როგორ იხსნა ბერიამ დახვრეტისგან ლაზი კონტრაბანდისტები
font-large font-small
როგორ იხსნა ბერიამ დახვრეტისგან ლაზი კონტრაბანდისტები
გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში, როცა საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის საქართველოს მონაკვეთი ჯერ კიდევ არ იყო ჩაკეტილი, სასაზღვრო ზონის სოფლებში - როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მხარეზე - მოქმედებდა ლაზი კონტრაბანდისტების დაჯგუფება.
დაჯგუფებას ხოფელი რესან აბდულიში მეთაურობდა. დაჯგუფების წევრებს საბჭოთა კავშირიდან თურქეთში უმეტესად, საოჯახო ნივთები და სამუშაო იარაღები გადაჰქონდათ, თურქეთიდან კი ბათუმში თხილს ეზიდებოდნენ და საკმაოდ სარფიანადაც ყიდდნენ. როგორც წესი, კონტრაბანდისტებს საზღვრის ორივე მხარეს მაღალჩინოსნები და მესაზღვრეები მოსყიდული ჰყავდათ და ნაშოვნი ფულიდან მათ წილს ყოველთვიურად აძლევდნენ.


კონტრაბანდისტთა მეთაური რესან აბდულიში მდიდარი გლეხი იყო. 1921 წლამდე, სანამ თურქული და რუსული არმიები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრებოდნენ, მას ბათუმში საკონდიტრო ჰქონდა. ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, აბდულიშს საკონდიტრო ჩამოართვეს და იძულებული გახადეს, კონტრაბანდისტობა დაეწყო. იმხანად, თურქეთის საზღვრებში მოქცეული ლაზეთი ეკონომიკურად ძალიან ჩამორჩენილი მხარე იყო და მის მკვიდრთათვის ბათუმში მისვლა-მოსვლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ასე რომ, რუსეთისა და თურქეთის მიერ საქართველოს გაყოფამ თურქეთის მხარეს მოქცეული ლაზეთის ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა. შესაბამისად, იქაურებმა თავის გადასარჩენად კანონს გვერდი აუარეს.
რესან აბდულიშის დაჯგუფებაში, მეთაურის გარდა, 12 კაცი შედიოდა: ხოფელი ალი-რიზა ტუზჯიოღლი; მაკრიალელები: ოსმან კოხაში, კადირ მურუცხაში და ჰასან მანელიში; გაღმა სარფელები: რიფეთ და ენვერ კარაოსმანოღლები, ჰაკკი ბათალოღლი და კიდევ რამდენიმე სხვაც, რომელთა სახელები დღესდღეობით უცნობია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დაჯგუფების წევრები არ ერეოდნენ პოლიტიკაში და ცდილობდნენ, არც თურქები გაენაწყენებინათ და არც - რუსები. როგორც ითქვა, ისინი ორივე მხარის მაღალჩინოსნებს უხდიდნენ ფულს და თავისუფლად საქმიანობდნენ.

30-იანი წლების შუახანებიდან, უწინდელ მოკავშირეებს - საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა შესამჩნევად გართულდა. იოსებ სტალინი, რომელსაც ქვეყნის მართვის ყველა სადავე უკვე ხელთ ეპყრა, გადამწყვეტ შეტევას გეგმავდა და ანგარიშის გასწორება ძველ მოკავშირეებთანაც სურდა. "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" სურვილებმა, როგორც წესი, უბრალო ხალხის ყოველდღიური ცხოვრებაც თანდათან შეცვალა - თურქეთთან საზღვარი არ ჩაკეტილა, მაგრამ გადასვლა-გადმოსვლა უფრო გართულდა და კონტრაბანდისტებსაც ძველმა მფარველებმა აგრძნობინეს - თუ წილს არ გაგვიზრდით, უკანონო ქმედებებზე თვალს აღარ დავხუჭავთო. რესან აბდულიშსა და მის ხალხს მძიმე დრო დაუდგათ.
სწორედ მაშინ, როცა კონტრაბანდისტები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი და მომავალზე ბჭობდნენ, რესან აბდულიშს ხოფაში ერთი გამოღმა სარფელი პარტიული მუშაკი ეწვია. ეს კაცი "კაგებეს" განსაკუთრებული დავალებების შესასრულებლად, თურქეთის ლაზეთში ხშირად დაიარებოდა და მას აბდულიშის დაჯგუფების წევრებიც, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდნენ. პარტიულმა, რომელსაც ჩაცმულობით თურქული ზღვისპირა ქალაქების მცხოვრებთაგან ვერავინ გამოარჩევდა, რესან აბდულიშს სარფიანი საქმე შესთავაზა: "ახლობლებმა მაცნობეს, რომ რამდენიმე დღეში, ტრაპიზონში სოხუმიდან ჩამოდის ხომალდი, რომლის ერთ-ერთ მგზავრს - ყოფილ სპეკულანტს ბლომად ოქრო მოაქვს. თქვენ თუ იმ კაცს თავის ოქროებიანად ხომალდიდან მოიტაცებთ და გამოღმა სარფში გადმოგვიყვანთ, სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებთ და საზღვარზე გადასვლა-გადმოსვლისას ზედმეტად აღარავინ შეგაწუხებთ!" - უთხრა პარტიულმა რესანს. ამ უკანასკნელმა მოფიქრებისთვის ცოტა დრო ითხოვა, თუმცა წინასწარ მაინც იკითხა: ჩვენ პოლიტიკაში არასოდეს ჩავრეულვართ, იარაღიც არ გვაქვს; შენ რასაც გვთხოვ, იმას უიარაღოდ ვერ გავაკეთებთ, როგორ მოვიქცეთო? "თუ საქმე ჭკუაში დაგიჯდათ, იარაღის შოვნა გაგიჭირდებათ?" - იქედნურად ჩაეცინა სარფელ პარტიულს და ფეხზე წამოდგა, რაღაც მოიმიზეზა და მასპინძლის სახლი დატოვა.

GzaPressსარფელი პარტიული სოხუმელ ლაზ საქმოსანს - ოსმან-ეფენდი ფოცხოროღლის გულისხმობდა. ფოცხოროღლი ოსმალეთის ქვეშევრდომი იყო, თუმცაღა 1910 წლიდან ოჯახით სოხუმში ცხოვრობდა და აგურის ქარხნის მეპატრონე იყო. ის ძალიან კარგად იცნობდა აფხაზ ბოლშევიკთა ლიდერს - ნესტორ ლაკობას და ხელსაც უმართავდა, როცა ეს უკანასკნელი იატაკქვეშეთში იყო და ჟანდარმერია დასდევდა. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ოსმან-ეფენდი ფოცხოროღლიმ მალევე აუღო ალღო სიტუაციას - თავისი აგურის ქარხანა სხვა საქმოსანს (ცნობილი აფხაზი მწერლის - ფაზილ ისკანდერის მამას) მიჰყიდა და თურქეთში წამსვლელების სიაში ჩაეწერა. ოსმან-ეფენდიმ მოახერხა, გაეცურებინა "ჩეკა" და თურქულ გემზე, რომელიც სოხუმში ოსმალეთის ყოფილი ქვეშევრდომების წასაყვანად ათათურქის მიერ იყო გამოგზავნილი, არც მეტი, არც ნაკლები - 10 კილოგრამი ოქრო აიტანა. ამის შესახებ "ჩეკამ" მაშინღა შეიტყო, როდესაც გემი უკვე ზღვაში იყო გასული და ნეიტრალურ წყლებში მიცურავდა.
საბჭოთა კავშირიდან არალეგალურად ერთი გრამი ოქროს გატანაც კი მკაცრად ისჯებოდა, ლაზ საქმოსანს კი მთელი 10 კილოგრამი გაჰქონდა. ბუნებრივია, "ჩეკას" ამაზე რეაგირება უნდა მოეხდინა და, ცხადია, თურქეთის ზღვისპირეთში აგენტურა აამოძრავა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რესან აბდულიშის დაჯგუფების წევრებს, "ჩეკისტების" მიერ შედგენილ გეგმაში, შემსრულებელთა როლი ჰქონდათ მიჩენილი. მათ გარდა, საქმეში ჩართული იყო კიდევ ორი კაცი - ტრაპიზონის ჟანდარმერიის უფროსი, ნური დელიბაშოღლი და მისი მოადგილე რეფიქ კარახასანოღლი. ისინი ორივენი "კაგებეს" აგენტები იყვნენ და მზაკვრული რამ ევალებოდათ: აბდულიშის დაჯგუფების ყველა წევრი დავალების შესრულებისთანავე უნდა დაეხოცათ.
გარდა ამისა, სარფელმა პარტიულმა რესან აბდულიშს არც კი გაუმხილა ის, რომ ოსმან-ეფენდი ფოცხოროღლის 10 კილოგრამი ოქრო მოჰქონდა. ცხადია, თუკი ამას ეტყოდა, კონტრაბანდისტები თავად მოინდომებდნენ ნადავლის ხელში ჩაგდებას და გასამრჯელო აღარ დააინტერესებდათ. ოქროს რაოდენობის შესახებ არც ტრაპიზონის ჟანდარმერიის უფროსმა და მისმა მოადგილემ იცოდნენ. არადა, გეგმით, საჭირო იყო, რომ ოსმან-ეფენდი ფოცხოროღლის გატაცების ოპერაციის დაწყებისთანავე, ოქროს ვიღაცა დაჰპატრონებოდა და შემსრულებლებს მისი ნახვის საშუალება არ მისცემოდა. ამდენად, ვიღაცას უნდა მოეკლა ნური დელიბაშოღლიცა და რეფიქ კარახასანოღლიც, რომ მოტაცებული კაცი და ოქრო "ჩეკასთვის" გადაეცა.
ასეთი კაცი კი იყო თავად ის სარფელი პარტიული, რომელიც ამ ყველაფერზე დიდ იმედს ამყარებდა - მას აჭარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის "ჩეკას" უფროსობა სურდა და მზად იყო, თვით ეშმაკისთვის მიეყიდა სული, ოღონდ კი საწადლისთვის მიეღწია. ერთი სიტყვით, ყველაფერი მისხალ-მისხალ იყო გათვლილი და ოპერაციაში მონაწილეთაგან ბოლოს, ერთი კაცი უნდა დარჩენილიყო ცოცხალი.

რესან აბდულიშმა და მისმა მეგობრებმა მეორე დღესვე მოილაპარაკეს, სარფელ პარტიულს თანხმობა შეუთვალეს და იარაღის საშოვნელად ნაცნობებს მიმართეს. მათ მალევე იშოვეს 13 მოძველებული "ბერდენკა" ვიღაც ტრაპიზონელი ბერძნისგან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ის ტრაპიზონელი ბერძენი ჟანდარმერიის აგენტი იყო და ნური დელიბაშოღლის ინსტრუქციის თანახმად მოქმედებდა - მან სპეციალურად მისცა ლაზებს ძველი "ბერდენკები".
GzaPressოსმან-ეფენდი ფოცხოროღლის მოტაცების გეგმა რესან აბდულიშმა, მისმა ერთ-ერთმა ამფსონმა ოსმან კოხაშმა და სარფელმა პარტიულმა შეიმუშავეს. საინტერესო ის იყო, რომ გეგმის თანახმად, მოტაცებისას ცეცხლსასროლი იარაღი თითქმის არც უნდა გამოეყენებინათ, რათა ნავსადგურში მყოფთა ყურადღება არ მიექციათ. ლაზებს "ბერდენკები" მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაესროლათ, თუ სიტუაცია გამწვავდებოდა და გასროლის გარდა სხვა გზა აღარ დარჩებოდა. არადა, სარფელი პარტიულის ჩანაფიქრით, სიტუაცია მართლაც უნდა გამწვავებულიყო; თუმცა, რა თქმა უნდა, რესან აბდულიშმა და მისმა ამხანაგებმა ეს არ იცოდნენ.
დანიშნულ დღეს, ტრაპიზონის ნავსადგურში მართლაც შემოვიდა გემი, რომელსაც საბჭოთა კავშირიდან წამოსული, ოსმალეთის ყოფილი ქვეშევრდომები მოჰყავდა. მას აუარებელი ხალხი ელოდებოდა. ოსმან-ეფენდი ფოცხოროღლი და მისი მეუღლე სულ ბოლოს გადმოვიდნენ ხმელეთზე. ბარგი ბევრი ჰქონდათ და ამიტომაც ოსმან-ეფენდიმ მებარგულები მოათვალიერა. სწორედ ამ დროს, მასთან რესან აბდულიში და მისი ორი ამფსონი მივიდა: "მებარგული და მეეტლე ხომ არ გჭირდებათ? ჩვენ შეგვიძლია, კარგი გასამრჯელოს ფასად მოგემსახუროთ!" - უთხრა საქმოსანს რესანმა და შორიახლოს მდგარ ეტლზე მიუთითა. ოსმან-ეფენდი დათანხმდა და სასტუმრომდე მიყვანა სთხოვა.
აბდულიშის ამფსონებმა, რომლებიც მებარგულებად იყვნენ ჩაცმულნი, ბარგი ეტლზე დააწყვეს, კოფოზე კი თავად რესანი დაჯდა და ცხენებს მათრახი გადაჰკრა. ეტლი დაიძრა თუ არა, "ბერდენკებით" შეიარაღებული რამდენიმე კონტრაბანდისტი უკან უჩუმრად, სირბილით მიჰყვა. რესან აბდულიში, რასაკვირველია, წინასწარ იყო შეთანხმებული სარფელ პარტიულთან, თუ რომელი გზით უნდა წაეყვანა ეტლი და ასეც მოიქცა - ნავსადგურიდან გავიდა და გეზი ერთ-ერთი ელიტური გარეუბნისკენ აიღო. გზად მას ძველ უბანში უნდა გაევლო და სწორედ აქ ელოდნენ ჟანდარმერიის უფროსი და მისი მოადგილე. თავად სარფელი პარტიული კი გზაზე მდგარ დუქანში იჯდა და სიტუაციას ისე ადევნებდა თვალყურს.
რესან აბდულიში ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ძველ უბანში მას ვინმე ელოდა და არც ღელავდა - მან იცოდა, რომ ოსმან-ეფენდი სასტუმროს ნაცვლად, ერთ-ერთი ახლობლის სახლში უნდა მიეყვანა, სადაც გაკოჭავდნენ და გვიან ღამით საზღვარზე გადაიყვანდნენ. როგორც კი ეტლმა ძველი უბნის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე გაუხვია, უეცრად გაისმა გასროლის ხმა; ერთ-ერთი კონტრაბანდისტი გულგანგმირული ძირს გადმოეშვა და ცხენებიც ყალყზე შედგნენ. იმ კონტრაბანდისტებმა, რომლებიც ეტლს უკან მოსდევდნენ, ნური დელიბაშოღლის საპასუხოდ სროლა აუტეხეს. ამით ისარგებლა რესან აბდულიშმა, ცხენებს მათრახი გადაჰკრა და გააჭენა. მისმა მეორე ამხანაგმა კი "ბერდენკის" კონდახი ოსმან-ეფენდის ჩაჰკრა სახეში და გათიშა.

როგორც შემდგომში გამოირკვა, ნური დელიბაშოღლის თან რამდენიმე ჟანდარმი წამოეყვანა, რაც სარფელმა პარტიულმა არ იცოდა. კონტრაბანდისტთა მოძველებულმა "ბერდენკებმა" ბრწყინვალედ იმუშავა, რასაც თავის მხრივ, ჟანდარმები არ ელოდნენ. ასე რომ, ეს უკანასკნელები კონტრაბანდისტებმა ჩახოცეს და როდესაც ის სარფელი პარტიული დუქნიდან ქუჩაში შემართული დამბაჩით გამოვარდა, ერთი-ორი ტყვია მასაც უწილადეს. ამასობაში, რესან აბდულიში ტრაპიზონიდან გავიდა და ახლობლის სახლს შეაფარა თავი. მოგვიანებით იქვე მივიდნენ სხვა კონტრაბანდისტებიც და რესანს მომხდარის შესახებ აცნობეს.
კონტრაბანდისტებმა ოსმან-ეფენდისა და მის მეუღლეს წაართვეს ყველა ოქროს სამკაული, რაც თან ჰქონდათ, ცალკე ბოხჩაში გამოკრეს და გვიან ღამით, გეზი გაღმა სარფისკენ აიღეს. რესან აბდულიში ვერც წარმოიდგენდა, თუ ოპერაცია სულ სხვაგვარად იყო დაგეგმილი და მშვიდად გადავიდა საზღვარზე, ნაბადში გახვეული, გათოკილი ლაზი საქმოსანი და მისი მეუღლე მესაზღვრეებს ჩააბარა და გასამრჯელო მოითხოვა. წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც გასამრჯელოს ნაცვლად, კონდახი უთავაზეს და ხელბორკილები დაადეს. რესანთან ერთად დააპატიმრეს მისი თერთმეტი ამფსონიც და ყველანი ბათუმის იზოლატორში გადაიყვანეს.
საქმე ის იყო, რომ მართალია, ოსმან-ეფენდი ფოცხოროღლის გემზე 10 კილოგრამი ოქრო ჰქონდა, მაგრამ ხმელეთზე გადმოსვლამდე რკინის დიდ ყუთში ჩაწყობილი ზოდები სანდო კაცს იმ სასტუმროში გაატანა, სადაც მისვლას აპირებდა. მისი მოტაცების მოსურნეებმა კი ეს არ იცოდნენ და ამიტომაც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. წარუმატებლობის გამო, დააპატიმრეს ის სარფელი პარტიულიც და რესან აბდულიშსა და მის ამხანაგებს გვერდით მიუსვეს.

GzaPressბუნებრივია, მომხდარის შესახებ აცნობეს საქართველოს "ჩეკას" იმჟამინდელ ხელმძღვანელს - ლავრენტი ბერიას, რომელიც ფოცხოროღლის მოტაცებით თავადვე იყო დაინტერესებული. "ლავრენტი პავლოვიჩ! ფოცხოროღლი დავიჭირეთ, მაგრამ ოქრო ვერსად ვუპოვეთ, ამიტომ მისი მომტაცებლებიც დავაკავეთ... ყველანი აქა გვყავს და თქვენს განკარგულებას ველით!" - მოახსენა პენსნეიან კაცს ერთ დღეს შიკრიკმა და მაგიდაზე საქაღალდე დაუდო.
პენსნეიანმა კაცმა მდუმარედ დაუქნია შიკრიკს თავი, ანიშნა - თავისუფალი ხარო და საქაღალდე გადაშალა. გადაათვალიერა საქმეზე დართული ფოტოსურათები და უეცრად რატომღაც თვალები გაუბრწყინდა. მაშინვე აიღო ბლანკიანი ფურცელი, რაღაც დააწერა ზედ გაკრული ხელით და ისევ იმ შიკრიკს უხმო.
რამდენიმე წუთში ბერიას კაბინეტში ლაზი კონტრაბანდისტები ამოიყვანეს. მათ იზოლატორში დიდხანს ყოფნისგან სახეები გაჰყვითლებოდათ, ლოყები ჩასცვენოდათ და რამდენიმეს აშკარად აჩნდა ცემის კვალიც. "თქვენ კარგად იმუშავეთ... თუ ყველაფერი ისე ვერ გაკეთდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, ეს თქვენი ბრალი არ არის. დღეიდან ყველანი თავისუფლები ხართ!" - უთხრა ბერიამ ლაზებს და თითოეულ მათგანს ხელი ჩამოართვა.
მიუხედავად გათავისუფლებისა, რესან აბდულიში და მისი ამხანაგები ლაზეთში ვეღარ დაბრუნდნენ. უფრო მეტიც - მათ სასაზღვრო ზონაში ცხოვრების უფლებაც აღარ მისცეს და ამიტომაც, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაიფანტნენ. თავად რესანი ღრმა სიბერემდე აფხაზეთში ცხოვრობდა და ყოველთვის მადლიერებით იგონებდა ლავრენტი ბერიას, რომელმაც ლაზი კონტრაბანდისტები დაღუპვისგან იხსნა.

მიხეილ ლაბაძე
"გზა", 2012 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი