ბევრია თუ ცოტა 33 მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის ერთი ტიტული? - გზაპრესი

ბევრია თუ ცოტა 33 მედალი და მსოფლიოს ჩემპიონის ერთი ტიტული?

რა თქმა უნდა, სიხარულის წუთებიც იყო და ნაღვლიანი მარცხიც, მაგრამ ამ სფეროში აუარება პრობლემა რომ არის, ალბათ ყველა დამეთანხმება.

საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს ვესტუმრე. საუბარი პირდაპირ საქმით დავიწყეთ და ვთხოვე, განვლილი სეზონი შეეფასებინა, რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო იყო ჩვენი ათლეტების შედეგებით.

GzaPress- პირველ რიგში, მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით პატივი მაქვს ქართველ გულშემატკივრებს მოვახსენო ჩვენი სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ. თავად სპორტსმენი ვიყავი და კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი კაცისთვის გამარჯვება სპორტის ნებისმიერ სახეობაში და რა მტკივნეულად განიცდის ჩვენი ხალხი მარცხს. საერთოდ, სპორტი ადამიანის მოღვაწეობის ისეთი სფეროა, რომ აქ მიღწეული შედეგებით არასდროს ხარ კმაყოფილი. მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეგრძნება მაქვს. ეს ბუნებრივია. მოთხოვნები სულ უფრო მზარდია. ობიექტურობისთვის ალბათ ჯობია, ციფრები მოვიშველიოთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც სპორტის მინისტრად დავინიშნე, სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში და სხვადასხვა ასაკში 950-ზე მეტი მედალი მოვიპოვეთ, მათ შორის, ევროპისა და მსოფლიოს პირველობებსა და ჩემპიონატებში - 33 მედალი. წელს ჩვენი მორაგბეები კვლავ დაეუფლნენ ევროპის ერთა თასს. წყალბურთელებმა პირველად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში, ხოლო კალათბურთელებმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში ასპარეზობის უფლება. ვიღაცისთვის ეს მონაგარი ბევრია, ვიღაცისთვის - ცოტა. პირადად ჩემთვის ცოტაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მხოლოდ ერთია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ოლიმპიურ სახეობებში 2007 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი არ გვყოლია და მხოლოდ ახლა, ამ ზაფხულს ძიუდოში დაეუფლა ამ ტიტულს ავთანდილ ჭრიკაშვილი. ამდენად, ეს გამარჯვება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

- ქართველი ათლეტები მსოფლიოს ჩემპიონატებში 1953 წლიდან მონაწილეობენ. იქიდან მოყოლებული, ვიდრე საბჭოთა კავშირის დაშლამდე, წელი ისე არ გავიდოდა, ერთი ოქრო რომ არ მოეპოვებინათ. ახლა რა ხდება, გაუგებარია. ნიჭი დავკარგეთ, ინტერესი თუ გამარჯვების წყურვილი?

- სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ ისიც გაიხსენეთ, რომ იმ პერიოდში სხვა პრინციპები იყო და სპორტიც პოლიტიკის დონეზე იყო აყვანილი. პროცესებს სახელმწიფო მართავდა, სოლიდური თანხები იხარჯებოდა, რისი საშუალებაც დამოუკიდებელ საქართველოს ჯერჯერობით არ აქვს. ამავე დროს, XXI საუკუნეში მთელ მსოფლიოში მიხვდნენ, რომ სპორტი პოლიტიკის ნაწილია და თუ გინდა, რომ შენი ქვეყნის დროშა აღიმართოს და ჰიმნი აჟღერდეს, დიდი ფულიც უნდა დახარჯო. ამიტომაც დღეს, დემოკრატიული ქვეყანაა თუ დიქტატორული, ფინანსურად ძლიერია თუ არა, ყველა ცდილობს, თავისი ქვეყნის ათლეტები წარმოაჩინოს. აქედან გამომდინარე, ყველა სახეობაში გაიზარდა კონკურენცია. თურქეთის მაგალითი ავიღოთ, ჩინეთის, ბალკანეთისა თუ სკანდინავიის ქვეყნების. ბევრ სახეობაში მოწინავე პოზიციებზე გავიდნენ. გაიხსენეთ, თბილისის "დინამო" თუ საბჭოთა ნაკრები იქ, თურქეთში ამარცხებდნენ ადგილობრივ საფეხბურთო გუნდებს, დღეს კი გვიჭირს მათთან თამაში, რადგან იქ სოლიდური თანხები იხარჯება და სწრაფადაც ვითარდება ინფრასტრუქტურა.

- რადგან სიტყვა ფეხბურთზე ჩამოვარდა, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხზეც აქვე გკითხავთ: ქართული ფეხბურთი და საქართველოს ნაკრების ქრონიკული წარუმატებლობები. 5 წელია, ჩვენს ფეხბურთს ხელმძღვანელობს ზვიად სიჭინავა. 5 წელი წვრთნიდა ეროვნულ ნაკრებს თემურ ქეცბაია. წინ ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ. ქეცბაია გადადგა, სიჭინავა - არა. სად არის ლოგიკა და კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიყოთ მაჩანჩალების როლში?

GzaPress- მწვრთნელის და პრეზიდენტის მდგომარეობა განსხვავებულია: პრეზიდენტს 4 წლით ირჩევენ და ჩატარებული სამუშაოს შესახებ იგი ანგარიშვალდებულია ამ ვადის დასრულების შემდეგ, მწვრთნელი კი კონტრაქტითაა დაქირავებული და მისი საქმიანობა ფედერაციის აღმასკომმა უნდა შეაფასოს. ეს დებულებაშიც უწერიათ, მაგრამ ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც აღმასკომის და ვერც პრეზიდენტის შეფასება. ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი წითელმანდატიან ყრილობებს მაგონებს: რომელიმე პარტმუშაკი დაიძახებდა და ყველა ერთად მაღლა სწევდა მანდატს... ჩვენ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის სტრატეგიული გეგმა შევიმუშავეთ. თუმცა, ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა ცოტა რთული საკითხია. ზუსტად ვერ გეტყვით მიზეზს, ეს ალბათ უფრო პიროვნული ფაქტორის გამო ხდება. იმედია, ადრე თუ გვიან, ფეხბურთშიც მოვლენ ჯანსაღი ძალები და პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილივით პირდაპირ კი არ დანიშნავენ, არამედ თავად საფეხბურთო სამყარო აირჩევს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ფეხბურთის განვითარების ქართული მოდელი, რაშიც სახელმწიფომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; ბავშვთა ფეხბურთის, სკოლების, ეროვნული ჩემპიონატის განვითარებაზე, რომლის მწვერვალიც ჩვენი ეროვნული ნაკრებია.

- 2012 წლის დამლევს, როდესაც სპორტის მინისტრად დაგნიშნეს, ქართულ სპორტში საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ლონდონის ოლიმპიადაზე ჩვენი ათლეტები გაცილებით ცუდად გამოვიდნენ, ვიდრე ათენისა და პეკინის თამაშებზე. მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა ოქროს მედალს. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სავარძლისთვის ლამის ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდა საქმე. მოგვიანებით იგივე გამეორდა ჭიდაობის ფედერაციაში და იქაც მუშტი-კრივი გაიმართა. გაურკვევლობა ჭიდაობის სამყაროში დღემდე გრძელდება. ესაა ჩვენი ორი ყველაზე წარმატებული სახეობა და თუ ძიუდოისტებმა მოახერხეს ნერვების მოთოკვა და შედეგსაც მიაღწიეს, მოჭიდავეებმა - ვერა. ჩემ გარდა, ალბათ გულშემატკივრებსაც აინტერესებთ, რა ბერკეტები აქვს თქვენს სამინისტროს ამგვარი პროცესების სამართავად?

- შეგახსენებთ, რომ ადრე ფედერაციების პრეზიდენტები პოლიტიკური ხელმძღვანელების მითითებებით ინიშნებოდნენ. აღმასკომებიც პოლიტიკური ფიგურებისგან ყალიბდებოდა და ასე ვერტიკალურად იყო დაფუძნებული ეს სტრუქტურები. საქართველოში სპორტის სხვადასხვა სახეობის 80-ზე მეტი ფედერაციაა. დაახლოებით 30 მათგანში უკვე შეიცვალა პრეზიდენტები, მაგრამ ეს განხორციელდა არა პოლიტიკური შეხედულებებით, არამედ სპორტის ამ სახეობების წარმომადგენელთა არჩევნებით. ბუნებრივია, კანდიდატებსა და მათ გუნდის წევრებს შორის დაპირისპირებებიც იყო. მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ იქ წარმოდგენილი პროგრამების, იდეების ურთიერთჭიდილია და არა ვთქვათ, "ძალის დემონსტრირება". რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ამას სამართლებრივი ბაზის შექმნა სჭირდება. ჩვენმა სამინისტრომ სწორედ ეს ბაზა უნდა შექმნას, წესდება დაარეგულიროს, რომელიც ადრე კონკრეტულ პიროვნებებზე იყო მორგებული. ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ ცალკეული ფედერაციების საქმიანობაში. ასე რომ გვნდომებოდა, მაშინ პირველ რიგში, ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩავერეოდით. სპორტის სამინისტრო ფედერაციების ძირითადი პარტნიორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ძირითადი დამფინანსებლებიც ჩვენ ვართ და ფედერაციებიც ჩვენ წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული პრეზიდენტის მოხსნა-დანიშვნა. ნებისმიერი ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანოა და თავად ამ ოჯახის წევრებმა, პროფესიონალებისგან უნდა აირჩიონ თავიანთი ხელმძღვანელი და განავითარონ სპორტის სახეობა. განვლილმა ორმა წელმა დაგვანახვა, რომ დიდი მოცულობის სამუშაოა ჩასატარებელი და ბევრი რამ შესაცვლელია. დამეთანხმებით, ორ წელიწადში ყველა ჩანაფიქრის განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ მთავარია, რომ ეს დავიწყეთ და შემდგომში, ლევან ყიფიანი იქნება მინისტრი თუ სხვა, ეს საქმე უნდა გააგრძელოს.

საქართველო ჯერჯერობით სპორტისთვის ვერ გადაეწყო. ამას დრო სჭირდება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სპორტის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად, ყოველწლიურად პარტახდებოდა. ბოლოს რაც მოხდა, ეს უფრო დივერსიას ჰგავს: რაც კი სპორტული ობიექტი იყო შემორჩენილი, დარბაზი თუ საცურაო აუზი, ძალიან ბევრი გასხვისებულია, პროფილი შეუცვალეს. არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი არც ერთი ობიექტი, ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებდეს. ამიტომ ვცდილობთ, ისეთი შეჯიბრებები ჩავატაროთ, რომ ინფრასტრუქტურის აღდგენის საშუალება გვქონდეს: 2015 წლისთვის დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის დიღომში შენდება საცურაო აუზი, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან - მრავალფუნქციური სპორტის სასახლე; აგრეთვე, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, მძლეოსნობის ცენტრები, რაგბის მოედნები; დაგეგმილია ჭიდაობის ცენტრის მშენებლობაც. ეს, რა თქმა უნდა, მცირედია, მაგრამ ჩვენ ერთგვარად ფორსირებულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა და ამიტომ ვცდილობთ, დროც მოვიგოთ და ინფრასტრუქტურაც განვავითაროთ.

- გაისად თბილისში ფეხბურთში ევროპის სუპერთასიც ჩატარდება, რომლისთვისაც სოლიდური თანხა დაიხარჯება. პირადად ჩემი აზრით, ალბათ ჯობდა, ეს ფული ბავშვთა ფეხბურთისთვის დახარჯულიყო.

GzaPress- ამ მატჩის თბილისში ჩატარების ვალდებულება, ისევე, როგორც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, წინა ხელისუფლებისგან მივიღეთ მემკვიდრეობით. მთავრობამ სუპერთასისთვის 13 მილიონი ლარი გამოყო. ამიტომ ჩვენი მიზანია, მატჩი იმაზე უკეთ ჩავატაროთ, ვიდრე ჩაფიქრებული იყო. ამასთან, ამ თანხით თბილისის "დინამოს" სტადიონი იმ დონემდე მივიყვანოთ, რომ თანამედროვე მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდეს და მომავალში ერთი სტადიონი მაინც გვქონდეს, სადაც ფეხბურთსა და რაგბიშიც საერთაშორისო მატჩების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ჩვენი ქვეყანა პატარაა და სუპერთასის მაღალ დონეზე ჩატარებით, მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე წარმოჩენის საშუალება გვეძლევა და ეს შანსი სრულად უნდა გამოვიყენოთ.

- ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როდესაც ფინანსურად ძალიან უჭირდა ქვეყანას, სპორტის სახეობებში პრიორიტეტები გამოყვეს და ამის მიხედვით აფინანსებდნენ. თქვენც იმავე პოლიტიკას ატარებთ?

- სხვათა შორის, ევროპაშიც იმავე პრინციპებით აფინანსებენ ფედერაციებს. არსებობს შესაბამისი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ანაწილებენ თანხებს. ითვალისწინებენ ტრადიციებს, მასობრიობას, წინა წლების შედეგებს. ჩვენც სწორედ ის 20 ფედერაცია გვაქვს პრიორიტეტულად მიჩნეული, რომლებიც ადრე იყო. ძირითადად, ეს ოლიმპიური სახეობებია და ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილის განაწილებაც ამ სახეობებზე ხდება. სამინისტროს წლევანდელი ბიუჯეტი 55 მილიონი ლარი იყო. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. გაისად 70 მილიონი გვექნება. არც ეს გვეყოფა. სიმართლე გითხრათ, რამდენიც უნდა გამოგვიყოს სახელმწიფომ, ყველაფერს ავითვისებთ და ასეც უნდა იყოს. ოღონდ სწორად უნდა განსაზღვრო, სად რა თანხა უნდა დაიხარჯოს.

- 2007 წელს გაუქმდა სპორტის აკადემია და მთელი ამ ხნის განმავლობაში მწვრთნელთა ახალი თაობის მომზადების საშუალება ქვეყანას არ ჰქონდა. დადგება დრო, ეს ჩავარდნა ძვირად დაგვიჯდება. როგორ უნდა შევავსოთ მწვრთნელთა უკმარისობა?

- ჩვენი მოსვლის დღიდან დავიწყეთ ამ სასწავლებლის აღდგენაზე მუშაობა. შარშან, როგორც იქნა, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ამოქმედდა და პირველკურსელებიც მიიღო. მაგრამ ვიდრე ისინი დაამთავრებენ უნივერსიტეტს, 4 წელი გავა. ე.ი. ათწლიანი ჩავარდნა გვექნება. ამიტომ სწრაფშემსწავლელი, გადამზადების კურსები გვჭირდება, რადგან არა მარტო მწვრთნელები, არამედ სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლები, სპორტის მენეჯერები გვჭირდება. უცხოელი სპეციალისტებიც უნდა მოვიწვიოთ. ზოგს ჰგონია, ჩამოვა ის უცხოელი და ჩემს ადგილს დაიკავებსო. არა, ბატონო, ყველას თავისი ადგილი აქვს. დღეს მთელი მსოფლიო ერთმანეთისგან სწავლობს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას. თუმცა, რა თქმა უნდა, პირდაპირი კოპირება არ არის საჭირო. ჩვენ ჩვენი სპეციალისტებიც გვყავს და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით უნდა მოვამზადოთ კადრები.

- გმადლობ ინტერვიუსთვის. წინასწარ გილოცავთ ახალ წელს თქვენც და ქართველ სპორტსმენებსაც.

- მეც მინდა დავლოცო ჩვენი სპორტსმენები, საქართველოს მოსახლეობა. მჯერა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და გამარჯვებების დროც დაგვიდგება.

გოგი ფრანგიშვილი