როგორ დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება ბათუმში
font-large font-small
როგორ დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება ბათუმში
25 თებერვალი ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ცნობილი იყო როგორც საქართველოს გასაბჭოებისა და გათავისუფლების დღე. ისტორიკოსებმა იცოდნენ, რომ საქართველოს გასაბჭოება 25 თებერვალს არ დასრულებულა და როცა თბილისი რუსულმა ჯარმა დაიკავა, სამხრეთ საქართველოში თურქული ჯარი შევიდა.
ასე რომ, წითელმა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა ერთობლივად მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე კი ითქვა, მაგრამ ყველაფერი უკვე გვიან იყო...

მიუხედავად იმისა, რომ ლენინსა და ათათურქს შორის საქართველოს შესახებ ადრევე თითქოს გარკვეული იყო ყველაფერი, თურქული არმიის ამოქმედების შემდეგ თავი იჩინა უთანხმოებამ - ართვინისა და არტაანის რაიონების გარდა, თურქებმა ბათუმის დაკავებაც სცადეს; არადა, ხსენებული ქალაქის დათმობას ლენინი არც კი ფიქრობდა. შესაბამისად, სამხრეთ საქართველოში შესული თურქული არმია მეტად ფრთხილად მიიწევდა წინ, რუსულ არმიასთან ფართომასშტაბიანი შეტაკება რომ თავიდან აეცილებინა და ამასთანავე, როგორმე მისთვის ბათუმში შეესწრო.
თავის მხრივ, რუსებს უნდოდათ, რომ ნოე ჟორდანიას მთავრობას ქართველი კომუნისტებისთვის თავადვე გადაეცა ხელისუფლება ანუ მოეხდინა ე.წ. "რევკომის" ლეგიტიმაცია - იმ "რევკომისა", რომელიც 1921 წლის იანვარ-თებერვალში შეიქმნა და წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ პირველივე დაპყრობილ ქართულ დასახლებულ პუნქტში - შულავერში განთავსდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიის მტკიცებით, საქართველოს რევოლუციური კომიტეტი გარეშე ძალების ჩარევის გარეშე შექმნეს შულავრელმა "აჯანყებულებმა", თუმცაღა 1921 წლის თებერვალში შულავერში არავითარი აჯანყება არ მომხდარა.

GzaPressროგორც ცნობილია, 25 თებერვალს, დილით ადრე, ჟორდანიას მთავრობამ თბილისი დატოვა და დაჯავშნილი მატარებლით ბათუმისკენ გაემართა. ეს ქმედება გარეშე თვალისთვის გაუმართლებელი იყო, რადგან თბილისის მისადგომებთან - ტაბახმელაში, წინადღეს ქართულმა არმიამ რუსი ოკუპანტები უკუაქცია და ნელ-ნელა დაიწყო მზადება გადამწყვეტი შეტევისთვის. ცხადია, ასეთ დროს მთავრობის მიერ დედაქალაქის დატოვება ღალატის ტოლფასი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ნოე ჟორდანიას სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა - ის მიიჩნევდა, რომ მთავარი იყო, ხელისუფლება ლეგიტიმურ ორგანოებს შეენარჩუნებინათ; შესაბამისად, მისივე აზრით, ბათუმში მთავრობა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს.
საქმე ისაა, რომ თითქმის მაშინვე, როგორც კი რუსულმა არმიამ საქართველოს საზღვრები გადმოლახა და ცხადი გახდა, რომ მათ უმთავრეს მიზანს თბილისის დაკავება წარმოადგენდა, ნოე ჟორდანიას ათათურქის პირადი წარმომადგენელი, ე.წ. "კავკასიის ფრონტის" სარდალი, ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშა დაუკავშირდა და გადასცა ოფიციალური ანკარის შეთავაზება: თურქული არმიის ნაწილები ქართველებთან ერთად დაუპირისპირდებოდნენ რუსებს; სანაცვლოდ, თბილისს თურქეთისთვის უნდა გადაეცა ართვინისა და არტაანის რაიონები, ბათუმის ნავსადგური და ამიერკავკასიის რკინიგზის ქსელის კონტროლის უფლება. ნოე ჟორდანიამ, რომელიც მიხვდა, რომ უკვე ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა და ფაქტობრივად, რუსსა და თურქს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი, წითლებს ისევ ქემალისტები ამჯობინა და ქარაბექირ-ფაშას წინადადებას დათანხმდა. 1921 წლის 23 თებერვალს, გვიან საღამოს, ქარაბექირ-ფაშასა და ნოე ჟორდანიას შორის სატელეფონო საუბარი განმეორებით შედგა. საფიქრებელია, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ჟორდანიამ თბილისის დატოვება.

25 თებერვალს, როდესაც წითელი არმია თბილისში შევიდა, მისმა სარდლობამ უკვე იცოდა, რომ ჟორდანია ქალაქიდან წასული იყო და ბათუმისაკენ მიიჩქაროდა. თბილისში მყოფმა ქართველმა რენეგატმა სერგო ორჯონიკიძემ სწორედ ამ დროს მიიღო სტალინისგან საიდუმლო ბრძანება - სასწრაფოდ დასწეოდნენ საქართველოს მთავრობას და ეიძულებინათ მისი მეთაური, კაპიტულაცია გამოეცხადებინა. ამით კი, სხვათა შორის, წითლებს იმის უფლებაც მიეცემოდათ, რომ ბათუმი თურქებისათვის არ დაეთმოთ, რამდენადაც ლეგიტიმური ხელისუფალნი ისინი ხდებოდნენ და მთელი საქართველოს ბედ-იღბალი მათი გადასაწყვეტი უნდა ყოფილიყო.
GzaPressამავდროულად, ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშას ჯარის ნაწილებმა, მოლაპარაკების თანახმად, გადაკვეთეს ართვინისა და არტაანის რაიონების საზღვრები და მოკლე ხანში, გასროლის გარეშე დაამყარეს მათზე კონტროლი. ქართული სასაზღვრო ჯარი ქარაბექირ-ფაშამ განაიარაღა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქი ართვინი თურქების შემოსვლამდე დატოვა ათასობით ადგილობრივმა ქრისტიანმა - ძირითადად, ესენი იყვნენ გრიგორიანელი ქართველები და ართვინში მცხოვრები სომხები. მათი დიდი ნაწილი, ფოცხოვი-ახალქალაქი-ახალციხის გავლით, ფეხით გაემართა თბილისისკენ. თურქების მიერ დაკავებულ რაიონებში, ქარაბექირ-ფაშას ბრძანებით, ჯერ დე იურე შეიზღუდა საქართველოს იურისდიქცია, მერე კი საერთოდ გაუქმდა.

1921 წლის 5-9 მარტს, თურქული ჯარის ნაწილებმა დაიკავეს საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის დასახლებული პუნქტები: ლიმანი, მაკრიალი (დღეს ეწოდება ქემალფაშა), სარფი, კვარიათი, გონიო, ადლია და დაემუქრნენ ბათუმსაც, სადაც თბილისიდან დევნილი ხელისუფლება იმყოფებოდა. ბათუმშივე იყო ქართული არმიის ნაწილები, რომელთაც გენერალი გიორგი მაზნიაშვილი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით ის იგონებდა, რომ თურქ ასკერთა შემოსვლის წინა დღეებში, ბათუმის მოსახლეობაში პანიკა არ შეიმჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ჯარს არც ტყვია-წამალი ჰქონდა საკმარისი და არც ამუნიცია. მაზნიაშვილის აზრით, თვითონ თურქებიც, ბათუმის დაკავებას არ ჩქარობდნენ - თავდაპირველად, მათ მხოლოდ და მხოლოდ დელეგაცია გამოგზავნეს საქართველოს მთავრობასთან და ნოე ჟორდანიას რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვეს.
10 მარტს, საღამოს 7 საათზე, ბათუმის ქუჩებში თურქ ასკერთა პატრულიც გამოჩნდა. იმავე ღამით, ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშამ ჯარს ქალაქის დაკავება უბრძანა. თითქმის იმავდროულად, როდესაც ბათუმის ადმინისტრაციულ შენობებზე თურქული დროშები აღიმართა, ქალაქს ჩრდილოეთის მხრიდან წითელი არმიაც მოადგა. ნოე ჟორდანია მთავრობასთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა და უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ემიგრაციაში წასულიყო. გენერალი მაზნიაშვილი ჟორდანიას ამაოდ სთხოვდა თურქების გარეკვის ბრძანების გაცემას - მთავრობის თავმჯდომარე ძალზე უმწეოდ გამოიყურებოდა.


GzaPress11 მარტს ბათუმში ერთმანეთს შეხვდნენ წითლები და ქემალისტები. შეხვედრამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა და მისმა მონაწილეებმა სამახსოვროდ ფოტოსურათიც კი გადაიღეს. წითელი არმიის სარდლობის წარმომადგენლებმა ქიაზიმ ქარაბექირ-ფაშას აცნობეს, რომ მოსკოვი არაფრით დაუშვებდა ბათუმისა და მისი ოლქის თურქებისათვის მიკუთვნებას. ქარაბექირ-ფაშამ მათ მხოლოდ რამდენიმე დღეში გასცა პასუხი - მას შემდეგ, რაც ანკარაში ათათურქს დაურეკა და მოეთათბირა. თურქების შეთავაზება ასეთი იყო: კომუნისტურ ხელისუფლებასა და თურქული არმიის სარდლობას შორის უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკება და საბოლოოდ გადაწყდებოდა ბათუმის საქართველოსთვის მიკუთვნების საკითხი. პარალელურად, თურქები ადგილობრივ მუსლიმანთა შორის ანტირუსული პროპაგანდის წამოწყებასაც შეეცადნენ, მაგრამ ამაოდ - ხალხი მათ არ აჰყვა.
ბუნებრივია, სანამ ბათუმი თურქულ ჯარს ეკავა, წითლები ვერ შეძლებდნენ იქ თავიანთი ინტერესების დაცვას. საჭირო გახდა ქალაქის გათავისუფლება, ამას კი გიორგი მაზნიაშვილის გარდა ვერავინ იკისრებდა, რადგან წითელი არმიის თურქებთან დაპირისპირება ახალ, ფართომასშტაბიან ომს გამოიწვევდა და ეს არც მოსკოვში სურდათ, არც - ანკარაში. გიორგი მაზნიაშვილი კი ჟორდანიას მთავრობას ემორჩილებოდა და მისი სამხედრო აქტიურობა კანონიერ ფარგლებში ჯდებოდა.
სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს რევკომმა, რომელიც ლეგიტიმური ორგანო არც კი იყო, ნოე ჟორდანიას თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება შესთავაზა. ჟორდანია ხედავდა, რომ საქართველო ბათუმის დაკარგვის საფრთხის წინაშე იდგა, უყოყმანოდ დათანხმდა რევკომელთა შეთავაზებას და იმწამსვე მაზნიაშვილს უბრძანა, თურქები ქალაქიდან გაერეკა.

გენერალმა მაზნიაშვილმა, რომელიც ჟორდანიას ამ ბრძანებას ადრევე ელოდა, სწრაფად მოახერხა ქართული არმიის ნაწილების მობილიზება და ქარაბექირ-ფაშას შეუტია. თურქებმა 14 მარტს დაიხიეს უკან, 16 მარტს კი, როდესაც ნახევარი ქალაქი უკვე ქართველთა ხელში იყო, წითლებმა და ქემალისტებმა ადრე დათქმული მოლაპარაკებაც წამოიწყეს - თურქებს უკვე აღარ შეეძლოთ, წითელი არმიის სარდლობისთვის საკუთარი პირობები ეკარნახათ და ამიტომაც შეთანხმებას მალევე მიაღწიეს: თურქეთმა ცნო საბჭოთა საქართველოს უფლებები აჭარაზე და ბათუმი ორმხრივი თანხმობით, ე.წ. "პორტო-ფრანკოდ" ანუ თავისუფალ ზონად გამოცხადდა (თუმცა შეთანხმების ეს პირობა არასოდეს ამოქმედებულა).
ამასობაში გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლებმა, რომელთა შორის უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრები იყო, თურქული ჯარის ნაწილები სოფ. გამოღმა სარფის იქით განდევნეს. საქართველო-თურქეთის საზღვრამდე კიდევ რამდენიმე კილომეტრი რჩებოდა, მაგრამ სწორედ იმ დროს, როდესაც მაზნიაშვილს გაღმა სარფზე შეტევის ბრძანება უნდა გაეცა, მასთან მივიდა შიკრიკი რევკომიდან და აცნობა, რომ უკვე მიღწეული იყო შეთანხმება ბათუმის თაობაზე; შესაბამისად, წითლების სარდლობა, რომელსაც მაზნიაშვილი ფაქტობრივად ემორჩილებოდა, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.

16 მარტს საღამოს ნოე ჟორდანიამ ხელისუფლება საქართველოს რევკომს უკვე მთლიანად გადააბარა, ოღონდ ისე, რომ კაპიტულაცია არ გამოუცხადებია და მეორე დღეს ხომალდ "ფერენ-ჟოზეფ-მირილით" ბათუმი მთავრობასთან ერთად დატოვა. რევკომმა დაუყოვნებლივ გამოაცხადა საბჭოთა ხელისუფლება და ადგილობრივი მმართველი ორგანოებიც დაიქვემდებარა.
GzaPress
ამდენად, საბჭოთა ხელისუფლების დამყარება ბათუმში ცოტა უფრო სხვაგვარ ფონზე განხორციელდა, ვიდრე საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც პატრიოტებს მხოლოდ და მხოლოდ რუს ოკუპანტებთან მოუწიათ ბრძოლამ. ადგილობრივ მოსახლეობას ბათუმში რუსებისთვის ჯეროვანი წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგანაც ქალაქში საბჭოთა ხელისუფლება ისე დამყარდა, რომ რუს სამხედროებს ერთი ტყვია არ გაუსვრიათ - ყველაფერი მაზნიაშვილის მებრძოლებმა გააკეთეს და წითელი არმია მერეღა შემოვიდა.
თურქების ხელში დარჩენილ გაღმა სარფში, მაკრიალსა და ლიმანში ადგილობრივი ლაზები ელოდნენ, როდის შევიდოდა მათთან ქართული არმია გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით. ლაზები მზად იყვნენ, რომ პირველი ნიშნისთანავე აჯანყებულიყვნენ და თურქი ასკერები გაერეკათ. როცა შეიტყვეს, რომ ბათუმში უკვე წითელი ხელისუფლება იყო და მაზნიაშვილს ბევრი აღარაფერი შეეძლო, აჯანყება არ შედგა, თუმცა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა - სელიმ ბათალოღლიმ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე თურქი ასკერების პოზიციებს სროლა აუტეხა. მას არც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, არც გამოღმა სარფში მდგარმა ქართულმა ლაშქარმა მხარი არ დაუჭირა. ასკერებმა მეამბოხე ბათალოღლი ზღვის პირას, ზედ საზღვარზე დახვრიტეს. ამ ამბიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, გამოღმა სარფში წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ და ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე დადგნენ.

ამგვარად დასრულდა საქართველოს რუსულ-თურქული ოკუპაცია, რომელიც ოფიციალურად, შემდგომში ყარსის ხელშეკრულებით დაკანონდა.

მიხეილ ლაბაძე
"გზა", 2012 წელი



ბეჭდვა