სასწაულით დაბრუნებული საამილახვრო და "გაცოცხლებული" წინაპრები
font-large font-small
სასწაულით დაბრუნებული საამილახვრო და "გაცოცხლებული" წინაპრები
წინაპრებისა და XX საუკუნის მიწურულს სასწაულებრივად დაბრუნებული ამილახვართა ადგილ-მამულის შესახებ ამბების თხრობა ჩემმა მასპინძელმა, ქალბატონმა ნინომ საოჯახო ფოტოალბომის გადაფურცვლით დაიწყო.
თითოეულ ფოტოზე შიდა ქართლში ცნობილი ფეოდალების - ამილახვრებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების დახვეწილი გემოვნებით შერჩეულ სამოსს, გასაოცრად არისტოკრატულ გამომეტყველებასა და პოზას 3D ფორმატის ეფექტით შეჰყავხარ წარსულში და 2 საუკუნის ისტორიას აცოცხლებ. პირველივე ფოტო, საკმაოდ "ხალხმრავალი", გადაშლისთანავე ამოხტა თითქოს ალბომიდან, - რა კუშტი სახეები აქვთ-მეთქი, - გავიკვირვე. - ესენი ამილახვრების შინამოსამსახურეები, მოურავები, გამდელები, პირისფარეშები და მათი ჯალაბობა არიანო, - მიპასუხა სათნოდ მოღიმარმა, სანდომიანმა თმაშევერცხლილმა ქალბატონმა და ისტორიის ფოტოებით თხრობა განაგრძო.

ნინო ერისთავი:
- ამილახვრების წინაპრები აზნაური ზედგინიძეები იყვნენ. ვინც საქართველოს ისტორია იცის, იოთამ ზედგინიძის თავგანწირვაზეც უთუოდ ეცოდინება: ამ კაცმა საქართველოს გაერთიანების მსურველი ქართლ-კახეთის მეფე გიორგი VIII სიკვდილს გადაარჩინა, თვითონ კი მის მაგივრად დაიღუპა მოღალატე ქართველების ხელით. მოგვიანებით, ღვთივდადგენილი მეფისათვის თავდადებული იოთამი საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. იმხანად კი, მეფემ ერთგულ აზნაურს გმირობა დაუფასა და მის შვილებს უბოძა თავადობა - ისინი და მისი შთამომავლები ამილახვრები ანუ მეჯინიბეთუხუცესები გახდნენ, მიიღეს გორის მოურავობა და საძვლედ - სამთავისი. ამიტომაცაა, რომ სამთავისში მხოლოდ ამილახვრები და მათი ოჯახის წევრები არიან დაკრძალულნი. მე ამილახვარი არ ვარ, ერისთავი გახლავართ, მაგრამ დედაჩემის - კატოს დედა - ნინო იყო ამილახვარი, რომელიც საქართველოში მებაღეობა-მევენახეობა-მეღვინეობის საქმის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს, შემდგომში აკადემიკოს, თავად სოლომონ ჩოლოყაშვილს გაჰყვა ცოლად. დედაჩემის პაპის ძმა იყო გენერალი ივანე ამილახვარი, რომელსაც ცოლად ერისთავის ქალი - ანა ჰყავდა GzaPress(პირველი სწორედ ამ წყვილის ფოტოა ალბომში. - ავტ.). დედის პაპა ადრე გარდაიცვალა, ჩემი დიდედა 3-4 წლის რომ იყო და სწორედ ივანემ გაზარდა კასპის რაიონში, სოფელ ქვემო ჭალაში, საამილახვროში. სამთავისს რომ გასცდებით, იქვე ახლოსაა ჭალა. ივანე სოციალისტურ რევოლუციამდე, 1905 წელს გარდაიცვალა და ქაშუეთის ეკლესიაშია დაკრძალული, რადგან ქაშუეთი, ფაქტობრივად, სამთავისის ასლია, ოღონდ მცირე მასშტაბის. ქაშუეთშივეა დასაფლავებული დედის დიდედაცა და დედაც. საქმე ის იყო, რომ რევოლუციის წლებში ამილახვრების ნაწილი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და აქ, სადაც ახლა მე ვცხოვრობ, ამ ბინაში დასახლდა. მერე, როდესაც პაპა სოლომონიც ჩამოვიდა, შეუძლებელი აღმოჩნდა ამდენი ადამიანის ერთად ცხოვრება, ძალიან ვიწროდ იყვნენ და ამიტომ ამილახვრების ნაწილი უფრო ფეშენებელურ ბინაში გადავიდა. ჩემი დიდედა - ნინო 1918 წელს ახალგაზრდა გარდაიცვალა, დედა ექვსი წლის იყო, ამიტომ პაპამ კვლავ ჭალაში გაუშვა დედა (იმხანად მამულები ჯერ არ ჰქონდათ ჩამორთმეული), იქ დარჩენილი ნათესავები კი სოფელშიც და გორშიც თავს ევლებოდნენ და ძალიან ანებივრებდნენ. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პაპას სოფლიდან შემოუთვალეს, ამ ბებრებსა (დედაზე მზრუნველ მოხუც ნათესავებს გულისხმობდნენ) და ბავშვს თუ არ წაიყვან აქედან, ჩვენ მაინც გამოვყრითო. პაპამ, რასაკვირველია, ყველანი წამოიყვანა, ნივთების მხოლოდ ნაწილი, რაც ერთ ურემზე დაეტია, წამოიღო, სხვა ყველაფერი კი ბოლშევიკებს მიუყარა და თბილისში, ამ სახლში დაბრუნდა. მერე მოხუცებიც გარდაიცვალნენ და მამამ დედას გერმანელი "ბონა" დაუქირავა აღმზრდელად.

- ჰქონდა კი ამის საშუალება თქვენს პაპას?
- ჰქონდა, რადგან პაპა უკვე პროფესორი იყო და დაფასებაც კარგი ჰქონდა და ანაზღაურებაც.

- თავადი რომ იყო, არც ამან შეუშალა ხელი?
- თქვენ წარმოიდგინეთ - არა. პაპა დაახლოებით, ჩემი სიმაღლის კაცი იყო, გამხდარი და ცალთვალა, მაგრამ მართლაც "კერკეტი კაკალი" - ეგრე ადვილად ვერ მოუგრეხდი კისერს (იღიმის). იფიქრებთ, ეგეთებისთვის მოუგრეხიათო, მაგრამ... როგორც ჩანს, სჭირდებოდათ, თვით ლავრენტი ბერიასაც კი. საბჭოთა კავშირში მევენახეობის დარგში არაფერი ხდებოდა, პაპა რომ არ ყოფილიყო მოვლენების ცენტრში. ძალიან მიღებული და პატივსაცემი კაცი იყო მაღალ საზოგადოებაში. სხვათა შორის, ერთი-ორჯერ ბერიასთან შეხლა-შემოხლაც ჰქონია.

GzaPress- გაბედა?
- კი, გაბედა. მე უკვე დაბადებული ვიყავი და კარგად მახსოვს ეგ პერიოდი, რადგან სახლის შემოსასვლელში ყავისფერი ჩემოდანი გაჩნდა... იმხანად დედას ბიოლოგიური ფაკულტეტიც დამთავრებული ჰქონდა, შემდეგ - აგრონომიულიც და ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ბერიტაშვილის კათედრაზე მუშაობდა. დედა 1934 წელს გათხოვდა, 1935 წელს მე დავიბადე, 1937 წელს კი მამა დახვრიტეს. მამაჩემის მამაც - რევაზ ერისთავიც დახვრეტილი ჰყავდათ ბოლშევიკებს, ოღონდ მანამდე, 1924 წელს...

- ყავისფერი ჩემოდანი ახსენეთ...
- მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი, რა ეწყო იმ ჩემოდანში, მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ პაპას თბილი ტანსაცმელი, ცოტ-ცოტა შაქარი და ჩაი, თუთუნი და კიდევ რაღაც ნივთები ეწყო. შემოსასვლელში კი იმიტომ იდო, რომ თუკი პაპას მოაკითხავდნენ წასაყვანად - დასაჭერად, ეს ჩემოდანი უნდა წაეღო. ჩემოდანი სოლომონის სიკვდილის შემდეგ გაიხსნა. თურმე მის მეორე ცოლს, ნაწილობრივ ჩემს გამზრდელ არაჩვეულებრივ ქალს - თამარ ალექსი-მესხიშვილს ჩაულაგებია მისთვის. იმ საშინელ წლებში პაპა არათუ გადასახლებას ან დახვრეტას, დაჭერასაც კი გადაურჩა. 1944 წელს აკადემიკოსი გახდა და მალევე, 2 თვეში კიბოთი გარდაიცვალა.

GzaPress- იმ წლების განმავლობაში ოჯახში ამილახვრების მამულზე ლაპარაკობდნენ ხოლმე?
- არ ლაპარაკობდნენ. დედას იქით გახედვაც კი არ უნდოდა, რადგან ჩვენების წამოსვლის შემდეგ ამილახვრების სასახლე ბოლშევიკებმა, ფაქტობრივად, ციხედ გადააქციეს - სხვადასხვა სოფლიდან ჩამოყვანილი ხალხით აავსეს, მერე კი ყველანი იქვე, ტრიფონას ველზე გაიყვანეს და დახვრიტეს. მახსოვს, დიდი ხნის შემდეგ, იმ ველზე მღვდელმა დაღუპულთა პანაშვიდი რომ გადაიხადა, მეზობლად მცხოვრები ერთი მოხუცი ქალი ჰყვებოდა, ის დღე არასდროს დამავიწყდება. პატარა ვიყავი და ყველას რომ აუკრძალეს სახლებიდან ცხვირის გაყოფაც კი, მაინც გავეპარე ჩემებს, ბუჩქებიდან ჩუმად ვუყურებდი, როგორ დახვრიტეს ხალხი. ყველაფერს რომ მორჩნენ და წავიდნენ, მივირბინე ახლოს და კვნესა გავიგონე - როგორც ჩანს, ზოგიერთი ჯერ კიდევ ცოცხალი იყოო. იმ დახვრეტილებში პაპის მეორე ცოლის, თამარის 2 ძმაც იყო. თამარი ამ საშინელების შემდეგ ერთხანს დაყრუებულა კიდეც და მოგვიანებით აღუდგა სმენა. დედა სულ ამბობდა, იქ იმდენი უბედურება დატრიალდა, გახედვაც არ მინდაო. არც ლაპარაკობდნენ იქაურობასა და იმ საშინელებებზე ჩემთან და ჩემს მამიდაშვილებთან. არ უნდოდათ, ჩვენც დავემძიმებინეთ იმ ტრაგედიებით და ამიტომ, საკმაოდ ლაღად გვზრდიდნენ.

GzaPress- დედათქვენს გახედვა არ უნდოდა ჭალისკენ, თუმცა საამილახვროს დაბრუნების შანსმა ქალბატონი კატო მაინც ჩაიყვანა სოფელში.
- ყველაფერი შემთხვევით მოხდა... საბჭოთა კავშირი დაიშალა და ხალხს დაჰპირდნენ, ყველას დაგიბრუნდებათ, რაც აქამდე დაკარგეთო. 1990-იანი წლები იყო, გარდამავალი და გაურკვეველი პერიოდი, მაგრამ ამით გაგვიმართლა. ჩემი ვაჟი - ერეკლე კუხიანიძე იმხანად მოსკოვში, "გელიკონ-ოპერაში" მღეროდა, ამიტომ, 8 წლის განმავლობაში მარტო დავდიოდი საამილახვროს დასაბრუნებლად, შემდეგ ისიც ჩამოვიდა მოსკოვიდან და აქტიურად ჩაერთო ამ ამბავში. მისი კარიერაც საამილახვროს შეეწირა.

- როგორ შეჰბედეთ დედას, იქაურობის დაბრუნება რომ გადაწყვიტეთ?
- ერეკლემ უთხრა: დიდედა, საქართველოს ხომ ყოველთვის აოხრებდა მტერი, ქართველებს დედაბუდიანად ყრიდნენ სახლებიდან, გადაწვავდნენ ყველაფერს, მაგრამ ცოცხლად დარჩენილები მაინც უბრუნდებოდნენ თავის კერას და ცხოვრებას განაგრძობდნენო. ამ ნათქვამმა დედა ჩააფიქრა და საბოლოოდ იმიტომაც დაგვთანხმდა. მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით, რადგან საამილახვროს ერთადერთი მემკვიდრე ის იყო. 1990-იან წლებში, 8 წლის განმავლობაში კასპის გადასახვევიდან ფეხით ჩავდიოდი ხოლმე ჭალაში. 2-სართულიან სასახლეში 2 ოთახი პოლიკნინიკას ეკავა, იმავე შენობაში იყო ფოსტა და მეურნეობის დირექტორის რეზიდენცია. სასახლეში მარანიცაა და უზარმაზარი ეზოც რამდენიმე შენობით, კოშკებით და ღვთისმშობლის სახელობის ამილახვრების კარის ეკლესიით. არის-მეთქი, ვამბობ, მაგრამ ყველაფერი საშინელ მდგომარეობაშია. გალავანი, ფაქტობრივად, დანგრეულია, ეკლესიის ფრესკები - განადგურებული. ვიღაც ქალმა, - რესტავრაციას გავაკეთებო და ისე დააგო ქვაფენილიანი ახალი იატაკი, ეკლესიაში არსებული საფლავები სულ გადაფარა, მხოლოდ 2 საფლავიღა შემორჩა; ბოლო დროს მოაჯირები და კარიც მოაგლიჯეს და ა.შ. რაც შეეხება მამულის დაბრუნებას, ბევრი ვიარე, ყველა საბუთი შევაგროვე, მერე კი დედის ჩაყვანაც დამჭირდა. დადიოდა იმ ოთახებში და თან მიხსნიდა, ვის რომელ ოთახში ეძინა, სად რა იყო... მოკლედ, დიდი წინააღმდეგობა შემხვდა ადგილობრივი მოსახლეობისგან, და არა მარტო მათგან, მაგრამ საბედნიეროდ, მართლა გაგვიმართლა: პერიოდმაც გაგვიმართლა და მემკვიდრეობის დამადასტურებელი ყველა საბუთიც - დოკუმენტები თუ ნივთებიც მოვიპოვეთ. ივანე ამილახვრის შვილიშვილის შვილს მივაკვლიეთ რუსეთში, გალოთებული იყო და მისგან გამოვისყიდეთ ეს მამული, სხვა მემკვიდრე კი, დედაჩემის გარდა, არავინ აღმოჩნდა, რადგან ივანეს უფროს შვილს - გივი ამილახვარს შთამომავალი არ დარჩენია, ქალიშვილების შთამომავლებიც აღარ არსებობდნენ, დედა კი ივანეს ძმის შვილიშვილის შვილი გახლდათ და, შესაბამისად, უკვე ერთადერთი მემკვიდრე. ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი მივაწოდეთ სასამართლოს და ამილახვრების მამულიც ჩვენ დაგვიმტკიცეს... ჩემი მეუღლე, მთამსვლელი თემურ კუხიანიძე რომ იყოს ცოცხალი, მართლა ბევრის გაკეთებას შევძლებდი იქ, მაგრამ (მთამსვლელი თეიმურაზ კუხიანიძე მწვერვალ "პობედაზე" კიდევ 2 ქართველ მთამსვლელ - ილია გაბლიანთან და ჯუმბერ მეძმარიაშვილთან ერთად 1961 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დაიღუპა. მაშინ მისი ვაჟი - ერეკლე მხოლოდ ერთი წლის იყო - ავტ.)...

- ქალბატონო ნინო, თქვენი ვაჟის - ერეკლეს პოპულარულ მსახიობ ქალიშვილზე - ნუცა კუხიანიძეზე რას იტყვით, როგორი შვილიშვილია?
- ნუცა მაბრაზებს - ძალიან გახდა, თორემ საყვარელი გოგონაა და ნიჭიერიც. სხვათა შორის, ნუცა ბავშვობაში კარგად ხატავდა კიდეც, მაგრამ მერე თავი მიანება ამ საქმეს. ვეუბნები ხოლმე, კარგ მსახიობებთან მოგიხდა თამაში და შენც იმიტომ გამოჩნდი-მეთქი (იცინის).

- კარგ მსახიობებთან რომ ითამაშო, თანაც მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, შენც კარგი უნდა იყო.
- გეთანხმებით, მართლა ნიჭიერი გოგონაა და კარგი შვილიშვილიცაა - ხშირად მოდის ხოლმე ჩემთან. ერეკლეს მეორე ქორწინებიდან კიდევ ორი გოგონა ჰყავს და ისინიც - ნიჭიერები, მხოლოდ მუსიკის მხრივ - პიანისტები არიან... ერეკლე მონდომებულია, საამილახვროში რაიმე გავაკეთოთ, აღვადგინოთ, მაგრამ საამისოდ ცოტა თანხა არაა საჭირო, ასე რომ, ვნახოთ, რა გამოუვა...

ირმა ხარშილაძე
"გზა", 2012 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი