"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა
font-large font-small
 "დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა
როგორ დაითანხმეს გრაფი სეგედის როლის შემსრულებელი ფილმში მონაწილეობაზე

"თენგიზი ძალიან ძუნწი ხერხებით აღწევს დიდ შედეგს. ეს არის სწორედ ოსტატობა..."

ხშირად ხდება - წაკითხული წიგნის ეკრანიზაციას ნახავ და იმედგაცრუება გეუფლება. "დათა თუთაშხია" კი ფილმი-შედევრია, რომელიც ლიტერატურული შედევრიდან შეიქმნა, ამდე-ნად, იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა პირველწყაროც და ფილმიც ადამიანზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. საბჭოთა დროს მსგავსი ფილმის შექმნა რისკთან იყო დაკავშირებული - შეიძლებოდა, ცენზურის მსხვერპლი გამხდარიყო. საბედნიეროდ, რეჟისორების მოხერხებულობამ და ზოგიერთმა სხვა ფაქტორმა ფილმს ეკრანისკენ გზა გაუხსნა. როგორ იქმნებოდა "დათა თუთაშხია" და რა უსწრებდა წინ მის გადაღებას, ამის შესახებ "დათა თუ-თაშხიას" დამდგმელი რეჟისორი (გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), ბატონი გიზო გაბისკირია მოგვითხრობს.

GzaPress- ბატონო გიზო, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" 1973 წელს წიგნად გამოიცა, 1975 წელს კი მის კინოვერსიაზე მუშაობა დაიწყეთ. მიამბეთ იმ ფიქრებზე, რომელიც ფილმს წინ უძღოდა.
- "დათა თუთაშხიას" ბეჭდვა 1971-72 წლებში ჟურნალმა "ცისკარმა" დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი (ვსწავლობდი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე) და ბუნებრივია, არც ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა, არ ვაცდენდი. რომანის შეძენა მოსკოვში, გალაკტიონის საღამოზე მოვახერხე. მახსოვს, ორი წიგნი ვიყიდე - ჭა-ბუას "დათა თუთაშხია" და ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". ამ წიგნების ორივე ავტორს ვიცნობდი და უაღრესად დიდ პატივს ვცემდი. დამათენდა ის ღამე "დათა თუთაშხიას" კითხვაში და ვხედავ, წიგნი ხელში მელევა. გადავკეცე და გადავდე - შევინახე, გავიხანგრძლივე კითხვის პროცესი. იმის ილუზია არ გამჩენია, რომ ამის გადაღების უფლებას ვინმე მომცემდა. ძალიან გასაკვირი იქნე-ბოდა ჩვენს იერარქიაში, რომ სადიპლომო ნაშრომის შემდეგ, რეჟისორისთვის ამხელა ფილმი მიეცათ გადასაღებად. გავიდა ხანი. ისევ მოსკოვში ვიყავი და რეზო ჩხეიძემ დამირეკა (ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ჰქონია ნანახი და დაინტერესდა ჩემი ბედით). - რას აკეთებო? - მკითხა. - "მოსფილმში" ფილმის გადაღებას ვაპირებ-მეთქი, - ვუპასუხე. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორმა, რომელიც რეზო ჩხეიძის დანიშვნამდე მუშაობდა იქ, არ მომცა სა-შუალება საქართველოში მემუშავა. რეზომ მითხრა, - მანდ ნუ ზიხარ, ჩამოდი და აქ ფილმი გადაიღეო. რაღაც პერიოდის შემდეგ მოსკოვში ჭაბუა ამირეჯიბი ჩამოვიდა და როგორც ყოველთვის, დამი-რეკა; მითხრა, - აქ ჩემს დასთან, როდამთან გავჩერდიო. იმ საღამოს, ახალაშენებულ სასტუმრო "რო-სიის" რესტორანში დავსხედით. ულამაზესი და-ძმა! როდამის იტალიელი მეუღლეც იქ იყო - დიდი ფიზიკოსი, ბრუნო პონტეკორვო. ბუნებრივია, ცოტა დავლიეთ კიდეც და ჭაბუამ მკითხა: - იცი, რომ "დათას" გადაღებები იწყებაო? არაფერი ვიცოდი. ჭაბუამ გააგრძელა: - და რამე რომ იყოს, გადაი-ღებდიო? - ისე ვარ მოჯადოებული, რომ ალბათ გადავდგამდი ამ საბედისწერო ნაბიჯს-მეთქი, - ჩავიცინე. - აბა, თუ ვინმე გადაიღებს ამ ფილმს, მათ შორის შენც იქნებიო, - მითხრა, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე ჭაბუას სიტყვები და ეს ცოტათი, ღვინოსაც მივაწერე... არადა, რაც თქვა, მერე ყველა-ფერი შეასრულა. გიგას ზარმა კი, თბილისიდან, ყველაფერი საბოლოოდ გადაწყვიტა, - მან თავისთან ერთად მუშაობა შემომთავაზა.

- ამან საფიქრალი გაგიჩინათ?
- რა თქმა უნდა! ასეთი ნაწარმოების ეკრანიზაცია დიდი პასუხისმგებლობაა რეჟისორისთვის. როგორია ასეთი გენიალური ნაწარმოების გაფუჭება?! ამ პერიოდში კინოსტუდიის რედაქტორად გია ბადრიძე, ცნობილი მომღერლის, დავით ბადრიძის ვაჟიშვილი მუშაობდა. სწორედ მას გაუჩნდა "დათა თუთაშხიას" ეკრანიზაციის იდეა და რეზო ჩხეიძეს გაანდო. თავიდან 24 სერიის გადაღება უნდოდათ, მაგრამ მოსკოვმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკება, სცენარის ჩატანა-ჩამოტანა, ხელახალი წაკითხვა, სამხატვრო საბ-ჭოზე გატანა... რუსები ჯიუტად ითხოვდნენ 3-4 სერიას. ძალიან დაზარალდებოდა ტექსტი... ბოლოს, 7 სერიაზე შეჩერდნენ და ჭაბუაც დათანხმდა. როდესაც ჩვენ ჩავერთეთ პროცესში, უკვე გადაწყვეტილი იყო 7 სერიის გადაღება.

GzaPress- სცენარზე თავად ბატონმა ჭაბუამ იმუშავა?
- დიახ, სცენარი თავად გააკეთა ჭაბუამ; კონსულტაციას ბრწყინვალე პოეტი და მწერალი, ანზორ სალუქვაძე უწევდა. ჭაბუა არ იყო კინოში ახალი მოსული, ის რედაქტორადაც მუშაობდა და დოკუმენტური სტუდიის დირექტორიც იყო, მაგრამ როდესაც ადამიანს ყველა სტრიქონზე აქვს ნაფიქრი, მის-თვის ძალიან ძნელია, რამეს შეელიოს. ისეთი ადამიანი სჭირდებოდა გვერდით, რომელსაც ენდობოდა... სხვათა შორის, გადაღებების დაწყებიდან რაღაც მომენტში, ჭაბუამაც დაიჯერა, რომ ფილმი გამოგვდიოდა და მახსოვს, ეს კმაყოფილება დათასა და მუშნის სადგურში შეხვედრის სცენის გადაღების შემდეგ გამოხატა.

- ფილმის რუსულმა სახელწოდებამ საგონებელში ჩამაგდო. რატომ შეცვალეთ რუსულ ვარი-ანტში ქართული ფილმის სათაური?
- ეს რუსების მოთხოვნა იყო. "დათა" რუსულად "დატად" გამოითქმის, რაც თარგმანში "თარიღს" ნიშნავს. რუსებს ქართული სათაური დააბნევდა. ვიფიქრეთ ჩვენ ამ საკითხზე. ნაწარმოების იდეა ასეთია: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან - მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან - ჩაურევლობას, ხან - ჩარევას, ხანაც - მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დავარქვით ფილმს "ნაპირები".

- ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პერსონაჟების შერჩევის პროცესი. ვინ გადაწყვიტა, რომ მთავარი როლი ოთარ მეღვინეთუხუცესს ეთამაშა?
- ასეთი ფრაზა არსებობს: "თუ არ გყავს ჰამლეტი, "ჰამლეტი" არ უნდა დადგა". ბედს მივაწერ იმასაც, რომ იმ პერიოდში ამდენი დიდი მსახიობი გვყავდა. სამი მთავარი პერსონაჟიდან (დათა, მუშნი და გრაფი სეგედი), ორზე არც კი გვიმსჯელია, პირდაპირ გადავწყვიტეთ, ოთარ მეღვინეთუხუცესი და თენგიზ არჩვაძე აგვეყვანა. აბა, მითხარით, განა იყვნენ სხვა მსახიობები, რომლებიც ამ როლებს შეასრულებდნენ? სინჯებიც კი არ გვქონია. ოთარი მხოლოდ და მხოლოდ გრიმსა და კოსტიუმში გავსინჯეთ. რაღაც სცენაც გადავიღეთ და ესეც, სამხატვრო საბჭოზე სურათის პროექტის დაცვა რომ იყო საჭირო, ამისათვის.

- თავად როგორი რეაქცია ჰქონდა ბატონ ოთარს, როდესაც გაიგო, რომ ამ როლს შეასრულებდა?
- ოთარმა თავიდანვე იცოდა, რომ ის იქნებოდა დათა. ერთ-ერთი თანაავტორია ამ ფილმისა. იმ პერიოდში, თეატრშიც და კინოშიც ყველა სხვა როლზე უარი თქვა დათას როლის გამო. მხოლოდ ფიროსმანი ითამაშა რამდენჯერმე. უამრავ როლს სთავაზობდნენ, 4 წელიწადი მთელი ცხოვრებაა მსახიო-ბისთვის. როდესაც ფილმს ვამთავრებდით, მხოლოდ მაშინ გვითხრა, - თენგიზ აბულაძემ შემომთავაზა როლი და იქ რომ არ წავიდე, არ შეიძლებაო. ელიოზის როლი იყო "ნატვრის ხეში". ოთარი მოაზროვნე კაცია, ფიქრი უყვარს. რეჟისორები ამას ვიყენებდით - ხშირად გადავდიოდით მსხვილ ხედზე, როდესაც მისი პერსონაჟი ფიქრობდა, რაღაცას განიცდიდა, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო... ფილმს რეპეტიციების გარეშე ვიღებდით. მიზანსცენას კი ვალაგებდით, ფიზიკურ მოქმედებებს ოპერა-ტორთან, მხატვართან ერთად გავდიოდით, მაგრამ არ დაგვჭირვებია მსახიობებთან ტექსტზე მუშაობა, რადგან ოთარიც, თენგიზიც, სხვებიც დიდი მსახიობები არიან, ნაწარმოები კი - იმდენის მომცემია, რომ ახსნაც აღარ იყო საჭირო, საკუთარი გმირი რომ შეესისხლხორცებინათ. ამან გასაოცარი სიმართლე შექმნა ეკრანზე.

- პირველი კადრები მინდა გაიხსენოთ: საოცარი ბუნება, მეჯოგე დათა, ნავით მოსული სტუმარი ანუ წამი, რომელმაც მერე მთელი მისი ცხოვრება შეცვალა...

- ეს კადრები აფხაზეთში გადავიღეთ. სასტუმრო "გუდაუთაში" ვცხოვრობდით, ნაწილი სოფელ გა-მარჯვებაში დაბინავდა. შემთხვევით ვნახეთ ის ნაციხარიც. ამ ადგილას ყველაფერი იყო, ბუნებრივი "დეკორაცია" იყო - საოცარი, გაკრიალებული ზღვა და დიდებული ბუნება. შემთხვევით დავესწარით ყველის ამოყვანასაც, რომელიც მერე ფილმის პირველი კადრი აღმოჩნდა: თითქოს იყო იმ სისუფთავე-ში რაღაც სიმბოლური.

- მუშნიზეც მიამბეთ.
- თენგიზ არჩვაძე ინტელექტუალი მსახიობია. ეს თაობა ასეთია. თენგიზი ძალიან ძუნწი ხერხებით აღწევს დიდ შედეგს. ეს არის სწორედ ოსტატობა.

GzaPress- დანარჩენი მსახიობები როგორ შეარჩიეთ?
- როლების ჩამონათვალს მივყევით და მსახიობების გვარები მივაწერეთ. ყველა მსახიობმა იმედი გაამართლა. ერთადერთი, გრაფი სეგედის როლის შემსრულებლის პრობლემა გვქონდა. ჭაბუა წერს, რომ სეგედი 300 წლის წინ ჩამოსული, უნგრელი გრაფის შთამომავალია. ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ეთნიკურად განსხვავებული ადამიანი უნდა მოგვეძებნა, ამიტომ სხვა ეროვნების მსახიობებზე დავიწ-ყეთ ფიქრი. იმ მსახიობების მცირე სიაც შევადგინეთ, ვინც შეიძლებოდა, მოგვეწვია ამ როლზე. ამ შემთხვევაშიც ბედმა და შემთხვევამ ითამაშა დიდი როლი. მე რუსეთში წავედი სეგედის მოსაძებნად. ლიტვაშიც ვიყავი, მსახიობ ნორეიკასთან, მაგრამ მან უარი თქვა, მოუცლელობის გამო. მოსკოვშიც ვერავინ ვნახე... მოკლედ, განსაცდელში ვიყავით - არ გვყავდა მსახიობი ძალიან მნიშვნელოვან როლზე, დრო კი მიდიოდა. მოსკოვში მაშინ მიხეილ კალატოზიშვილის სახლში მისი ვაჟი, ჩვენი მეგობარი, ცნობილი კინორეჟისორი და ოპერატორი, ტიტო კალატოზიშვილი, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ამ სახლში ხშირად დავდიოდი და ბევრი გამოჩენილი პიროვნება გამიცნია. იმ დღეს სრულიად იმედგა-დაწურული მივედი ტიტოსთან. იქ დამხვდა ანდრეი ტარკოვსკი, რომელიც ტიტოსთან მეგობრობდა და მეც ახლოს ვიცნობდი. ვუამბე ჩემი გასაჭირის შესახებ. - რატომ არ გინდათ, როლზე იარვეტი მოიწ-ვიოთო? - მკითხა. - როგორ არ გვინდა, მაგრამ მეფე ლირის შემდეგ ძნელი მისაწვდომი იქნება-მეთქი. ტარკოვსკიმ წერილი დამიწერა და მსახიობთან გამატანა. იმავე ღამეს მოსკოვი-ტალინის მატა-რებელში ვიჯექი, ჩანთაში კი კონვერტი მედო... ზღვის პირას, ულამაზეს პატარა კოტეჯს მივადექი. კა-რი გამიღეს და მშვენიერ, ფერადი ფილებით მორთულ ბუხრიან ოთახში შემიყვანეს. იარვეტი მალევე შემოვიდა. საოცრად ექსცენტრიკული კაცი, რომელიც საშინლად ლაპარაკობდა რუსულად. ვუთხარი, რისთვისაც ვიყავი მისული. უარის მიზეზი ამიხსნა: მსახიობი, თან თეატრის მთავარი რეჟისორი და დირექტორი ვარო... გიგას თეატრალური ავტორიტეტი მოვიშველიე... მან ისევ მოუცლელობა მოიმიზე-ზა. თან კონიაკი, ყავა შემომთავაზა, მაგრამ რა გადამივიდოდა ყელში?! ბევრი იფიქრა, მაგრამ ბოლოს მაინც უარი მითხრა... არადა, ვუყურებდი და ვფიქრობდი: ეს ხელები, ეს თმა, ეს თვალები... გრაფი სეგედისაა! ტანით სხვაა, პატარა, მაგრამ სახე ის არის, რა! ლომია! როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ უარით მისტუმრებდა, წერილი მივაწოდე. დღემდე არ ვიცი, რა ეწერა იმ წერილში... "ჰოო, აქ წერია, რომ თქვენ გენიალური რეჟისორი ხართ. მე ანდრეის დიდ პატივს ვცემ..." უცებ შეიცვალა სურათი: სცენარი დამიტოვეთო, მთხოვა. ამოვიღე სცენარი - ოთხი სქელი რვეული და დავალაგე ერთმანეთზე. - არა, ერთი ეგზემპლარი დამიტოვეთო, - მითხრა. - ეს ერთი ეგზემპლარია, პირველი ოთხი სერია... ამას კიდევ სამი მოჰყვება, - მშვიდად ვუთხარი და უცბად შეხტა: - გაგიჟდით? მე ხომ ყველაფერს გაგიფუჭებთ! - მთლიანად თქვენს გრაფიკზე ავეწყობით-მეთქი, - დავპირდი... მიხვდა, რომ ღირსეულად ვეპატიჟებოდით, ისე, როგორც იმსახურებდა დიდი არტისტი. - კარგი, დამიტოვეთ და ხუთშაბათს დამირეკეთო, - მითხრა ბოლო სიტყვა. იმავე ღამით მოსკოვში დავბრუნდი და გიგას დავურეკე. 4 დღე ვიცადე და იარვეტისგან თანხმობა მივიღე.

- ენის ბარიერი როგორ დაძლიეთ?
- უნდა გენახათ, რა ხდებოდა გადაღებებზე: ერთ სცენაში იარვეტი ესტონურად ლაპარაკობდა, თენგიზი - ქართულად, ხოლო კაპიტანი როგოვი - რუსულად... გიგას ვეუბნები ერთხელ, - ახლა ვიღაცა რომ შემოვიდეს, საგიჟეთი არ ეგონება-მეთქი?.. სიტყვაზე თანხმდებოდნენ: როდესაც მას საჭირო რეაქცია უნდა ჰქონოდა, პარტნიორს ის შეთანხმებული სიტყვა უნდა წარმოეთქვა. დიდი მსახიობი იყო. არც ჩვენებმა დააკლეს...

- ბატონი ჭაბუა გადაღებებს ესწრებოდა?
- ამდენს რას დაესწრებოდა, რაც ჩვენ ვიბორიალეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხშირად მოდიოდა.

- ფილმში ყველა თაობის მსახიობები არიან...
- მერე და მერე, გადაღებები რომ გახურდა, ყველა დაგვჭირდა... სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოთ-ვლი, მადლობა კი ყველას ეკუთვნის. გადაღებების პროცესში მსახიობებს ეპიზოდების მიხედვით ვამა-ტებდით. ადგილების ანუ ნატურის შერჩევასაც დიდი ენერგია შევალიეთ, მთელი საქართველო მოვიარეთ.

- ის საოცარი ჩანჩქერი სად ნახეთ?
- აფხაზეთში, რიწის გზაზე, ხელმარცხნივ. მახსოვს, პირველად რომ დავინახე, გავოგნდი. უზარმაზარი კლდე, რომელიც შუაზეა გახლეჩილი, ნაპობიდან კი წყალი გრგვინვით მოდის და ქვემოთ, სამ-სართულიანი სახლის სიმაღლის თოვლში ვარდება. ფილმის ფინალი კი ყირიმში გადავიღეთ. ჩვენთან არსად არის ზღვაში შეჭრილი კლდე...

- ყველა ფილმში დიდი როლი მუსიკასა და მხატვრობას, ოპერატორის ხელოვნებას უკავია...
- იმთავითვე იყო გადაწყვეტილი, რომ ფილმზე ბიძინა კვერნაძე და ჯანო კახიძე იმუშავებდნენ. ბიძინას მუსიკა აზროვნებაში ეხმარება ადამიანს. ჯანო იმიტომ დაგვჭირდა, რომ საქართველოს ყველა კუთხის ჰანგი გაგვეთვალისწინებინა. ნანი ბრეგვაძის შესრულებული სიმღერაც ძალიან კარგად ჩაჯდა...

- და ფილმის საუნდტრეკად იქცა.
- დიახ, გალაკტიონის ლექსზე დაწერილი მუსიკა, რომელიც მართალია, სხვა მიზნით შეიქმნა, მაგრამ არსად აჟღერებულა... მოკლედ, მუსიკაზე კლასიკოსები მუშაობდნენ. "დათა თუთაშხიას" მხატვარი, კახი ხუციშვილიც ქართული კინემატოგრაფის კლასიკოსია. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა გეჩვენება, რომ შეიძლება გაგიჟდე, რადგან იმდენ ხანს მუშაობენ მხატვარი და ოპერატორი, იმდენ რაღაცას ამა-ტებენ კადრს, იმდენი დრო მიაქვს ამ ყველაფერს, გგონია, მსახიობი დაიღალა - ვეღარ გაუძლებს... ფილმის ოპერატორი, ლევან ნამგალაშვილიც ნამდვილი პროფესიონალი იყო. ის შესანიშნავად იღებდა პორტრეტებს. მის ნამუშევარში არასდროს ჩანდა "ნაკერები".

- ცენზურას როგორ გადაურჩით?
- გეგმით, ფილმის ოთხი სერია გვქონდა ჩასაბარებელი. 1977 წელს უკვე მზად გვქონდა და დამტკიცება იყო საჭირო. ამ პერიოდში დისიდენტური მოძრაობის აფეთქება იყო საბჭოთა კავშირში. დათა კი კითხვას სვამს - როგორ ვიცხოვროთო?! ფილმში სეთურის ეპიზოდი გვაქვს, კომუნიზმის პატარა მოდელით, იქ კი, რეალურ ცხოვრებაში, სამხატვრო საბჭო და სტელა ივანოვნა ჟდანოვა გვყავს, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს, რომ ფილმში ეს ეპიზოდი არ შევიდეს! ამ ეპიზოდის გადაღების დროს ჩვენმა უხუცესმა რედაქტორმა, საშა მახარაძემ თქვა: - თუ ამ ეპიზოდს დატოვებენ, ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლება აღარ არსებობსო... თვალწინ მიდგას: პატარა დარბაზში ვისხედით, სულ უკანა რიგში, სამნი - ჭაბუა, გიგა და მე. წინ - მაგიდა, სავარძელი, საფერფლე, ფურცლები, ფანქარი, ჩამქრალი ნათურა გვაქვს და ჟდანოვას სილუეტი, რომელიც ამერიკულ სიგარეტს ეწევა. ფეხს ხან აქეთ გადადებს, ხან - იქით... მერე უეცრად ამოძრავდა და აყვირდა, - ეს ეპიზოდი არ იქნებაო! ჩვენ რაღაცას ვუხსნით, ვცდილობთ, დავიყოლიოთ... ბოლოს ჟდანოვამ გადაჭრით თქვა, - ბავშვების სცენა ნამდვილად არ იქნებაო! რა გვექნა, შეველიეთ იმ პატარა სცენას, მაგრამ მთავარი მაინც შევინარჩუნეთ.

- ბატონო გიზო, "დათამ" რა უქნა თქვენს ცხოვრებას?
- "დათა თუთაშხიამ" ჩემი მშობლების შემდეგ, მეორე გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში... მადლობა უნდა ვუთხრა ბედს, რომ ამ ნაწარმოებზე ვიმუშავე... მაშინ თითქოს რაღაც დიდი დამთავრდა. მთელი ეს ამხელა პერიოდი ამ დიდ რეჟისორებს არც ერთი ფილმი არ გადაუღიათ... მე თვითონ ფრანგებთან ერთად ჰიუგოს ეკრანიზაციაზე ვიმუშავე "პატესინემაში", მაგრამ ეს არ იყო ამირეჯიბი ან ვაჟა-ფშაველა, ეს მათი ფილმი იყო - "ჰიუგო". აქ დაბრუნებულს კი 1988 წელს, აღარაფერი დამხვდა. აქ ყველაფერი დამთავრდა. თან... მე "დათა თუთაშხიაზე" ვიმუშავე, მას შემდეგ ძნელი იყო საყურადღებო, მნიშვნელოვანი მასალის პოვნა ახალი ფილმისთვის.

დეა ცუცქირიძე
"გზა", 2013 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
04.05.2016
ცხოვრებაში პირიქით არის,მუშნი ზარანდია დათა თუთაშხიაა და დათა თუთაშხია მუშნი ზარანდია იყო.
ქართველი
25.04.2015
მართლა შეუდარებელი განძი გვაქვს ქართველებს, წიგნი და ფილმი საოცარი ტანდემია ნიჭიერებისა! მახსოვს, ,,დათა თუთაშხიას'' გამოჩენა კინო-თეატრებში, ხალხი მონუსხული იჯდა კინოს ყურებისას და გულში ყველას ჩვენი ქართველობა გვეამაყებოდა! თითოეული სერიის დამთავრებისას ტაშს ვუკრავდით და ამით ფილმის წარმატებას ვზეიმობდით! მაშინ უცხო ადამიანებსაც ერთმანეთი გვიყვარდა, მენატრება ის დრო..
ლელა დ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი