"ის, რაც თქვენ გააკეთეთ, უპირველეს ყოვლისა, ყურანსა და შარიათს ეწინააღმდეგება!"
font-large font-small
"ის, რაც თქვენ გააკეთეთ, უპირველეს ყოვლისა, ყურანსა და შარიათს ეწინააღმდეგება!"
წმინდა მღვდელმოწამე მიხეილ ყულოშვილი

ისტორიული ქართული კუთხე - ჰერეთი ანუ საინგილო საქართველოს XVII-XVIII საუკუნეში ჩამოშორდა, როდესაც შაჰ-აბასმა ეს მხარე წახურელ და ანწუხელ ლეკებს გადასცა.
იმ პერიოდში, ადგილობრივი ქართული წარჩინებული საგვარეულო - თავადი ვახვახიშვილები გამაჰმადიანდნენ და სათავეში ჩაუდგნენ ლეკთა მიერ შექმნილ ელისუს სასულთნოს. წარჩინებულთაგან განსხვავებით, ჰერეთის უბრალო მოსახლეობას რჯული ნებით არ შეუცვლია - დამპყრობლებსა და რენეგატებს საუკუნე-ნახევარი დასჭირდათ იმისათვის, რომ იქაურ ქართველებში ისლამი გაევრცელებინათ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ჰერეთის ქართველთა ნაწილი ძალდატანებით მართლაც გამუსლიმანდა და სწორედ ამ ხალხს დაერქვა "იენგილაუ", რაც "ახლად მოქცეულს" ნიშნავს.


რუსეთის იმპერიის მართვა-გამგებლობა ჰერეთზე 1835 წლიდან გავრცელდა. იმ დროს იქ ქრისტიანი მოსახლეობა კიდევ იყო შემორჩენილი, თუმცა უმეტესობას მუსლიმანები შეადგენდნენ. ჰერეთის ტერიტორიაზე რუსებმა სამი საბოქაულო შექმნეს - ზაქათალის, კახისა და ნუხის. ამასთან, მათ ძალაში დატოვეს ის ჩვეულებითი სამართალი, რაც აქ საქართველოდან გამოყოფის შემდეგ დამკვიდრდა, თუმცაღა, ამავდროულად, თბილისში შეიქმნა სპეციალური მისია, ჰერეთის მცხოვრებთა ქრისტიანობაზე მოსაქცევად. ასე რომ, ჰერელმა ქრისტიანებმა თავიანთი რწმენის საჯაროდ აღიარების უფლებაც მოიპოვეს.
წმინდა მამა მიხეილ ყულოშვილი 1825 წელს, სოფელ კახში დაიბადა. დაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო, მერე კი სწავლა მისიონერთა სკოლაში განაგრძო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმხანად, ქრისტიან ჰერელებს როგორც წესი, ორ-ორი სახელი ჰქონდათ - ერთი "საგარეო", ანუ მუსლიმანური და მეორე "საშინაო", ჩვეულებისამებრ ქრისტიანული. წმინდა მამა მიხეილს "საგარეო" სახელად მირზა ერქვა. ის დიაკვნად XIX საუკუნის 60-იანი წლების შუახანებში აკურთხეს. იმავე პერიოდში, ჰერელებმა თბილისის გუბერნიის მესვეურებს სოფლებში სკოლების გახსნის ნებართვა სთხოვეს. გარდა ამისა, მათ მოითხოვეს ისიც, რომ მუსლიმანური ჩვეულებითი სამართლის ნორმები ჰერეთის ქრისტიან მოსახლეობაზე აღარ გავრცელებულიყო.
თბილისში, ჰერელთა მოთხოვნა რუსმა გუბერნატორმა საგანგებოდ განიხილა და დააკმაყოფილა კიდეც. თუმცა, შემდგომში გამოირკვა, რომ ჰერეთში ქართული ენისა და საღვთო სჯულის სასწავლებლად საკმარისი კადრები არ იყო. არადა, საქართველოს სხვა კუთხეებიდან მასწავლებელთა ჰერეთში გაგზავნაზე გუბერნიის ხელმძღვანელობა უარს აცხადებდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ დაარსებულიყო ორი სასწავლებელი - ერთი ბელაქანში, მეორე კი კახში და მასწავლებლებად ადგილობრივი სასულიერო პირები მოეწვიათ. აი, ასე აღმოჩნდა დიაკვანი მიხეილი კახის სკოლაში 1869 წელს. ერთი წლის შემდეგ კი ის მღვდლადაც აკურთხეს. მაშინ წმინდა მღვდელმოწამე 45 წლის იყო.

XIX საუკუნის 70-იანი წლების შუახანებში, როცა რუსეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა, ჰერეთის მუსლიმანთა შორის მღელვარება დაიწყო: მართალია, ამ კუთხეში ისლამს არავინ ზღუდავდა, მაგრამ მუსლიმანები მაინც ვერაფრით ურიგდებოდნენ რუსულ ხელისუფლებას. ამას კი, თან დაერთო ისიც, რომ 1876 წლიდან, ჰერეთის ლეკებში ფეხი მოიკიდა რადიკალურმა სუფიურმა სექტამ - ნაყშბანდიამ. მისი ხელმძღვანელი იყო ვინმე ისა-ეფენდი ჭარელი, რომელიც საკუთარ მიმდევრებს რუსების წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლისკენ მოუწოდებდა. სამწუხაროდ, რუსებისადმი ლოიალურად განწყობილ პირებად აღიქმებოდნენ ქრისტიანი ქართველებიც, ამიტომ რადიკალთა რისხვა უპირატესად მათ ატყდებოდათ თავს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰერელი ქრისტიანების რბევის ფაქტებზე რუსული ხელისუფლება არავითარ რეაგირებას არ ახდენდა, მიუხედავად იმისა, რომ ლეკ რადიკალებს სამხედრო ძალითაც კი უპირისპირდებოდა. შესაბამისად, ჰერელი ქრისტიანები დაუცველად გრძნობდნენ თავს და ამის გამო ბევრი მათგანი იძულებული ხდებოდა, მოსაჩვენებლად მაინც, მაჰმადიანი გამხდარიყო. ასეთ ხალხს კი რუსული ხელისუფლება მეფისა და ღვთის მოღალატეებად მიიჩნევდა და დევნიდა.
GzaPressამგვარ ფონზე უხდებოდათ მოღვაწეობა ჰერელ სასულიერო პირებს. მთავრობისგან მათ მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური მხარდაჭერაღა ჰქონდათ. წმინდა მამა მიხეილი, რომელსაც ჰერელები სიყვარულით "მირზა ღდელს" ეძახდნენ, მაინც უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს რჯულს. გადმოცემით, მან კარგად იცოდა უდური, ხუნძური, წახური, თურქულ-აზერბაიჯანული ენები და არა მარტო ქართულ სოფლებში ქადაგებდა, არამედ ლეკურ და აზერბაიჯანულ სოფლებშიც ხშირად დაიარებოდა. ის ზედმიწევნით იცნობდა ისლამს და კამათში ბევრჯერ დაუმარცხებია მუსლიმანი ღვთისმეტყველებიც. ამის გამო, ლეკები და აზერბაიჯანელები (ამ უკანასკნელებს მაშინ "კავკასიის თათრებს" ეძახდნენ) უდიდეს პატივს სცემდნენ ქართველ მღვდელს; იმდენადაც კი, რომ მტრები აშკარად ვეღარაფერს უბედავდნენ.
სწორედ ამ დროს, ჰერეთში ასეთი ინციდენტი მოხდა: ადგილობრივ ლეკთა რაზმი, რომელსაც ვინმე ყაფიზ-ეფენდი მეთაურობდა, სოფელ კახში თავს დაესხა ერთ-ერთი ქრისტიანის - მარკოზ ფიროსმანიშვილის ოჯახს. ლეკებმა ოჯახის უფროსი და მისი ვაჟი სასტიკად აწამეს, ქალიშვილები და რძალი კი ტყვედ წაიყვანეს. ლეკებს მდევრად კაზაკები დაედევნენ, მაგრამ ტყვეები ვერ გაათავისუფლეს - ყაფიზ-ეფენდიმ და მისმა რაზმელებმა მდევრებს სროლა აუტეხეს და აიძულეს, დევნა შეეწყვიტათ. მამა მიხეილმა ეს ამბავი მეორე დღეს შეიტყო. იმწამსვე გაემართა ყაფიზ-ეფენდის სოფლისაკენ, სადაც ტყვეები ჰყავდათ და ადგილზე მისულმა, მათი უპირობო გათავისუფლება მოითხოვა: "ის, რაც თქვენ გააკეთეთ, უპირველეს ყოვლისა, ყურანსა და შარიათს ეწინააღმდეგება - არ შეიძლება ძალადობა ისლამის სახელით!" - უთხრა მან გამტაცებლებს და შესაბამისი ციტატაც მოუყვანა ყურანიდან. სრულიად მოულოდნელად, ქრისტიან მღვდელს მხარი იმ სოფლის მთავარი მეჩეთის იმამმა დაუჭირა და ყაფიზ-ეფენდის ტყვეები გააშვებინა. მამა მიხეილის ავტორიტეტი ამის შემდეგ ლეკებშიც და ქართველებშიც ერთიასად ამაღლდა.
წმინდა მამა მიხეილი სტატიებს აქვეყნებდა იმდროინდელ ქართულ პრესაშიც; მისი ფსევდონიმი გახლდათ "ჰერეთელი". წმინდა მღვდელმოწამე წერდა ყველაფერზე, რაც კი იმხანად აწუხებდა ჰერეთის ქართველობას, უპირატესად კი მის სტატიებში აღწერილია ჰერელ ქრისტიანთა გაჭირვებული ყოფა - მამა მიხეილი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ერთმორწმუნეობის მიუხედავად, რუსები არაფერს აკეთებდნენ ჰერელ ქრისტიანთა დასაცავად. პირიქით - ოფიციალური ხელისუფლება იმ დროს ჰერელებს ქართველებად არც თვლიდა და ყოველნაირად უშლიდა ხელს საქართველოსთან მათ ინტეგრაციას. მამა მიხეილი სამართლიანად თვლიდა, რომ სწორედ ეს იყო ძირითადი მიზეზი ჰერეთში ქრისტიანობის დაკნინებისა. იმის გამო, რომ "ჰერეთელის" სტატიებში ეს და სხვა მსგავსი, მეტად მნიშვნელოვანი საკითხები მთელი სიმწვავით იყო დასმული, ცარისტული "ოხრანკა" წმინდა მამა მიხეილის პერსონით იმთავითვე დაინტერესდა და, 1905 წელს მას არაქართულ სოფლებში საქადაგებლად გასვლა აუკრძალეს, სკოლაში სწავლების საათებიც შეუზღუდეს.

1905-1907 წლებში, როდესაც რუსეთის იმპერიაში რევოლუციური სიტუაცია სუფევდა, ჰერეთში ისევ გააქტიურდნენ რადიკალი მუსლიმანები. 1907 წელს, რუსეთის ცარისტული ხელისუფლება იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და არამართლმადიდებელი ქვეშევრდომებისთვის უფლებები გაეზარდა. ამგვარ ფონზე, ჰერეთის მკვიდრ ქრისტიანთა შევიწროებამ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო: "ის, რაც ზაქათალის ოლქში დღეს ხდება, ტერორია და არა მაჰმადიანობის გავრცელება... ქრისტიან ინგილოებს აიძულებენ, რომ აღიარონ რჯული მაჰმადისა და თუ უარს იტყვიან, აწამებენ კიდეც" - წერდა 1907 წელს რაფიელ ივანიცკი-ინგილო გაზეთში "ცნობის ფურცელი". მართლაც, ჰერეთში მაჰმადიან და ქრისტიან მოსახლეთა შორის დაპირისპირებამ იმ ხანებში ადრინდელზე გაცილებით უფრო მწვავე ხასიათი მიიღო. 1908-1910 წლებში, როდესაც იმპერიის მესვეურებმა მთელ ქვეყანაში აღკვეთეს რევოლუციური გამოსვლები და მათი მონაწილენი კი გაანადგურეს ან დააპატიმრეს, ჰერეთშიც ასე თუ ისე, ჩაწყნარდა ვითარება, თუმცაღა იქ უკვე აშკარად იყო გამოკვეთილი რელიგიური დაპირისპირების ნიშნები - მუსლიმანები ქრისტიანებთან ახლო ურთიერთობებისგან თავს იკავებდნენ და ცდილობდნენ, ეიძულებინათ ისინი, რომ ჰერეთიდან საერთოდ გადასახლებულიყვნენ.

1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ჰერეთში მუსლიმანები ისევ გააქტიურდნენ - მათ შეიარაღებული რაზმები შექმნეს და ქრისტიანების რბევას კვლავ შეუდგნენ. მუსლიმანთა გააქტიურება გამოიწვია იმან, რომ რუსეთი და ოსმალეთი ომში დაპირისპირებულნი აღმოჩნდნენ. პირველი მსოფლიო ომის წლებში, ლეკ და აზერბაიჯანელ მუსლიმან-რადიკალებს ქართველ მუსლიმანთა ნაწილიც აჰყვა, რაც განსაკუთრებით სამწუხარო იყო იქაურებისათვის. ამას ემატებოდა ისიც, რომ ქართველი ინტელიგენცია და საზოგადოებრიობა ჰერეთის პრობლემებზე რეაგირებას ვერ ახდენდა, რადგანაც ჯერ ერთი, ინფორმაცია არ ჰქონდა და მეორეც - პრობლემები იმ დროისათვის თბილისსა და სხვა კუთხეებშიც მრავლად იყო, ქართველი საზოგადოებრიობა კი ვიწრო ინტერესებით უფრო ხელმძღვანელობდა, ვიდრე საერთო-ეროვნულით.
ასეთ ვითარებაში, ჰერეთში მუსლიმანებმა ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარიც ხელყვეს და დაარბიეს. "სიწმინდეების მოპარვას არ დასჯერდნენ, ხატები ხანჯლით დაჩეხეს და ფეხით გადაქელეს, ეკლესიის გუმბათიდან ჯვარი ძირს დასცეს, მხოლოდ სახარება დარჩენილა ხელუხლებელი" - წერდა ამის თაობაზე გაზეთი "საქართველო" 1917 წელს. წმინდა მამა მიხეილი იმხანად 92 წლის იყო. როგორც წესი და რიგი მოითხოვდა, მრევლი პირველად მან ანუგეშა, მერე კი რამდენიმე ქართულ გაზეთს გაუგზავნა სტატია, სადაც დეტალურად იყო აღწერილი და დაგმობილი მუსლიმან რადიკალთა ქმედება: "ვერ ჩამოითვლება ყველა ის უბედურება, რომელიც ამ „თავისუფლების“ ხანაში მიაყენეს მაჰმადიანებმა ინგილოებს... საქრისტიანო საინგილოს ანადგურებენ ისე, რომ მომავალ საქართველოს სახელმწიფოში ინგილოების სახსოვრად შეიძლება დაგვრჩეს მხოლოდ თბილისში მცხოვრები ორიოდე ინგილო", - წერდა წმინდა მამა მიხეილი.
მამა მიხეილის სტატიებმა მალე მიიქცია იმჟამინდელი ხელისუფლების ყურადღება და ჰერეთში ქართული გვარდიის ერთი გარნიზონი ჩააყენეს. ჯარმა აღკვეთა უწესრიგობა და დააპატიმრა ქურმუხის ტაძრის მძარცველებიც. ამის გამო, მუსლიმანებმა აშკარად დაუწყეს მტრობა 92 წლის ქართველ მღვდელს, რომელიც კვლავ არ ეპუებოდა მათ და, თანამემამულეებს უქადაგებდა, ქრისტიანობა არაფრით დაეტევებინათ. ქადაგებამ და ლოცვამ თავისი ქნა და, სწორედ იმ დროს, როდესაც ქრისტიანობა ჰერეთში ამგვარად იდევნებოდა, ქართველ მაჰმადიანთა სამი სოფელი მოექცა. ქართველებმა ლეკებისა და სხვათაგან თავდასაცავად სახალხო რაზმიც შეადგინეს და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე მოითხოვეს, რომ ზაქათალის ოლქი ანუ ჰერეთი საქართველოს შემადგენლობაში შესულიყო. ამავე მხარეს აზერბაიჯანელებიც საკუთარ ტერიტორიად განიხილავდნენ.

GzaPress1918 წლის აპრილ-მაისში, როდესაც ამიერკავკასიის რესპუბლიკის დაშლა უკვე გარდაუვალი გახდა, ჰერეთის მუსლიმანი-რადიკალები ასაჯანყებლად აზერბაიჯანული "მუსავათის" პარტიის წევრებმა წააქეზეს. აჯანყება სტიქიურად დაიწყო იმ დროს, როცა ქართული ჯარი ზაქათალიდან აფხაზეთში გადაისროლეს. მუსლიმანებს ქრისტიანების ოჯახთა სია წინასწარ ჰქონდათ ჩამოწერილი; დანიშნულ დროს ყველას მიადგნენ და ჯერ რჯულის შეცვლა მოსთხოვეს, მერე კი ისინი, ვინც უარი თქვა, უმოწყალოდ ჩახოცეს. ჰერელ ქრისტიანთა სახალხო ლაშქარმა მუსლიმან მოძალადეებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, რადგან ეს უკანასკნელები მრავალრიცხოვანნი იყვნენ და შეიარაღებაც კარგი ჰქონდათ.
მოძალადეები წმინდა მამა მიხეილსაც მიადგნენ; თავიდან მათ ყველასთვის საყვარელ და პატივსაცემ მოხუცს ისლამის მიღება მხოლოდ სიტყვიერად მოსთხოვეს, თუმცა მამა მიხეილმა არც კი მოუსმინა. შემდგომ ღალატით შეიპყრეს - მამა მიხეილს, რომელიც ზაქათალიდან სოფელ მარსიანისკენ მიეშურებოდა, გზად მუსავათისტების მოსყიდული ქართველი დაუხვდა - მამაო, მამა მიკვდება და წამომყევით, აზიარეთო. მამა მიხეილმა იმწამსვე გადაუხვია გზიდან და მოღალატეს გაჰყვა. სახლში შესვლისას, მასპინძელმა მას "ზრდილობიანად" დაუთმო გზა. მღვდელი ოთახში შევიდა თუ არა, ხელი სტაცეს და "არ გაინძრეო" - ავად ჩასჩურჩულეს ყურში.
93 წლის მოხუცს ხელები ზურგსუკან გაუკრეს და დაჩოქება უბრძანეს. მღვდელი მათ არ დაემორჩილა, რის შემდეგაც მუხლები დაუცხრილეს, თუმცა წმ. მამა მიხეილმა იძალა და პირქვე რომ არ დაცემულიყო, ტანი უკან გადაიქნია. მას მაშინვე მივარდა ორი ლეკი და ყელზე ხანჯლები დააბჯინა: "ახლავე უარყავი ქრისტეს რჯული, თორემ სიცოცხლეს გამოგასალმებთ!" - უთხრეს მამა მიხეილს, თუმცა წმინდა მღვდელმოწამეს წარბიც არ შეუხრია. ლეკებმა ის წიხლისკვრით პირქვე ამოაბრუნეს და ხერხემლის გასწვრივ დაუწყეს ცემა. მამა მიხეილი მაინც არ გატყდა და ამოიხრიალა: "ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს ქრისტე უარვყო... მომკალით წმინდა სამების გულისათვის!"...
სასტიკად ნაწამები მღვდლის სხეული ქრისტიანმა ჰერელებმა 11 დღის შემდეგღა იპოვეს: "მღვდელს ხელები ჰქონდა შეკრული, რამოდენიმე დღის ნაშიმშილარი ყოფილა, ხერხემლის გასწვრივ იყო სასტიკათ ნაცემი, მალები ჩამტვრეული ჰქონდა, ბოლოს ყელი გამოუჭრიათ და გვამის დაწვას ცდილან, მაგრამ არ გამოსვლიათ"“ - წერდა ამის შესახებ გაზეთი "საქართველო". წმინდა მღვდელმოწამე მიხეილი კახის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

P.S. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა მიხეილ ყულოშვილი წმინდანად ამა წლის 5 ივლისს შერაცხა. საყურადღებოა ისიც, რომ წმინდა მღვდელმოწამე მიხეილის შვილთაშვილი გახლდათ რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი.

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1005 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი