1921 წლის თებერვლის "სიკეთე"...
font-large font-small
1921 წლის თებერვლის "სიკეთე"...
"ფესვები გადაგვიჭრეს და ახლა ნულიდან გვიწევს სახელმწიფოს მშენებლობა"

"გავრცელდა ხმები, რომ მე-11 არმია უკვე ბაქოშია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი, და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება საქართველოსკენ წამოსვლაა.
მთავრობას უნდა მიეღო საჭირო ზომები თავდასაცავად და უნდა ებრძანებინა სათანადო ორგანოებისათვის, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარი მოსალოდნელი ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო არავითარი ზომები. საინჟინერო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა, ჩემი თხოვნით დაათვალიერა თბილისის აღმოსავლეთის საზღვრები და შეადგინა გეგმა თბილისის მიდამოებში დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად. ეს გეგმა წარედგინა ჯერ სამხედრო მინისტრს, ხოლო მისგან მთავრობას, მაგრამ საამისოდ ფულის გაღებაზე მთავრობამ უარი განაცხადა. ხიფათი კი თანდათან აშკარავდებოდა... ყველაფრის ჩამოთვლა აქ შეუძლებელია, მარტო ამით რომ თავდებოდეს ყველა უბედურებანი, შესაძლებელია ხიფათისათვის თავი დაგვეღწია" - ეს მომცრო ამონარიდია გენერალ მაზნიაშვილის მოგონებებიდან, რომელიც მან საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ დაწერა. მოგვიანებით ისტორიკოსთა ერთი ნაწილიც აღნიშნავს, რომ 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვაში ნოე ჟორდანიას მთავრობას მიუძღვის ბრალი. მათი თქმით, ჟორდანია თავის დროზე (1918 წელს) საქართველოს დამოუკიდებლობამ დააფრთხო და გოდებდა, რუსეთის გარეშე რას გავაკეთებთო. რუსების მიერ საქართველოში შემოჭრის დროს კი უსუსურობა გამოამჟღავნა, ემიგრაციაში გაიქცა და საკუთარი ხალხი ბოლშევიკებს შეატოვა. ისტორიკოსთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, ჟორდანიას გუნდს არჩევანი არ ჰქონდა... ჰქონდა თუ არა საქართველოს 1921 წელს იმის სამხედრო რესურსი, რომ წითელი არმიის შემოჭრას გამკლავებოდა და პირველი რესპუბლიკა გადაერჩინა?

მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი:
- ვფიქრობ, რომ საამისო რესურსი იყო. სხვა საკითხია, ეს რესურსი რატომ ვერ გამოვიყენეთ. დღეს ჩვენ რატომღაც, მხოლოდ იუნკრების გმირობაზე ვლაპარაკობთ. იუნკრებმა მართლაც სამაგალითოდ იბრძოლეს, მაგრამ სხვებმაც არანაკლები თავდადება გამოიჩინეს. თბილისისთვის ბრძოლა 18 თებერვალს დაიწყო და 24 თებერვლამდე გაგრძელდა. მართალია, სახალხო გვარდიას ბევრი ლანძღავდა, მაგრამ ქართველმა მეომრებმა თბილისთან თავდაუზოგავად იბრძოლეს. პირველი მსოფლიო ომის ინვალიდებმა - ადამიანებმა, რომლებს შორისაც, ზოგს ცალი ფეხი არ ჰქონდა და ზოგს - ცალი ხელი, მოითხოვეს, - ჩვენც წაგვიყვანეთ ფრონტის ხაზზე, სანგრებში ჩაგვსვით, სროლა შეგვიძლია, გაქცევას კი არც ვაპირებთო...

GzaPress- კვინიტაძის გადაწყვეტილება - თბილისის დატოვების შესახებ - მართებული იყო?
- რა თქმა არა, იმიტომ, რომ თბილისის დატოვების შემდეგ ყველა მებრძოლი გატყდა. მხოლოდ იუნკრებმა და სამხედრო სკოლამ შეინარჩუნეს დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა. სხვათა შორის, თბილისის დატოვებას მაზნიაშვილი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. კვინიტაძეს შეეშინდა, თბილისში გამაგრებული ჯარი ალყაში არ მოქცეულიყო და მტერს სულ არ ამოეწყვიტა. თქვა კიდეც, - ჯობია, ახლა დავტოვოთ დედაქალაქი და მერე დავბრუნდეთო. გენერალმა ილია ოდიშელიძემ უთხრა, - ახლა თუ დავტოვებთ თბილისს, ჯარი მორალურად დაეცემა და ვეღარ შევკრებთო. კვინიტაძემ არ დაუჯერა, მაგრამ ოდიშელიძის სიტყვები გამართლდა. ასე რომ, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ჟორდანია დამნაშავე არ იყო. მისი შეცდომა ის გახლდათ, რომ თავის დროზე ჯარს შესაფერისი ყურადღება არ მიაქცია, ქართველი გენერლების რჩევებს არ ითვალისწინებდა; არმიის პარალელურად, შექმნა სახალხო გვარდია, რომელსაც ძალიან ბევრი მინუსი ჰქონდა. თავდაცვის კუთხით ისეთ შეცდომებს უშვებდა, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ ყოფილიყო. მაგალითად, იტალიაში უახლესი თვითმფრინავები იყიდეს, მაგრამ რუსებთან ომში ვერ გამოიყენეს, იმიტომ, რომ არ იყიდეს ძრავაში ჩასასხმელი ზეთი.

- სახალხო გვარდიის მინუსად თქვენ რას მიიჩნევთ?
- ეროვნული გვარდია პარტიულ დასაყრდენს წარმოადგენდა. მენშევიკები გენერლებსა და ოფიცრებს არ ენდობოდნენ (რადგან ისინი უმთავრესად, თავად-აზნაურები იყვნენ) და სრულფასოვანი არმიის მშენებლობის საშუალებას არ აძლევდნენ. არადა, ეს ადამიანები  პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები იყვნენ და სერიოზულ საბრძოლო გამოცდილებას ფლობდნენ. ჯარი გამოუყენებელი რესურსი იყო. მინიმუმ 5 ათასი ოფიცერი და 47 გენერალი გვყავდა, მაგრამ მათი გამოცდილება არავის გამოუყენებია. ისინი რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები იყვნენ. რუსეთის იმპერიის არმიაში კი კარიერის გაკეთება იოლი ნამდვილად არ იყო. ამ გენერლებიდან და ოფიცრებიდან ნაწილი რუსული აზროვნების იყო და დარჩა კიდეც რუსეთში (მაგალითად, მე-11 არმიაში მსახურობდა გენერალი გაბაევი, იგივე გაბაშვილი, რომელიც საქართველოს დაპყრობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო), მაგრამ ძირითადი ნაწილი საქართველოში ჩამოვიდა და სამშობლოს სამსახურში ჩადგა - ე.ი. ჟორდანიას მთავრობას აშკარად ჰქონდა იმის რესურსი, რომ ძლიერი არმია შეექმნა, მაგრამ... აქ მხოლოდ კლასობრივ შეუთავსებლობაში როდი იყო საქმე. მთავრობამ საკმაოდ ბევრი გენერალი და ოფიცერი გაუშვა სამსახურიდან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი ადრე რუსულ არმიაში მსახურობდნენ. კი, მაგრამ მანამდე ეროვნული არმია არ არსებობდა და აბა, სად უნდა ემსახურათ?!.

- ასეთი ბრალდებით დღესაც ითხოვენ სამხედროებს არმიიდან...
- დიახ, ასეა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა არმიის სამხედრო მოსამსახურე ჟორდანიას მთავრობის სამხედროსგან ძალზე გასხვავდება. 1956 წლიდან - ანუ მას შემდეგ, რაც ხრუშჩოვმა ეროვნული სამხედრო ნაწილები დაშალა, ქართველი კაცისთვის ჯარში სამსახური პრესტიჟული აღარ იყო და იქ ძირითადად, სხვა საქმეში ხელმოცარული ადამიანები მიდიოდნენ (თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებს გამოცდილი და მცოდნე სამხედროები ნამდვილად არ დაგვრჩენია. 1921 წელს კი მართლაც ბრწყინვალე გენერალთა და ოფიცერთა კორპუსი გვყავდა. ისინი საზოგადოებრივ ელიტას წარმოადგენდნენ, ყველაზე განათლებულები და დახვეწილები იყვნენ.

- ამ გენერლებსა და ოფიცრებს ჟორდანია რას ემართლებოდა, როდესაც თავად რუსეთის იმპერიას "დიდ ოჯახს" უწოდებდა? ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების დროს, ასეთი რამ თქვა: "დღევანდელი დღე არის ბედნიერიც და უბედურიც. ბედნიერია, რადგან იბადება ახალი სახელმწიფო და უბედური, რადგან ძველი ქვეყანა იშლება" - და დადო პირობა: თუკი რუსეთში დემოკრატია კვლავაც იზეიმებს, ჩვენ დავუბრუნდებით დიდ ოჯახსო.
- კი, ასე იყო. უფრო მეტსაც გეტყვით - 1920 წელს, როდესაც სომხებმა ომი გამოგვიცხადეს, ჟორდანიამ სადამფუძნებლო კრებაში განაცხადა, ეს არის ომი სომხებთან, რომლის უკანაც ბაქოში მყოფი მოღალატე ბოლშევიკები დგანან (მამია ორახელაშვილსა და ბუდუ მდივანს გულისხმობდა) და მოსკოვი არაფერ შუაშიაო. ეს ან პოლიტიკური გულუბრყვილობა იყო, ან კიდევ... არც ვიცი, რა ვთქვა... ის დაკისრებული მისიისათვის მზად არ აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრატები 1918 წლამდე საქართველოს დამოუკიდებლობაზე არც ფიქრობდნენ. მათ სოციალური საკითხების გადაწყვეტა უფრო აწუხებდათ, ვიდრე - საქართველოს დამოუკიდებლობა.

- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჟორდანიას მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს დღევანდელი ხელისუფლებაც იმეორებს?
- ბერნარდ შოუმ თქვა, - ისტორიის მთავარი გაკვეთილი ის არის, მის გაკვეთილებს არავინ სწავლობსო. აშკარაა, რომ ვერც დღევანდელმა ხელისუფლებამ ისწავლა ისტორიის გაკვეთილი. საერთოდ, სახელმწიფოსა და ჯარის მშენებლობა ძალიან რთული საქმეა და მხოლოდ დროშების ფრიალითა და სიტყვების რახარუხით ფონს ვერ გავალთ.

GzaPress- 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით დაშვებული შეცდომებით იყო განპირობებული?
- არა. იმ პერიოდში ჩვენთვის არც საერთაშორისო ვითარება იყო ხელსაყრელი. როგორც იცით, დამოუკიდებლობა 1918 წელს, გერმანიის მხარდაჭერით გამოვაცხადეთ. ამით ჩვენ ფაქტობრივად, გერმანიის მოკავშირე გავხდით. ამ ქვეყანამ პირველი მსოფლიო ომი წააგო და კავკასიაში მოვიდა ინგლისი, რომელიც გერმანიის მტერი იყო. დიდმა ბრიტანეთმა გერმანიის მოკავშირე საქართველოსთან თავიდანვე ცუდი პოზიცია დაიკავა. ჩვენთვის არახელსაყრელი იყო ისიც, რომ დასავლეთს საბჭოთა რუსეთი და თურქეთი ერთად დაუპირისპირდნენ. ასეთ სიტუაციაში დასავლეთისთვის ინტერესი დაკარგა ორ დიდ, მტრულად განწყობილ სახელმწიფოს შუა მოქცეულმა საქართველომ. მას ბალტიისპირეთი, ფინეთი და პოლონეთი იმიტომ აინტერესებდა, რომ საბჭოთა კავშირსა და დასავლეთ ევროპას შორის ბუფერული ზონის შექმნა უნდოდა. 1920 წელს დასავლეთმა ერთა ლიგაშიც არ მიგვიღო, ისევე, როგორც ახლა არ გვიღებს ნატოში... ერთი სიტყვით, იმ მომენტში საქართველო საჭირო არ იყო ევროპისთვის. ამას დაემატა სხვა პრობლემებიც. ჟორდანიას მთავრობამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც 1920 წელს აზერბაიჯანს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაეხმარა. საქართველო და აზერბაიჯანი სამხედრო მოკავშირეები იყვნენ. როდესაც ბაქომ დახმარებისთვის მოგვმართა, ჩვენს მთავრობას მაშინ გაახსენდა, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებაში მემამულეები, ფეოდალები და კაპიტალისტები იყვნენ. არადა, მაშინ გაერთიანება ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. სხვათა შორის, ჩრდილოკავკასიელები სომხებს, აზერბაიჯანელებსა და ქართველებს გვეხვეწებოდნენ, - ჩვენ ვერ მოვახერხეთ და თქვენ მაინც გაერთიანდით რუსეთის წინააღმდეგო... იმ პერიოდში ქვეყნის სათავეში უფრო ეროვნული ძალები რომ ყოფილიყვნენ, ალბათ დღეს სხვაგვარი რეალობის წინაშე ვიდგებოდით. ნოე ჟორდანიაზე ეროვნული ხალხი თვით სოციალ-დემოკრატიულ პარტიაშიც კი იყო - მაგალითად, ნოე რამიშვილი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, რომელიც თავის დროზე სამხედრო მინისტრიც იყო. ამ ადამიანებს უფრო მეტი ძალა და გავლენა რომ ჰქონოდათ, გამოსავალს აუცილებლად იპოვიდნენ. ერთ საინტერესო ამბავს უნდა მოგიყვეთ: ჯერ კიდევ 1918 წელს გერმანელებმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებს უთხრეს, - სოციალისტი ჟორდანიას მთავრობა თქვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს; ჩვენ თქვენს საქმეში ვერ ჩავერევით, მაგრამ თუ ამ მთავრობას თავად ჩამოაგდებთ, თუნდაც ნახევარი საათი იქნებით ხელისუფლებაში და ჩვენ დახმარებისთვის მოგვმართავთ, ძალაუფლებას შეინარჩუნებთო. რევაზ გაბაშვილმა მაშინვე შორს დაიჭირა თავი; დანარჩენებმა მხარდამჭერების ძებნა დაიწყეს, მაგრამ - უშედეგოდ. იცით, რა უთხრეს მათ საზოგადო მოღვაწეებმა? - ძლივს საკუთარ მთავრობას ვეღირსეთ და ამას როგორ ჩამოვაგდებთო?!. აი, ასეთი იყო ხალხის განწყობილება იმ მთავრობის მიმართ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობაზე არც კი ფიქრობდა. უნდა  ვაღიაროთ, რომ 1918 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა მხოლოდ საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე მივიღეთ. რუსეთის იმპერია დაინგრა, ჩვენ უპატრონოდ დავრჩით და, გვინდოდა თუ არა, დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ.

- 1918 წელს დაშლილმა რუსეთის იმპერიამ მალევე მოახერხა აღდგენა. იმავეს ცდილობს ახლა საბჭოთა კავშირიც. თქვენი აზრით, რა შანსები აქვს?
- არანაირი შანსი არა აქვს, იმიტომ, რომ მსოფლიო შეიცვალა. მაშინ რუსეთი თავად დასავლეთმა გააძლიერა. ამიტომაც იყო, რომ დაშლიდან სამ წელიწადში მოახერხა აღდგენა. ახლა უკვე 20 წელი გავიდა, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. დარწმუნებული ვარ, აღარც არასდროს იქნება.                                      

- როდესაც ქართველები ვამბობთ, რომ რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, რუსები გვპასუხობენ, რომ მათ ჩვენ თურქებისგან გვიხსნეს და ფიზიკურ განადგურებას გადაგვარჩინეს...
- შესაძლოა, რუსებმა ფიზიკურად გადაგვარჩინეს, მაგრამ მორალურად გაგვანადგურეს. ახლა შესაძლოა, იმაზე ცოტანი ვყოფილიყავით, ვიდრე ვართ, მაგრამ უფრო ეროვნულები ვიქნებოდით, სახელმწიფოებრივად ვიმოქმედებდით და არა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. კრემლმა 200 წელი იმუშავა იმისთვის, რომ ქართველში ეროვნული თვითშეგნება და სიამაყე ჩაეხშო. რუსეთის იმპერიას, შემდეგ კი საბჭოთა კავშირს მორჩილი, მასზე დამოკიდებული ქართველები სჭირდებოდა. ზოგიერთი ამბობს, წითელ არმიას 1921 წელს რომ არ დავეპყარით, 1939 წელს, ბალტიისპირეთთან ერთად მაინც დაგვიპყრობდნენო. შესაძლოა, მართლაც ასე ყოფილიყო, მაგრამ დამოუკიდებლობის 3 წლის ნაცვლად, 20 წელი გვექნებოდა; 80-იან წლებში დამოუკიდებელ საქართველოში ნაცხოვრები თაობა გვეყოლებოდა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ფაქტობრივად, ფესვები გადაგვიჭრეს და ახლა ნულიდან გვიწევს სახელმწიფოს მშენებლობა.

ხათუნა ბახტურიძე
"გზა", 2012 წელი


ბეჭდვა