ციხე გისოსების გარეშე - გზაპრესი

ციხე გისოსების გარეშე

ალბათ ბევრმა ადამიანმა არც იცის, რომ თბილისში არსებობს სასჯელაღსრულების ერთადერთი დაწესებულება, რომელსაც არც ერთი გისოსი არ აქვს და იქ ათეულობით მსჯავრდადებული იხდის სასჯელს. ისინი ადმინისტრაციისგან იზოლირებული არ არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში თავიანთ სახლებში მიდიან. ორშაბათს კი ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრუნდებიან და ასე იხდიან სასჯელს.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება გლდანში მდებარეობს და მას გასულ კვირას ჟურნალისტები ვეწვიეთ. მეგზურობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ, კახა კახიშვილმა და პრობაციის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი არსოშვილმა გაგვიწიეს. ამჟამად იქ 16 პატიმარია. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 2014 წელს გაიხსნა. ორსართულიანი შენობა პატიმრების საცხოვრებელია. პირველ სართულზე განთავსებულია: ბიბლიოთეკა, სასადილო, რამდენიმე ოთახი, სადაც პატიმრები რეაბილიტაციის კურსს გადიან. მეორე სართულზე მათი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ოთახებია, სადაც დგას საწოლები, მაგიდა, ტელევიზორი, კარადა და სხვა საჭირო ნივთები. თითოეულ ოთახში ორ-ორი პატიმარი ცხოვრობს, არის 3-ადგილიანი ოთახებიც. ცალკე დგას მეორე შენობა, სადაც პატიმრები სხვადასხვა ხელობას ეუფლებიან. აქვთ სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, ჩოგბურთის მაგიდა და სხვა გასართობი ადგილები. დიდ ეზოში სეირნობისა და ჭადრაკის თამაშის საშუალებაც აქვთ. იქვე ფუნქციობს მაკარონის საწარმო, სადაც ამზადებენ და აფასოებენ მაკარონს, მერე სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებს აწვდიან. მომავალში პურის ქარხნის ამუშავება იგეგმება და ალბათ იქ გამომცხვარი პურით მომარაგდება სასჯელაღსრულების დაწესებულებები. დასაქმებული პატიმრები კი თავიანთ გასამრჯელოს მიიღებენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, "ეს არის დაწესებულება, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. აქ ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ მსჯავრდადებულმა გაიაროს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სრული კურსი, რათა სრულფასოვან ადამიანად დაუბრუნდეს ოჯახსა და საზოგადოებას. გახსოვთ, რა პირობებში უწევდათ პატიმრებს ყოფნა და როგორი ფსიქიკაშერყეულები ბრუნდებოდნენ ისინი ოჯახებში? ბევრად უფრო საშიშები იყვნენ ციხიდან გასვლის შემდგომ, ვიდრე იქ მოხვედრამდე. ეს დაწესებულება კი ასრულებს ხიდის ფუნქციას მსჯავრდადებულებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის... 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება რეგულაცია და თავად მოსამართლე შეუფარდებს მსჯავრდადებულს თავისუფლების შეზღუდვას. დღესდღეობით აქ რომელი პატიმარი მოხვდეს, ამას ადგილობრივი საბჭოები წყვეტენ. ისინი მსჯავრდადებულს პატიმრობას უცვლიან თავისუფლების შეზღუდვით. ამისთვის აუცილებელია მსჯავრდადებულის თანხმობა. თუ მისი თანხმობა არ არის, მაშინ ის აქ ვერ მოხვდება".

მსგავსი დაწესებულების აშენება დასავლეთ საქართველოში 2015 წელსაც იგეგმება, კერძოდ - თერჯოლაში. ამ დაწესებულებაში მოხვედრა სრულწლოვან პატიმრებს შეუძლიათ. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, აშენდება თუ არა მსგავსი დაწესებულება ქალებისა და არასრულწლოვნებისთვის.

გიორგი არსოშვილი, პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელი:

GzaPress- თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში 100 მსჯავრდადებულის მოთავსება შეგვიძლია. მთავარი აქცენტი დაწესებულებაში კეთდება თავისუფლებაშეზღუდული პირების გადამზადებაზე, მათ რეაბილიტაციაზე, დასაქმებაზე. მნიშვნელოვანია, რომ შაბათ-კვირას პატიმრები თავისუფლდებიან და ოჯახთან ყოფნის შესაძლებლობა აქვთ. ამ დაწესებულებაში იმ მსჯავრდადებულების გადმოყვანა ხდება, ვისაც მოხდილი აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ორი მესამედი, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - სასჯელის ნახევარი, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი - ერთი მესამედი. ყველა ასეთი შემთხვევის დროს მნიშვნელოვანია, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებას ერთვოდეს თვითონ მსჯავრდადებულის თანხმობა, რომ მას სურს აქ გადმოსვლა. მას უნდა სურდეს სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა. დაწესებულება გისოსების გარეშეა, ეს ხელს შეუწყობს მათ სრულ რეაბილიტაციას. ეუფლებიან პროფესიებს. კოორდინირებულად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. პროფესიული სასწავლებლების სპეციალისტები ასწავლიან მათ ხელობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულს კურსის გავლის შემდეგ გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. იქ მითითებული არ იქნება, რომ ადამიანმა დახურულ სივრცეში გაიარა გადამზადება.

- ბატონო გიორგი, პატიმრებს ვინ აწვდის ინფორმაციას, რომ მათ შეუძლიათ, დარჩენილი სასჯელი ამ დაწესებულებაში მოიხადონ?

- სასჯელაღსრულების დეპარტამენტი აწვდის ყველა მსჯავრდადებულს ამომწურავ ინფორმაციას ამ დაწესებულების არსებობის შესახებ. თუ იქნება მათი ნება-სურვილი, მაშინ გადმოვლენ ისინი აქ.

- ძალიან კარგი პირობებია და გასაკვირია, 16 ადამიანზე მეტი რომ არ იხდის აქ სასჯელს. რა არის ამის მიზეზი?

- მიზეზი ალბათ ის არის, რომ მსჯავრდადებულების უმეტესობას არ აქვს მოხდილი ის ვადა, რაც კანონით განსაზღვრულია ამ დაწესებულებაში მოსახვედრად. თუმცა, არიან მსჯავრდადებულები, რომლებიც უარს ამბობენ დასაქმებაზე, აქტივობებში მონაწილეობაზე. მათ ვერ ვაიძულებთ აქ გადმოსვლას. ერთ-ერთი მიზეზი ასევე, მათი შეხედულებებია.

- ანუ ქურდული მენტალიტეტის ადამიანებს არ აქვთ აქ გადმოსვლის სურვილი? როგორც ამბობენ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ციხეში თავისი ფეხით მისვლა.

- შეიძლება, მენტალიტეტიც იყოს ამის მიზეზი. აქ ვინც მოხვდება, მათთვის სავალდებულოა მუშაობა და პროფესიული სწავლება. მსჯავრდადებულები ამაში გარკვეულ გასამრჯელოს იღებენ. მათი მინიმალური ხელფასი სამოქალაქო სექტორში არსებული ხელფასის იდენტურია. ყველა მსჯავრდადებული, ვინც მუშაობს, თვეში 260 ლარს იღებს. ამჟამად დასაქმებულია 6 პირი. დანარჩენები ახლა გადიან პროფესიულ გადამზადებას და შემდეგ ისინიც ჩაებმებიან პროექტებში.

- ახალ წელს ყველა მათგანი ოჯახში შეხვდება?

- ყველა კალენდარულ ოფიციალურ დასვენების დღეს ისინი ოჯახებში მიდიან. ახალ წელსაც 4 დღეს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებენ. ეს არის დაწესებულება, სადაც არც ერთი გისოსი არ არის. ინფრასტრუქტურაც ისეა მოწყობილი, რომ ადმინისტრაცია და მსჯავრდადებულები ერთმანეთისგან იზოლირებულები არ არიან. ისინი ყოველ დილით გადიან შემოწმებას დაქტილოსკოპიურ აპარატზე. პორფილე კანდელაკი სასჯელს ქურდობისთვის იხდის. მან ამ დაწესებულებაში გადასვლის სურვილი გამოთქვა და 6 თვეა, იქ იხდიდს სასჯელს.

პორფილე კანდელაკი:

GzaPress- ქურდობისთვის სამი წელი მომისაჯა სასამართლომ. ორი წელია, რაც დამაკავეს. მე-17 დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს და სოცმუშაკისგან გავიგე, რომ ასეთი დაწესებულება არსებობდა. დავწერე განცხადება და მოვხვდი აქ. 6 თვეა, აქ ვარ. ნორმალური პირობებია, ამაში ალბათ თქვენი თვალით დარწმუნდით. შეზღუდვა არ გვაქვს, ჰიგიენა უმაღლეს დონეზეა, საკვებიც კარგია. გარეთ ცოლ-შვილი მელოდება და ერთი სული მაქვს, როდის მოვიხდი სასჯელს. 3 შვილის მამა ვარ. წელიწადი მაქვს დარჩენილი და იმედია, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია დააკმაყოფილებს ჩემს თხოვნას და დროზე გავალ. რეაბილიტაციის სამთვიანი პროგრამა გავიარე. შაბათ-კვირას, როცა აქედან გავდივარ, გარეთ ვმუშაობ. პატარა ოჯახური ბიზნესი მაქვს და იქ ვეხმარები ოჯახს, შაბათ-კვირას. აქ დავეუფლე სპეციალობებსაც. კომპიუტერის გადამზადების კურსები უკვე დავამთავრე, ასევე ელექტრიკოსობას დავეუფლე. იანვრიდან ახალი პროგრამები დაიწყება და მასშიც აქტიურად ჩავერთვები, თუმცა, იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები და გარეთ გავაგრძელებ საქმიანობას. მაკარონის საამქროში ბიჭები მუშაობენ და ხელფასსაც იღებენ... ყველას ვუსურვებ თავისუფლებას.

თეა ხურცილავა