რუსული სამეფო ოჯახის საიდუმლოს ახალი დეტალები - ვინ იყო დეკანოზი გიორგი ტერ-ტერზიევი
font-large font-small
რუსული სამეფო ოჯახის საიდუმლოს ახალი დეტალები - ვინ იყო დეკანოზი გიორგი ტერ-ტერზიევი

"კა-გე-ბემ" ქორწილის ფოტოები იმიტომ გაგვინადგურა, რომ კომუნისტები ჯვრისწერას კრძალავდნენ. იმასაც გეტყვით, რომ მამა გიორგის წასვლის შემდეგ - ის ქორწილში დიდხანს არც გაჩერებულა, სულ ხუთი წუთით შემოგვიარა - "კა-გე-ბეს" ხალხმა ის უცხოელებიც წაიყვანა, სუფრაზე აღარ დატოვა



რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის, დედოფალ ალექსანდრას და მათი შვილების საქართველოში ინკოგნიტოდ ცხოვრებისა და გარდაცვალების თაობაზე ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სათაურით - "რუსეთის უკანასკნელი გვირგვინოსნები საქართველოში გარდაიცვალნენ?", როგორც მოსალოდნელი იყო, გამოხმაურებაც მალე მოჰყვა - რედაქციაში მკითხველი, ბატონი მამუკა გოგიჩაიშვილი დაგვიკავშირდა, რომელმაც ინტერვიუში ნახსენები დეკანოზი გიორგი ამოიცნო. შეგახსენებთ, რომ ჩვენი რესპონდენტის, ქ-ნ ლეილა სონიშვილის ცნობით, რუსეთის უკანასკნელი დედოფალი, ალექსანდრა ჰესენელი სიცოცხლის ბოლო წლებში თავს სწორედ მამა გიორგისთან აფარებდა, იქვე გარდაიცვალა და წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიის ეზოშია დაკრძალული. მოძღვარის გვარი ქ-ნმა ლეილამ არ იცოდა. სმენოდა მხოლოდ ის, რომ იგი წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში მსახურობდა.
ბატონმა მამუკამ გვაცნობა, რომ დეკანოზის სახელი და გვარი გახლდათ გიორგი ტერ-ტერზიევი; იგი წარმოშობით სომეხი იყო, რწმენით - მართლმადიდებელი და მართლაც, ღვთისმსახურებას წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში აღავლენდა. მამა გიორგი მიტროსანი დეკანოზი ყოფილა - ეს კარგად ჩანს მისივე ფოტოდან, რომელიც ქ-ნმა ლეილა სონიშვილმა მოგვაწოდა და რომელიც მასთან ინტერვიუს თან დავურთეთ. ბატონ მამუკას აღმოაჩნდა მამა გიორგის სხვა ფოტოც, რომელზეც მასთან ერთად აღბეჭდილნი არიან ქართველი და უცხოელი მღვდელთმთავრები (მათ შორის - ამჟამინდელი კათოლიკოს-პატრიარქი, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, ილია II), ასევე საერო პირებიც. გიორგი ტერ-ტერზიევი საკმაოდ ცნობილი და პატივსაცემი ღვთისმსახური ყოფილა და რაც ყველაზე მთავარია, სახლში უამრავი ადამიანი ჰყოლია შეკედლებული. ასე რომ, ის ვერსია, რაც ქ-ნ ლეილა სონიშვილის ინტერვიუში გაჟღერდა, თეორიულად სავსებით დასაშვები ჩანს; თუ, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ რომანოვები ეკატერინბურგში 1918 წელს არ დაუხვრეტიათ.
მამა გიორგი ტერ-ტერზიევისა და მასთან შეკედლებული რუსეთის უკანასკნელი დედოფლის ისტორიის დეტალების შესატყობად, ბატონ მამუკას სახლში ვესტუმრე, სადაც მას და მის დედას ვესაუბრე:

ინეზა ფრანგიშვილი:
- ჩემი მამამთილი, მამია (გენო) გოგიჩაიშვილი წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოს დირექტორი გახლდათ და დეკანოზ გიორგი ტერ-ტერზიევთან ახლო მეგობრობა აკავშირებდა. მამა გიორგის მეც კარგად ვიცნობდი; ეროვნებით სომეხი იყო, თანაც - წარჩინებულთა გვარიდან, მაგრამ მართლმადიდებელი. როგორც იცით, იმხანად კომუნისტები სასულიერო პირებსა და მორწმუნეებს დიდად ავიწროებდნენ, ხალხს ეკლესიაში შესვლას უკრძალავდნენ, თუმცა ჩემი მამამთილი ყოველთვის ღრმად მორწმუნე იყო და კომუნისტურ აკრძალვებს არ უშინდებოდა. ეკლესიაშიც თამამად შედიოდა და სასულიერო პირებთანაც დაუფარავად ურთიერთობდა. აი, ამ სურათზე ის და მამა გიორგი ტერ-ტერზიევი სვეტიცხოველში, ქართველ და უცხოელ მღვდელმთავრებთან ერთად არიან აღბეჭდილნი. ხედავთ, მისი უწმიდესობა, ილია II-ც აქ ბრძანდება. იგი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კათოლიკოს-პატრიარქი, მიტროპოლიტი გახლდათ.

- მართლაც საინტერესო სურათია... ხომ არ იცით, ვინ გადაიღო, ან როდის?
- ვინ გადაიღო, არ ვიცი. 1977 წელს, მიტროპოლიტი ილია უკვე კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს; შესაბამისად, სურათი მანამდეა გადაღებული. მაშინ რაღაც საეკლესიო დღესასწაული იყო; სვეტიცხოველში მღვდელთმთავრები თითქმის ყველა მართლმადიდებლური ქვეყნიდან ჩამობრძანდნენ - სერბეთიდან, ბულგარეთიდან, რუსეთიდან... სურათზე აღბეჭდილ სასულიერო პირთა შორის მხოლოდ მამა გიორგია დეკანოზი, დანარჩენები კი მეუფეები, ან პატრიარქები არიან. მამა გიორგის ყველა დიდ პატივს სცემდა - საერონიც და სასულიერონიც.
- მამა გიორგისთან შეკედლებული რუსეთის დედოფლის შესახებ რაიმე თუ გსმენიათ?
- დაწვრილებით არა, მაგრამ როცა რომანოვების შესახებ თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებული ინტერვიუ წავიკითხე, რაღაც დეტალები გამახსენდა - მამა გიორგი ნაძალადევში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა; ეზოში აშენებული ჰქონდა კელიები და სატრაპეზო. 1974 წელს, როდესაც მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარი დავიწერეთ, მან თავის სახლში მიგვიწვია და სწორედ მაშინ ვნახე ის დამხმარე ქალიც, რომელზეც ინტერვიუში იყო საუბარი. კარგად მახსოვს, როგორ შედიოდა ის ერთ-ერთ კელიაში და მამა გიორგის მეუღლემ, დეიდა თამარმა, რუსულად დაუძახა: "Отойди оттуда!"; თქვენი ინტერვიუდან ეს დეტალი ნამდვილად კი მეცნო, მაგრამ თუ ვინ იყო მამა გიორგისთან შეკედლებული პიროვნება, ვერ გეტყვით. შესაძლოა, ეს ჩემს მამამთილს სცოდნოდა, მაგრამ ჩვენთვის არაფერი უთქვამს. დროც არ იყო მაშინ ისეთი, რომ ასეთ რამეებზე თავისუფლად ელაპარაკა. სხვათა შორის, მამა გიორგი ერთხანს ციხეშიც იჯდა, მაგრამ რის გამო, არ მახსოვს; ციხიდან გამოსვლის შემდეგაც, მას უშიშროება სულ კვალში დაჰყვებოდა. ჩემი ქორწილის დროს ამას მე თვითონაც შევესწარი...

- იქნებ მოკლედ გვიამბოთ, რას შეესწარით?
- მე და ჩემი მეუღლე 1974 წელს დავქორწინდით. მამა გიორგის თანადგომით, ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ. ხომ იცით, რომ იმხანად ეს წარმოუდგენელი რამ იყო, ეკლესიაშიც ასე მასობრივად არავინ დაიარებოდა; ისე მოხდა, რომ ჯვრისწერის ცერემონიალს შემთხვევით უცხოელი ჟურნალისტები დაესწრნენ და ყველაფერი ვიდეოკამერით გადაიღეს. შემდეგ ისინი რესტორან "უშბაში" დავპატიჟეთ, სადაც საქორწილო სუფრა გვქონდა გაშლილი. მაშინ არც მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უცხოელებს "კა-გე-ბეს" ხალხიც ახლდა. ქორწილშიც, ცხადია, ყველანი წამოვიდნენ.
როგორც წესი, ამჟამად ქორწილებს ვიდეოკამერით იღებენ, იმხანად კი ასეთი რამ მიღებული არ იყო. ჩვენს ქორწილზე ფოტოებს სწორედ მამა გიორგის შვილი, იური იღებდა. მის გარდა, მოძღვარს ორი ქალიშვილიც ჰყავდა; ისინიც, ცხადია, მაშინ ჩვენთან იყვნენ. თავად მამა გიორგი მოგვიანებით გვესტუმრა, დაგვლოცა და ღვთისმშობლის ხატიც გვაჩუქა. მახსოვს, როდესაც იგი დარბაზში შემოვიდა, სტუმრების დიდი ნაწილი სადღაც მიიმალა (იცინის), რომ სასულიერო პირთან ერთად ქორწილში ყოფნის გამო, "ზემოდან" პრობლემები არ შეჰქმნოდათ. იური, რომელიც ფოტოებს იღებდა, სულ რამოდენიმე წუთით მივიდა მამამისთან და სწორედ ამ დროს, აპარატი, რომელიც იქვე ედო, სადღაც გაქრა, ისევე, როგორც უცხოელების ვიდეოკამერა...

- ანუ, თქვენი აზრით, ისინი "კა-გე-ბემ" აწაპნა?

- გეტყვით... ერთი სიტყვით, აპარატი და კამერა გაქრა. ბევრი ვეძებეთ, თუმცა ვეღარსად ვნახეთ. ქორწილის დასრულების შემდგომ ვიპოვეთ ეზოში. ორივე გაეხსნათ, ფირები ამოეღოთ და მიწაზე ისე დაეგდოთ. ცხადია, "კა-გე-ბეს" გარდა, ამას ვერავინ გაბედავდა; როგორც ჩანს მათ ფირების განადგურება სურდათ.
- ჯვარი მამა გიორგიმ დაგწერათ?
- არა... ის არც ჯვრისწერას დასწრებია; უბრალოდ, მან გვირჩია და თანადგომა გაგვიწია, რომ ჯვარი დაგვეწერა. მგონი, "კა-გე-ბემ" ქორწილის ფოტოები იმიტომ გაგვინადგურა, რომ კომუნისტები ჯვრისწერას კრძალავდნენ. იმასაც გეტყვით, რომ მამა გიორგის წასვლის შემდეგ - ის ქორწილში დიდხანს არც გაჩერებულა, სულ ხუთი წუთით შემოგვიარა - "კა-გე-ბეს" ხალხმა ის უცხოელებიც წაიყვანა, სუფრაზე აღარ დატოვა.
- როგორ გგონიათ, "კა-გე-ბე" მამა გიორგის რუსეთის სამეფო ოჯახთან დაკავშირებით უთვალთვალებდა?
- გადაჭრით ამის თქმა არ შემიძლია, იმას კი გეტყვით, რომ მამა გიორგი ტერ-ტერზიევი ცნობილი იყო იმით, რომ ოჯახში უამრავი ადამიანი ჰყავდა შეკედლებული და ბევრი რამ იცოდა; მაგალითად, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე ტერენტი გრანელის საფლავი სწორედ მისი მითითებით ნახეს; ამბობდა იმასაც, რომ ფიროსმანიც იქვე იყო დაკრძალული. რამდენადაც ჩემი მამამთილი მისი ახლო მეგობარი იყო, მამა გიორგი ჩვენთან სტუმრად ხშირად დაიარებოდა და ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. სხვათა შორის, ამას წინათ მართლაც სადღაც წავიკითხე, თითქოს ფიროსმანის საფლავი პეტრე-პავლეს სასაფლაოზე იპოვნესო... ერთი სიტყვით, მამა გიორგიმ უამრავი საინტერესო რამ იცოდა, მაგრამ ცხადია, მაშინ ყველაფერს ვერ იტყოდა. სამწუხაროდ, ჩემი მამამთილიც ამჟამად გარდაცვლილია, თორემ მამა გიორგის თაობაზე ის უფრო მეტს მოგიყვებოდათ... თუ რუსეთის უკანასკნელი დედოფალი მართლაც მამა გიორგისთან აფარებდა თავს, შესაძლოა, ამის თაობაზე ჩემს მამამთილსაც სცოდნოდა რამე... ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან მსგავსი არაფერი უთქვამს.
- ხომ ვერ გაიხსენებდით, სახელდობრ რა ბრალდებით ან როდის დაატუსაღეს მამა გიორგი?

მამუკა გოგიჩაიშვილი:
- მამა გიორგი 1971 წელს დააპატიმრეს. სხვათა შორის, მაშინ ბაბუაჩემიც კი ჩასვეს; ასე რომ, ციხეში ორივენი ერთად იყვნენ. ბაბუაჩემი მაშინ მექრთამეობაზე იყო დაჭერილი; მამა გიორგი რა ბრალდებით იჯდა, არავინ იცის. ეს იმთავითვე გასაიდუმლოებული იყო. როგორც მოგეხსენებათ, იმხანად სასულიერო პირების დაკავების შემთხვევაში ყველაფერს ასაიდუმლოებდნენ... ციხიდან გამოსვლის მერე, მამა გიორგიმ ისევ წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიაში განაგრძო ღვთისმსახურება.
ინეზა ფრანგიშვილი:
- დიახ, როგორც გითხარით, ჩვენ არ ვიცით, რატომ დაიჭირეს მამა გიორგი... ამაზე არც თვითონ საუბრობდა და არც ჩემი მამამთილისგან გაგვიგია რამე. უფრო მეტსაც გეტყვით - როცა გენო დაიჭირეს, ეს ფოტოც, რომელზეც ის მამა გიორგი ტერ-ტერზიევთან და სხვა მღვდელმსახურებთან ერთადაა აღბეჭდილი, საერთოდ გადავმალეთ. კომუნისტური რეჟიმის პირობებში, როგორც იცით, ეკლესიასთან ყოველგვარი სახის ურთიერთობა ერისკაცს სასტიკად ეკრძალებოდა... მამა გიორგი ჩვენთან რომ მოდიოდა ხოლმე, კომუნისტების შიშით, ყველა ერიდებოდა.
- ხომ არ გსმენიათ, როგორ გახდა მამა გიორგი სასულიერო პირი? დაჭერის დროს უკვე მღვდელი იყო?

მამუკა გოგიჩაიშვილი:
- დიახ, როცა დაიჭირეს, მამა გიორგი უკვე მღვდელი იყო; რუსთავში იჯდა, კოლონიაში და ჩვეულებრივ, იქაც ანაფორა ეცვა.
ინეზა ფრანგიშვილი:
- სასულიერო პირად გახდომას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ეს დეტალები არ ვიცით... ისე კი, ძველი თაობის მღვდელთმსახურებს მამა გიორგი ტერ-ტერზიევი ალბათ, კარგად ეხსომებათ.
მამუკა გოგიჩაიშვილი:
- სხვათა შორის, ჩვენ ადრე ქაშუეთიდან გვესტუმრა ერთ-ერთი მოძღვარი, მამა ელიზბარი და ეს ფოტოც ვაჩვენეთ... მან მამა გიორგი იცნო და თქვა, კარგად ვიცნობდიო. მამა ელიზბარი სწორედ ძველი თაობის მღვდელმსახურია და მამა გიორგის შესახებ შესაძლოა, მასაც რაიმე სმენოდეს.
- წეღან მამა გიორგის შვილები ახსენეთ... ხომ არ იცით, ახლა სად არიან ისინი?
ინეზა ფრანგიშვილი:
- როგორც გითხარით, მამა გიორგის სამი შვილი ჰყავდა - ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. უფროსი ქალიშვილი გათხოვილი იყო; სიძის სახელიც კარგად მახსოვს, მამული ერქვა. ნამდვილად ვიცი, რომ ისინი ახლაც თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ სად - ვერ გეტყვით. მგონი სადღაც პლეხანოვზე, საბჭოს მოედანთან ახლოს უნდა ცხოვრობდნენ; ვაჟიშვილი, იური, ცოლ-შვილთან ერთად აქვე, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. მერე გაყიდეს ბინა და გადავიდნენ. მას ცოლი ერევნელი ჰყავდა და როგორც გავიგე, სომხეთში წასულან. დამავიწყდა მეთქვა, რომ მამა გიორგი ჩემი დედამთილის ნათლიაც იყო; ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მერე და მერე, თავისთავად მოხდა ისე, რომ ურთიერთობები შესუსტდა... დღეს ჩემი მეუღლეც, დედამთილ-მამამთილიც გარდაცვლილები არიან, ისინიც დაიფანტნენ და დავკარგეთ ერთმანეთი.

- ხომ არ გახსოვთ, მამა გიორგი ნაძალადევში რომელ ქუჩაზე ცხოვრობდა?
- მიუხედავად იმისა, რომ მის სახლში რამდენეჯერმე ვარ ნამყოფი, ამჟამად ვერ ვიხსენებ, სახელდობრ რომელ ქუჩაზე ცხოვრობდა. მახსოვს მხოლოდ ის, რომ მისი სახლისკენ მიმავალი გზა პატარა ქვაფენილ აღმართს მიუყვებოდა, შემდეგ კი მარჯვნივ უნდა შეგეხვიათ და პატარა, ცისფერ ჭიშკარს მიადგებოდით. სწორედ იქ ცხოვრობდა მამა გიორგი ტერ-ტერზიევი... საკუთარი თვალით მაქვს ნანახი კელიები, სადაც მას უამრავი ხალხი ჰყავდა შეფარებული. მახსოვს ის დამხმარე ქალიც, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთის უკანასკნელი დედოფლის იქ ცხოვრების თაობაზე არაფერი მსმენია. თავად მამა გიორგი დაახლოებით 1977 თუ 1978 წელს, ციროზით გარდაიცვალა და თუ არ ვცდები, პეტრე-პავლეს სასაფლაოზეა დაკრძალული. როცა თქვენს ჟურნალში ის ინტერვიუ წავიკითხე, როგორც გითხარით, რაღაც დეტალები გამახსენდა, თუმცა გული მწყდება, რომ დანამდვილებით არ ვიცი, მართლა ჰყავდა თუ არა მამა გიორგის შეკედლებული რუსეთის უკანასკნელი დედოფალი...
- არა უშავს, თქვენ მამა გიორგი ტერ-ტერზიევის თაობაზე მაინც ბევრი რამ გვიამბეთ. იმედია, მკითხველები ამ ინტერვიუსაც გამოეხმაურებიან და რომანოვთა ოჯახის შესახებ კიდევ რაიმეს შევიტყობთ.

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
15.10.2017
ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ნიკოლოზ 2 ბრიტანეთის იმპერიას მართავდა გეორგ 5–ის სახელით. (ნიკოლოზ 2 და გეორგ 5 დეიდაშვილები იყვნენ, დანიელი დედები ყავდათ დანიის სამეფო სახლიდან) და ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ. ზღაპრებია ეს... ალექსანდრა ფეოდოროვნა (ნიკოლოზ 2–ის მეუღლე) 1918–ში დახვრიტეს ბოლშევიკებმა ოჯახთან, ექიმ ბოტკინთან და მოსამსახურეებთან ერთად. მათი ნეშტებიც ნაპოვნია და იდენტიფიცირებული.
ნგ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1005 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი