". სანამ ეს პარტია პოლიტიკურ არენაზეა, საქართველოს ბედნიერება არ უწერია. ისინი ყვავებივით დაყრანტალებენ საქართველოს".

GzaPress

დავით აქუბარდია კი ეთერში მიწვეულ სტუმართან ერთ-ერთი პორნოარხის შესახებ ჩიოდა:

"პორნოარხი რომ არის, მოვკვდი სიცილით, კაცო, ამერიკული პორნოარხი რომ არის, არაფერს არ აჩვენებენ.

სერიოზულად ვამბობ. ეს ამერიკელები, კაცო, ახლოს არაფერს არ აჩვენებენ".

"მარგალიტი" უხვად იყო გიორგი გაბუნიას საეთერო ტექსტებშიც:

"იყო დრო, როცა მიხეილ სააკაშვილი მესტიაში თხილამურებზე სრიალებდა, რამდენიმე საათში კი ანაკლიაში შავ ზღვაში ბანაობდა. დღეს პრეზიდენტს ვერც ზღვაში იპოვით, ვერც - მთაში. სამაგიეროდ, იმავე მესტიის კურორტზე, ახალი მთავრობის წევრების ნახვა შეიძლებოდა, რომლებმაც კურორტზე ზამთრის სეზონი გახსნეს. მიშას ნაკვალევი მესტიაში ახალმა თოვლმა დაფარა. ისრიალეთ, ვიდრე თოვლი არ დამდნარა, მაგრამ ფრთხილად, არ მოსრიალდეთ".

წლის "მარგალიტად" იქცა პარლამენტარ ზურაბ ტყემალაძის სიტყვები ჩვენს საიტზე - gzapress.ge-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუდან, რომელიც პენსიების 10 ლარით ზრდის თემას ეხებოდა:

"160 ლარი კი არ უნდა მეყოს მე, მე უნდა ვეყო 160 ლარს".

პენსიონერებზე ერთ-ერთ გამოსვლაში საინტერესოდ ისაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით:

"შემცირდა სიკვდილიანობა, რაც ძალიან მახარებს. გაიზარდა პენსიონერთა რიცხვი. როცა ბებიასთან, ბაბუასთან შვილიშვილი მიდის სახლში, მას აღარ იჭერენ, ნაკლებად უწევს ნერვიულობა, ნაკლები სტრესია და ბუნებრივია, ეს ყველაფერი მათ ჯანმრთელობაზე აისახება".

დაბოლოს, ალბათ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ ტანსაცმლის დაბრუნების საკითხი, რამდენიმე დღის განმავლობაში როგორი აქტუალური იყო. მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

"ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობენ, მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან, ჩამავლონ ხელი, მაგრამ არ გამოსდით".

თამუნა კვინიკაძე