ქართველი ავანტიურისტი და "ყიზლარის ბანკის საქმე"
font-large font-small
ქართველი ავანტიურისტი და "ყიზლარის ბანკის საქმე"
"დღეს ყიზლარის ბანკს გავძარცვავ და მთლიანად წავიღებ იმ ფულს, რაც იქ არის. თუკი ვაჟკაცები ხართ, ხელი შემიშალეთ. თქვენი უპირველესი მტერი - ზელიმხანი"

ამ რამდენიმე დღის წინ ერთი საკმაოდ საინტერესო წიგნი ჩამივარდა ხელთ - "ველური დასავლეთის დოკუმენტური ისტორია", რომლის ავტორიც საკმაოდ ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი გახლავთ... ამ სტატიის დაწერაც სწორედ ხსენებული წიგნის შესავალმა გადამაწყვეტინა: "ამბობენ, ისტორიას დიდი ადამიანები ქმნიანო და რაღა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად მათ ეპოქაში უდიდეს ადამიანებად მიჩნეული პიროვნებები ისტორიას არც შემორჩენიან, ხოლო მათ კი, ვისაც თავის დროზე ხალხი უმნიშვნელო ფიგურებად მიიჩნევდა, დღეს ჩვენ სწორედ ისტორიიდან ვიცნობთ", - წერდა ის ამერიკელი ისტორიკოსი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამ სტატიის თემაც ზუსტად დასავლურ ვესტერნებს ეხმაურება.


GzaPressXX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში, კავკასიაში რევოლუციური ვითარება ნელ-ნელა ნავლდებოდა და ცარიზმიც შერყეულ პოზიციებს იმყარებდა. ამიტომ პოლიციასა და ჟანდარმერიას განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდათ მინიჭებული და ისინიც განურჩევლად ყველას იჭერდნენ, ვინც კი "არასაიმედო პირად" მიაჩნდათ. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ძალოვანი სტრუქტურების ასეთი გაძლიერების პირობებშიც კი, კავკასიაში კრიმინოგენური ვითარება კვლავ დაძაბული იყო - ხელისუფლებას ყველაზე მეტ პრობლემას ცნობილი ჩეჩენი აბრაგი, ზელიმხან გუშმაზაყაევი უჩენდა. ის თავის მრავალრიცხოვან რაზმთან ერთად მთელ ჩეჩნეთში დათარეშობდა და არც ჟანდარმების ეშინოდა და არც კაზაკებისა, რომლებიც რუსეთის იმპერიაში მეფის ძალაუფლების სიმბოლოებად იყვნენ აღიარებულნი. ზელიმხანის სახელი იმხანად არა მარტო კავკასიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იყო გავარდნილი - ჩეჩენ აბრაგზე წერდა თბილისის გაზეთი "კავკაზსკიე ვედომოსტიც" და ფრანგული "ფიგაროც", რომელიც მთელ მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ გამოცემად მიიჩნეოდა.

იმ დროს კავკასიაშივე, კერძოდ - ქუთაისის გუბერნიაში ცხოვრობდა ზელიმხან გუშმაზაყაევზე არანაკლებ ცნობილი კაცი, თუმცა მას იარაღი ხელში საერთოდ არც კი სჭერია. თავადი სოლომონ აშორდია ცნობილი იყო ათასგვარი მაქინაციითა და ხრიკით, რითაც არანაკლებ ზარალს აყენებდა ცარიზმს, ვიდრე ზელიმხანი. ერთი რამეც უნდა ითქვას - აშორდია მეფის რუსეთის საიდუმლო სამსახურს ანუ როგორც მაშინ უწოდებდნენ, "ოხრანკას" უფრო ძვირად ჰყავდა შეფასებული, ვიდრე ჩეჩენი აბრაგი, რომლის დამჭერსაც იმ დროს საარაკო თანხა - ნახევარი მილიონი ოქროს მანეთი ერგებოდა.

სოლომონ აშორდიასა და ზელიმხან გუშმაზაყაევის ცხოვრების გზები ალბათ არასოდეს გადაიკვეთებოდა, რომ არა ერთი უბრალო შემთხვევა - აშორდია თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის პასპორტით როსტოვს მიემგზავრებოდა და თან რომელიღაც ფრანგულ გაზეთს კითხულობდა. უეცრად, მისი ყურადღება ერთმა მოკლე ცნობამ მიიქცია, რომელშიც ამერიკის ველური დასავლეთის ერთ-ერთ ქალაქში მომხდარ მასშტაბურ ძარცვაზე იყო ლაპარაკი. სოლომონ აშორდიას ამის წაკითხვისთანავე ჩაეღიმა და გაიფიქრა სწორედ ის, რაც მისნაირ მოხერხებულ კაცს უნდა გაეფიქრებინა - ბანკის "გატანას" განა მე კი ვერ შევძლებო?!
აშორდიამ კარგად იცოდა, რომ იმ დროისთვის კავკასიაში ყველაზე მეტი ფული ქალაქ ყიზლარის ბანკში ინახებოდა, რომელიც სამიწათმოქმედო საზოგადოებას ეკუთვნოდა. ბანკი საიმედოდ იყო დაცული - იმგვარად, რომ იქ ჩიტიც კი ვერსაიდან შეფრინდებოდა: მას დღე-ღამის განმავლობაში მეთვალყურეობდა ჟანდარმების ორი ოცეული და დამატებით - კაზაკების ასეულიც. ამდენად, მის "გატანას" ნამდვილად დასჭირდებოდა კარგად შეიარაღებული რაზმი, რომლის დაქირავებაზეც აშორდიას ფიქრიც კი არ სურდა. სანამ გაზეთის ჩაკითხვას დაასრულებდა, უეცრად, ტამბურში მდგარი მგზავრების საუბარს მოჰკრა ყური, რომლებიც ზელიმხანსა და მის მიერ ერთი წლის წინ გროზნოს ბაზარში ჩადენილ ქმედებაზე - კაზაკების დახვრეტაზე ლაპარაკობდნენ. სოლომონ აშორდიას ბევრი აღარ უფიქრია: პირველივე სადგურზე ჩახტა, ეტლი დაიქირავა და გროზნოსკენ აიღო გეზი.
აბრაგი ზელიმხანი იმხანად გროზნოსთან ახლოს, სოფელ ხანქალაში აფარებდა თავს ძმადნაფიცთან, ხოლო ოჯახი მთიან ჩეჩნეთში - მელხისტის თემში ჰყავდა გადამალული; აბრაგს მუდამ თან ახლდა ასამდე კარგად შეიარაღებული მომხრე, რომელთაც დიდი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ; თუმცა იარაღი და ტყვია-წამალი კი შემოჰკლებოდათ და ხანქალაში თავშეფარებულნი იმედოვნებდნენ, რომ ალაჰის წყალობით, მალე ყველაფერს იშოვიდნენ. აი, სწორედ ასეთ დროს მივიდა აბრაგთან მისი გროზნოელი ახლობელი, რომელსაც ზელიმხანი დიდად ენდობოდა. "შენი ნახვა ერთ ქართველ თავადს სურს, ზელიმხან! საქმეზე უნდა გელაპარაკოს!" - უთხრა აბრაგს ახლობელმა. ზელიმხანი მაშინვე დათანხმდა და შეხვედრისთვის ადგილიც თავადვე დათქვა - დუქანი "კავკაზი" გროზნოს ცენტრში.

დანიშნულ დღეს, პირობისამებრ, გადაცმული აბრაგი რამდენიმე ამხანაგთან ერთად დუქანში მივიდა. კუპეში, სადაც ისინი მიკიტანმა შეიყვანა, მაგიდას ცოცხლად მომზირალი, ქერა მამაკაცი უჯდა. შემოსულთა დანახვაზე წამში ფეხზე წამოხტა და ყველას სათითაოდ, ხელის ჩამორთმევით მიესალმა. ზელიმხანი აშორდიას პირადად არ იცნობდა, მაგრამ მისი სახელი გაგონილი ჰქონდა. ასევე, აშორდიაც, მხოლოდ შორიდან იცნობდა აბრაგს. "ბევრი რამ გამიგონია თქვენი ვაჟკაცობისა და მამაცობის შესახებ! მოხარული ვარ, პირადად რომ გაგიცანით!.." - უთხრა აბრაგს და მიკიტანს ციკნის მწვადები შეუკვეთა.
ჩეჩენმა აბრაგმა და ქართველმა მაქინატორმა მალე გამონახეს საერთო ენა - აშორდიამ ზელიმხანს მიკიბ-მოკიბვის გარეშე გაანდო ჩანაფიქრი: "ბანკის გატანა მინდა... ამაში კი თქვენ უნდა დამეხმაროთ. იარაღსა და ტყვია-წამალს მე გიშოვით და სხვა მხრივაც, საჭირო საქმეებს მოგიგვარებთ. როგორც ვიცი, ბანკში ძალიან დიდი ფული დევს - თითქმის ნახევარ მილიონამდე. მე ნახევარს ავიღებ, ნახევარი თქვენ დაგრჩებათ... მგონი, დაფიქრება ღირს!" - აშორდიას ამ სიტყვებზე ზელიმხანს ჯერ გაეღიმა, მერე კი თქვა - ორიოდე დღე მომეცით დასაფიქრებლადო. აშორდიამ მას მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა და სწორედ ამ დროს, მიკიტანმა ციკნის მწვადები შემოიტანა.

GzaPressსოლომონ აშორდიას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ზელიმხანი ბანკის გაძარცვაზე უარს არ იტყოდა, ამიტომ სწრაფად ჩამოვიდა თბილისში, საჭირო ხალხი ინახულა და იარაღის კარგა დიდი პარტიაც იშოვა - თბილისელ ანარქისტებს მალაკნების ბაზარში საიდუმლო საწყობი ჰქონდათ, სადაც 1905-1907 წლების რევოლუციიდან შერჩენილ იარაღსა და ტყვია-წამალს ინახავდნენ. აშორდია ანარქისტებს დაჰპირდა, რომ საფასურს ორიოდ კვირაში გაუსტუმრებდა და საწყობიდან თითქმის მთელი მარაგი გამოზიდა.
საინტერესოა, რომ იარაღი და ტყვია-წამალი ხანქალაში ისე ჩავიდა, არც პოლიციას, არც ჟანდარმერიას არაფერი უეჭვია. საქმე კი ის იყო, რომ სოლომონ აშორდიამ კარგად გათვალა ყველაფერი - მან საიდუმლო ტვირთის გადასატანად თბილისელ მეკუბოვეებს ათამდე კუბო შეუკვეთა. მერე კი იარაღი და ტყვია-წამალი შიგ ჩააწყო, თან სამი მოზრდილი ფორანი დაიქირავა და ყველაფერი უპრობლემოდ გადაზიდა ჩრდილო კავკასიაში. ქალაქ ვლადიკავკაზის (იმხანად ის იყო ჩრდილო კავკასიის უდიდესი დასახლებული პუნქტი) შესასვლელთან, კაზაკებმა პირველივე ფორანი გააჩერეს და მეფორნეს საბუთები მოსთხოვეს. "თავრიზიდან მოვდივართ, რუს ჯარისკაცებს მოვასვენებთ!" - ასე უთხრა კაზაკებს მეფორნემ და შესაბამისი საბუთებიც გადასცა, რომელთა სიყალბესაც ვერავინ შეამჩნევდა. საბოლოოდ, ტვირთი ხანქალამდე უვნებლად ჩავიდა და ზელიმხანსაც ძალიან გაუხარდა. ბანკის "გატანა" ახლა სულ ადვილი საქმე იყო, თუმცაღა აშორდიამ ჩეჩენ აბრაგს სთხოვა, ორიოდე დღეც მოეცადა: "მე თქვენ კაზაკთა ფორმებს გიშოვით", - უთხრა მოკლედ და ზელიმხანიც უცებ მიხვდა ყველაფერს.

ერთი სიტყვით, სოლომონ აშორდიამ ბრწყინვალე მანიპულაციების წყალობით, კაზაკების ფორმებიც უცებ იშოვა - შესაბამისი მოწმობით ხელში, ის იმ თერძს ესტუმრა, რომელიც გროზნოს კაზაკთა პოლკს ემსახურებოდა და "შეახსენა": ადრე ოციოდე კაზაკური ჩოხა-ახალუხი შეგიკვეთეთ და აქამდე მოსვლა ვეღარ შევძელიო. თერძს მართლაც ჰქონდა გამზადებული ამდენივე ჩოხა და არაფერიც არ უეჭვია, ისე გადასცა ისინი "კაზაკთა პოლკის მთავარ მომმარაგებელს". ამდენად, წვრილმანი პრობლემები სოლომონ აშორდიამ მალე მოაგვარა და უშუალოდ ჩეჩენთა მოქმედების დროც დადგა.
1910 წლის აგვისტოს ერთ მზიან დღეს, ყიზლარის ბანკის შენობას კაზაკების ოცეული მიადგა. ბანკის მუშაკებს მათი გამოჩენა არ გაჰკვირვებიათ, რამდენადაც გუშაგთა შეცვლის დრო იყო. იმ კაზაკებმა, რომლებიც დღის პირველ ნახევარში მეთვალყურეობდნენ ბანკს, "მოძმეთა" დანახვაზე შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ უეცრად, ჯერ ერთი გასროლა გაისმა, შემდეგ მეორე და კაზაკებად გადაცმული ზელიმხანი და მისი რაზმელები რამდენიმე წუთში შეიჭრნენ იმ ოთახში, სადაც სეიფები იდგა. მანამდე კი სიცოცხლეს ათიოდე კაზაკი და რამდენიმე ჟანდარმი გამოასალმეს. სწორედ ამ დროს, ბანკის შენობას შავი ფორანიც მოადგა. ზელიმხანის რაზმელებმა უზარმაზარი სეიფი ციმციმ გარეთ გამოიტანეს, იმ ფორანზე დაუდეს და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდნენ. თავად ზელიმხანმა ზედ ბანკის შენობის წინ ცხენი მედიდურად შეათამაშა, მერე ერთი დაიჭყივლა და ფორანს კვალში ჩაუდგა.
GzaPressსანამ ზელიმხანი ბანკს ძარცვავდა, ყიზლარის ჟანდარმერიის განყოფილების უფროსი კმაყოფილი სახით, თავის კაბინეტში მაგიდას უჯდა და იმ დღის ფოსტას ამოწმებდა. ერთ-ერთი კონვერტი რომ გახსნა და შიგ ჩადებული წერილი წაიკითხა, ისეთი ისტერიკული სიცილი აუვარდა, რომ გვერდითა ოთახიდან მდივანი შემოვარდა: "რა დაგემართათ, ივან ივანიჩ?" - შეჰყვირა მან. სიცილისგან დაოსებულმა უფროსმა წერილი გაუწოდა. მდივანმა უცებ გადაავლო თვალი ოკრობოკროდ ნაწერს და თავადაც ვერ შეიკავა სიცილი - "დღეს ყიზლარის ბანკს გავძარცვავ და მთლიანად წავიღებ იმ ფულს, რაც იქ არის. თუკი ვაჟკაცები ხართ, ხელი შემიშალეთ. თქვენი უპირველესი მტერი - ზელიმხანი", - ეწერა წერილში.
ყიზლარის ჟანდარმერიის განყოფილების უფროსსა და მის მდივანს სიცილი ქუჩიდან შემომავალმა ხმაურმა შეაწყვეტინა. ჟანდარმერიის შენობასთან გადარჩენილი სამიოდე კაზაკი მოსულიყო და განყოფილების უფროსთან შესვლას ცდილობდა; თანაც ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: "ძარცვაა, ძარცვა! თქვენო უმაღლესობავ, ბანკი ზელიმხანმა გაძარცვა!" ერთი სიტყვით, როცა ჟანდარმების რაზმი ბანკთან მივიდა, ცხადია, მთელი ფული წაღებული იყო; ბანკის თანამშრომლები - დაჭრილები ან დახოცილები; დაცვა - გაფანტული დახვდა.
ნაძარცვი ფული ზელიმხანმა და მისმა რაზმმა უვნებლად ჩაიტანეს ხანქალაში, სადაც მათ სოლომონ აშორდია ელოდა. ჩეჩენი აბრაგი სიტყვის კაცი იყო და რაღა თქმა უნდა, უყოყმანოდ გადაუთვალა ქართველს ორას ორმოცდაათი ათასი მანეთი ოქროთი: "აღფრთოვანებული ვარ შენი ჭკუითა და მოხერხებით... იმედი მაქვს, რომ ერთად კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ!" - უთხრა მან აშორდიას. "რა თქმა უნდა მაგრამ ჯერ ეს ფული უნდა, დავხარჯოთ, ჩემო ზელიმხან!" - უპასუხა ქართველმა. სოლომონ აშორდია იმ ღამით აბრაგებთან დარჩა, მეორე დღეს, დილით კი ყველას გამოემშვიდობა და პირდაპირ მოსკოვისკენ გაეშურა. მოსკოვი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რუსეთის დედაქალაქი, მაგრამ "ძლიერთა იმა ქვეყნისათა" სანქტ-პეტერბურგს მაინც ის ერჩივნათ. სწორედ იქ - მალაია ვოზნესენსკაიას ქუჩაზე აშორდიამ კარგა მოზრდილი სახლი იყიდა და უფრო მასშტაბური მაქინაციებისთვის იწყო მზადება.

რაც შეეხება ზელიმხანს, მასზე ძებნა გამოაცხადეს და იძულებული გახდა, გროზნოდან ინგუშეთში - მდინარე ასას ხეობის ზემოწელში გადასულიყო. რაზმი უკვე კბილებამდე შეიარაღებული ჰყავდა - თოფების გარდა, ტყვიამფრქვევებიც კი ჰქონდათ. ნაძარცვი ფულის ნაწილი, რომლის დახარჯვაც ზელიმხანმა ვერ მოასწრო, მელხისტელ ალცბექ ქარსამაულს ჰქონდა მიბარებული, თუმცა ჟანდარმერიამ და "ოხრანკამ" ეს არ იცოდნენ. მათ მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ზელიმხანის სახელი "საუკუნის ძარცვაში" ფიგურირებდა - ყიზლარის ბანკი ისე სუფთად იყო "გატანილი", რომ გამომძიებლები გიჟებს ჰგავდნენ. ზელიმხანის თავი მილიონად შეაფასეს და მას კვალში წარმოშობით ქართველი პოლკოვნიკი, გიორგი ანდრონიკაშვილი ანუ ანდრონიკოვი (ცნობილი ქართველი კინომსახიობის - ნატო ვაჩნაძის მამა) ჩაუდგა. პოლკოვნიკმა ანდრონიკოვმა კაზაკთა მრავალრიცხოვანი რაზმით სამჯერ ააოხრა ასას ხეობა, სანამ ზელიმხანმა მოიხელთა და სიცოცხლეს გამოასალმა.
სოლომონ აშორდია კი ამ დროს თავის მოსკოვურ სასახლეში განცხრომით ცხოვრობდა და რუსეთის საიმპერატორო ბანკის "გასატანად" გეგმებს აწყობდა.

მიხეილ ლაბაძე
"გზა", 2012 წელი
ბეჭდვა