ევროპული სოფლის პროტოტიპი საქართველოში ანუ - "სოფლის შენებას რა უნდა?" - გზაპრესი

ევროპული სოფლის პროტოტიპი საქართველოში ანუ - "სოფლის შენებას რა უნდა?"

მიზეზი, რის გამოც სოფლები იცლება, სხვადასხვაა, მაგრამ მთავარი მაინც სამუშაოს არქონა და უპერსპექტივობაა... ასეთ დროს, როცა სოფლები იცლება, გამოჩნდა ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებმაც ერთი დაცლილი და მიტოვებული სოფლისგან ევროპული სოფლის შექმნის სურვილი გამოთქვეს და სახელმწიფოს მიმართეს თხოვნით, დაუთმონ ერთი სოფელი, სადაც თავიანთ იდეას ხორცს შეასხამენ...

პროექტი დაწერილია, თუმცა დეტალების დაზუსტება არ დასრულებულა. რა გეგმები აქვთ ახალგაზრდებს, ამის შესახებ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დათო ცაბოშვილი გვიამბობს:

GzaPress- რამდენიმე წელია, ლაშქრობებზე დავდივარ. თითქმის მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, მთაც და ბარიც და ამ ხნის განმავლობაში უამრავი მიტოვებული სახლ-კარი, უკვე დაცლილი ან დაცლის პირამდე მისული სოფელი მინახავს. საქმე ის არის, რომ სასიკეთოდ არაფერი იცვლება. პირიქით, ვითარება გაუარესდა. ადრე, ალაგ-ალაგ რამდენიმე კომლი მაინც ცხოვრობდა, ახლა ისინიც აიყარნენ და ქალაქში ან ბარში ჩამოვიდნენ. ეს პროცესი გრძელდება. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მთაში. ალბათ ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ იმედი მაქვს, ამის გამო არ დამტუქსავენ: გადავწყვიტეთ, სოფელში თბილისელი ახალგაზრდები დავბრუნდეთ. ოღონდ, გვსურს, ტიპური, ქართული კი არა, სრულიად განსხვავებული, ევროპული სოფელი შევქმნათ, სადაც ცხოვრება საინტერესო იქნება და არა - მოსაწყენი, დამღლელი და უპერსპექტივო. როგორც გითხარით, ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ადგილობრივი მოსახლეებისგან მუდმივად მესმის, რომ სოფელში ცხოვრება გაუსაძლისია, რადგან არ არის განათლების მიღების საშუალება, სამსახური და საერთოდ, ელემენტარული პირობები. გვინდა, ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ...

- როგორ აპირებთ ამას?

- პირველ რიგში, სახელმწიფოს ვთხოვეთ, დროებით დაგვითმოს მაღალმთიან რაიონში მდებარე თუნდაც ერთი სოფელი, სადაც უკვე აღარავინ ცხოვრობს. მაგალითად, მთლიანად დაცლილია ფშავის სოფელი არბაჩხანი, რომელიც ხევსურეთს ესაზღვრება. ხევსურეთშიც არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან ზამთრობით გზა იკეტება... მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მოგვცემს უფლებას, რომელიმე სოფლის დაცლილი სახლები აღვადგინოთ, პირველი ნაბიჯი ინფრასტრუქტურის შექმნა იქნება. მას შემდეგ, რაც გავარემონტებთ იქაურობას, საცხოვრებელი სახლი იქნება თუ სხვა შენობა-ნაგებობები, სოფლის დაპროექტებას შევუდგებით.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

GzaPress- მეურნეობის დაგეგმარებასა და სწორ მენეჯმენტს. ჩემ მერ ჩამოთვლილი ყველა სოფელი, რომელთან დაკავშირებითაც სახელმწიფოს თხოვნით მივმართეთ, მდინარესთან ახლოს მდებარეობს და ნებისმიერ მათგანში მინიჰესის მოწყობის საშუალება არსებობს. ასევე ვაპირებთ, მზის ბატარეების გამოყენებასაც. აუცილებელი წინაპირობაა კანალიზაციის შექმნა. კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფერს დიდი შრომა, ენერგია და ფინანსები სჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ, ინიციატივის გაჟღერებისთანავე, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დახმარებას შეგვპირდნენ და მზად არიან, ტექნიკური თუ მატერიალური პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარონ. ბევრმა უბრალოდ, გეგმა მოგვაწოდა და რჩევა მოგვცა.

- მატერიალური მხარდაჭერის გარეშე ამ ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია. ხომ ასეა?

- რა თქმა უნდა, საწყისი კაპიტალი გვჭირდება და რამდენიმე ადამიანმა უკვე გამოთქვა სურვილი, რომ პროექტი დააფინანსოს. ასევე გამოგვეხმაურნენ ინჟინრები, ტექნიკოსები, უბრალოდ, ენთუზიასტები, ვინც ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებს... პროექტის მთავარი მონახაზი უკვე არსებობს. ეს იქნება ევროპული, კონკრეტულად - შვეიცარიული სოფლის ანალოგი. მისი პროტოტიპი უკვე შევისწავლეთ და მისი ქართულ ვერსიის დეტალებზე ვყალიბდებით. პროექტში შეტანილი გვაქვს მობილური კავშირისა და ინტერნეტის შემოყვანის გეგმა, რადგან ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდები სოფლიდან ქალაქში მიდიან, სწორედ კომუნიკაციის, განათლების მიღებისა და გართობის პრობლემაა. მთავარ აქცენტს, პირველ რიგში, ვიზუალურ მხარეზე გავაკეთებთ. შესაძლოა, ვიღაცას ხუმრობად მოეჩვენოს, მაგრამ მკაცრად გვაქვს განსაზღვრული, რომ შესასვლელშივე არ უნდა იყოს ტალახი და ქაოტურად გაბნეული დასახლება. შეიძლება, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, ჩვენი პროექტით დაინტერესებულ ადამიანებს თავადაც გაუჩნდეთ ახალი პროექტის წამოწყებისა და სოფელში დაბრუნების სურვილი.

- განათლებასა და გართობაზე საუბრობდით. ამ მხრივ რა გეგმები გაქვთ?

- ინფრასტრუქტურის მოწყობა, მხოლოდ დენისა და გაზის შეყვანას ან კანალიზაციის გამართვას არ გულისხმობს, სოფელში აუცილებლად იქნება სპორტული დარბაზები, ღია და დახურული ტიპის აუზი. ასევე, კინოთეატრი და ბიბლიოთეკა. ასევე, ვინაიდან უკვე წლებია, ზიპლაინებს ვაწყობთ, ამ მიმართულების განვითარება მართლაც პრიორიტეტული იქნება, რადგან საქართველოს თითქმის ყველა სოფელს აქვს უცხოელი ტურისტისთვის ან ადგილობრივი მოლაშქრისთვის საინტერესო ადგილი. ასევე, ვაპირებთ საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას, სალაშქრო ბილიკების მოწყობას. ეს სოფლისთვის ერთგვარი შემოსავალი იქნება. სოფლის მართვის მოდელი ჯერ არ გაგვისაზღვრავს, რადგან ეს ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია. ამ პროექტის განხორციელებას 10-მდე მეგობარი ვაპირებთ, თითოეულს კავშირები გვაქვს, რომელსაც საქმისთვის გამოვიყენებთ.

- ამ ყველაფრის არათუ თავიდან დაწყებას, უკვე აწყობილი საქმის კარგად გაძღოლასაც კი ძალიან დიდი შრომა სჭირდება...

GzaPress- დიახ, ვიცი. მუდმივად გვესმის ეს სიტყვები, - თქვენ რა იცით, სოფელში რამდენი საქმე და პრობლემააო... ჩვენს გეგმაში სულაც არ არის რამდენიმე ჰექტარი მიწის დამუშავება. გვექნება სოფლის მეურნეობა, სადაც მოწეული პროდუქტი ერთ სოფელს ეყოფა ანუ ჩვენ თვითონ დავამუშავებთ მიწას და ჩვენთვის სამყოფ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს მოვიყვანთ. გვეყოლება იმდენი საქონელი, რამდენიც გვჭირდება, მოვიყვანთ იმდენ ხორბალსა და ბოსტნეულს, რამდენიც საკმარისი იქნება (ფშავის იმ სოფელში, რომელზეც გესაუბრეთ, თავის დროზე ჩვენს წინაპრებს მოჰყავდათ ხორბალი). რა თქმა უნდა, სპეციალისტების რჩევა დაგვჭირდება და როგორც გითხარით, არიან ადამიანები, ვინც თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორბლის მოყვანის შესახებ ცოდნას გაგვიზიარებს. ზოგი მათგანი თავადაც აპირებს სოფელში საცხოვრებლად დაბრუნებას, - მშვიდი ცხოვრება გვინდა, ოღონდ ნორმალურ პირობებში და ამ პირობების შექმნაში თავადაც მივიღებთ მონაწილეობასო, - გვეუბნებიან. ახლა მთავარია, სახელმწიფომ მოგვცეს ნებართვა. თუ არაფერი გამოგვივა, გაფუჭებით მაინც არაფერი გაფუჭდება...

- რა ეტაპზეა ამჟამად თქვენი პროექტი, სახელმწიფო თუ გამოეხმაურა თქვენს იდეას?

- სახელმწიფოს მხრიდან უარის შემთხვევაშიც არ ვაპირებთ ხელის ჩაქნევას, - საწყის კაპიტალს მაინც მოვიძიებთ, ერთ უბანში ან პატარა სოფელში რამდენიმე სახლს შევისყიდით და პროექტის განხორციელებას შევუდგებით. არიან ადამიანები, რომლებიც თუნდაც პილოტურ პროექტს დააფინანსებენ.

ლალი პაპასკირი