შეთე გულუხაიძის გმირობისა და უბედურების ამბავი
font-large font-small
შეთე გულუხაიძის გმირობისა და უბედურების ამბავი
XIX საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც რუსეთის იმპერია ის-ის იყო, ფეხს იკიდებდა კავკასიაში, თუშეთი მოსახლეობისგან ჯერ კიდევ არ იყო დაცლილი, თუმცა მათი ბარში ჩამოსახლების პროცესი უკვე დაწყებული იყო.

სურათზე: შამილის წინააღმდეგ მებრძოლ თუშთა რაზმი. მესამე რიგში, მარცხნიდან მეოთხე - შეთე გულუხაიძე

თუშების დიდი ნაწილი მეცხვარეობას მისდევდა და თუ ადრე თუშეთიდან ცხვარი ჩრდილო კავკასიის სტეპებზე თავისუფლად გადაჰყავდა, XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ასეთი რამ უკვე შეუძლებელი შეიქნა, ვინაიდან ჩრდილო კავკასიაში ადგილობრივ ხალხებსა და რუს კოლონიზატორებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა და თუშებიც იძულებულნი ხდებოდნენ, ჩრდილოეთის მაგივრად ცხვარი სამხრეთში ჩამოეყვანათ - იქ მათ საძოვრები ერეკლე II-ისგან ჰქონდათ ბოძებული, თუმცა ამ მიწებით შედარებით იშვიათად სარგებლობდნენ.

თავდაპირველად, როცა შამილმა ჩრდილო კავკასიაში ჩეჩნეთ-დაღესტნის საიმამო შექმნა, თუშეთის თემთა წინამძღოლები მას მოელაპარაკნენ და საძოვრების დათმობის სანაცვლოდ, გადასახადის გადახდა იკისრეს, მაგრამ შამილმა რატომღაც შეთანხმება დაარღვია და დათქმულზე გაცილებით მეტი მოითხოვა. ამან გაანაწყენა თუშები და გადაწყვიტეს, მხარი რუსებისთვის დაეჭირათ. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუშებს ბარში ჩასახლება არ სურდათ და იმედოვნებდნენ - თუკი მხარს რუსებს დავუჭერთ, მშობლიური მთების დატოვებას აღარ გვაიძულებენო. არადა, იმპერიის მესვეურებს უკვე მომზადებული ჰქონდათ სპეციალური გეგმა - როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ კავკასიის მთიანი კუთხეები ხალხისგან "უმტკივნეულოდ" უნდა დაცლილიყო. საამისოდ, ცარიზმის ემისრები აგიტაციურ-პროპაგანდისტულ მეთოდებს იყენებდნენ და ცდილობდნენ, უბრალო ხალხი არაფრისმთქმელი დაპირებებითა და ტყუილებით გადაებირებინათ.

ასე რომ, თუშთა თემების მეთაურებმა, რუსებისთვის მხარდაჭერით, ცოტა ხნით - სანამ კავკასიის ომები დასრულდებოდა - გადაავადეს თუშეთის დაცლის პროცესი და მეორე მხრივ, ურთიერთობები სამუდამოდ გაირთულეს მეზობელ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან. რუსების მიზანიც სწორედ ეს იყო - მათ თუშებს იარაღი დაურიგეს და უთხრეს: "თუკი გინდათ, რომ თქვენი ფარები ჩრდილოეთის საძოვრებზე ძველებურად თავისუფლად გადაგაყვანინოთ, ჯერ შამილსა და მის ბანდიტებს მოუარეთ და როდესაც მათთან ომს დავასრულებთ, საძოვრებიც თქვენი იქნება და ჯილდოებიც... თან, შამილი ლეკია და ხომ გახსოვთ, რა დღეს გაყრიდნენ მისიანები?" - რუსების წაქეზებით, თუში ვაჟკაცები შეიარაღდნენ და იმგვარივე მეთოდებით დაიწყეს მოქმედება, როგორითაც უწინ ლეკები მოქმედებდნენ.

სხვათა შორის, იმამ შამილის წინააღმდეგ იმხანად რუსებს მხოლოდ თუშები არ შეუიარაღებიათ; იარაღი ინგუშებსაც დაურიგეს - ამ უკანასკნელებს ისლამისა და შარიათის მიღება ჯიუტად არ სურდათ და შამილს სწორედ ამიტომაც არ მიემხრნენ. ასე რომ, როცა თუშური თემების ზოგმა მესვეურმა უკმაყოფილება გამოთქვა - რად შევეკარით რუსებს, ჩეჩენ-დაღესტნელებთან ურთიერთობა რად გავიფუჭეთო - ამგვარი პასუხი გასცეს: განა მარტო ჩვენ გამოვდივართ შამილის წინააღმდეგ, ინგუშებიც კი მტრობენ მასო.

თუშთა მარბიელ რაზმს სათავეში ქუმელაურთელი შეთე გულუხაიძე ჩაუდგა. მას ბადალი არ ჰყავდა ნიშანში სროლასა და ხანჯლით ბრძოლაში და კავკასიონის ორივე მხარეს ცნობილი იყო, როგორც საუკეთესო "მეკოპარი" ანუ დავლაზე მავალი. ლეკები მას "შეითანს" ანუ ეშმაკს ეძახდნენ და მისით ბავშვებს აშინებდნენ - დაიძინე, თორემ თუში შეითანი მოვა და წაგიყვანსო. გადმოცემით, შეთე მართლაც შეუბრალებელი და გულცივი კაცი ყოფილა, თუმცა კავკასიური ადათ-წესების თანახმად, ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს არ ერჩოდა და ტყვედ ჩაგდებულ მტრებსაც ლმობიერად ექცეოდა.

შეთე გულუხაიძის გარდა, თუშთა მარბიელ რაზმში იყვნენ: ნიკო ქადაგიძე, შალვა თურქოშვილი, ფორე თურქოშვილი, აბო შალაფიშვილი, ნიკო აშაძე, ივანე ელიზბარიძე, გრიგოლ ქადაგიძე, დათილო შანქიშვილი, ლეო ეფიშვილი, პართენ ჩარხოშვილი, მიქა მოზაიძე, ზაქარია წკიპოიძე (სხვა ვერსიით - წკიპოშვილი) და სხვანი. მათი უმეტესობა წოვათუში იყო. გადმოცემით, მათ მარბიელი ლაშქრობებით ისე შეუწუხებიათ ჩეჩნეთის მთიანი თემების (ხილდეჰაროს, ჭანთეთისა და შაროის) მოსახლეობა, რომ მათ თვით შამილისთვის შეუჩივლიათ: ან ამ თუშებს მოუხერხე რამე, ანდა ჩვენ შენს ლაშქარში ნუღარ დაგვიძახებო. შამილმა შეთე გულუხაიძის ცოცხლად ხელში ჩამგდებს საკმაოდ სოლიდური ჯილდო აღუთქვა, მაგრამ ამაოდ - თუში "შეითანი" მოუხელთებელი იყო და ჩრდილოკავკასიელებს ბევრ თავსატეხს უჩენდა.

ერთხელ, თუშებს დაღესტნის ერთ-ერთი შორეული თემი - ანდი დაულაშქრავთ. შეთეს რაზმი მოდისო, რომ გაიგეს, მამაკაცებმა ქალები და ბავშვები ტყეში გახიზნეს და თავად მტრის დასახვედრად მოემზადნენ. ისინი თუშებმა თურმე სულ ამოწყვიტეს და გაუკაცრიელებულ სოფელში შევიდნენ. შეთეს ერთ-ერთ სახლში მკვდარი დედა და აკვანში მწოლიარე ჩვილი უნახავს. ეტყობოდა, მათ გახიზნვა ვეღარ მოესწროთ და ქალს შიშისგან გული გასკდომოდა. შეთემ ჩვილი ხელში აიყვანა, დააწყნარა, შემდეგ საგზლად წამოღებული რძით გამოკვება და ისევ ფრთხილად ჩააწვინა აკვანში. მისივე ბრძანებით, დათილო შანქიშვილმა და ზაქრო წკიპოიძემ მოძებნეს ტყეში გახიზნული სოფლელები, ჩვილი მათ ჩააბარეს და ისე გამობრუნდნენ უკან.

შეთეს მოხერხებულობის წყალობით, თუში რაზმელები რიცხვმრავალ მტერთან ბრძოლაში ხშირად გადარჩენილან უვნებლად - თურმე, თუშები დიდოელებმა ყადორის უღელტეხილთან ახლოს, ერთ მაღალ გორაკზე მიიმწყვდიეს და ამოწყვეტდნენ კიდეც, შეთეს რომ ფანდი არ ეხმარა: თუშებს ტყვიები შემოელიათ და რამდენიმე თვითნაკეთი ხელყუმბარის იმედადღა იყვნენ; დიდოელები კი გორაკის ძირში იყვნენ გამაგრებულნი და ხელყუმბარები მათ ბევრს ვერაფერს დააკლებდათ. თუშებს ტყვიები შემოელიათო, რომ შეატყვეს, დიდოელები თამამად დაიძრნენ გორაკის წვერისკენ. "აბა, ბიჭებო, ვისროლოთ ყუმბარები!" - იყვირა შეთემ. დიდოელები მაშინვე შეჩერდნენ და მიწაზე გაწვნენ, თუმცა თუშებს ყუმბარები არ უსვრიათ. ცოტა ხნის შემდეგ, დიდოელებმა ისევ განაგრძეს გორაკის წვერისკენ სვლა, შეთემ კი ისევ იყვირა: ყუმბარები ვისროლოთო! დიდოელები ისევ გაწვნენ მიწაზე, მაგრამ თუშებს არ უსვრიათ.

დიდოელთა რაზმის მეთაურმა, ვინმე აბუბაქარმა იფიქრა - თუშები ალბათ, თავის გადარჩენას ცდილობენ, თორემ ყუმბარები რომ ჰქონოდათ, ხომ ამოგვხოცავდნენო და თავის რაზმელებს თვალი უყო: სვლა განაგრძეთო. დიდოელებმაც მეთაურს დაუჯერეს და კარგა მანძილზე მიუახლოვდნენ თუშებს. ამ უკანასკნელებმა კი სწორედ მაშინ, უცებ ისროლეს ყუმბარები და თავად იქვე, თხრილში ჩახტნენ. დიდოელთაგან არავინ გადარჩენილა ცოცხალი, შეთეს ბიჭები კი უვნებელნი დაბრუნდნენ თუშეთში.

ბოლოს, თუშებისგან გვარიანად შეწუხებულმა შამილმა დრო იხელთა და როცა შეთეს რაზმი დაღესტანში მორიგ ლაშქრობაში იყო, ქუმელაურთის ასაკლებად ლეკთა ჯარი გამოგზავნა. ლეკებმა შეთეს მშობლიური სოფელი დედაბუდიანად აიკლეს და ქალები და ბავშვებიც არ დაუნდიათ - ყველანი ჩახოცეს. უკან დაბრუნებულმა თუშმა რაზმელებმა ეს ყველაფერი რომ ნახეს, გაშმაგდნენ და შურისსაძიებლად კვლავაც დაღესტანში გადასვლა დააპირეს, მაგრამ შეთემ ისინი შეაჩერა: "ახლა რომ ჩვენ თავს დავესხათ, მომზადებულნი იქნებიან და დიდ ზიანს ვერ მივაყენებთ... ცოტა დავიცადოთ და ისეთ დროს გავილაშქროთ, როცა ყველაფერი ჩავლილი იქნება და ჩვენი შიშიც არ ექნებათ!" - უთხრა თანამებრძოლებს. თუშებმა ერთი თვე მოიცადეს და როცა ლეკებს იმედი მიეცათ, "შეითანი" დავაუძლურეთო, სწორედ მაშინ შეესივნენ მათ სოფლებს.

შეთე გულუხაიძის რაზმმა, რომელსაც ფშავლები და ხევსურებიც ახლდნენ თან, დალაშქრა დიდოეთი და ბაგვაზი და ცეცხლს მისცა ლეკების სოფლები. თუშები არც ამის შემდეგ შეჩერებულან და მთიანი დაღესტნის გამაგრებულ ქალაქ ხუნძახსაც კი შეუტიეს. სწორედ ხუნძახში მოხდა ის სავალალო ამბავი, რამაც დიდი დაღი დაასვა შეთე გულუხაიძის შემდგომ ცხოვრებას.

GzaPressრამდენადაც ხუნძახი კარგად გამაგრებული ქალაქი იყო, თუშები იქ უჩუმრად შეიპარნენ და დღევანდელი ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სტრატეგიულ ობიექტებს შეუტიეს. დათილო შანქიშვილი, ნიკო ქადაგიძე და მიქა მოზაიძე ქალაქის ნაიბის სახლში შეიჭრნენ, ყველანი ამოხოცეს და წამოსვლისას, ცეცხლს მისცეს ყველაფერი. ფორე თურქოშვილმა და ლეო ეფიშვილმა წყლის მილები გადაჭრეს, რითაც ხუნძახს ახლომდებარე მთის წყაროებიდან სასმელი წყალი მიეწოდებოდა; შეთე კი იმ სახლს მიადგა, სადაც ქუმელაურთის ამკლებთა მეთაური - ბულათ ყალიმი ცხოვრობდა. ის იმ დღეს სხვაგან იყო წასული, სახლში მხოლოდ მისი მეუღლე იმყოფებოდა ჩვილი ბავშვითურთ. ბავშვი ჭირვეულობდა, არ იძინებდა და დედამ ჩვეულებისამებრ, შეთეს სახელით შეაშინა: "დაიძინე, თორემ შეთე მოვა და წაგიყვანს!" - უთხრა ჩვილს და როცა ამანაც ვერ გამოიღო შედეგი, რატომღაც აკვნიდან ამოიყვანა და ფანჯარაში გაახედა: "შეთე, მოდი და წაიყვანე ეს ჭირვეული ბიჭი!" - შესძახა თან შესაშინებლად.
შეთე ამ დროს სწორედ იმ ფანჯარასთან ყოფილიყო ჩასაფრებული და რაწამს ეს გაიგონა, სწრაფად ხმალი იშიშვლა და ქალს გამოწვდილ ხელზე დაჰკრა. დედას ჩვილი ხელიდან გაუვარდა, შურისძიებით გონებადაბნელებულმა შეთემ კი პატარას მიწაზე დაცემაც აღარ აცალა, ჰაერშივე შუაზე გადასხიპა. ხელებმოკვეთილი დედის ღრიალმა ყველაფერი შეძრა და შეთეც უცებ გამოფხიზლდა: "დამტირებელსაც აღარ ეღირსო, შენს გვარში კი კაცმა ჩემი შვილის ასაკამდე ვერ მიაღწიოს!" - დაწყევლა ის ლეკის ქალმა. შეთემ ტყვია შუბლში ჰკრა მას და შინისკენ მიმავალ რაზმელებს წამოეწია.

ხუნძახის აკლების შემდეგ, შამილიც დანებდა რუსებს და ჩრდილო კავკასიაში წინააღმდეგობის მოძრაობა შენელდა. შეთე გულუხაიძე და მისი რაზმელები რუსებმა დააჯილდოვეს, როგორც მამაცი და იმპერიისთვის თავდადებული მეომრები, მაგრამ შეთეს ამან შვება ვერ მოჰგვარა: მას მუდამ ყურებში ედგა ლეკი ქალის წყევლა და ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ მისი ვაჟკაცობა სწორედ მაშინ დასამარდა, როდესაც ხუნძახში ჩვილი ხმლით შუაზე გადაჭრა. სხვათა შორის, იმ დროს შეთეს დათილო შანქიშვილმა, ლეო ეფიშვილმა და სხვა რაზმელებმაც უსაყვედურეს: მტერი მტერია, მაგრამ ჩვილი უნდა დაგენდოო.
გადმოცემით, შეთე გულუხაიძემ დაჯილდოვების შემდეგ დაოჯახება გადაწყვიტა, ერთ ლამაზ თუშის გოგონას მიუგზავნა მაჭანკალი, ქორწილიც დანიშნეს, თუმცაღა ქორწილის წინა დღეს, საცოლე მოულოდნელად გარდაიცვალა. რამდენიმე ხნის მერე, შეთემ სხვა გოგოს დაადგა თვალი, მაგრამ იმასაც იგივე ბედი ეწია. დაქორწინება შეთემ მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო და სამი ქალიშვილიც შეეძინა. საბოლოოდ, ოჯახური ცხოვრება ასე თუ ისე, აეწყო, მაგრამ ვაჟიშვილი არა და არ მიეცა, თანაც მეუღლეც ადრე გარდაეცვალა.

GzaPressგადმოცემით, შამილის დატყვევებიდან ოთხიოდე წლის შემდეგ, ქუმელაურთაში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა და გულუხაიძეთა გვარის თითქმის ყველა ბავშვი შეიწირა. შეთეს ცოლ-შვილი სხვა სოფელში ჰყოლია გაგზავნილი და მათ არაფერი მოსვლიათ, მაგრამ თუშთა მეთაურს ცუდად ენიშნა, რომ გვარში მამრობითი სქესის ბავშვები აღარ დარჩნენ. შეთე მიხვდა, რომ წყევლა უცხადდებოდა და შეშინდა. ძმობილმა - დათილო შანქიშვილმა ურჩია, ალავერდის ტაძარში მისულიყო და აღსარება ეთქვა, მაგრამ რატომღაც ასე არ მოქცეულა. ნაცნობ მეცხვარეებს შეუამხანაგდა და მათთან ერთად, ცხვარს გაჰყვა შირაქის საძოვრებზე.

სწორედ იქ - შირაქის საძოვრებზე ასრულდა საბოლოოდ ლეკი ქალის წყევლა: შეთე ორ მეცხვარესთან ერთად, დაკარგული ბატკნების საძებნელად წავიდა და გზად ჭექა-ქუხილმა მოუსწრო. უცებ იჭექა, გაიელვა და კუნაპეტი სიბნელე ჩამოწვა. შეთეს მხლებლები დაიბნენ და ერთმანეთს შეძახილით გამოეხმაურნენ. შეთესაც დაუძახეს, მაგრამ პასუხი ვერსაიდან გაიგონეს. როცა განათდა, შეთეს კვალსაც კი ვერ მიაგნეს - თუშთა ლეგენდარული წინამძღოლი გამქრალიყო. ერთი კვირის შემდეგ, ის ველზე, გველებისგან დაგესლილი იპოვეს აზერბაიჯანელმა მონადირეებმა და იქვე დამარხეს, შეთეს მეუღლემ და შვილებმა კი ვეღარაფერი შეიტყვეს ამის შესახებ.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ შეთე გულუხაიძის სიკვდილის სხვაგვარი ვერსიაც არსებობს - ის დაღესტნის ერთ-ერთი შორეული თემის დასალაშქრად მარტო წავიდა და ადგილობრივებმა, რომლებიც ლეგენდარულ თუშს სახეზე არც კი იცნობდნენ, ბრძოლაში მოკლეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. ასე იყო თუ ისე, ერთი რამ კი ცხადია - შეთე გულუხაიძეს უდანაშაულოდ მოკლული ჩვილის ცოდვამ უწია.


მიხეილ ლაბაძე
"გზა", 2012 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი