"ოქროს ქვიშის საქმე" და გაუჩინარებული ნახევარი მილიონი
font-large font-small
"ოქროს ქვიშის საქმე" და გაუჩინარებული ნახევარი მილიონი
70-იანი წლების თბილისში, სწორედ "ცეხავიკების" გამო ერთმანეთს კრიმინალთა ორი ჯგუფი დაუპირისპირდა

გასული საუკუნის 70-იან წლებში, მაშინდელ საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში საარაკო სიმშვიდე და დანარჩენი რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, მეტი თავისუფლებაც სუფევდა...
თუმცაღა, ეს ყველაფერი იმის გამო იყო, რომ არნახულად ყვაოდა კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა. ამიტომაც, წესრიგის დარღვევა აღარავის აძლევდა ხელს - ყველა იცავდა თამაშის დადგენილ წესებს და ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო.

კორუფციის აღმავლობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში დიდძალი ქონების დაგროვებას შეუწყო ხელი. ასე წარმოიშვა არალეგალურ საქმოსანთა ანუ ე.წ. "ცეხავიკთა" ფენა. "ცეხავიკებს" სახელმწიფო საწარმოებში მაღალი თანამდებობები ეკავათ და პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს არალეგალურად ასაღებდნენ, აღებულ ფულს კი თავადაც იდებდნენ ჯიბეში და უფროსებსაც უნაწილებდნენ. თუ ვინმეზე იტყოდნენ - გაყოფა კარგად იცისო, იგულისხმებოდა, რომ ქრთამის მიცემაზე არასოდეს ამბობდა უარს.
ბუნებრივია, "ცეხავიკებს" ურთიერთობა ჰქონდათ დამნაშავეთა სამყაროსთანაც - სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან ჩრდილოვან ეკონომიკას მფარველობა უნდოდა და საბჭოთა კრიმინალები კარგად სარგებლობდნენ ამით: ყოველ "ცეხავიკს" თავისი მფარველი ანუ "კრიშა" ჰყავდა, ვინც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და თვით ძალოვნებთანაც კი უგვარებდა საქმეს. ერთიც უნდა ითქვას - სწორედ "ცეხავიკები" და მათთან დაკავშირებული პრობლემები ხდებოდა ხოლმე კრიმინალთა დაპირისპირების მიზეზიც.

70-იანი წლების თბილისში, სწორედ "ცეხავიკების" გამოისობით დაუპირისპირდა ერთმანეთს კრიმინალთა ორი ჯგუფი. ორივეს ცნობილი ავტორიტეტები მეთაურობდნენ და თითოეული დიდი გავლენითაც გამოირჩეოდა საბჭოთა კრიმინალურ სამყაროში. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ მათ დაპირისპირებაში აქტიურად იყო ჩართული მილიციაც - ძალოვნები ხან ერთ ჯგუფს უჭერდნენ მხარს, ხანაც მეორეს და ამით თავის საქმეს აკეთებდნენ: კრიმინალებს ერთიმეორეს ანადგურებინებდნენ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თბილისის ერთ-ერთ განაპირა უბანში მდებარე სასაკლაოს დირექტორს, ვინმე ზარიძეს (გვარი შეცვლილია) კრიმინალმა, მეტსახელად "ლამაზომ" ფულის გამოძალვა დაუპირა. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზარიძე მეტად სარფიან საქმეს ეწეოდა და ბლომად ფულსაც შოულობდა. სასაკლაოს დირექტორს "ლამაზო" ორ ამფსონთან ერთად ეწვია და "მშვიდი ცხოვრების" სანაცვლოდ ფულის გადახდა მოსთხოვა, თუმცა ზარიძე ჯაბანი არ აღმოჩნდა და დაუპატიჟებელ სტუმარს კარისკენ მიუთითა. "ლამაზო" წავიდა, მაგრამ ურჩ დირექტორს დაემუქრა, რომ ამას იქით პრობლემები შეექმნებოდა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ზარიძის ავტომანქანა, რომელიც მისსავე ეზოში იდგა, უცნობებმა ჯერ გაძარცვეს, მერე კი ააფეთქეს. სასაკლაოს დირექტორს ამის თაობაზე მილიციაში არ განუცხადებია, თუმცა ძალოვნები, ბუნებრივია, მაინც დაინტერესდნენ ამ ყველაფრით, ზარიძეც დაჰკითხეს; მან განაცხადა, რომ მტრები არ ჰყავდა და ვერც იმას იტყოდა, ვინ აუფეთქა მანქანა. მილიციამ საქმის გამოძიება მაინც გააგრძელა, ხოლო ზარიძემ შურის საძიებლად თავის მფარველს - კანონიერ ქურდ "ჭაღარა ვანოს" მიმართა. ამ უკანასკნელმაც აღუთქვა, რომ "ლამაზოს" იპოვიდა და ყველაფერს ცხვირში ძმრად ამოადენდა. სასაკლაოს დირექტორმა საქმიანობა მშვიდად განაგრძო; მილიციამ მისი მანქანის ამფეთქებლის ვინაობა ვერ გაარკვია და საქმე დახურა. ასე და ამგვარად, თითქოს ყველაფერი მიჩუმათდა.

კარგა ხნის შემდეგ, კრიმინალური ავტორიტეტი "ჭაღარა ვანო" თავისსავე სახლში სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს. სასაკლაოს დირექტორ ზარიძეს კი ვიღაც უცნობმა ტელეფონით დაურეკა და დაემუქრა, რომ თუ მითითებულ ადგილას ნახევარ მილიონ მანეთს არ მიიტანდა, ოჯახს ამოუწყვეტდნენ. ზარიძე შეშფოთდა, მილიციას კი მაინც არაფერი შეატყობინა, რადგან ჩავარდნის ეშინოდა. მან სცადა, კრიმინალების დახმარებით მოეგვარებინა საქმე და ყველაფერი "ჭაღარა ვანოს" ხალხს აცნობა. თან ისიც დაამატა, რომ ამ ყველაფრის უკან "ლამაზო" უნდა მდგარიყო. ქურდებმა ზარიძე დაამშვიდეს, თუმცა სახლში მისულს კინაღამ ინფარქტმა დაარტყა - მეუღლემ უთხრა, რომ მისი არყოფნის დროს, გამომძალველებს ისევ დაერეკათ და ქალსაც ყველაფერი მილიციისთვის ეცნობებინა.
ამგვარად, ზარიძეს ძალოვანებთანაც პრობლემები შეექმნა და ქურდებთანაც - ეს უკანასკნელნი, რა თქმა უნდა, დიდად გააღიზიანა იმან, რომ დირექტორის მეუღლემ ენაზე კბილის დაჭერა ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, კრიმინალებმა "ლამაზოს" ძებნა მაინც დაიწყეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ის ვორკუტის ერთ-ერთ ზონაში იხდიდა სასჯელს და მომხდართან არავითარი კავშირი თითქოს არ უნდა ჰქონოდა. "ლამაზომ" ქურდულ შეკრებაზე ადვილად გაიმართლა თავი, მილიციას კი განუცხადა - ზარიძეს კი ვემუქრებოდი, მაგრამ როცა მისი მანქანა ააფეთქეს, უკვე დაჭერილი ვიყავი და არ ვიცი, ეს ვინ ჩაიდინაო.

გამოძიება, რომელსაც გამოცდილი გამომძიებელი, ვინმე ბარჯაძე (გვარი აქაც შეცვლილია) წარმართავდა, ჩიხში შევიდა. ამავდროულად, გამომძალველმა ზარიძეს ანალოგიური მოთხოვნით, ისევ დაურეკა: "არც ქურდების მეშინია და არც მილიციის... ისიც ვიცი, რომ სოლიდურ თანხას მიწაში ჩაფლულს ინახავ. ნუ იძუნწებ - მომეცი ნახევარი მილიონი და მშვიდი ცხოვრება განაგრძე" - გაიგონა დირექტორმა ყურმილის მეორე მხრიდან. მის ტელეფონს ძალოვნები უკვე უსმენდნენ და მცირე ხანში, მთელი საუბრის ჩანაწერი ბარჯაძის ხელთ იყო. გამომძიებელმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ გამომძალველს აშკარად არაქართული, უცხო აქცენტი ჰქონდა, თუმცაღა ქართულად კი უშეცდომოდ საუბრობდა.
გამომძიებელმა ბარჯაძემ სასაკლაოს დირექტორს ურჩია, დაჰყოლოდა ბრძანებას და მითითებულ ადგილას მართლაც მიეტანა თანხა, რომელსაც მილიცია მიაწვდიდა: "ჩვენ საერთოდ არც კი გამოვჩნდებით, მაგრამ კუპიურები საგანგებოდ დამუშავებული იქნება და სწორედ მათი მეშვეობით მივაგნებთ გამომძალველს" - უთხრა ზარიძეს და დაამშვიდა კიდევაც - ყველაფერი კარგად იქნებაო. სასაკლაოს დირექტორი, რომელიც ძალზე შეშინებული იყო, უყოყმანოდ დათანხმდა, მაგრამ ყველაფერი ქურდებს აცნობა. რაღა თქმა უნდა, ამან დაგეგმილი ოპერაცია ჩაშალა: მილიციის აგენტებმა, რომლებიც ფულის გადაცემის ადგილს შეუმჩნევლად უთვალთვალებდნენ, სწორედ კრიმინალები მიიჩნიეს გამომძალველებად და ისინი მანამდე დააკავეს, სანამ ფულს აიღებდნენ. არადა, ეს ხალხიც სწორედ გამომძალველს უთვალთვალებდა, მაგრამ შესაბამისი წესები ვერ დაიცვეს და აგენტებმა იოლად შეამჩნიეს. თავის მხრივ კი, აგენტებიც კრიმინალებმა გამომძალველებად მიიჩნიეს და ცეცხლი გაუხსნეს. ხანმოკლე შეხლა-შემოხლის მერე მილიციამ ყველა კრიმინალი აიყვანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფული ვიღაცას წაეღო.

გამომძიებელმა ბარჯაძემ მიიჩნია, რომ აყვანილი კრიმინალები გამომძალველის ამფსონები იყვნენ და აქედან გამომდინარე, ვერ მიხვდა, რომ სინამდვილეში ოპერაცია ჩაეშალა. დაკავებულები კი აცხადებდნენ, ზარიძეს ჩვენთაგან არავინ დამუქრებია და მან თავადვე გვთხოვა, დავხმარებოდითო, მაგრამ გამოძიებას დასაწყისში ეს ჩვენება არ გაუზიარებია. გამომძიებელ ბარჯაძეს ეგონა, რომ ფული (რომელიც ქიმიურად იყო დამუშავებული) ჯგუფის სხვა წევრმა აიღო და მიიმალა. სწორედ ამ წევრის სახელის გათქმას სთხოვდა ახლა იგი დაკავებულებს, ისინი კი, ბუნებრივია, ვერც ვერაფერს ამბობდნენ.
მოკლედ, საქმე კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში, თუმცა გამომძიებელმა ბარჯაძემ ფარ-ხმალი მაინც არ დაყარა: იგი სასაკლაოს დირექტორ ზარიძის საქმიანობით ანუ როგორც დღეს იტყოდნენ - ბიზნესით დაინტერესდა და საიდუმლოდ შეაგროვა მის შესახებ ცნობები. ერთი შეხედვით, ზარიძე მნიშვნელოვანს არაფერს აკეთებდა - მას საქართველოში სომხეთის ლორეს რაიონიდან შემოჰყავდა პირუტყვი, აქ კლავდა და ხორცად ყიდდა. მიუხედავად ამისა, დირექტორი მდიდრულად ცხოვრობდა და სამი შინამოსამსახურე ჰყავდა; ერთი აგარაკი წყნეთში ჰქონდა, მეორე - გაგრაში და იმ დროის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, არაფერი აკლდა. ბუნებრივია, სასაკლაოზე მუშაობით, თუნდაც არალეგალურად, ზარიძე ამდენ ქონებას ვერ დააგროვებდა.

გამომძიებელმა ბარჯაძემ ივარაუდა, აქ რაღაც სხვა ამბავიაო და სასწრაფოდ ვორკუტაში გადაფრინდა, ზონაში მყოფ "ლამაზოს" დასაკითხად. პარალელურად კი, მისი აგენტები ქიმიურად დამუშავებული ფულის კუპიურების ბედის შეტყობასაც ცდილობდნენ. ბარჯაძე დარწმუნებული იყო, რომ როგორღაც მაინც, გამოძიებისთვის ფასეულ ცნობას მოიპოვებდა. ის არც შემცდარა - მართალია, "ლამაზომ" დასაწყისში ჩვენების მიცემაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მაგრამ მერე, როცა ხელკეტებიც იგემა და მრავალი სხვა, საბჭოთა ციხისთვის დამახასიათებელი საშუალებაც, უცებვე ალაპარაკდა და ბარჯაძეს უთხრა, რომ ზარიძეს ვინმე "საშა ნემეცკი" მტრობდა. შესაბამისად, "ჭაღარა ვანოს" მკვლელობაც ამ უკანასკნელის შეკვეთილი იყო.
გამომძიებელ ბარჯაძეს მეტსახელი "საშა ნემეცკი" არაფერს ეუბნებოდა. რა თქმა უნდა, თბილისში დაბრუნებისთანავე, მან საკავშირო პროკურატურაში ამ პიროვნების ნამდვილი ვინაობის დადგენის მოთხოვნით, საგანგებო წერილიც გაგზავნა, თუმცაღა სწორედ ამ დროს მოხდა ის, რაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა - სასაკლაოს დირექტორმა ზარიძემ წყნეთის აგარაკზე თავი ჩამოიხრჩო. გამომძიებელი ბარჯაძე თვითმკვლელობის ამბის შეტყობისთანავე ესტუმრა ზარიძის ოჯახს, სადაც კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა: თვითმკვლელს საგანგებოდ მისთვის, ვრცელი წერილი დაეტოვებინა. გამომძიებელმა ზარიძის ოჯახის წევრებს არ აგრძნობინა, რომ ახალმა სიურპრიზმა გვარიანად ააფორიაქა, კონვერტი სამსახურში წაიღო და საგამოძიებო ჯგუფის თანდასწრებით გახსნა.
გაირკვა, რომ სასაკლაოს გარდაცვლილი დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები - ოქროს ქვიშით ვაჭრობდა; ამ ოქროს ქვიშას მისი ამფსონები მეტად ორიგინალური ხერხით მოიპოვებდნენ: სომხეთში, მდინარე ლორეს სანაპიროებზე, სადაც ოქროსთვის მიეგნოთ, ცხვრებს აძოვებდნენ. მდინარისპირა, ლელქაშებიან ნიადაგში არსებული ოქროს ქვიშა საქონლის კბილებზე ილექებოდა, ან კუჭში ხვდებოდა. შემდეგ კი, ცხვრები საქართველოში გადმოჰყავდათ, კლავდნენ, ოქროს ქვიშას აცლიდნენ და ხორცს კი ჩვეულებრივად ყიდდნენ. სახელმწიფოს ორგანოები ეჭვსაც ვერ იღებდნენ, ოქროს მოპოვება და გაყიდვა მათი გვერდის ავლით, ასე გონებამახვილურად და შეუმჩნევლად რომ ხდებოდა.
სასაკლაოს დირექტორი წერილში იმასაც წერდა, რომ ოქროს მოპოვების ხერხი მას ძველმა მეზობელმა - ეროვნებით გერმანელმა ალეგზანდერ თომას ენგელბარდმა ასწავლა. ენგელბარდი კავკასიელი გერმანელი იყო და ბოლშევიკების შემოსვლამდე, იმ ადგილებს, სადაც ოქრო მოიპოვებოდა, მამამისი ფლობდა. ეს უკანასკნელი გეოლოგი იყო და მდინარისპირა ნიადაგში ოქროს ძარღვი სწორედ მან აღმოაჩინა. დაადგინა კიდეც, რომ იქ ოქრო იმდენი იყო, ბალახიც ვერ ხარობდა, გარდა ერთი სახეობისა, რასაც ცხვრები დიდად ეტანებიან და ძოვისას, ფესვებიანად გლეჯენ მიწიდან. უფროს ენგელბარდს საბადოს დამუშავება აღარ დასცალდა - ბოლშევიკებმა მას მამულები ჩამოართვეს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ოჯახითურთ ციმბირში გადაასახლეს.
უფროსი ენგელბარდი იქვე გარდაიცვალა, მისმა შვილმა ალეგზანდერმა კი თავისუფლად ცხოვრების ნება მოგვიანებით მიიღო. ის ორენბურგში დასახლდა და გვარ-სახელი შეიცვალა - ალექსანდრ ნემეცკი გახდა. მოგვიანებით, ორენბურგის უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი დაასრულა და მამამისის ძველ მამულში არსებული ოქროს საბადოს ათვისებაზე დაიწყო ფიქრი. ალექსანდრ ნემეცკი ბანქოს თამაშშიც საკმაოდ იყო დახელოვნებული (საერთოდ, ბანქოს იმ დროს ექსცენტრული ინტელექტუალები თამაშობდნენ ხოლმე) და დანაშაულებრივ სამყაროსთან კავშირიც აქედან ჰქონდა.

საბადოს ასათვისებლად ხერხის გამოსანახავად, ენგელბარდი ჯერ თავად ჩავიდა სომხეთში, კარგად შეისწავლა იქაურობა და დაასკვნა, რომ ნიადაგის ზედა ნაწილი მთლიანად ოქროს ქვიშით იყო გაჯერებული; ხოლო ჩვეულებრივი ქვიშისგან ოქროს ნაწილაკების გამოცალკევება საკმაოდ შრომატევადი საქმე იქნებოდა. ამასთანავე, მან ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ ოქროს ქვიშიან ნიადაგზე ხარობდა რძიანა ბალახი, რომელიც ცხვრის საყვარელი საკვებია. ენგელბარდმა ისიც იცოდა, რომ ცხვრის ფარა ძოვისას თითქმის აშიშვლებს ნიადაგს და ყველაფრის გათვალისწინებით, გენიალური გეგმა მოიფიქრა. შემდეგ ის დაუკავშირდა სასაკლაოს დირექტორ ზარიძეს, ვისაც ბავშვობიდანვე იცნობდა და ხელსაყრელი პირობით გაურიგდა: ენგელბარდი ცხვრებს ჩაუყვანდა, ზარიძეს კი მათი კბილებიდან და შიგნეულობიდან ოქროს ქვიშა უნდა ამოეღო, დაეგროვებინა და მერე კომპანიონისთვის გაეყო.
დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე კი საიდუმლო ლაბორატორიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაამჟღავნა - ის სასაკლაოს მფარველის, "ჭაღარა ვანოს" ძმისშვილი იყო და ყველაფერი ბიძამისს ჩაუკაკლა. "ჭაღარა ვანომ" მოიწადინა, რომ ოქროს ქვიშიდან წილი მასაც რგებოდა, ზარიძეს ესტუმრა და შესთავაზა, გერმანელი "გადაეგდო": "რატომ უნდა გაუყო მაგას შემოსავალი, როცა შეგვიძლია, ყველაფერი ჩვენ ჩავიგდოთ ხელში?" - უთხრა სასაკლაოს დირექტორს ქურდმა და მალევე, თავისი შესაძლებლობები აამოქმედა: ენგელბარდი, რომელიც სომხეთში ცხოვრობდა და ცხვრების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული, სპეკულაციის ბრალდებით ციხეში ჩასვეს, ის ადგილები კი, სადაც გერმანელი ცხვარს აძოვებდა, "ჭაღარა ვანოს" ხელქვეითმა კოლმეურნეობამ დაისაკუთრა. ამგვარად, ყველაფრის ბატონ-პატრონი ქურდი შეიქნა.

ენგელბარდი ციხიდან ამნისტიით გათავისუფლდა და შურისძიება გადაწყვიტა - მან ახლობელ კრიმინალს, "ლამაზოს" დაავალა, ზარიძე დაეშანტაჟებინა და "ჭაღარა ვანოსთან" დაპირისპირებას არ მორიდებოდა; პარალელურად ამ უკანასკნელზე ბევრი, "არაქურდული საქმიანობის" დამადასტურებელი კომპრომატი შეკრიბა და ხელსაყრელ დროს დაელოდა. ეს დროც მალე დადგა - ენგელბარდმა "ჭაღარა ვანო" მოკლა და ზარიძეს კი ნახევარი მილიონი გამოსძალა. თუმცა, ეს ჯერ ყველაფერი არ იყო - მალე ზარიძემ ანონიმური წერილით შეიტყო, რომ ენგელბარდი მისი ქალიშვილის საყვარელი იყო; შემდეგ კი, წყნეთის აგარაკზე ასულს, სეიფი სულ დაცარიელებული დახვდა: იქ მხოლოდ ცხვრის ექსკრემენტები იდო.
"ერთი რამ ნათელია - მე ჩემმა ქალიშვილმა გამყიდა. ამიტომაც სიცოცხლე აღარ მსურს და თავს ვიკლავ. იმედია, ენგელბარდს იპოვით და უკან გამომაყოლებთ", - ასე მთავრდებოდა თვითმკვლელის წერილი. გამომძიებელი ბარჯაძე ამ ყველაფრის მერე, კარგა ხანს ვერ მოეგო გონს, შემდეგ კი სასწრაფოდ მიმართა ზემდგომ ორგანოებს ენგელბარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე. საქმე მართლაც აღიძრა, მაგრამ ამაოდ - გერმანელის კვალსაც ვერავინ მიაგნო. მასთან ერთად, გაქრა ზარიძის ქალიშვილი მარიკაც (სახელი შეცვლილია).

მოგვიანებით, გამომძიებელმა ბარჯაძემ შეიტყო, რომ ალეგზანდერ ენგელბარდს, მარიკა ზარიძესთან ერთად, ყალბი საბუთებით დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი და საზღვარგარეთ გასულიყო, როგორც ებრაელი. ხოლო რაც შეეხება იმ ნახევარ მილიონ მანეთს, რომლის კუპიურებიც ქიმიურად იყო დამუშავებული, მისი ასავალ-დასავალი ვერც ვერავინ ვერასოდეს გაიგო.

მიხეილ ლაბაძე
"გზა", 2012 წელი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი