რატომ გამოაცხადეს რუსებმა აფხაზები "დამნაშავე ეროვნებად"?
font-large font-small
რატომ გამოაცხადეს რუსებმა აფხაზები "დამნაშავე ეროვნებად"?

აფხაზი თავადი კავკასიის საქმეთა საგანგებო რწმუნებულად დანიშნა. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ოსმალეთის კავკასიური პოლიტიკის მთავარი წარმმართველი ამიერიდან ქამლათ-ფაშა მარღანია გახდა




XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს, ოსმალეთის იმპერიის ევროპულ ნაწილში - ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ბულგარეთსა და მაკედონიაში, სრულიად მოულოდნელად, ვითარება უკიდურესად გამწვავდა: იმპერიის ქრისტიანმა ქვეშევრდომებმა სტამბოლის მესვეურთა მიერ გადასახადების გაზრდას აჯანყებით უპასუხეს. 1875 წელს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის მკვიდრი, მართლმადიდებელი სერბები აჯანყდნენ, ხოლო ერთი წლის შემდეგ - ბულგარელები და მაკედონიელები. გარდა ამისა, აჯანყება იმხანად ოსმალეთის შემადგენლობაში შემავალ ქართულ მხარეებშიც - ლაზეთსა და აჭარაშიც დაიწყო. ეს ყველაფერი ჯაჭვური რეაქციასავით გადაება ერთმანეთს და გვარიანადაც შეაშფოთა სულთნის კარი. სტამბოლში შეიარაღებული გამოსვლების უკან რუსეთის სილუეტი დალანდეს.
მართლაც, ყირიმის ომში (1853-1856) დამარცხებული რუსეთი ოსმალეთთან რევანშის ასაღებად ყოველ ღონეს ხმარობდა. სანქტ-პეტერბურგი ცდილობდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში ოსმალეთის იმიჯი იმგვარად შეელახა, რომ შემდგომში მის წინააღმდეგ ომის დასაწყებად სერიოზული საბაბი ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, რუსი ემისრები აქტიურად მუშაობდნენ ბალკანელ სლავებს შორის, აქეზებდნენ მათ სულთნის წინააღმდეგ ასაჯანყებლად და მერე კი ღვთის ანაბარა ტოვებდნენ. რუსთა უპირველესი მიზანი ის იყო, რომ სტამბოლი როგორმე პროვოკაციას წამოჰგებოდა და ქრისტიანთა გენოციდი მოეწყო. ბუნებრივია, ამის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს უკვე ვეღარ გაამტყუნებდა, თუ ეს უკანასკნელი "მოძმე სლავების" დაცვის საბაბით ოსმალეთს ომს დაუწყებდა.

GzaPress

1876 წლის აპრილში, როცა ბულგარეთი აჯანყდა, სტამბოლი მართლაც წამოეგო რუსთა დაგეგმილ პროვოკაციას. ოსმალებმა აჯანყება სისხლში ჩაახრჩვეს და თანაც, დედაბუდიანად ამოწყვიტეს ქალაქების - კლისურასა და კოპრივშტიცას მშვიდობიანი მოსახლეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი ოსმალეთის არმიის "კავკასიურმა ნაწილებმა" აღასრულეს, რომლებიც 1864-1867 წლებში კავკასიიდან გადმოსახლებული ჩერქეზებისა და აფხაზებისაგან შედგებოდა. ამ "კავკასიურ ნაწილებს" აფხაზი ქამლათ-ფაშა მარღანია (მაანი) და უბიხი ზექერია დაგუმოყვა სარდლობდნენ.
ამგვარად, რუსების ვარაუდი გამართლდა. მშვიდობიან ბულგარელთა გაჟლეტაზე საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი აღარ დახუჭა; გენოციდი დაგმეს იმჟამინდელმა ცნობილმა საზოგადო და პოლიტიკურმა მოღვაწეებმა, მწერლებმა და ჟურნალისტებმა. ამავდროულად, ოსმალეთის იმპერიის ტახტზე აბდულჰამიდ II ავიდა და ევროპელებმაც მომხდარზე რეაგირება სწორედ მას მოსთხოვეს. ახალი სულთანი, წინამორბედებისგან განსხვავებით, ბრწყინვალე დიპლომატი გამოდგა. ყველას აღუთქვა, რომ პირადად გამოიძიებდა ბულგარელთა გაჟლეტის საქმეს. ამავე დროს, მან ქამლათ-ფაშა მარღანია დააჯილდოვა და დააწინაურა კიდეც. აფხაზი თავადი კავკასიის საქმეთა საგანგებო რწმუნებულად დანიშნა. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ოსმალეთის კავკასიური პოლიტიკის მთავარი წარმმართველი ამიერიდან ქამლათ-ფაშა მარღანია გახდა.

აღსანიშნავია, რომ აბდულჰამიდ II ტახტზე ასვლამდეც კარგად ხვდებოდა რუსთა ჩანაფიქრს, რევანშის აღების თაობაზე. მან ისიც გათვალა, რომ ადრე თუ გვიან, სანქტ-პეტერბურგი ომის დასაწყებად ევროპისგან დასტურს მიიღებდა და გადაწყვიტა, რომ დაზვერვა აემოქმედებინა. ტრადიციულად, რუსეთის იმპერიის ყველაზე სუსტ წერტილს კავკასია წარმოადგენდა. ამავდროულად, იქ ბევრი მუსლიმანი ცხოვრობდა და აქედან გამომდინარე, ოსმალო ემისრებს წარმატება თითქმის გარანტირებული ჰქონდათ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოსმალეთში იმყოფებოდა მილიონამდე ჩრდილოკავკასიელი მუჰაჯირიც. რუსეთის წინააღმდეგ "ფარულ ომში" ამ ხალხს სტამბოლისთვის განუზომელი დახმარების გაწევა შეეძლო. სწორედ ეს გაითვალისწინა აბდულჰამიდ II-მ, როცა კავკასიური საქმეები აფხაზ ქამლათ-ფაშა მარღანიას ჩააბარა.
კავკასიის შავიზღვისპირეთში, კერძოდ - აფხაზეთში, იმხანად არსებული საერთო ვითარება ოსმალური დაზვერვისთვის ძალიან ხელსაყრელი იყო: რუსები ცდილობდნენ, იქიდან ქართველები და აფხაზები საბოლოოდ გაეძევებინათ, ხოლო მათ ნასახლარებზე კაზაკები ან იმპერიისადმი ლოიალურად განწყობილი უცხოტომელი კოლონისტები დაემკვიდრებინათ. ბუნებრივია, ეს ქართველებისა და აფხაზების დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, რაც ზოგჯერ შეიარაღებულ წინააღმდეგობაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე, თუმცა 1867 წლის შემდეგ, მასშტაბური გამოსვლები აღარ მომხდარა. ამავდროულად, ცარიზმის მესვეურები, როგორც წესი, ძალზე აქტიურად მუშაობდნენ აფხაზებსა და ჩვენს შორის მტრობის გასაღვივებლად.

GzaPress

1877 წლის დასაწყისში, როდესაც ევროპაში ყველასათვის ცხადი იყო, რომ რუსეთი "ერთმორწმუნე სლავების დაცვის" საბაბით ოსმალეთში მალე შეიჭრებოდა, აფხაზეთში გავრცელდა ქამლათ-ფაშა მარღანიას მოწოდება, რომელსაც ოსმალეთის სამსახურში მდგარი, სამშობლოში მალულად დაბრუნებული მუჰაჯირები ავრცელებდნენ. ეს ხალხი განსაკუთრებით აქტიურობდა აბჟუაში (ამჟამინდელი ოჩამჩირისა და გულრიფშის ტერიტორია) და გუმაში (დღევანდელი სოხუმის საქალაქო საბჭო) - იქ, სადაც ომის დაწყების შემთხვევაში, ოსმალები დესანტის გადმოსხმას გეგმავდნენ. გარდა ამისა, ამ მხარეებში იმხანად აფხაზები შედარებით კომპაქტურად სახლობდნენ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქამლათ-ფაშას მოწოდება ძირითადად, ზეპირად ვრცელდებოდა, თუმცა ხალხის დასაწმუნებლად მუჰაჯირებს თან ჰქონდათ ოსმალურად ნაწერი ფირმანებიც, სადაც ღმერთმა უწყის, რა ეწერა სინამდვილეში.
ქამლათ-ფაშას წარმოგზავნილი მუჰაჯირები აფხაზებს არწმუნებდნენ, რომ დიდი სულთანი მზად იყო, მათ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დახმარებოდა: "ოსმალეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები მზად არიან, იარაღი აიღონ ხელში და შავი ზღვა გადმოლახონ იმისათვის, რომ დედა-სამშობლო რუსებისაგან გაათავისუფლონ; რა თქმა უნდა, სულთანი ყოველნაირად ხელს შეგვიწყობს, ოღონდ თქვენც მზად უნდა იყოთ იმ ღირსეული საქმის აღსასრულებლად, რასაც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია!" - მოუწოდებდნენ ისინი ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებს მშვენივრად ახსოვდათ 1867 წელი, როდესაც ოსმალებმა აჯანყებულთა დასახმარებლად თითიც კი არ გაანძრიეს, ქამლათ-ფაშას მჭევრმეტყველურ მოწოდებას მაინც ბევრი აჰყვა. 1877 წლის მაისის თვეში, აბდულჰამიდ II-მ უკვე იცოდა, რომ აფხაზეთში დაახლოებით 20 ათასამდე კაცი გადაბირებული იყო.

აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზემოთ ხსენებული პროპაგანდის პარალელურად, ოსმალეთის ემისრები აფხაზთა და ქართველთა შორის შუღლის გაღვივებას დიდად უწყობდნენ ხელს. ისინი აფხაზებს ეუბნებოდნენ, რომ რუსები აფხაზეთში "ქართველების მოწვევით" იმყოფებოდნენ და შესაბამისად, ყველაფერში დამნაშავენი სწორედ ეს უკანასკნელნი გამოდიოდნენ: "ქართველებიც ქრისტიანები არიან, რუსებიც... მათ ჩვენი ამოწყვეტა სურთ, ხოლო ერთმანეთს კი ჩვენს დასანახად ექიშპებიან. გონს მოდით, აფხაზებო! დადექით სულთნის დროშის ქვეშ და გაათავისუფლეთ სამშობლო!" - ემისრების სიტყვით, ეს ყველაფერი ქამლათ-ფაშას მოწოდებაში ეწერა.
საინტერესოა, რომ სოხუმის ოლქის ჟანდარმერიამ აბჟუასა და გუმაში ოსმალეთის აგენტთა გამოჩენისთანავე, მათი მიზნებისა და ამოცანების თაობაზე ინფორმატორებისგან ყველაფერი დროულად შეიტყო, თუმცა არავითარი კონტრზომები არ მიუღია - "ამ ეტაპზე მათი ქმედებები აღკვეთას არ საჭიროებს... ოღონდ, ბრძანება გავეცი, რომ არც ერთ აგენტს ჩვენებმა თვალი არ მოაშორონ" - სწერდა ოლქის სამხედრო განყოფილების უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე კრავჩენკო კავკასიის მეფისნაცვალს - დიდ თავად მიხაილ რომანოვს. რუსების ჩანაფიქრით, ოსმალური აგენტურის საქმიანობა საბოლოოდ მაინც მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს.

1877 წლის 29 აპრილს, გუდაუთაში ოსმალური არმიის მრავალრიცხოვანი დესანტი გადმოსხდა, რომელიც აფხაზი მუჰაჯირებისგან შედგებოდა და რომელსაც, რაღა თქმა უნდა, ქამლათ-ფაშა მარღანია სარდლობდა. გუდაუთის რუსული გარნიზონი მტერს ისე დანებდა, თოფიც არ გაუსროლია. ქამლათ-ფაშამ გუდაუთელები სანაპიროზე შეკრიბა და მგზნებარე სიტყვით მიმართა. მან განაცხადა, რომ სულთან აბდულჰამიდს ყელში ამოუვიდა რუსების თვითნებობა და გადაწყვიტა, გიაურებისათვის ჭკუა ესწავლებინა: "გარდა აფხაზეთისა, ომი მიმდინარეობს ბალკანეთშიც. დიდია ძალა სულთნისა და მას გიაურები წინ ვერ აღუდგებიან!" - გულში მჯიღს იცემდა აფხაზი თავადი.
იმავე საღამოს, თითქმის მთელ აფხაზეთში - სოჭიდან ღალიძგამდე - ანტირუსული აჯანყება დაიწყო. მარღანიას დესანტი სოფლებში გაიფანტა და წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, ყველა მომხრე დარაზმა. ამავდროულად, ოსმალურმა ხომალდებმა ზღვიდან ცეცხლი გაუხსნეს სოხუმს. მალე ბესლეთის მხრიდან ქალაქში შემოიჭრნენ გუმისთელი მეამბოხეები და ბრძოლები უშუალოდ ქუჩებში გაჩაღდა. გარნიზონმა ვერ შეძლო მათი მოგერიება და უდიდესი დანაკარგების ფასად, კოდორის მიმართულებით უკან დაიხია. თავად გენერალ-ლეიტენანტი კრავჩენკო, რომელიც არყით კარგა მაგრად გამომთვრალიყო, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მისმა ჯარისკაცებმა ის ნიფხვისამარა გამოათრიეს საწოლი ოთახიდან და კოდორისაკენ წაიყვანეს.

GzaPress

ქამლათ-ფაშას მუჰაჯირებმა და აჯანყებულებმა ერთობლივი ძალებით მოკლე ხანში მთელ აფხაზეთზე კონტროლი დაამყარეს - სამურზაყანოს გამოკლებით და სოხუმში აფხაზეთის სამთავროს აღდგენა გამოაცხადეს. ქამლათ-ფაშამ აფხაზებს გამოუცხადა, რომ სტამბოლში, სულთან აბდულჰამიდ II-ის კარზე სამთავრო ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტი იმყოფებოდა, რომლის ჩამოსვლამდეც, ტახტს თავად დაიკავებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიცრუე იყო. ქამლათ მარღანიას მთავრად გახდომა თვითონვე უნდოდა. მისი ბრძანებით, ოსმალური არმიის მთავარი შტაბი სოხუმის ოლქის სამხედრო განყოფილების შენობაში განლაგდა. სოხუმი ოფიციალურად გამოცხადდა აბდულჰამიდ II-ისადმი დაქვემდებარებულ ქალაქად, ხოლო ამბოხებულებმა კი საჯაროდ დაიფიცეს, რომ სულთნისათვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდნენ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ამ ინციდენტში ჩათრევა თავიდანვე გათვალისწინებული იყო როგორც რუსების, ისე ოსმალების მიერ. ორივე მხარე იმედოვნებდა, რომ ქართველები რუსული არმიის მხარეს დადგებოდნენ, რადგან იმჟამად ჩვენში ანტიოსმალური განწყობილება უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ანტირუსული და თანაც, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ოსმალებისთვისაც და რუსებისთვისაც ეს თანაბრად მომგებიანი იყო: თუ ოსმალები გაიმარჯვებდნენ, ქართველები განწირულნი იყვნენ - მათ აფხაზები მოუღებდნენ ბოლოს; თუ რუსები გაიმარჯვებდნენ, ჩვენსა და აფხაზთა შორის მაინც მტრობა ჩამოვარდებოდა. ასე რომ, მოვლენები ყველა შემთხვევაში ჩვენს საწინააღმდეგოდ უნდა განვითარებულიყო. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზნითვე დაიხია უკან რუსულმა არმიამ აფხაზეთის ფრონტზე მაშინ, როდესაც სხვა ფრონტებზე თავდაცვითი პოზიციები ოსმალურ არმიას ეკავა. ამავდროულად, უკანდახეულმა რუსმა ჯარისკაცებმა ქალებისა და ბავშვების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე აფხაზეთის ქართველობას უარი განუცხადეს - ვერ მოვასწრებთ, მტერი მრავალრიცხოვანიაო.

ამრიგად, აფხაზეთის ქართველობა იძულებული გახდა, უსაფრთხოებაზე თავადვე ეზრუნა. ქამლათ-ფაშა მარღანიამ, რომელიც მართლა არ ელოდა, თუ ასე მოკლე ხანში ჩაიგდებდა ხელში მთელ აფხაზეთს, ქართველებთან მაინც მორიგება გადაწყვიტა - მან სოხუმის მკვიდრ ქართველობას ოსმალეთისადმი ლოიალობის გამოჩენისკენ მოუწოდა, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების გარანტია მისცა. ქართული მოსახლეობა მოწოდებას არ გამოეხმაურა, სოხუმი დატოვა და კოდორისპირა ტყეებში გამაგრდა. მოგვიანებით, მათ ქრისტიანი აფხაზებიც შეუერთდნენ, რომლებსაც ქამლათ-ფაშა არ ენდობოდა და რუსთა აგენტებად მიიჩნევდა. გაჩაღდა პარტიზანული მოძრაობა. გარდა ამისა, ქართველებმა მედესანტე მუჰაჯირების ნაწილიც გადმოიბირეს. "უმჯობესია, ოსმალებს გაემიჯნოთ, რადგან რუსები ბევრნი არიან, ვერ აჯობებთ და სამუდამოდ მოსწყდებით სამშობლოს; ამიტომ სანამ დროა, დაყარეთ იარაღი და დაუბრუნდით თქვენს სახლებს, რომლებიც კარგა ხანია, მოგელიან". - ეუბნებოდნენ ისინი მუჰაჯირებს.
ომის სხვა ფრონტებზე ოსმალური არმიის ზედიზედ დამარცხებამ, აბდულჰამიდ II გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა - კავკასიაში რუსები ბათუმს ემუქრებოდნენ, ხოლო ბალკანეთში კი ოსმალური შეიარაღებული ძალები კატასტროფის წინაშე იდგნენ. ასეთ ვითარებაში, აფხაზეთში საომარი მოქმედებების გაგრძელება უაზრობა იყო და ამიტომ, 1877 წლის ივნისში, სტამბოლიდან ქამლათ-ფაშას მკაცრად უბრძანეს, მოეხსნა მთელი ფრონტი და მისდამი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილებიც ბულგარეთში ჩაეყვანა. ეს ბრძანება აფხაზი თავადისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა და სანამ ის ფიქრობდა, თუ როგორ გადაეცა ყველაფერი თანამებრძოლთათვის ისე, რომ ბუნტი არ გამოეწვია, გაჭირვების ტალ-კვესად რუსები მოევლინნენ. მეფისნაცვალმა, მიხაილ რომანოვმა, რომელმაც აგენტურის მეშვეობით ოსმალოთა გეგმები დეტალურად შეიტყო, გენერალ-ლეიტენანტ პავლე კრავჩენკოს ქამლათ-ფაშასთან საიდუმლო მოლაპარაკების დაწყება უბრძანა.

მოლაპარაკების მთავარი პირობა რუსების მხრიდან ამგვარი იყო: ქამლათ-ფაშას აფხაზეთის დატოვების შესაძლებლობას მისცემდნენ, თუ ის ყველა აფხაზს ხომალდზე აიყვანდა და ჯარის ნაწილებთან ერთად ბულგარეთში გადაიყვანდა. აღსანიშნავია, რომ რუსები ოსმალოთა აფხაზ სარდალს იმასაც აღუთქვამდნენ, რომ პირობაზე თანხმობის შემთხვევაში, აფხაზეთის ფრონტზე ერთთვიან მორატორიუმს გამოაცხადებდნენ, რათა ქამლათ-ფაშას აფხაზთა თავმოყრა არ გასჭირვებოდა. ცხადია, ქამლათ-ფაშა რუსებს დათანხმდა და პავლე კრავჩენკომაც თავის ჯარის ნაწილებს მკაცრად აუკრძალა ღალიძგის იქით ფეხის გადადგმა.
1877 წლის ივნისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე, ქამლათ-ფაშა მარღანიას ჯარი აბჟუისა და გუმის სოფლებს შეესია. ისინი აფხაზებს ოსმალეთში გადასახლებისაკენ მოუწოდებდნენ, თან აშინებდნენ, რომ ვინც სამშობლოში დარჩებოდა, რუსები ყველას დედაბუდიანად ამოწყვეტდნენ. ცხადია, ხალხი ამ მოწოდებას არ აჰყვა და ამიტომ ჯარს ძალის გამოყენებამაც მოუწია. ქამლათ-ფაშამ 27 ათასზე მეტი კაცი არეკა გემებზე და ბალკანეთისაკენ გაუყენა გზას. აფხაზეთი ხელახლა გავერანდა, განსაკუთრებით - გუმისთისა და კოდორის სანაპიროები. აღსანიშნავია, რომ გადასახლებულთაგან ყველა ეთნიკურად აფხაზი არ ყოფილა. ქამლათ-ფაშამ ბლომად წაიყვანა ქართველები და ბერძნებიც. სხვათა შორის, წაყვანილთა შორის იყო პირველი აფხაზი მწერლის, დიმიტრი გულიას მამის - იოსების ოჯახიც. გულიები ქართველები იყვნენ და გულრიფშის ახლოს, სოფელ ვარჩეში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, იოსებმა და დედამისმა ოსმალეთიდან აფხაზეთში დაბრუნება კი მოახერხეს, მაგრამ აფხაზ მუჰაჯირებთან ხანგრძლივი დროით ცხოვრების გამო, დიმიტრი გულიას მამას მშობლიური ენა აღარც ახსოვდა, თავს აფხაზად მიიჩნევდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც აფხაზად დარჩა.

1877 წლის 19 აგვისტოს, დაცარიელებული და ქამლათ-ფაშას ჯარისკაცებისაგან მთლად გადამწვარი სოხუმი რუსულმა არმიამ დაიკავა. გენერალ-ლეიტენანტი პავლე კრავჩენკო ამაყად მიათოხარიკებდა ცხენს უკაცრიელ ქუჩებში. მოგვიანებით კი მისმა ჯარისკაცებმა მთელ ქალაქში ძლივს მოაგროვეს ორმოცამდე კაცი, რომელთაც მისი მაღალკეთილშობილება კავკასიის მეფისნაცვლის საგანგებო ბრძანება წაუკითხეს - ამიერიდან აფხაზები რუსეთის იმპერიაში "დამნაშავე ეროვნებად" ცხადდებოდნენ. მათ ეკრძალებოდათ ზღვის ნაპირზე დასახლება, იმპერიის სახელისუფლებო ორგანოებსა და არმიაში სამსახური, ერობის არჩევნებში მონაწილეობა და ბევრი სხვა რამ.
P.შ. აფხაზების "დამნაშავე ეროვნებად" გამოცხადებამ ერთ მეტად თავისებურ და სავალალო მოვლენას ჩაუყარა საფუძველი, რასაც "ქართველთა გააფხაზება" ჰქვია, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა...


მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
07.01.2015
ნიკოლოზ პირველმა რუსეთ-თურქეთის ომის (1828-29 წწ.) წარმატებით დასრულების შემდეგ ახალი დავალება მისცა: „დაამთავრეთ რა, ამრიგად ერთი დიდებული საქმე, მოგელით მეორე, პირდაპირი გაგებით უფრო მნიშვნელოვანი – ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა სრული განადგურება“. ცარიზმის და ასევე დეკაბრისტების „პროექტით“ (პ.ი. პესტელი. რუსსკაია პრავდა, სანკტ-პეტერბურგი, 1906 წ. გვ. პრინციპულად იყო საკითხი დასმული კავკასიის „შფოთიანი“ ხალხების, ძირითადად იბერიელ-კავკასიელების (ქართველები, ადიღეელები, ჩერქეზები, აფხაზები, ყაბარდოელები, ჩეჩნები, ინგუშები, ლეკები, ავარიელები…) გადასახლება შუა რუსეთში,ხოლო ადგილზე უნდა დაეტოვებინათ რუსეთისთვის მორჩილი „უშფოთველი“, „მორჩილი“ ერები ჩასახლებულ რუსებთან ერთად. ეს პროცესი გაგრძელდა სსრკ-ს დროს და დღესაც გრძელდება ქართველების ჩეჩნების და სხვათა ეთნიკური წმენდითა და გენოციდით. რუსეთის იმპერიის ეს გეგმა დეკაბრისტების (პავლე პესტელი) მიერ მიღებულ კონსტიტუციაში იყო თავის დროზე ასახული, რომლის მეორე და მესამე მუხლებში ნათქვამია: „2. დაიყოს კავკასიიის ყველა ხალხი ორ ჯგუფად: მშვიდობიანებად და შფოთიანებად. პირველნი დატოვონ თავისსავე საცხოვრისში და დაუმყარონ მათ რუსული მმართველობა და წყობილება, ხოლო მეორენი ძალდატანებით გადაასახლონ შიდა რუსეთში და დაფანტონ მცირერიცხოვან ჯგუფებად ვოლოსტებში: 3. შემოიყვანონ კავკასიის მიწაზე რუსი მოსახლეობა და დაურიგონ მათ აქედან გადასახლებულთა მიწები. ამ საშუალებით კავკასიაში წაშალონ ყველანაირი ნიშან–წყალი წინანდელი მკვიდრი მოსახლეობისა და გადააქციონ ეს მხარე წყნარ და კეთილმოწყობილ რუსულ ოლქად“ (ქართველთა ნიშან–წყლის გაქრობას დღესაც გამუდმებით ცდილობენ გუდაუთის, ილორის, ბედიის ქართულ მონასტრებში, რაც ერთმორწმუნეობის არავითარ პრინციპში არ ჯდება, არაფერს ვამბობთ ვანდალიზმზე, როგორც დანაშაულზე). 1880 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ აფხაზი ერი ოფიციალურად გამოაცხადა დამნაშავე ხალხად (1877-78 წწ. ანტიიმპერიული აჯანყების მოწყობის გამო). ეს ბრძანებულება უკრძალავდა ზღვისპირას, გზების მახლობლად, სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში დასახლებას. ქართველი ერის გათიშვის მიზნით მეგრულ და სვანური ენებისთვის რუსული გრაფიკაზე დაფუძნებული ანბანის შექმნის მცდელობაც იყო . იგივე მეორდებოდა აფხაზური ენისათვისაც, აფხაზებში მიმდინარეობდა ანტიქართული პროპაგანდა. რუსი შოვინისტი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ მალე აფხაზური ენა გაქრებოდა და შესაბამისად მოხდებოდა აფხაზების ასიმილაციაც… ცარიზმმა აფხაზების მიერ 1905-07 წლების რევოლუციაში მონაწილეობის არმიღების გამო გააუქმა ბრძანება დამნაშავე ერის შესახებ და აფხაზებს ეს სტატუსი მოეხსნათ. საპასუხოდ ქართველებს დაუწესეს ის შეზღუდვები, რაც მანამდე აფხაზებს ჰქონდათ, რითაც ხელოვნურად დაძაბეს ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა… საბჭოთა ხელისუფლება აგრძელებდა ორ მოძმე ხალხებს შორის დაპირისპირების პოლიტიკას. ქართველებისა და აფხაზებისთვის „პრივილეგიების“ მონაცვლეობით მინიჭებით, ხან ერთ მხარეს იმადლიერებდა და ხან მეორეს. აფხაზების პრივილეგიების წლები იყო მეოცე საუკუნის 20-30-იანი, 50-იანი, 70-80-იანი წლები, დანარჩენ დროს ქართველები იყვნენ „პრივილეგირებულნი“… ასე მაგალითად, 80-იან წლების სტატისტიკას თუ გადავხედათ ყველა პრესტიჟულ თანამდებობზე, ასევე ყველგან პირველი პირები მხოლოდ აფხაზები იყვნენ, მეორე პირების როლში ქართველები,სომხები, რუსები იყვნენ, რაც უკიდურესად ძაბავდა ერებს შორის ურთიერთობებს. . . ლიხნის ყრილობის მსგავსი რამ გაიმართა 1917 წელსაც (მაშინაც საქართველო დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა). საყურადღებოა გიორგი შერვაშიძის (აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი, კონსტანტინე დადეშქელიანის ცოლისძმა) გამოსვლა ე.წ. „აფხაზი ხალხის ყრილობაზე“ 1917 წლის 8 ნოემბერს. „ყრილობის“ მკვეთრად გამოხატულმა ანტიქართულმა პათოსმა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა პროტესტი გამოიწვია. გიორგი შერვაშიძემ აფხაზურ ენაზე მიმართა „ყრილობის“ მონაწილეებს, აუხსნა მათ რუსეთში განვითარებული მოვლენების არსი, მიულოცა თავისუფლების მოახლოება და საფრთხეზე მიუთითა: „თქვენ თქვენს უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისაკენ იყურებიან, მე კი – თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირში და ლხინში“. ამ ამბიდან სულ რაღაც სამ თვეში – 1918 წლის 19 თებერვალს საქართველო შეძრა სოხუმიდან მოსულმა ცნობამ, რომ დიდი მამულიშვილი გარდაიცვალა. ეროვნულ -გამანთავისუფლებელი ბრძოლის დროს ლიხნის მიმართვა იყო ქართველი და აფხაზი ხალხების წინაღმდეგ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომლის გამოძახილი იყო აპრილის პირველ რიცხვებში ანტიაფხაზური გამოსვლა (რაც მხოლოდ იმპერიის შენარჩუნების მსურველებს აწყობდათ და ეწინააღმდეგებოდა ამ ორი ხალხის მისწრაფებებს). მოსკოვის ეს პროვოკაცია ჩაშალეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ, როდესაც ეს გამოსვლა 1989 წლის 4 აპრილს მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაზარდეს (აფხაზეთის წინააღმდეგ არსებული ყველა ლოზუნგი აპრილის მანიფესტაციებიდან გაქრა). საინტერესოა ქართველი და აფხაზი დიდი მოღვაწეების ურთიერთობაც… კონსანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ ერთ–ერთი გმირის თარაშ ემხვარის პროტოტიპი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარე და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი არზაყან (დიმიტრი) ემუხვარი საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს. 1927-1933 წლებში არზაყან ემუხვარი ხელმძღვანელობდა ქართულ კოლონიას პრაღაში. მეგობრობდა მიხეილ და ლიდია უბირიებთან და მათ ოჯახში პოულობდა სულიერ სიმშვიდეს. 1939 წლის მარტის დამდეგს, მეგობრების თხოვნით, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა განმათავისუფლებელი მოძრაობის მიმდინარეობას და მასში უშუალო მონაწილეობა მიეღო არზაყან ემუხვარი პარიზს გაემგზავრა. მას დიდი სიხარულით შეხვდნენ მეგობრები: აკაკი ჩხენკელი, კონსტანტინე კანდელაკი, გრიგოლ ურატაძე და სხვები. პარიზში არზაყან ემუხვარი ყველასთვის მოულოდნელად 1939 წლის 24 მარტს სისხლის მოწამვლით კლოდ ბერნარის საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ის ბოლშევიკების აგენტებმა მოწამლეს. არზაყან ემუხვარის ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ცხოვრება ძალიან გაუჭირდა საქართველოში დარჩენილ მის ოჯახს. არზაყანმა მომავალი მეუღლე მარიამ მიხეილის ასული ჩიკვაიძე (1880–1943 წწ.) ქუთაისში სწავლისას გაიცნო, 1902 წელს შეუღლდნენ და ჯვარი პეტრე-პავლეს ეკლესიაში დაიწერეს. აფხაზეთში მარიამი სათავეში ედგა ქართული ენის სწავლებას. წყვილს სამი შვილი შეეძინა: უფროსი ვაჟი 1908 წელს დაბადებული ვლადიმერი (კუჭიკო) 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა, შუათანა პატარაობაშივე გარდაიცვალა, გივი ემუხვარი (1921-2000 წწ.) კი მუდმივ დევნასა და შევიწროებას განიცდიდა. ერთხანს, სამშობლოდან გადახვეწილი, რუსეთში იმალებოდა. იქვე შეირთო მეუღლე ლუდმილა მიხეილის ასული კოვალენსკაია, რომელთანაც ერთადერთი ასული მარინე ემუხვარი შეეძინა. მარინე ემუხვარი მეუღლესთან ამირან ხაჭაპურიძესა და ვაჟიშვილ დავითთან ერთად სანკტ–პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს. კონსტანტინე გამსახურდიამ არზაყან ემუხვარის ვაჟს, ვლადიმერ ემუხვარს წერილი მისწერა: „ჩემო პატარა ემუხვარო! „ჩემს ნაწარმოებში „მთვარის მოტაცებაში“ შენი მამის პროტოტიპად მთავარი გმირი, რომელშიდაც მე ჩემი სიყრმის მეგობარი კეთილი აფხაზი არზაყანი იგივე დიმიტრი ემხვარი გამოვხატე, რომელთანაც გავატარე პარიზში ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი დღენი. ენგურის დიდ ზვირთებთან ბრძოლაში დავამარცხე, ვინაიდან მისი მიზნების განხორციელება არ ძალმიძდა. გიჟი ენგურის ზვირთებთან შეკაჟება ეს მისი იდეების შებრძოლება იყო მის იდეალისა და არსებული მიმდინარეობისა. მომიტევეთ…“
ბიმო
07.01.2015
1880 წელი - იმპერატორ ალექსანდრე მეორის მიერ აფხაზთა გამოცხადება "დამნაშავე ხალხად". -1867 წლები - აფხაზთა აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და მთავრად გიორგი მიხეილი ძე შარვაშიძის გამოცხადება. აჯანყების სისხლში ჩახშობა იმპერიის მიერ და აფხაზთა გადასახლება თურქეთში (მუჰაჯირობა). გენოციდის დამადასტურებელად შესაძლებელია ჩერქეზული მოსახლეობის რუსეთ–კავკასიის ომის დასაწყისისთვის და მის დამთავრების ხუთი წლის შემდეგდროინდელი მონაცემების მოყვანა: შაფსუღები იყვნენ 300 000 დარჩა 1983 კაცი აბაძეხები – 260 000, დარჩა – 14 660 ნათუხაელები – 240 000 დარჩა – 175 თემირღოელები – 80 000, დარჩა – 3140 ბჟედუღები – 60 000, დარჩა – 15 263 მახოშეველები – 8 000, დარჩა – 1204 ადამიელები – 3000, დარჩა – 230 უბიხები – 74 000, დარჩა – 0. დაახლოებით ასი ათასი ჟანეეველებისა და ხაკუჩებისაგან ცოცხალი არ დარჩენილა არცერთი. ყაბარდოელები თითქმის არ ომობდნენ, რამაც ისინი იხსნა მასობრივი განადგურებისგან. 1870 წლისათვის თვიანთ ისტორიულ სამშობლოში ყუბანისპირეთსა და შავიზღვისპირეთში სოჭიდან ანაპამდის დარჩა მხოლოდ ადიღეელების ომამდელი რაოდენობის 2%. ამგვარი გენოციდი სხვათა მიწების კოლონიალიზაციის ისტორიაში არ ჩაუდენია მსოფლიოს არცერთ იმპერია... XADJIMBA VI PREDATEL NACII Наиболее полному истреблению подверглись именно непокорные племена. Вследствие демократического внутреннего уклада они вызывали особую ненависть у самодержавного крепостнического Санкт-Петербурга. В качестве доказательства геноцида можно привести следующие данные по численности черкесского населения к началу русско-кавказской войны и через 5 лет после ее окончания: - шапсугов было – 300000, осталось – 1983 человека; - абадзехов – 260000, – 14660; - натухайцев – 240000, – 175; - темиргоевцев – 80000, – 3140; - бжедугов – 60000, – 15263; - махошевцев – 8000, – 1204; - адамиевцев – 3000, – 230; - убыхов –74000, – 0
ბიმო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი