გრიგოლ ორბელიანი - "ხარაბუზა ღენერალი" თუ ჭეშმარიტი პატრიოტი და დიდი პიროვნება
font-large font-small
გრიგოლ ორბელიანი - "ხარაბუზა ღენერალი" თუ ჭეშმარიტი პატრიოტი და დიდი პიროვნება
გრიგოლ ორბელიანი ერთ-ერთი იმ მოღვაწეთაგანია, რომელთაც, ასე ვთქვათ, ისტორიულად "არ გაუმართლათ". მისი ცხოვრებისა და საქმიანობის, საზოგადოდ მისი პიროვნების მიმართ მუდმივად ორმაგი შეფასებები, ეჭვები და ხშირად არასახარბიელო დამოკიდებულება ჭარბობს...
აქვს თუ არა რეალური საფუძველი ამ მოსაზრებებს, როგორი ბიძა, ძმა, ქვეყნის მოამაგე, მმართველი და სამხედრო პირი იყო გრიგოლ ორბელიანი - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო მინაშვილი მოგვითხრობს.

GzaPress- ნიკოლოზ ბარათაშვილი გრიგოლ ორბელიანის იმ უსაყვარლესი დის - ეფემიას შვილი იყო, რომელსაც პოეტმა უნაზესი და უბრწყინვალესი ლექსი, ქართული ეპისტოლური ლირიკის შედევრი - "ჩემს დას, ეფემიას" უძღვნა.
- ხშირი, უშუალო კონტაქტი ფიზიკურად ვერ ექნებოდა ბიძა-დისშვილს...
- ვერ ექნებოდათ იმიტომ, რომ გრიგოლ ორბელიანი სამხედრო პირი იყო, მან საარტილერიო სკოლა დაამთავრა. ხშირად არ უწევდა თბილისში ყოფნა. 1832 წელს კი შეთქმულების მონაწილედ ცნეს და ბალტიისპირეთში გადაასახლეს. ასე რომ, როცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა საკუთარი თავი შეიცნო, პრაქტიკულად, ბიძას იშვიათად ხვდებოდა. როცა გრიგოლი გადასახლებიდან დაბრუნდა, მაშინვე მოქმედ არმიაში გაიწვიეს, კავკასიის მთიანეთში იბრძოდა. ეს კი ბიძა-დისშვილს კვლავ არ აძლევდა ხშირი შეხვედრის საშუალებას. მათი ურთიერთობის შესახებ, ძირითადად, წერილების მიხედვით ვიცით. ბარათაშვილის ბიძის მიმართ მიწერილი წერილები "ძია გრიგოლით" იწყება და მალე "ძმაო გრიგოლით" იცვლება... ორბელიანმა კარგად იცოდა დისშვილის ლიტერატურული ინტერესები და ახლოსაც იცნობდა მის შემოქმედებას - ნიკოლოზი თავის ლექსებს შესაფასებლად, აზრის გასაზიარებლად უგზავნიდა. ისინი, ერთმანეთს ერთგვარად აქეზებდნენ. ბარათაშვილი ერთგან ბიძას სთხოვს: "დაიბრუნოს თავისი მუზა", "დააწკარუნოს თავისი სანთური". როგორც ჩანს, გრიგოლიც იწონებდა დისშვილის ლექსებს, თორემ ეს საგრძნობი იქნებოდა ტატოსთვის და სხვა დროს აღარც გაუგზავნიდა.

- მაგრამ ორბელიანს ხშირად ბრალს სდებენ, ვერ შეიცნო თავისი გენიალური დისშვილიო.
- სინამდვილეში, გრიგოლ ორბელიანმა კარგად იცოდა ბარათაშვილის ფასი. ზაქარია ჭიჭინაძე საინტერესო ფაქტს გადმოგვცემს: ცნობილია, რომ იუბილეების აღნიშვნა საქართველოში XIX საუკუნის ბოლოდან შემოდის. პირველი, ვისაც იუბილე გაუმართეს, რაფიელ ერისთავი გახლდათ. რაფიელამდე გრიგოლისთვის უნდოდათ იუბილეს გადახდა. მან კატეგორიული უარი განაცხადა: საიუბილეო ხალხი სხვა გვყავს: რუსთაველი, გურამიშვილი, ბარათაშვილიო... არ არის ადვილი საკუთარი დისშვილი ამ თანავარსკვლავედში მოაქციო მაშინ, როცა შენც დიდი პოეტი ხარ. თანაც, იმ დროს და არა ახლა, საუკუნეების შემდეგ, როცა ბარათაშვილის გენია უკვე აღიარებულია. ბარათაშვილის საბოლოო აღიარება ხომ ილიასა და აკაკის დრომ მოიტანა...

- რას გვეტყვით მორიგ ბრალდებაზე, რომლის თანახმადაც, ბიძა დისშვილს არ დაეხმარა უმაღლესი განათლების მიღების საქმეში?
- ყველაზე მძიმე და საწყენი ბრალდებაა, თითქოს გრიგოლი არ დაეხმარა ბარათაშვილს ნივთიერად, არ გაგზავნა იგი განათლების მისაღებად. განსაკუთრებით უყვართ  ახალგაზრდებს ნიკოლოზ ბარათაშვილი. იმის გაგება კი, რომ პოეტს სურდა უმაღლესი განათლების მიღება და ამაში ბიძამ არ შეუწყო ხელი, ახალგაზრდის სულს მძიმედ აჩნდება...  სულ ასე გვჭირს: ერთი თუ არ წავწყმიდეთ, მეორეს ვერ ვაცხონებთ. ადვილია თავის ჩაყენება ბრალმდებლის როლში. მთავარი არა ბრალმდებლობა, არამედ ახსნა-განმარტებაა. მეტად ცუდია, როცა ეს ლიტერატურის მცოდნეს ემართება. ის მორალისტის პოზიციაზე კი არ უნდა დადგეს და პოეტი დატუქსოს, არამედ ახსნას, გააშინაარსოს. შესაბამისად, როცა ვითვალისწინებთ ბარათაშვილისა და ორბელიანის ცხოვრებასა და პიროვნულ ურთიერთმიმართებას, არანაირი საფუძველი ხსენებული ბრალდებებისა არ არსებობს. როგორც ცნობილია, ბარათაშვილი რომანტიკულად იყო გატაცებული სამხედრო სამსახურით, მაგრამ მისი ეს ოცნება ვერ ახდა ორბელიანისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, - გიმნაზიაში სწავლისას ბარათაშვილმა ფეხი მოიტეხა. თვითონ წერს: "მშობლები მეუბნებიან, თუ არ ინვალიდების კამანდაში, სხვაგან არსად მიგიღებენ!" ამ დროს ორბელიანი ბალტიისპირეთშია და იქიდან საოცრად წუხს ამ ფაქტის გამო. გამოგზავნილ წერილებში კითხულობს, - როგორაა ტატიკო, კიდევ კოჭლობს თუ არაო? დარდობს მისი განათლების შესახებაც. გადასახლებაში მყოფი ორბელიანი გენერალი არ გეგონოთ. ყმაწვილ კაცს თუ რამე სამხედრო ჩინი ჰქონდა, ჩამოჰყარეს და გადაასახლეს. გრიგოლის დედა, მისი თბილისში პატიმრობისას გარდაიცვალა; უფროსი და - ეფემია გათხოვილი გახლდათ, სამი ძმა კი - ობლად დარჩენილი. ოჯახს ვალები ჰქონდა... 1835 წელს ბარათაშვილმა გიმნაზია დაამთავრა. რა შეეძლო იმ დროს გადასახლებულ ბიძას? იგი თავის ძმას სწერს, ურჩიოს მელიტონს, ბარონ როზენს (მთავარმართებელს) სთხოვოს დახმარება უმაღლეს სასწავლებელში ტატოს გასაგზავნად, - არ არის რთულიო... მაგრამ მელიტონს ამაზე არ უზრუნია. ქეიფსა და დროს ტარებაში გაფლანგა თავისი და ნამზითვი ქონებაც კი. ხოლო როცა მძიმე ავადმყოფი შეიქნა, ოჯახის მოვლა-პატრონობა ნიკოლოზს დაეკისრა. ის ერთადერთი ვაჟი იყო მრავალრიცხოვანი ოჯახისა. გრიგოლი, სამშობლოში დაბრუნებული პერიოდულად მაინც ახერხებდა დის ოჯახის დახმარებას ბარათაშვილის სიცოცხლეშივე და შემდეგაც. ორბელიანს განსაკუთრებული ამაგი აქვს ბარათაშვილის დაზე - ბაბალეზე. მას 20 თუმანს უგზავნიდა. საქორწილოდ - 100 თუმანი გაუგზავნა, რაც საკმაოდ დიდი თანხა გახლდათ და თანაც, გრიგოლს ის, მისი თქმით, "მცირედი" საჩუქარი ნასესხები ჰქონდა ვაჭარ მირზოევისაგან. 

- რა შეიცვალა მას შემდეგ, როცა ორბელიანი გადასახლებიდან დაბრუნდა და "დიდი კაცი" გახდა?
- ვინ არ აწუხებდა იმ დროს გრიგოლ ორბელიანს და ისიც შეძლებისდაგვარად ყველას ხელს უწვდიდა. 70-იანი წლების ბოლოს, პეტერბურგიდან ქართველი სტუდენტების წერილი მიიღო. ერთ-ერთი სტუდენტის განსაკუთრებულად გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ ატყობინებდნენ და დახმარებას სთხოვდნენ. ორბელიანმა შესანიშნავი წერილი მისწერა პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილს, რომელიც მაშინ პეტერბურგში ქართველოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა, იმ სტუდენტს კი 100 მანეთი გაუგზავნა. მსგავსი დახმარება მისთვის არც პირველი იყო და არც - უკანასკნელი. ქართველ მწერალთა შესანიშნავი ბიოგრაფი იონა მეუნარგია, რომელიც ახლოს იცნობდა დიდ პოეტს, წერს, ასეთი ქართველის მნახველი არ ვარო. ის მართლაც დიდი პიროვნება იყო და არ შეიძლება, მის მიმართ შთამომავლობა საყვედურს გამოთქვამდეს, თანაც ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეს ამ დიდი ადმიანის ცხოვრების შესახებ.

- საიდან წარმოიშვა ასეთი დამოკიდებულება მის მიმართ?
- მის სიცოცხლეშივე, მაშინ, როცა "თაობათა ბრძოლად" წოდებული პოლემიკა დაიწყო... 70-იან წლებში ეს პოლემიკა კიდევ უფრო გამძაფრდა. ილია ჭავჭავაძემ "გამოცანები" და "კიდევ გამოცანები" დაწერა, სადაც ერთი გამოცანა ორბელიანის მისამართით დაიწერა. შედარებით სიმპათიურად იხსენიებდა გრიგოლს, მაგრამ გაუბედაობისთვის საყვედურობდა და წერდა: ზოგჯერ ამ კარგსაც ქვეყანა ფეხზე ჰკიდიაო. ორბელიანი მხოლოდ მისდამი მიმართულმა გამოცანამ კი არა, ზოგადად "გამოცანების" ტონმა აღაშფოთა. ხშირად მხოლოდ გრიგოლ ორბელიანის გამოცანას კითხულობენ და უკვირთ, რამ გააჯავრაო. "გამოცანები" და "კიდევ გამოცანები" მთლიანად უნდა იქნას წაკითხული და მხოლოდ მაშინ შეიძლება აღვიქვათ, რა კონტექსტშია პოეტი წარმოდგენილი; ნახირის, გველების, ხვლიკების, ლოკოკინების გარემოცვაშია მოხსენიებული. ორბელიანი, როგორც ჩანს, წონასწორობიდან გამოიყვანა გამოცანებმა და პასუხიც დაწერა. პასუხში აკაკიც გაკენწლა, "ბევრი მოვიდნენ თქვენისთანები, აკაკიები, ბაკაკიები." ამან, თავის მხრივ, აკაკი წერეთელი გააცეცხლა და მანაც ლექსებით გასცა პასუხი. მათ შორის იყო ცნობილი ლექსი - "ხარაბუზა ღენერალს". ამ ლექსში ასე მიმართავს აკაკი ორბელიანს: "სიტყვით სწორო, საქმით კუზა". აკაკის სიტყვას დიდი რეზონანსი ჰქონდა. ასე რომ, ეს აზრი გავრცელდა და სხვებმაც აიტაცეს. კიტა აბაშიძეც აღნიშნავს, რომ გრიგოლ ორბელიანი ორმაგი ბუნების ადამიანი იყო, ერთს ამბობდა, მეორეს აკეთებდაო.

- ბრალდებები არსებობს გრიგოლ ორბელიანის, როგორც სამხედრო პირის მიმართაც...
- დიახ - ანუ რატომ ეხმარებოდაო რუსეთს კავკასიის დაპყრობაში. დაუშვებელია ასეთი სწორხაზობრივი მსჯელობა. XVII-XVIII საუკუნეებში კავკასიის მთიელმა ტომებმა სისხლი გაუშრეს ქართველებს და განსაკუთრებით, მეფე ერეკლეს. მოგეხსენებათ, ის ორბელიანის პაპა იყო. გრიგოლი რომ გატაცებით იბრძვის კავკასიის მთიანეთში, ერთი მხრივ, მოტივი ისტორიული პატრიოტიზმიცაა. ერთგან იგი წერილში წერს: ესა და ეს აული (სოფელი) გადავწვი, ამით კახელების სისხლი ამოვიღეო. ისტორიულ სამხრეთ საქართველოში თურქების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის სამსახურია?! ის უდიდესი მხედართმთავარი, დიდი სამხედრო ნიჭის მქონე და უბრწყინვალესი მმართველი იყო. ერთხანს ავარიის მმართველად იყო დანიშნული. იმ პერიოდში უამრავი ადამიანი მოიმადლიერა, ამისთვის ხშირად მთელი ჯამაგირის დახარჯვა უხდებოდა. ცდილობდა, ხალხი მადლიერი ჰყოლოდა, დაეჯერებინა ისინი, რომ უაზრო სისხლის ღვრას სასიკეთო არაფერი მოჰყვებოდა... იგი თავგანწირვით იბრძოდა 1827-1828 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში. ოსმალეთის დიდი ნაწილი ისტორიული საქართველოა და სწორედ საქართველოსთვის იბრძოდა სრულიად ახალგაზრდა ორბელიანი. როცა ჩვენ ამ საუკუნიდანაც ჩვენს ღვაწლმოსილ წინაპარს შეურაცხყოფის ისრებს ვესვრით, უნდა დავფიქრდეთ, ილიას აზრს დავუგდოთ ყური. ილია უდიდეს პატივს სცემდა ორბელიანს, როგორც პოეტს. ის ამბობდა: იგი იყო თვითმპყრობელი ქართული ენისა და ჩვენ სასოებით მისი მსმენელნი; XIX საუკუნეში გრიგოლ ორბელიანს, როგორც პოეტს, წინ ადვილად ვერავინ გადაუსწრებსო. ილია მოხიბლული იყო გრიგოლის პიროვნებითაც. როცა იონა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის შესახებ ლექციების წაკითხვა დააპირა, ილიამ აღტაცების წერილი უძღვნა ამ იდეას: ის სიხარულით ეგებებოდა მომავალ ლექციებს, რადგან ერისათვის დიდად მნიშვნელოვანი იყო მისი რჩეული შვილის, დიდი პოეტის პიროვნებისა და ცხოვრების გზის გათვალისწინება; მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმიტომ, რომ ამ დიდი ნიჭით, განათლებით, დიდსულოვნებით აღსავსე დიდბუნებოვანმა კაცმა იცხოვრა რთული, სავსე ცხოვრებით; გამორჩეული გახლდათ არა მარტო გონებით, ნიჭით, არამედ თანამდებობრივი მდგომარეობითაც: უჩუმრად და ჩრდილქვეშ კი არ ჩაუვლია მის ცხოვრებას, არამედ სისხლსავსედ - საქმე ჰქონდა ბევრ გამოჩენილ ადამიანთან, ჩვენი ქვეყნის მტრებთან თუ მოყვრებთან. საგანგებოდაა ხაზგასასმელი ილიას უბრწყინვალესი სიტყვა, გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქმული. კომპოზიციურად სიტყვა ასეა აგებული: ილია გრიგოლ ორბელიანის ლექსებიდან სტრიქონების მომარჯვებით მიუთითებს, თუ რა დიდბუნებოვან აზრებს გამოთქვამს მხცოვანი პოეტი. ბოლოს კი კითხულობს: შეიძლება, ვინმე შემომედაოს, ეს ყველაფერი სიტყვაა და არა საქმეო. აქ ილია გრიგოლ ორბელიანის პიროვნების გაორებაზე მოლაპარაკეთა გასაგონად აცხადებს: "არიან ქვეყანაზედ იმისთანა რჩეულნი, იმისთანა "ზეგარდმო მადლით ცხებულნი", რომელთაც მინიჭებული აქვთ ერთი სასწაულთმოქმედი ძლიერება. იგი სასწაულთმოქმედი ძლიერება თითონ სიტყვასაც საქმედ ჰქმნის. ერთი იმ რჩეულთაგანი, ერთი იმ "ზეგარდმო მადლით ცხებულთაგანი" იყო გრიგოლ ორბელიანი..." ერთი სიტყვით, ჩვენს სინამდვილეში, პირველად, ილია ჭავჭავაძემ გახადა ცხადი, რომ პოეტის საქმე სიტყვაა და მის ბიოგრაფიაში საეჭვო ჩიჩქნას და ამის პირდაპირ მიზნად ქცევას ყველამ თავი უნდა დაანებოს.

შორენა ლაბაძე
"გზა", 2012 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი