"ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის საქმე" ლაზეთში
font-large font-small
"ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის საქმე" ლაზეთში
ოსმალეთის ქვეშევრდომი ლაზები თავს სწორედ ქართველებთან აიგივებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმანები იყვნენ

XX საუკუნის დასაწყისი ოსმალეთის იმპერიაში სიტუაციის მკვეთრი გამწვავებით აღინიშნა.
სულთანმა აბდულჰამიდ II-მ და მისმა კარმა იმჟამინდელ მსოფლიოში არსებულ ახალ ვითარებას ალღო ვერ აუღეს და ქვეყნის მართვა შუასაუკუნეობრივი მეთოდებით განაგრძეს, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც სასწრაფოდ გადაწყვეტას საჭიროებდა, ეროვნული თვითგამორკვევა გახლდათ - მეზობელი რუსეთისაგან განსხვავებით, ოსმალ საზოგადოებაში თვითგამორკვევის პრობლემა იმპერიის ტიტულოვან ერს - თურქებსაც - ძალიან აწუხებდა. საქმე ის იყო, რომ ოსმალეთში ქვეშევრდომთა იდენტიფიკაცია აღმსარებლობის მიხედვით ხდებოდა, ხოლო ეროვნება და მშობლიური ენა ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იყო; შესაბამისად, ოსმალო თურქები, ისლამის აღმსარებელი სხვა ხალხებისაგან (ქურთები, ქართველები, ალბანელები, ბოსნიელები) ოფიციალურად გამოყოფილნი არც კი იყვნენ.
ჯერ კიდევ 1889 წელს, ოსმალეთის სამხედრო აკადემიის რამდენიმე სტუდენტმა - ისჰააქ სუქუუთიმ, იბრაჰიმ სტაროვა-თემომ, აბდულლაჰ ჯევდეთმა, მეჰმედ რეშითმა და ჰიქმეთ ემინმა დააარსეს პოლიტიკური წრე, რომელსაც "ოსმალური საზოგადოების ერთობა" ეწოდა; მალე მათ პარიზში მოქმედი სხვა მცირერიცხოვანი ოსმალური დაჯგუფებებიც შეუერთდნენ; ასე შეიქმნა "ერთობისა და პროგრესის ოსმალური საზოგადოება". აქ უნდა ითქვას ისიც, რომ ამ გაერთიანების წევრებზე გარკვეული გავლენა მოახდინა ადრეული მარქსიზმის იდეებმა, რომლებიც მაშინ მთელ ევროპაში ძალზე პოპულარული იყო.
აღსანიშნავია, რომ "ერთობისა და პროგრესის" დამაარსებელთაგან ისჰააქ სუქუუთი, აბდულლაჰ ჯევდეთი და მეჰმედ რეშითი წარმოშობით ქურთები იყვნენ, იბრაჰიმ სტაროვა-თემო კი - ალბანელი. პარტიაში ოსმალეთის სხვა ხალხთა წარმომადგენლებიც შედიოდნენ; ამიტომ გასაკვირი არც იყო, რომ ისინი ეროვნულ თვითგამორკვევას უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ. "ერთობისა და პროგრესის" რიგებში განსაკუთრებით გავლენიანი პანთურქისტული ფრაქცია იყო, რომელსაც ბალკანელი თურქები - ენვერ-ბეი, მეჰმედ თელაათ-ბეი და აჰმედ ჯემალ-ბეი მეთაურობდნენ. პანთურქისტები მიიჩნევდნენ, რომ ოსმალეთის ხალხთა თვითგამორკვევა იმპერიის ტიტულოვანი ერის - ოსმალო-თურქების ეროვნული თვითაღქმის განსაზღვრით უნდა დაწყებულიყო. სხვათა შორის, სწორედ მათ ააღორძინეს ძველი ეთნონიმი "თურქი", რაც მანამდე ოსმალეთში თითქმის სალანძღავ ტერმინად მიიჩნეოდა.
GzaPress"ერთობისა და პროგრესის" წარმომადგენლები ანუ, როგორც მაშინ უწოდებდნენ - "ახალგაზრდა თურქები" იმ პერიოდში ძალზე აქტიურად თანამშრომლობდნენ ოსმალეთის ხალხთა ეროვნულ-რევოლუციურ დაჯგუფებებთან - მაკედონურ "შიდა მაკედონიისა და ოდრინის რევოლუციურ ორგანიზაციასთან", სომხურ "დაშნაკცუთიუნთან", ასევე ქურთთა და ალბანელთა სხვადასხვა გაერთიანებასთან, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ოსმალეთში საკმაოდ მრავლად არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართველები (ლაზები) აღმოჩნდნენ - 1906 წელს, ხოფაში პირველი არალეგალური რევოლუციური გაერთიანება ჩამოყალიბდა, რომელსაც ადგილობრივი ინტელექტუალი, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლი (ცნობილი მხატვრისა და სახალხო მთქმელის - ჰასან ჰელიმიშის მამა) ჩაუდგა სათავეში.

თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში რატომღაც ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ ლაზებში ერთიანი ქართული თვითშეგნება ადრევე დაიკარგა და XVI საუკუნის შემდგომ, ისინი ქართველი ერის ნაწილად თავს აღარ მიიჩნევდნენ, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ფაქტობრივი მასალა განსხვავებული და მართებული დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა: XX საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის ქვეშევრდომი ლაზები თავს სწორედ ქართველებთან აიგივებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმანები იყვნენ. ლაზისტანის სანჯაყს, რომლის ცენტრსაც იმხანად ქალაქი რიზე წარმოადგენდა, რუსეთის იმპერიის თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებთან იმთავითვე მეტად მჭიდრო კავშირი ჰქონდა - ლაზები "რუსეთის საქართველოში" რეგულარულად დაიარებოდნენ სავაჭროდ, სამუშაოდ და ხშირად, საცხოვრებლადაც კი რჩებოდნენ. გარდა ამისა, ბათუმიდან ლაზისტანის სანჯაყში ოფიციალურად იგზავნებოდა კავკასიის სამეფისნაცვლოში იმხანად გამომავალი ქართული პრესაც.
ამავდროულად, ერთადერთი ქართული რევოლუციური გაერთიანება, რომელიც თავის სამოქმედო არეალად ოსმალეთის საზღვრებში მოქცეულ ლაზეთსაც განიხილავდა, იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტია, რომელიც ევროპული ყაიდის მემარცხენე, მაგრამ არამარქსისტულ პოლიტიკურ ორგანიზაციას წარმოადგენდა და წინა პლანზე ეროვნულ საკითხს სწევდა. ბუნებრივია, სოციალისტ-ფედერალისტებს ლაზისტანის სანჯაყშიც ბლომად ჰყავდათ გულშემატკივარი. ერთ-ერთი მათგანი იყო ჰელიმ ჩოხატარ-ოღლიც - ის პირადად იცნობდა გიორგი (კომანდო) გოგელიას, თედო სახოკიას, ლეო კერესელიძეს და სხვებს, რომლებსაც ქუთაისის გუბერნიაში ყოფნისას სტუმრობდა ხოლმე.
საინტერესოა, რომ გურიაში, კერძოდ - სუფსაში ლაზები მრავლად სახლობდნენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა. სხვათა შორის, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის ნათესავი, სუფსელი ლაზი ოსმან ქერეჯ-ოღლიც "წითელი ტერორისტი" იყო და პირადად იცნობდა გურულ რევოლუციონერთა უმრავლესობას. ამდენად, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლიმ, რომელიც პროფესიით ხურო იყო და ქუთაისისა და თბილისის გუბერნიებშიც მისვლა-მოსვლა ხშირად უწევდა, სოციალისტ-ფედერალისტებისა და "წითელი ტერორისტების" შეხედულებანი ლაზეთშიც შეიტანა და თავისი გაერთიანების ძირითად იდეოლოგიურ საფუძვლად აქცია.

1908 წელს, რევოლუციის შედეგად, "ახალგაზრდა თურქებმა" სულთანი აბდულ-ჰამიდ II აიძულეს, 1876 წლის კონსტიტუცია აღედგინა და საჭირო რეფორმებიც გაეტარებინა, ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც სულთნის მომხრეებმა სტამბოლში ბუნტი მოაწყვეს და აბსოლუტური მონარქიის აღდგენა სცადეს, აბდულ-ჰამიდ II "ახალგაზრდა თურქებმა" ტახტიდან სულაც გადააყენეს; მის ნაცვლად სულთნად, უნებისყოფო მეჰმედ V დასვეს, თავად კი ხელისუფლებაში მაღალი პოსტები დაინაწილეს. სხვათა შორის, ოსმალეთის არათურქი ხალხები ხელისუფლებაში "ახალგაზრდა თურქების" მოსვლას სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ სულ მალე იმედი გაუცრუვდათ - ახალმა მმართველებმა იმთავითვე პანთურქისტულ-რეაქციული კურსი აიღეს და მათი უფლებები კიდევ უფრო შეკვეცეს.

GzaPressლაზისტანის სანჯაყში, რომელიც იმხანად ტრაპიზონის ვილაიეთის შემადგენელი ნაწილი იყო, ხელისუფლებაში "ახალგაზრდა თურქების" მოსვლისთანავე, საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ერთნი, რომელთაც სათავეში პროკურორი ნეჯათი-ბეი მემიშოღლი ედგა, პანთურქისტულ იდეებს იზიარებდა და ლაზებსაც, ცხადია, თურქებად მიიჩნევდა; მეორენი კი, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის მეთაურობით, ისევ ძველ პოზიციებზე რჩებოდნენ და მიაჩნდათ, რომ ლაზისტანის სანჯაყს ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში ავტონომიური უფლებები უნდა ჰქონოდა; ისინი "ახალგაზრდა თურქების" ადგილობრივ მომხრეებს "ჩორბაჯეფე"-ს ("ჩორბაჯი" თურქულად "გაზულუქებულს" ნიშნავს) ეძახდნენ, ხოლო ეს უკანასკნელები მათ ჩვეულებრივ, "ანარქისტთა" სახელით იხსენიებდნენ. საინტერესოა, რომ თავად ჰელიმ ჩოხატარ-ოღლი თავის დაჯგუფებას უბრალოდ, "ერთობას" უწოდებდა - იმხანად, ქართველ რევოლუციონერებს შორის ეს სახელწოდება მეტისმეტად პოპულარული იყო.
ხსენებულ ორ დაჯგუფებას შორის დაპირისპირების უკიდურესი გამწვავება ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა განაპირობა - "ახალგაზრდა თურქებმა" 1909 წელს ე.წ. "ჯიზიას" ანუ ჯარში გაწვევის სანაცვლო გადასახადის გაუქმებისა და წვევამდელების გაწვევის ახლებური ორგანიზების თაობაზე კანონი გამოსცეს, რომლის ძალითაც გაუქმდა როგორც ჯიზია (რომელსაც ოსმალეთის არამუსლიმანი ქვეშევრდომები იხდიდნენ), ისე ის შეღავათებიც, რომლითაც ლაზები ოსმალურ არმიაში XVII საუკუნიდან სარგებლობდნენ: მათ სახალხო ლაშქრის შეკრება და მეთაურთა არჩევა აეკრძალათ; ეს იმას ნიშნავდა, რომ რეგულარულ არმიაში წვევამდელებად ლაზებსაც ჩვეულებრივად გაიწვევდნენ და თურქულ ქვედანაყოფებში დაქსაქსავდნენ.

GzaPressბუნებრივია, ამ ახალმა კანონმა ლაზისტანის სანჯაყის მოსახლეობაში მღელვარება გამოიწვია. ვითარება იმანაც გაამწვავა, რომ დამატებით, ტრაპიზონის ვალიმ ხოფისა და ათინის კაზების კაიმაკამებს (მაზრების უფროსებს) მოსახლეობისაგან იარაღის ამოღება უბრძანა. აღსანიშნავია, რომ ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის ეს ყველაფერი წინასწარ აცნობეს და მანაც, თანამზრახველებთან ერთად, სასწრაფოდ მიიღო ზომები - 1909 წლის 2 მაისს "ერთობის" კომიტეტმა ხოფის კაიმაკამს, ვინმე ჯავიდ-ბეის, ტერაქტით მოკვლის განაჩენი გამოუტანა, რომლის აღსრულებაც ახალგაზრდა ფირალმა, აზლაღელმა კანუნ კოსტ-ოღლიმ ითავა.
მეორე დღეს, როდესაც კაიმაკამი ეტლით ხოფიდან მეზობელ სოფელში მიემგზავრებოდა, კანუნ კოსტ-ოღლი მას პირდაპირ შუა გზაზე ორი დამბაჩით დახვდა. კაიმაკამმა შეიარაღებულ კაცს შორიდანვე მოჰკრა თვალი და მეეტლეს უბრძანა, ეტლი მიახლოებისთანავე შეეჩერებინა და თან მედიდურად წაიტრაბახა: "მაგ სოფლელ თავმომწონე ბიჭს იარაღს ისე ჩამოვართმევ, გონზე მოსვლას ვერ მოასწრებს!" მაგრამ კანუნ კოსტ-ოღლიმ მეეტლეს შეჩერება არც აცალა - ეტლი მიუახლოვდა თუ არა, გვერდზე გადახტა, მეეტლე კოფოდან ერთი გასროლით ჩამოაგდო, მერე კი მთელი მჭიდი კაიმაკამს დააცალა. ჯავიდ-ბეი ადგილზევე გარდაიცვალა. კანუნ კოსტ-ოღლის მეეტლეც მკვდარი ეგონა (ის მსუბუქად დაიჭრა, მაგრამ ჩამოვარდნისას თავი გაუტყდა და გონი დაკარგა) და ყურადღება აღარც მიუქცევია; ეტლიდან ცხენები მშვიდად გამოხსნა, გაირეკა და წავიდა. იმავე საღამოს, გადაღებილი და ფაფარშეკრეჭილი ცხენები ფირალმა საზღვარზე გადაიყვანა და სოფელ მაკრიალში (მაშინ რუსეთის იმპერიაში შემავალ მხარეს ეკუთვნოდა) სარფიანად გაყიდა.
ხოფის კაიმაკამის მკვლელობის გამო ტრაპიზონის ვილაიეთის გამგებლობამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომლის გამოძიებაც ნეჯათი-ბეი მემიშოღლის დაევალა. მან ინფორმატორებისგან ყველაფერი შეიტყო და კანუნ კოსტ-ოღლიზე ძებნა გამოაცხადა, ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის ასაყვანად კი ჩაფრები გაგზავნა. აქვე უნდა ითქვას, რომ 1908 წლის "ახალგაზრდა თურქთა" რევოლუციის დროს ნეჯათი-ბეიცა და ჰელიმ ჩოხატარ-ოღლიც სულთნის ძალაუფლების შესაზღუდავად ერთად იბრძოდნენ, ამიტომაც პროკურორმა "ერთობისა" და მისი ლიდერის ავან-ჩავანი კარგად იცოდა. ის იმედოვნებდა, რომ "ანარქისტი" ჩოხატარ-ოღლი მართლმსაჯულებას ვერაფერს დაუმალავდა.

ამავდროულად, მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდა - ფირალმა კანუნ კოსტ-ოღლიმ ქუთაისის გუბერნიას შეაფარა თავი, ხოლო კონაკში (იმ დროს ასე ეწოდებოდა ოსმალეთის იმპერიაში რეგიონულ პროკურატურას) ჰელიმ ჩოხატარ-ოღლი ვერავინ ვერაფერში გამოტეხა - დაკავებული კაიმაკამის მკვლელობაში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფდა და პროკურორ ნეჯათი-ბეის ბრალს იქით სდებდა: კარგა ხანია, ჩემს მიწებზე თვალი უჭირავს და თანამდებობას ბოროტად იყენებს, რათა მიწის მიყიდვაზე როგორმე თანხმობა გამომტყუოსო. ჰელიმ ჩოხატარ-ოღლი მაინც დააპატიმრეს, რადგანაც სახლში იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" უპოვეს. ლაზი "ანარქისტის" გასათავისუფლებლად "ერთობის" კომიტეტმა რამდენიმეეტაპიანი ოპერაცია დაგეგმა, რომლის განხორციელებაც შვიდმა ლაზმა ფირალმა - ზაბით აბდურამან-ოღლიმ, მემეტ დელიკურტ-ოღლიმ, ხუსეინ გოჭ-ოღლიმ, ნური თუთი-ოღლიმ, ჰასან მანელ-ოღლიმ, ხემდი ვეზირ-ოღლიმ და სულეიმან ჩაქირ-ოღლიმ - ითავა.
შვიდეულიდან ორი - მემეტ დელიკურტ-ოღლი და ხუსეინ გოჭ-ოღლი - სასწრაფოდვე სტამბოლში გაემგზავრა და შესაფერისი ადვოკატის ძებნას შეუდგა, ოთხმა კი ტრაპიზონს მიაშურა ადვოკატის გასამრჯელოსათვის ფულის საშოვნელად. სტამბოლში ფირალებმა სეფარდი ებრაელი ადვოკატი, ვინმე მორდოხაი პერესი მალე იპოვეს, მაგრამ ფულის შოვნა გაჭიანურდა და ამასობაში, ტრაპიზონში ჰელიმ ჩოხატარ-ოღლი გაასამართლეს კიდეც. პროცესზე ნეჯათი-ბეიმ მთელი თავისი გავლენა გამოიყენა და განსასჯელს სირიაში გადასახლება მიესაჯა; თუმცა კანონით, მას გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაში განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცა.
გასაჩივრება რომ მოესწროთ, ტრაპიზონში მყოფმა ფირალებმა გადაწყვიტეს, ბანკი გაეძარცვათ; იმხანად ქალაქში ყველაზე მეტი ფული სამთავრობო "ოსმალეთის ბანკში" ინახებოდა. ხასან მანელ-ოღლიმ ორ დღეში კარგად შეისწავლა მისი მუშაობის განრიგი, მერე, ევროპულ ყაიდაზე, ფრაკში გამოეწყო და ბანკში ვითომ ანგარიშის გასახსნელად მივიდა. "გერმანელი ინჟინერი ვარ და ოსმალეთში რკინიგზის გასაყვანად ჩამოვედი", - ასე გააცნო მან თავი უშუალოდ დირექტორს, რომელმაც თავაზიანად მიიწვია თავის კაბინეტში. როგორც კი მარტონი დარჩნენ, ჰასან მანელ-ოღლიმ ჯიბიდან ხელნაკეთი თუჯის ბომბი ამოიღო, დირექტორს დაანახვა და უთხრა: "ეს უახლესი გერმანული ბომბია და თუ ახლავე ოცი ათას ოსმალურ ლირას არ ჩამითვლით, ავაფეთქებ! იცოდეთ, მთელი ბანკი ნაცარტუტად იქცევა!"...
GzaPress
ბანკის დირექტორი, ცხადია, გვარიანად შეშინდა და გამეორება არც დასჭირვებია, ისე აღასრულა ფირალის მოთხოვნა - მთელი თანხა ხელის კანკალით ჩაუთვალა და გარეთაც კი გამოაცილა. ბანკს ოსმალო ასკერთა (ჯარისკაცთა) ასეული იცავდა, მაგრამ ოდნავადაც არავის უეჭვია, რომ დირექტორის თანმხლები, ახოვანი მამაკაცი, რომელიც "გიაურთა" ყაიდაზე ფრაკში გამოწყობილიყო, ჩვეულებრივი მძარცველი იყო. მანელ-ოღლიმ ასკერებს ამაყად ჩაუარა, ქუდის მოხდით მიესალმა მათ, მერე იქვე გაჩერებულ ეტლში ჩაჯდა და საჩქაროდ ნავსადგურისკენ გასწია. იმავე საღამოს, ოთხივე ფირალი გემით სტამბოლისკენ გაემართა, სადაც 5 დღის შემდეგ ჩავიდნენ და ადვოკატ მორდოხაი პერესს გასამრჯელო - 15 ათასი ლირა გადაუხადეს; განაჩენი გასაჩივრდა.

ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის პროცესი ოსმალეთის მეორე ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულის გამართლებით დასრულდა - ადვოკატმა სულ ადვილად დაასაბუთა, რომ კაიმაკამის მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ მონაწილეობდა, ხოლო "დედაენის" გამო დაპატიმრება უკანონო ქმედება იყო; აქ უნდა ითქვას ისიც, რომ ჩოხატარ-ოღლის "დედაენა" საგანგებოდ ქართველ მაჰმადიანთათვის იყო გამოცემული და თან, ქრისტიანული ლოცვების ნაცვლად, ყურანის ციტატები და მოკლე კომენტარები ერთვოდა (იმ დროს ასეთი "დედაენა" ოსმალეთის ქართველობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ხშირად გამოიცემოდა), რაც ცხადია, ოსმალურ კანონებს არ ეწინააღმდეგებოდა. ბუნებრივია, ადვოკატის მსჯელობა სასამართლომ გაიზიარა და ჰელიმ ჩოხატარ-ოღლი დარბაზიდანვე გაათავისუფლა; მას თავისი "დედაენაც" დაუბრუნეს. გარდა ამისა, იმავე სასამართლომ ჩოხატარ-ოღლის უკანონო დაკავების ხარჯების ანაზღაურება ტრაპიზონის ვილაიეთსა და პროკურორ ნეჯათი-ბეის დააკისრა. ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვნად დაზარალდა, რადგანაც მეორე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უტყუარი მტკიცებულებები ვეღარ დაუპირისპირა და, ოსმალური კანონების მიხედვით, იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა.

P.S. ამის შემდეგ მოვლენები ზუსტად ისევე განვითარდა, როგორც ვესტერნებშია - ყოფილმა პროკურორმა და "ანარქისტმა" ერთმანეთს დევნა დაუწყეს, მაგრამ ვერც ერთი ვერაფერს გახდა: ჰელიმ ჩოხატარ-ოღლიმ ნეჯათი-ბეი მემიშ-ოღლი ცხრაჯერ დაჭრა, თავად, მტრის ტყვიით თერთმეტჯერ დაიჭრა. პარალელურად, ორივენი საკმაოდ ჩანდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე - ჰელიმ ჩოხატარ-ოღლი 1914-1920 წლებში ლაზეთის საქართველოსთან შესაერთებლად იბრძოდა, ნეჯათი-ბეი კი ოსმალური ხელისუფლების ერთგული იყო; მტრობა შენელდა 1926 წელს - როცა ნეჯათი-ბეი ათათურქზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით, ციხეში მოხვდა - მაგრამ მერე ისევ გაგრძელდა. საბოლოოდ, მოსისხლეები 1959 წელს, 80 წლის ასაკში, ინვალიდის ეტლებს მიჯაჭვულნი გარდაიცვალნენ.


მთავარ სურათზე: ჰელიმ ჩოხატარ-ოღლის თანამოაზრე ფირალები: დგანან - მემეტ დელიკურტ-ოღლი, ხუსეინ გოჭ-ოღლი, ნური თუთი-ოღლი, ჰასან მანელ-ოღლი; ზის - სულეიმან ჩაქირ-ოღლი. 1910 წლის ფოტო

მიხეილ ლაბაძე
"გზა", 2011 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი