ხევსურების გმირობა რუსეთ-იაპონიის ომში
font-large font-small
ხევსურების გმირობა რუსეთ-იაპონიის ომში
მოსკოვსა და ტოკიოს შორის ერთი ციცქნა კურილიის კუნძულების გამო დავა XVIII საუკუნის დასასრულიდან დაიწყო.
გასულ კვირას რუსეთმა კუნძულებზე შეიარაღებული ძალების დამატებითი კონტინგენტი განათავსა, რითაც იაპონიას მიანიშნა, რომ სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების შემთხვევაში, რადიკალური ზომების მიღებას უკვე აღარ მოერიდება; თუმცა, უკან დახევას არც ტოკიოში ფიქრობენ - იაპონურ მასმედიაში უფრო და უფრო ხშირად იხსენებენ რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომს, როცა რუსეთის ერთი შეხედვით ძლევამოსილი, თვალუწვდენელი იმპერია პატარა, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულმა იაპონიამ სამუდამოდ წელში გატეხა. მართლაც, ეს ომი თავისი მოულოდნელი შედეგით სენსაციურ მოვლენას წარმოადგენდა; მაშინ საბრძოლო მოქმედებები სახალინსა და კურილიის კუნძულებზეც მიმდინარეობდა, სადაც იაპონელებს რუსეთის იმპერიის არმიაში ძალით გაწვეული ქართველებიც უპირისპირდებოდნენ.

XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთი ეკონომიკურად სულაც არ იყო ისეთი ძლიერი, როგორც ეს იმპერატორის კარზე ეგონათ - მართალია, ქვეყანა დიდ ტერიტორიას ფლობდა, მრავალრიცხოვანი არმიაც ჰყავდა და მრეწველობაც ასე თუ ისე, კარგად ჰქონდა განვითარებული, მაგრამ მოსახლეობის ფართო მასების ელემენტარულ უზრუნველყოფას, რაც ჩვეულებისამებრ, ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია, სანქტ-პეტერბურგის მესვეურები ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამ მიზნით, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან, რუსეთში უცხოელ ინვესტორთა მიზიდვა დაიწყეს და ქვეყნის ეკონომიკაც, უმეტესწილად, მათ კაპიტალს დაეყრდნო; თუმცა, არსებული პრობლემების აღმოფხვრა შესაძლებელი ვერც ინვესტიციებით გახდა და, საბოლოოდ, რუსეთის უზარმაზარი იმპერია თითქმის მთლიანად უცხოურ კაპიტალზე გახდა დამოკიდებული.
სწორედ იმ დროს, რუსმა "დერჟავნიკებმა", რომლებიც ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზად ახალი მიწების კოლონიზაციას მიიჩნევდნენ, იმპერატორი ნიკოლოზ II თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს და ე.წ. "დიდი აზიური პროგრამა" მიაღებინეს, რითაც რუსეთის იმპერიამ შორეული აღმოსავლეთის რიგ რეგიონებზე (მათ შორის - მანჯურიაზეც) პრეტენზია ოფიციალურად წამოაყენა. ნიკოლოზ II-მ საკუთარი პოზიცია ხმამაღლა პირველად 1901 წელს, ქ. რეველში (ასე ერქვა მაშინ ამჟამინდელი ესტონეთის დედაქალაქ ტალინს), გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-სთან შეხვედრის დროს გააჟღერა: "შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ - ჩინეთში რუსული გავლენის გაძლიერებას სახელდობრ ჩემი მმართველობის უმნიშვნელოვანეს ამოცანად ვთვლი", - განაცხადა რუსეთის იმპერატორმა. ერთი წლის შემდეგ რუსეთმა საფრანგეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო (ამ ორი ქვეყნის კავშირი ბრიტანეთ-იაპონიის კავშირის საპირწონედ უნდა ქცეულიყო), ხოლო 1903 წელს მანჯურიის ოკუპაციაც მოახდინა, რაც ბუნებრივია, იაპონიაში მწვავედ აღიქვეს, რადგან ამ რეგიონს ტოკიო თავის სამფლობელოდ მიიჩნევდა.

იაპონელთა მოთხოვნას - ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარი უპირობოდ გაეყვანათ - სანქტ-პეტერბურგში წაუყრუეს, რადგანაც "დერჟავნიკი" გენერლების მიერ დაიმედებულმა ნიკოლოზ II-მ ჩათვალა, რომ "უძლეველი" რუსული არმიის შიშით, იაპონია ომის დაწყებას ვერ გაბედავდა. 1904 წლის 27 იანვარს (9 თებერვალს) რუსების იმედები საპნის ბუშტივით გაქრა - იაპონური ფლოტი მოულოდნელად თავს დაესხა ნავსადგურ პორტ-არტურში (თანამედროვე დალიანი, ჩინეთი) მდგარ რუსულ ჯავშნოსანთა ესკადრას და რამდენიმე ხომალდი ჩაძირა. ამავდროულად, იაპონელები კორეაშიც გადასხდნენ და რუსული საოკუპაციო ზონისკენ დაიძრნენ. ასე დაიწყო რუსეთ-იაპონიის ომი, რომელიც წელიწად-ნახევარი გაგრძელდა და, 1905 წლის აგვისტოს დასაწყისში, რუსების სასტიკი მარცხით დასრულდა.
ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ რუსეთის იმპერიას საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად ფინანსები აღარ ჰყოფნიდა. ნიკოლოზ II-მ დახმარება უცხოურ კომპანიებსაც სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - ნეიტრალიტეტის დაცვის საბაბით, საქმოსნებმა სამხედრო საჭიროებისთვის თანხების გაღებისაგან თავი შეიკავეს. რუს "დერჟავნიკ" მაღალჩინოსნებს კი ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრიათ - გადაწყვიტეს, რომ მოწინააღმდეგისთვის რიცხობრივი უპირატესობით მოეგოთ და იმპერიის მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ წვევამდელთა გაწვევის პროცესი იმთავითვე უწესრიგოდ დაიწყო, რასაც ხალხის (განსაკუთრებით - არარუსთა) დიდი უკმაყოფილება მოჰყვა; ამან კი, თავის მხრივ, რევოლუციური განწყობილების ზრდას შეუწყო ხელი.

ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებშიც, იაპონიასთან საომრად წვევამდელთა გაწვევამ მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია - ბუნებრივია, ქართველებს არ სურდათ, სხვის ომში "საზარბაზნე ხორცის" როლი ეთამაშათ და ჯარში წასვლას ნებისმიერი ხერხით თავს არიდებდნენ. აქედან გამომდინარე, ცარისტულმა რეჟიმმა წვევამდელთა შერჩევა ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო - ქალაქის პოლიციელები (ე.წ. "გოროდოვოები") ახალგაზრდებს ქუჩებსა და მოედნებზე იჭერდნენ და ჯარში შებორკილებს გზავნიდნენ. ამასთან, საგანგებოდ ცდილობდნენ, ისეთები შეერჩიათ, რომლებიც ქალაქელები არ იყვნენ და რუსულიც არ ესმოდათ. კავკასიის სამეფისნაცვლოში ამ ხერხით რუსებმა ჯარში 20 ათასამდე კაცი "გაიწვიეს" და უშუალოდ ფრონტის წინა ხაზზე ამოაყოფინეს თავი.
სწორედ ამგვარად აღმოჩნდნენ რუსეთ-იაპონიის ომში ხევსურები: ხადუელი ბეჟიტა ქერაული, ხახმატელი დათვია ალუდაური, ახიელელი ხირჩლა ცისკარაული და კალოთანელი აპარეკა ქიბიშაური. ისინი ერთმანეთს ადრე არ იცნობდნენ, მაგრამ ხევსურეთიდან თბილისში ჩამოსვლამ ერთად მოუწიათ და "გოროდოვოებმაც" იმავე დღეს, ერთად დაიჭირეს. ოთხივე კარგი ვაჟკაცი იყო და იარაღიც კარგი ჰქონდათ, მაგრამ რუსმა პოლიციელებმა ჩვეული ხერხი იხმარეს: ქუჩაში მომავალ ხევსურებს წინ კარგი მასპინძლებივით დაუხვდნენ და არაყი შესთავაზეს. აპარეკა ქიბიშაურის მოგონებით, პოლიციელებმა პირველი ჭიქა მასა და მის მეგობრებს იქვე, ქუჩაში დაალევინეს, მერე კი განყოფილებაში შეიპატიჟეს. ხევსურებიც შეჰყვნენ და როგორც მთის წესი მოითხოვდა, იარაღი გარეთ დატოვეს; მაგიდას პოლიციელებთან ერთად მიუსხდნენ და რამდენიმე ჭიქა კიდევ გამოცალეს. ჩვეულებისამებრ, არაყში რაღაც იყო გარეული და ოთხივე მთიელს მაგიდაზევე ჩამოეძინა.

GzaPress
ხევსური ძმადნაფიცები. მარცხნივ დგას ბეჟიტა ქერაული. სხედან დათვია ალუდაური, ხირჩლა ცისკარაული და აპარეკა ქიბიშაური. 1905 წელი, ქ. მუკდენი


"რუსებმ შაგვყარეს ერთადა, ხევსურებ ოტკით მთვრალია, გამაუძახეს პოეზსა, სამჯერ შამახკრეს ზარია, დალნი ვასტოკში წაგვლალეს, იქავ სისხლის დის ღვარია", - ასე აღწერა მოგვიანებით ბეჟიტა ქერაულმა თავის გამოთქმულ ვრცელ ლექსში თავგადასავლის დასაწყისი. მძინარე ხევსურები სამხედრო ბადრაგმა მატარებელში ჩასხა და შორეული აღმოსავლეთისკენ გაისტუმრა. საბოლოოდ, ოთხივენი ყუბანის კაზაკთა ერთ-ერთ ქვედანაყოფში მოხვდნენ, რომელიც ჯერ პორტ-არტურში იდგა, 1905 წლის თებერვლიდან კი მუკდენში გადაისროლეს. ლაღმა მთიელებმა სამხედრო სამსახური არ იუცხოვეს, მაგრამ ყაზარმულ მკაცრ წესრიგთან შეგუება გაუჭირდათ და "მუჟიკების" ჩაგვრას ჩვეულ, ავყია რუს ოფიცრებს რამდენჯერმე ჭკუა ასწავლეს; ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, ხირჩლა ცისკარაულმა ახალგაზრდა პორუჩიკი მძიმედ დაჭრა, რის გამოც ოთხივე ხევსური კუნძულ სახალინზე მდებარე, ეწ. "შავ კატორღაში" გაამწესეს, სადაც დამნაშავე ჯარისკაცები, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები და პოლიტიკური პატიმრები იყვნენ მოთავსებულნი. თავისუფალი მოსახლეობა კუნძულზე ძალზე მცირერიცხოვანი იყო, რადგან საერთოდ, სახალინი მკაცრი ბუნებით გამოირჩევა და მტაცებელი ცხოველებიც იქ მრავლად არიან.
რუსეთ-იაპონიის ომის დასასრულს - 1905 წლის მაის-ივნისში, როდესაც იაპონელებმა რუსებს მანჯურიიდანაც და კორეიდანაც ფეხი ამოუკვეთეს, რუსულმა სარდლობამ მიიღო ინფორმაცია, რომ ტოკიოში სახალინზე შემოტევას გეგმავდნენ. კუნძულზე სასწრაფოდ ციმბირელ კაზაკთა ორი პოლკი გადაისროლეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მალე საყოველთაო მობილიზაციაც გამოცხადდა: კატორღელებს იარაღი დაურიგეს და სპეციალურ ქვედანაყოფებად, ე.წ. "დრუჟინებად" დაყვეს. ამგვარად, ოთხ ხევსურ ძმობილს ისევ ჯარისკაცობამ მოუწია; ერთ-ერთი მათგანი - ხირჩლა ცისკარაული "დრუჟინის" მეთაურადაც კი აირჩიეს.

იაპონიის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძულ სახალინზე შეტევა 1905 წლის 7 ივლისს წამოიწყეს. როგორც ითქვა, იმ დროისათვის რუსული არმიის ძირითადი ნაწილი უკვე სავსებით დეზორგანიზებული იყო; ჯარისკაცებს საკმარისი იარაღიც კი აღარ ჰქონდათ, რომ ბრძოლა გაეგრძელებინათ. მიუხედავად ამისა, სოფელ კორსაკოვსკთან (დღევანდელი ქ. იუჟნო-სახალინსკი) იაპონელთა პირველი შეტევა რუსებმა მართალია გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგერიეს - მათ მტერი ახლოს მიუშვეს და ბომბები დაუშინეს. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ, იაპონელებმა უკან დაიხიეს, თუმცა რასაკვირველია, შორს არ წასულან - სოფლიდან ორიოდე კილომეტრში დაიკავეს პოზიციები და სანგრების თხრას შეუდგნენ.
კორსაკოვსკში რუსებმა მომდევნო შეტევის მოგერიებისთვის იწყეს მზადება. კაპიტანმა სიდორენკომ, რომელიც სოფლის დაცვას ხელმძღვანელობდა, კუნძულის ჩრდილოეთში მდებარე არკოვსკის ციხესიმაგრეში შიკრიკი გაგზავნა და ყოველი შემთხვევისთვის, მაშველი ძალა და ტყვია-წამალი მოითხოვა. მას იმედი ჰქონდა, რომ სიტუაცია რუსთა სასარგებლოდ შეიცვლებოდა; თუმცა, სოფლის დამცველებში პანიკა მატულობდა - კატორღელებს ბრძოლა აღარც კი სურდათ და დანებებას აპირებდნენ, კაპიტანი კი მათ დახვრეტით ემუქრებოდა. ერთი სიტყვით, აშკარა იყო, რომ იაპონელთა განმეორებით შეტევას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა. არკოვსკიდან შიკრიკი გვიან საღამოს დაბრუნდა და თქვა, რომ მაშველი ძალა მეორე დილით იქ იქნებოდა. ამის გამგონე კორსაკოვსკელებმა ძალა მოიკრიბეს და გადაწყვიტეს, რომ მაშველთა მოსვლისთანავე, იაპონელებისთვის შეეტიათ და კუნძულიდან საერთოდ განედევნათ.
სოფელი კორსაკოვსკი პატარა, მაგრამ თავდაცვითი ნაგებობებით კარგად გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენდა, რომლის ცენტრშიც ციხესიმაგრე იყო აღმართული. ხევსურ ძმადნაფიცებს, რამდენიმე სხვა ყოფილ კატორღელთან ერთად, სწორედ ამ ციხესიმაგრის დაცვა დაევალათ, ძირითადი ძალები კი სიდორენკომ ფლანგებზე განალაგა. კაპიტანი ვარაუდობდა, რომ თუკი იაპონელები შემოტევას მაშველთა მოსვლამდე წამოიწყებდნენ, წინააღმდეგობის გაწევას სამი-ოთხი საათი მაინც შეძლებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ყველაზე მეტად შორს მსროლელი ქვემეხის იმედი ჰქონდა, რომელიც ციხესიმაგრეში იდგა; ამას გარდა, რუსებს სამი "მაქსიმის" ტყვიამფრქვევიც ჰქონდათ.


GzaPress
კორსაკოვსკის გარნიზონის მეთაური, კაპიტანი სიდორენკო (მარჯვნივ) ძმასთან ერთად. XX საუკუნის დასაწყისის ფოტო


სანამ კაპიტანი სიდორენკო პოზიციების მოწყობით იყო დაკავებული, ოთხმა ხევსურმა ერთმანეთს შეჰფიცა, რომ ბოლომდე ებრძოლათ და "იაპონცებისათვის" თავიანთი ვაჟკაცობა დაემტკიცებინათ. მართალია, ეს მათი ომი არ იყო, მაგრამ დანებება ვერც ერთს ვერ წარმოედგინა: "ბოლომდე ვიბრძოლოთ და ვინც კი ჩვენ შორის ცოცხალი გადარჩება, დაე, ჩვენი ამბავიც მან გალექსოს!" - უთქვამს ხირჩლა ცისკარაულს ძმადნაფიცებისთვის. ამაზე შეთანხმებულან თუ არა, შეტევაც მაშინ დაწყებულა - იაპონელებს კორსაკოვსკისთვის თავს დაევლოთ და სწორედ იმ მხრიდან უტევდნენ, საიდანაც კაპიტანი სიდორენკო მაშველთა მოსვლას ელოდა.

GzaPressიაპონელმა პოლკოვნიკმა ჰარაგუჩიმ, რომელიც სამხრეთ სახალინზე, კერძოდ კი - კორსაკოვსკზე შეტევას მეთაურობდა, ჯაშუშების და დაზვერვის მეშვეობით შეიტყო, რომ რუსებს საკმარისი ცოცხალი ძალა არ ჰყავდათ; ამიტომ გადაწყვიტა, სასწრაფოდ შეეტია და სოფელი იქამდე აეღო, სანამ ჩრდილოეთიდან მაშველთა რაზმები ჩამოაღწევდნენ. პოლკოვნიკმა საკუთარი ძალები ორად გაყო - ერთმა ნაწილმა კორსაკოვსკს თავს დაუარა და მისგან ჩრდილოეთით, უღრან ტყეში განლაგდა, მეორე კი ძველ პოზიციებზევე დარჩა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რუს მზირებს ჩრდილოეთით შეიარაღებულ პირთა გადაადგილება არ გამოჰპარვიათ, მაგრამ ისინი არკოვსკიდან მომავალ მაშველებად ჩათვალეს და გონს მხოლოდ მაშინღა მოეგნენ, როდესაც რუსული "ურა!"-ს ნაცვლად, ჩრდილოეთის კარიბჭიდან იაპონური "ბანზაი!" გაისმა.
ასე რომ, იაპონელებს კორსაკოვსკის აღება არც გასჭირვებიათ - ზარბაზანმა რამდენჯერმე კი დაიქუხა, მაგრამ მალევე შეჩერდა, რადგანაც ჭურვების მარაგი საკმარისი არ იყო. სოფლის დამცველებმაც კანტიკუნტად ისროლეს თოფები, მერე კი მათაც ტყვიები შემოელიათ და თეთრი დროშები აღმართეს. ცხადია, პოლკოვნიკმა ჰარაგუჩიმ ჩათვალა, რომ საქმე უკვე მორჩენილი იყო და მხლებლებთან ერთად, სოფლის ცენტრისკენ მედიდურად გაემართა. იქ დაბეჩავებული და ღირსებააყრილი კაპიტანი სიდორენკო ელოდა, რომელიც ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდაც არ დაეხვრიტათ. მან ჰარაგუჩის მორჩილად მოუწერა ხელი კაპიტულაციის აქტზე, რომელიც იქვე, სახელდახელოდ შეადგინეს და ციხესიმაგრის შესასვლელისკენაც თავად წაუძღვა. აღსანიშნავია, როგორც იაპონელებს, ისე რუსებსაც ეგონათ, რომ ციხესიმაგრის დამცველები უკვე დახოცილნი იყვნენ; ვერავინ წარმოიდგენდა, თუკი ოთხი ხევსური ძმადნაფიცი სათვალთვალო კოშკის ბოლო სართულზე იმყოფებოდა და ხმლებმომარჯვებული, მტრის "ზედ მასვლას" ელოდა.
პოლკოვნიკმა ჰარაგუჩიმ ციხესიმაგრე კაპიტან სიდორენკოს თანხლებით მოათვალიერა და სათვალთვალო კოშკთან შეჩერდა. ის XVIII საუკუნის ბოლოს იყო აგებული და მრავლად ნატყვიარიც აჩნდა. ჰარაგუჩიმ მდუმარედ შეავლო ხელი კოშკის კარს, მერე კი რატომღაც, ერთ-ერთ მხლებელს ანიშნა - პირველად შენ ადიო. იაპონელმა ჯარისკაცმა შაშხანა მოიმარჯვა და კიბეს აუყვა. მცირე ხნის შემდეგ მას მეორე ჯარისკაციც მიჰყვა, მერე მესამე, მეოთხე, მეხუთე და, მხოლოდ ამის შემდეგღა წავიდა ჰარაგუჩი. სულ რამდენიმე საფეხური თუ ექნებოდა ავლილი, როცა ზედა სართულიდან თავისი ჯარისკაცების განწირული ყვირილი შემოესმა. პოლკოვნიკმა ხმალი იშიშვლა და კიბეზე წამში აირბინა.

"კოშკის ბოლო სართულზე ჩემი ჯარისკაცები ჩასაფრებულ მეციხოვნეებს გადააწყდნენ და ფიცხელი ბრძოლა გაუმართეს. მე თვითონ ფარიკაობის ტრფიალად ვთვლი თავს და ბევრი ოსტატის ტექნიკას კარგად ვიცნობ, მაგრამ ისეთი ილეთები, როგორსაც ის მეციხოვნენი იყენებდნენ, არსად მენახა: ისინი იბრძოდნენ დინჯად, ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოწინააღმდეგეებს და თანაც ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ, რათა ამ უკანასკნელებისთვის სასიკვდილო დარტყმები მიეყენებინათ...." - წერდა მოგვიანებით ჰარაგუჩი თავის მემუარებში. მისი აზრით, იაპონელმა ჯარისკაცებმა პისტოლეტებით სამი მათგანი მოკლეს, ერთი (ბეჟიტა ქერაული) კი დაჭრეს; თუმცა მანამდე "უცნაური ილეთებით მოფარიკავე მეციხოვნე რუსებმა" მოუსავლეთში რვა იაპონელი გაისტუმრეს და, ცეცხლსასროლი იარაღი რომ არა, კიდევ მეტს დახოცავდნენ: "ისინი ნამდვილი ვაჟკაცები იყვნენ და ამიტომ დღესაც კი, როცა ამ სიტყვებს ვწერ, სევდა მიპყრობს, რომ ბედმა მათთან მტრობა მარგუნა და არა მეგობრობა. მერე ისიც გამოვარკვიე, რომ ეს საოცარი მებრძოლები კავკასიიდან იყვნენ", - გულისტკივილით აღნიშნავს ჰარაგუჩი. მისი ბრძანებით, სამივე მოკლული ხევსური კორსაკოვსკში სამხედრო წესით - სალუტით დაკრძალეს, ხოლო ბეჟიტა ქერაულს კი უმკურნალეს და მერე რუსების მიერ დატყვევებულ იაპონელში გაცვალეს. საბოლოოდ, იგი საქართველოში მხოლოდ 1906 წელს დაბრუნდა და ძმადნაფიცებისადმი მიცემული პირობის თანახმად, თავს გადახდენილი ამბები გალექსა.

მიხეილ ლაბაძე

"გზა", 2011 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
24.01.2015
ასეთი პატრიოტი ვაჟკაცები მრავლად ყავდა ყოველთვის საქართველოს,მაგრამ ვაი,რომ ასე უსამართლოდ იღუპებოდნენ ,თან ვისთვის,იმ ქვეყნისთვის,ვისაც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს,და ვინ იცის,რა აქვს კიდევ გეგმაში!
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი