4 ცოლი, ღვინის ბოთლებით მონიშნული საფლავი და სამშობლოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე პოეტი
font-large font-small
 4 ცოლი, ღვინის ბოთლებით მონიშნული საფლავი და სამშობლოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე პოეტი
უცნობი ფაქტები კოლაუ ნადირაძის ცხოვრებიდან

ცისფერი - პოეზიის ფერი, ყანწი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო... ყანწი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული სასმისია, ამ სიტყვაში შემავალი თანხმოვნები კი - “ყ” და “წ” მხოლოდ ქართულ ანბანში გვხვდება...
კოლაუ ნადირაძე ეტრფოდა ყოველივე ქართულს და სულს უფორიაქებდა ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ქვეყანა იმ კონკრეტულ პერიოდში განიცდიდა... რა ახარებდა და რას განიცდიდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამის შესახებ მისი შვილიშვილი და მოსახელე, მსახიობ ქეთი ასათიანის მეუღლე, ნიკა ნადირაძე გვესაუბრება...

GzaPress- ცნობილია, რომ კოლაუ ნადირაძის მამას, გალაქტიონ ნადირაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან...
- კოლაუს მამა ცნობილი თვალის ექიმი იყო. მკურნალობდა აკაკი წერეთელსაც. ერთხელ თურმე აკაკის კოლაუ კალთაში ეჯდა და გალაქტიონისთვის უთქვამს, - შენი შვილი მგონი ლექსებს წერსო. გალაქტიონს უპასუხია: მაგას ვერ გამიბედავსო. არც მამაჩემ როსტომს ეგონა, თუ გავუბედავდი, მაგრამ კი დავღუპეო - გამოჰპასუხებია აკაკი...

- ცნობილი სიმბოლისტი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა...
- რევოლუციამდე კოლაუს მამა და ბაბუა ძალიან შეძლებულნი იყვნენ. ქუთაისში დიდი სასახლე ჰქონდათ, სადაც იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. გალაქტიონს კი საკუთარი თვალის კლინიკაც ჰქონია. ოჯახს შემოვლილი ჰქონდა მთელი ევროპა. პარიზშიც სახლს ფლობდნენ. რევოლუციის შემდეგ, პრაქტიკულად, ქუჩაში აღმოჩნდნენ, მაგრამ კოლაუ ძლიერი სულის ადამიანი იყო და გული არასოდეს გაუტეხია. პარიზში ცხოვრებისას, როცა კოლაუ სულ რაღაც 12 წლის იყო, თავის მეგობართან ერთად ამერიკისაკენ მიმავალ გემზე აპარულა. მეგობრებს განზრახული ჰქონდათ ამერიკაში ჩასულიყვნენ და ინდიელებს დახმარებოდნენ... მაგრამ ბავშვები პორტშივე იპოვეს და გემიდან ჩამოიყვანეს...

- რატომ არ ცნობდა გალაკტიონს, როგორც დიდ პოეტს? ამბობენ, კოლაუ ნადირაძეს სწორედ გალაკტიონ ტაბიძისადმი ასეთი დამოკიდებულება არ აპატიეს და ამიტომ არ იყო სათანადოდ დაფასებულიო...
- არ შემიძლია ვისაუბრო მათ ურთიერთობაზე, ხოლო რაც შეეხება იმას, აფასებდა თუ არა კოლაუ გალაკტიონს როგორც პოეტს, შემიძლია, ერთი რამ გითხრათ: სახლში ლექსების კრებული გვაქვს, რომელშიც გალაკტიონის ლექსის ქვემოთ კოლაუს ხელითაა მიწერილი - “გენიალურია!”

- მაინც როგორ გაუძლო კოლაუ ნადირაძემ იმ დროებას?
- კოლაუს ძალიან ძლიერი სული ჰქონდა და ვფიქრობ, ბედისწერამაც გადაარჩინა. ბაბუა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შვილს უთხრა: ღმერთმა ნუ გაცოცხლოს ჩემს ასაკამდეო. მამას გაუკვირდა, კოლაუმ კი ასეთი პასუხი გასცა: მე სრულიად მარტო ვარ, არც ერთი ჩემი მეგობარი ცოცხალი აღარ არისო.

- შვილთან დამოკიდებულებაში მკაცრი იყო?
- მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა; უდიდესი პატივისცემა იყო მათ შორის. კოლაუ 63 წლის იყო, როცა ნუგზარი გაჩნდა. არ მახსოვს, ეთქვათ ერთმანეთისთვის ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი. ოჯახურ ურთიერთობაში ძალიან თბილი იყო. თურმე, როცა მამამ სიგარეტის მოწევა დაიწყო, ვერ ბედავდა მშობლებისთვის ეთქვა. დედას - ნორას გაუგია და ძალიან გაბრაზებულა. ჩხუბის შემდეგ ნუგზარი პირდაპირ კოლაუს კაბინეტში შეუყვანია და მეუღლისთვის ყველაფერი უთქვამს. მამა ამბობს ხოლმე, - მერჩივნა, მაშინ მიწა გამსკდომოდაო. კოლაუს უკითხავს, მართლა ეწევიო? მამას სხვა გზა არ ჰქონდა და დაუდასტურა. კოლაუ თვითონ მწეველი არ გახლდათ, მაგრამ უჯრაში ყოველთვის ჰქონდა საუკეთესო სიგარეტი. - რა სიგარეტს ეწევიო? - უკითხავს. როცა შვილისგან პასუხი მიუღია, უჯრიდან სიგარეტი ამოუღია და გაუწვდია, - მაგ ნაგავს ნუღარ მოსწევ, ეს მოსწიეო...

- საკუთარი სახელი პოეტურად თავად შეალამაზა?
- დიახ, ნიკოლოზი ერქვა, კოლაუ თავად დაირქვა...

GzaPress- ცნობილია, რომ კოლაუ ნადირაძე ძვირფასი თვლების ექსპერტი იყო. ასევე, შესანიშნავად ერკვეოდა სუნამოებში.
- ზოგადად, ეს ადამიანი, შეიძლება ითქვას, ცოცხალი ენციკლოპედია იყო. აურაცხელი რაოდენობის წიგნი გვქონდა სახლში; წარმოდგენაც კი ძნელია, როგორ შეიძლება ადამიანს ერთი სიცოცხლე ეყოს მათ წასაკითხავად. ბაბუას აბსოლუტურად ყველა მათგანი წაკითხული ჰქონდა და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი მეხსიერებით გამოირჩეოდა. უამრავი სტუმარი მოდიოდა მის კაბინეტში და ათას სხვადასხვა საკითხზე საუბრობდნენ. მაშინ ბავშვი ვიყავი, ახლა კი ხშირად მინატრია, რომ კოლაუს საუბრის მოსმენის საშუალება მქონდეს...

- მოგვიყევით კოლაუ ნადირაძისა და ნორა სიგატოვსკის სიყვარულის უჩვეულო ამბავს...
- ნორა კოლაუს მეგობრის ქალიშვილი იყო. 17 წლის ნორასა და 42 წლის კოლაუს ერთმანეთი შეუყვარდათ. ამ ამბის გამო ბაბუას ნორას მამასთან კონფლიქტიც ჰქონდა და გარკვეული პერიოდი მათი მეგობრობა შეწყდა. ფაქტობრივად, ნახევარ ცხოვრებაზე მეტი კოლაუმ ნორასთან გაატარა. როცა ბაბუა კაბინეტში იჯდა და მუშაობდა, მხოლოდ ნორას ჰქონდა იქ შესვლის უფლება. ეუბნებოდა, როცა ოთახში შენ შემოდიხარ, მხოლოდ მაშინ არ მეშლება ხელიო. მამა ხშირად აღნიშნავს, რომ კოლაუს ხანგრძლივი სიცოცხლე სწორედ ნორას დამსახურება იყო. ნორას დედა ჰყავდა ქართველი - ქავთარაძე. მამამისი ნახევრად პოლონელი, ნახევრად გერმანელი იყო. წარმომავლობის გამო ნორას მამა თითქმის სულ დაჭერილი იყო, დახვრეტასაც გადაურჩა. თავად ნორა თავის გვარზე გადაიყვანა კოლაუმ და ასე გადაურჩა დევნას.

- მანამდე კოლაუ ნადირაძეს 3 მეუღლე ჰყავდა...
- დიახ, პირველი მეუღლე გარდაეცვალა, მასთან 2 ქალიშვილი ჰყავდა. მეორე მეუღლე ფრანგი იყო, მესამე - რუსი და ბოლოს, ნორა - გერმანელი...

- პაოლო იაშვილის საფლავს ნიშანი კოლაუ ნადირაძემ დაადო და ამით გადაარჩინა დაკარგვას...
- კოლაუ უდრეკი სულის ადამიანი იყო და ეს თუნდაც მისი ცხოვრების ამ ეპიზოდიდან ჩანს: პაოლოს დაღუპვის შემდეგ მთავრობას თურმე იმ ადამიანების სია ჰქონდა, ვისაც დაკრძალვაზე დასწრების უფლება ეძლეოდათ. კოლაუ სიაში არ იყო, მაგრამ მაინც წასულა. ეს ლამის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო - სულ ადვილად შეეძლოთ დაეხვრიტათ ამ საქციელისთვის. როცა პროცესიასთან ახლოს მისვლას აპირებდა, ჩეკისტი გადმოხტომია წინ - სიაში არ ხართ, არ შეიძლებაო. კოლაუ ასეთ დროს კი იყენებდა საკუთარ ძალას - ეს ადამიანი გვერდით გაუწევია და უთქვამს: მეგობრის გასვენებაზე დასასწრებად სია არ მჭირდება, ამას ვერავინ დამიშლისო და პროცესიას ასდევნებია. კოლაუ ერთადერთი ყოფილა პაოლოს მეგობართაგან, ვინც ოჯახის წევრების გარდა ცხედარს მიაცილებდა. პაოლოს საფლავი მან და მისმა მეგობარმა ღვინის ბოთლებით მონიშნეს და ასე გადაარჩინეს დაკარგვას.

- სიცოცხლის ბოლომდე აქტიური მოღვაწე იყო?
- მახსოვს, სიცოცხლის ბოლომდე აქტიური და ენერგიული იყო. ძირითადად კაბინეტში იჯდა და კითხულობდა. ლექსების გარდა მოთხრობებსაც წერდა. შესანიშნავად იცოდა ფრანგული და თარგმნიდა კიდეც. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო ეს გახლდათ. ბოლოს ვეღარ წერდა, მეუღლეს უკარნახებდა და ის უწერდა.

- რაიმე განსაკუთრებული თვისება, ახირება თუ ჰქონდა?
- ძალიან ქალთმოყვარე იყო (იცინის).

- რას გვეტყვით იმ პერიოდზე, როცა ლექსი - “25 თებერვალი, 1921 წელი” დაიბეჭდა?
- როცა ეს ლექსი დაიბეჭდა, მამა მივიდა ბაბუასთან და ჰკითხა - ეს რა დაგიწერიაო? მამა აღელვებული იყო, ამ ფაქტის გამო ოჯახს შეიძლებოდა სერიოზული პრობლემა შეჰქმნოდა დაჭერისა და დახვრეტის ჩათვლით. კოლაუმ მშვიდად აიღო “მერანის” ეს ნომერი და როცა კითხვა დაასრულა, აუღელვებლად უთხრა: რას მერჩი, მშვენიერი რამ დამიწერია, ცუდი არ არისო... მერე დაიბარეს, მაგრამ მოხუცი იყო უკვე და ეტყობა იმდენად არ მოსთხოვეს პასუხი. ქაქუცას ჩამოსვენებისას წაიკითხეს ეს ლექსი... საერთოდ, დიდი ხანი არ არის, რაც ამ ლექსის მიმართ ინტერესი გაჩნდა. როცა მე სკოლაში და თუნდაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ძალიან ცოტამ იცოდა მის შესახებ. ბაბუა სიმბოლისტი და არსებული რეჟიმის შეურიგებელი მტერი იყო. სიმბოლურადვე მოხდა ის, რომ მისი გარდაცვალება ზუსტად საბჭოთა კავშირის ნგრევას დაემთხვა...

- რაიმე სახის რჩევა თუ გახსოვთ მისგან?
- მისი ყველა რჩევა და იდეა სამშობლოს გადამეტებულ სიყვარულს უკავშირდებოდა. მახსოვს, პირველ კლასში ვიყავი, სკოლაში ლექსი მასწავლეს ლენინზე. სახლში მოსული, გახარებული ბაბუას კაბინეტში შევედი და ლექსი წავუკითხე... თავად არ მახსოვს, მაგრამ როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ძლივს გამომისწრია ოთახიდან... ძალიან აღშფოთებულა ამ ფაქტით... ერთხელ ეზოში ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ. ბურთი კოლაუს ფეხებთან მიგორებულა. ბაბუას აუღია, მისული მოთამაშისთვის გადაუცია და თან გვარი უკითხავს. პატარა ჩოლოყაშვილი აღმოჩენილა. კოლაუს გახარებია, ეს რა გვარი გქონია, ხომ იცი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ვინააო? - ვიცი, მოღალატეაო, - უთქვამს ბიჭს. კოლაუ ისე გაბრაზებულა, ყურიც კი აუწევია პატარისთვის... მისთვის ქაქუცა დიდი პატრიოტი და გმირი იყო... გადამეტებულად უყვარდა სამშობლო და ოცნებობდა თავისუფალი ენახა ის. ყველაფერი, რაც ამას ეწინააღმდეგებოდა, საშინლად აბრაზებდა...

შორენა ლაბაძე
"გზა", 2012 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
24.02.2015
დიახ, პირველი მეუღლე გარდაეცვალა, მასთან 2 ქალიშვილი ჰყავდა. მეორე მეუღლე ფრანგი იყო, მესამე - რუსი და ბოლოს, ნორა - გერმანელი... აი, ინტრიგაც ამას ჰქვია, ნეტა რა ეროვნებისა უნდა ყოფილიყო პირველი ცოლი?
დათო#
24.02.2015
მახსოვს უნივერსიტეტთან მიტინგი,ზვიადი და მერაბი აიყვანეს და მათ გამოხსნას მოითხოვდა ხალხი.მიტინგი დიდხანს გაგრძელდა,როგორც იქნა მოვიდა ინფორმაცია მათი გათავისუფლების შესახებ,უნივერსიტეტიდან ვარაზისხევით გმირთა მოედნისკენ დაიძრა ხალხი ზვიადი-მერაბის შეძახილებით,ყველა მეხუთე კაცთან ''კაგებეშნიკი; იდგა შემეშინდა დაჟინებული მზერა შევნიშნე ,იქ ოჯახით ვიყავი შვილები ბიჭები მყავს ადგილი მოვინაცვლე იქ უარესი იყო ,ამ შფოთვაში ვარ და გაისმა ზვიადის ხმა- და ლექსი-ეძინა თბილისს- ებურათალხი და კოლაუ ნადირაძე.დავიშალეტ და ამ სამი სიტყვით დამახსოვრებით მოვძებნე ლექსი,მქონდა კოლაუს საიუბილეო წიგნი ,მთელი ღამე გავათენე 50-ცალი გადავწერე და მეორე დღეს მიტინგზე მივიტანე.მერე გაგრძელდა გამოსვლები დაიწყო დაიწყო და დაიწყო .შენ შვილიშვილს ბედნიერებას გისურვებ მაგ ლამაზ ცოლ-შვილთან ერტად.ხანდახან ვფიქრობ იყო საჭირო ის ყველაფერი? მერაბის და ზვიადის დაკარგვასთან ერთად დავკარგეთ რასაც ვეძებდით.
მარინე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი