ბერიას ცნობილი მწერლების დითირამბები აინტერესებდა, თორემ უნიჭოები ძალდატანების გარეშეც ასხამდნენ ხოტბას
font-large font-small
ბერიას ცნობილი მწერლების დითირამბები აინტერესებდა, თორემ უნიჭოები ძალდატანების გარეშეც ასხამდნენ ხოტბას
მთაწმინდაზე ადრევე უარი თქვა, საქართველოს დამაქცევარის გვერდით არ დავიმარხებიო

რამდენიმე წელია წიგნი არ გამომიცია და ბერიას უთხარი, ტირაჟი და ჰონორარი გამიორმაგოსო. ლავრენტი მწერალს დაემუქრა, გაჩერდეს, თორემ კიდევ ერთხელ დავაპატიმრებთო, მაგრამ..
.

"მთელი ჩემი იდეალები დაინგრა. კერძო ცხოვრება და სიხარული აღარ შემრჩა. სრულიად უვარგისი გავხდი ამ ცხოვრებისათვის... უნივერსიტეტში არ მიშვებენ, საზღვარგარეთ წასვლის ნებას არ მაძლევენ, არც ჟურნალისა და გაზეთის გამოცემის ნებას მაძლევენ, პირზე ბოქლომი მაძევს, ხელ-ფეხი შეკრული მაქვს. მარტო ვარ მილეთის მტრების წინააღმდეგ... ათასწილად მირჩევნია ციხეში ვყავდეთ. მინდა, გადავვარდე სადმე მოუსავლეთში, მაგრამ ვაი, რომ დავიღალე ამდენი ყიალით და გული აღარ მერჩის... ახლა ისე გამოფიტული ვარ... ძილი აღარა მაქვს, თვალები მტკივა, ნერვები აღარ მივარგა..." - სწერს კონსტანტინე გამსახურდია თავის მეუღლეს, რებეკა ვაშაძეს, 1925 წელს... და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო... ვისი მფარველობით შეინარჩუნა მწერალმა ფიზიკური და შემოქმედებითი სიცოცხლე - ამის შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.

- 30-იან წლებში მწერალთა ერთ ჯგუფს ლავრენტი ბერიამ კომუნისტურ პარტიაში შესვლა შესთავაზა. კონსტანტინეს ხუმრობით უთქვამს: პარტიაში როგორ არ შევიდოდი, მაგრამ ვიცი, მალე გასარიცხი ვიქნებიო. ბერიას გასცინებია და ძალა არ დაუტანებია. ლავრენტი მფარველობდა კონსტანტინეს, ბევრჯერ დაეხმარა. მწერალი თბილისში მის სახლში დადიოდა, მოსკოვშიც აკითხავდა. არსებობს ბერიასთვის გაგზავნილი კონსტანტინეს წერილები. "მთვარის მოტაცების" ფინალში სწორედ ლავრენტი ბერიაა გამოყვანილი პენსნეიანი ცეკას ახალი მდივნის პერსონაჟის სახით.
- მაინც რა იყო ბატონი კონსტანტინეს მიმართ ბერიას ასეთი უჩვეულო კეთილგანწყობის მიზეზი?
- ლავრენტი აფხაზეთიდან იყო, ამ მხარეზე ზრუნავდა, ცდილობდა, იქ ქართველი მოსახლეობა შესულიყო. მაშინ აფხაზეთი სეპარატიზმის იმავე გზას ადგა, როგორც ეს დღეს ხდება. "მთვარის მოტაცება" აფხაზებზეა დაწერილი: ზვამბაიები, თარაშ ემხვარი, თამარ შერვაშიძე - ყველანი აფხაზები არიან. ბერიას უყვარდა ეს რომანი. მისი ცოლი - ნინო გეგეჭკორი მეგრელი იყო. სახლში ნინოს და ლავრენტის სასაუბრო ენა მეგრული გახლდათ. მართალია, თავად ლავრენტი წიგნებს არ კითხულობდა, მაგრამ ნინო განათლებული ქალი იყო. სამსახურიდან ღამე დაბრუნებულ ქმარს ქალი 2 წლის მანძილზე "მნათობში" დაბეჭდილ "მთვარის მოტაცებას" უკითხავდა. ლავრენტის სიამოვნებდა აფხაზური ამბების, თქმულებებისა და ლეგენდების მოსმენა - ეს საკუთარ ბავშვობას ახსენებდა. ასე რომ, რომანის მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილმა ბერიამ მოგვიანებით რომანის სამ წიგნად გამოცემასა და რუსულად თარგმნის საქმეს შეუწყო ხელი.
ბერიამ კონსტანტინე დაიბარა და უთხრა, რომ რომანის განხილვა მაღალ დონეზე ჩატარდებოდა. განხილვა მწერალთა კავშირში 4 დღის მანძილზე მიმდინარეოდა. თავმჯდომარე მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ. მაჩაბლის ქუჩაზე ხალხის სიმრავლის გამო ცხენოსანთა მილიცია იდგა და ხალხს ასე აკავებდა. სხდომები საღამოს 7 საათიდან ღამის 3 საათამდე გრძელდებოდა. სიტყვით გამოვიდა ყველა ცნობილი მწერალი და პოეტი, გალაკტიონ ტაბიძის გარდა. ეს იყო რომანის ტრიუმფული განხილვა, რომლის მსგავსი ქართული ლიტერატურის ისტორიაში არ ყოფილა. ეს ყველაფერი კი ბერიას მიერ გახლდათ სანქცირებული. როცა კონსტანტინე მოსკოვში ჩავიდოდა, ამის შესახებ ყოველთვის ატყობინებდა ბერიას. მწერალს კონკრეტულ დათმობებზე წასვლა უწევდა, რადგან სხვანაირად, ბერიაც ვერ შეძლებდა მის გადარჩენას. გარდა ამისა, სტალინმაც და ბერიამაც კარგად იცოდნენ მწერლის ფასი, მათ სწორედ ცნობილი მწერლების დითირამბები აინტერესებდათ, თორემ უნიჭოები ძალდატანების გარეშეც წერდნენ მსგავს დითირამბებს სტალინზე. მათ ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას მსგავსი ადამიანები აინტერესებდათ. ამიტომ იყო კონსტანტინე მუდმივი თვალთვალის, დევნის, შესწავლისა და კრიტიკის ობიექტი, რათა მისი დიდი ნიჭი და განათლება სასურველი კუთხით წარემართათ. მისი წიგნები მხოლოდ ცეკას ნებართვით იბეჭდებოდა.
ხელოვანის თავზე დამოკლეს მახვილი ეკიდა და ყოველ წუთს სიკვდილს ელოდა. ერთხელ, ბერიამ კონსტანტინე დაიბარა და სტალინის 60 წლის იუბილის აღსანიშნავად ბელადზე რომანის დაწერა შესთავაზა. კონსტანტინემდე იმავე წინადადებით მიხეილ ჯავახიშვილისთვის მიუმართავს. ჯავახიშვილს შემდეგი პირობები წაუყენებია: კარგი ჰონორარი, მანქანა, მდივანი... მოკლედ, სრული კომფორტი. ამის შემდეგ ბერიამ გამსახურდია დაიბარა. პირობებზე მწერალმა თქვა: არაფერი მინდა კალმისა და სუფთა ქაღალდის მეტიო. ბერიას, ბუნებრივია, ასე ერჩივნა და არჩევანი სწორედ კონსტანტინეზე შეაჩერა. მწერალმა მონიჭებული თავისუფლებით ისარგებლა და სტალინზე რომანის პარალელურად სულ რაღაც ექვს თვეში "დიდოსტატის მარჯვენა" დაწერა. 1939 წელს "ბელადი" დაიბეჭდა. სტალინს რომანი არ მოეწონა... ეს არ იყო და ვერც იქნებოდა ობიექტური რომანი, არამედ, პოეტიზებული, ესთეტიზებული ნაწარმოები შეიქმნა. რომანი სტალინის ბავშვობას ცამეტი წლის ასაკამდე, თბილისში გადმოსვლამდე აღწერდა. მწერალი ვერ ასახავდა მოვლენებს ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო. მაგალითად, სოსო იმედაშვილი სტალინის ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც უცხოეთში გაიქცა და იქ სტალინის სალანძღავ წიგნებს წერდა. სტალინმა რომანის შესახებ აღნიშნა: ასეთი ბავშვობა არ მქონიაო. რომანი სამ წიგნად უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამის შემდეგ არც მეორე და არც მესამე წიგნის დაწერა აღარ უთხოვიათ. წიგნს ტაბუ დაედო - თითქოს, არც არსებობდა. სამაგიეროდ, "დიდოსტატის მარჯვენას" პროპაგანდა დაიწყო. ბერიამ თავისი ბავშვობის მეგობარს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სიმონ ჯანაშიას ეს წიგნი სტალინთან გაატანა. ჯანაშიამ ბელადს წიგნის წაკითხვა სთხოვა. სტალინი დაუსწრებლად იცნობდა გამსახურდიას. დილით, განთიადისას სტალინმა ბერიას დაურეკა: რა კარგი მწერალი ყოფილა კონსტანტინე, მე კი ეს აქამდე არ ვიცოდი. მთელი ღამე ვკითხულობდი "დიდოსტატის მარჯვენას" და ახლა დავამთავრეო. მალე რომანი საბჭოთა ისტორიული პროზის მიღწევად ჩაითვალა...
ამის შემდეგ კონსტანტინეს შემოქმედებითი ცხოვრება აქტიური გახდა, თუმცა 1946 წლიდან ის სხვადასხვა პოლიტიკური ბრალდებით კვლავ შეზღუდეს, შეწყვიტეს მისი ტომეულების გამოცემა, გამოიყვანეს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმიდან. კრიტიკოსები "შავრაზმელად", "ნაციონალისტად" მოიხსენიებდნენ. იმ პერიოდს "დავით აღმაშენებლის" მესამე წიგნის გამოცემა დაემთხვა, ის აკრძალეს და მთელი ტირაჟი დაწვეს. მწერალმა გამოსავალი "ვაზის ყვავილობაზე" მუშაობაში დაინახა. ცხადია, კონსტანტინე მეტი სიყვარულით წერდა "დიდოსტატის მარჯვენას", ვიდრე "ბელადს" ან "ვაზის ყვავილობას", მაგრამ ასე იყო საჭირო, რათა თავისი სიცოცხლე და შემოქმედება გადაერჩინა, უკომპრომისობა სიშლეგე იქნებოდა - სასტიკი ბომონი მსხვერპლსა და შესაწირავს მოსთხოვდა. როცა წერა დაიწყო, სტალინი გარდაიცვალა. მწერალმა ბერიას თანაშემწეს, პეტრე შარიას დაურეკა: რამდენიმე წელია წიგნი არ გამომიცია და ბერიას უთხარი, ტირაჟი და ჰონორარი გამიორმაგოსო. შარიამ უარი უთხრა, მაგრამ თხოვნა ზუსტად გადასცა თავის შეფს, ვაითუ, ბერიასთანაც დარეკოს კონსტანტინემო. ლავრენტი მწერალს დაემუქრა, გაჩერდეს, თორემ კიდევ ერთხელ დავაპატიმრებთო, მაგრამ თხოვნა მაინც შესრულდა - წიგნი 20 ათას ეგზემპლარად გამოიცა.
- პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა მწერლის პირად ცხოვრებაზეც აისახებოდა...
- "ჩეკას" ინტრიგების წყალობით, 1940-იანი წლებიდან მწერლის პირადი ცხოვრებაც გართულდა. მისი მეუღლის, მირანდა ფალავანდიშვილის ნათესავები ხან ჩუმად, ხან აშკარად ჰკილავდნენ კონსტანტინეს, არ მოსწონდათ მისი პოზიცია: მთავრობას აქებსო, ბოლშევიკებს მიეყიდაო. განსაკუთრებით მირანდას მამიდა - ოლღა ფალავანდიშვილი-კობიაშვილი აქტიურობდა. მას სხვა ნათესავებიც აჰყვნენ: მიზეზი ჰქონდათ - ისინი რეპრესირებული ოჯახიდან იყვნენ. მირანდას ნათესავები დედის ხაზით - ერთი ნაპატიმრალი ჭაბუკი და ბიძამისი - კონსტანტინეს საყვედურობდნენ, როგორ შეიცვალე, ბოლშევიკებმა შეგაშინესო. მწერლის გაფრთხილება არც ერთმა ყურად არ იღო - მალე ისინი დააპატიმრეს და დახვრიტეს. კონფლიქტი გაღრმავდა: მირანდამ ოჯახი დატოვა და ლენინგრადში წავიდა.
- როგორც ცნობილია, მწერალი, საერთოდ, სევდიანი იყო, იშვიათად უნახავთ გაღიმებული. თუმცა, ხუმრობაში ხალისით ერთვებოდა ხოლმე. ამბობდა: "არაფერი ისე არ ახასიათებს ადამიანს, როგორც სიცილი".
- 1921 წლიდან მწერალი დღევანდელი პაოლო იაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა, მის მეზობლად კი სომეხი გინეკოლოგი, შამუელ შახპარონიანი. კონსტანტინე ხუმრობდა, ქალები ჯერ ჩემთან მოდიან და მერე შახპარონიანს აკითხავენო.
- მძაფრი სარკაზმით გამოირჩეოდა მისი გამოსვლები მწერალთა კავშირის სხდომებზე...
GzaPress- კონსტანტინე ზეპირ გამოსვლებში, წერილებში ხშირად ქებით იხსენიებდა პარტიულ ლიდერებს. ეს იყო მცირეოდენი, დროით გამოწვეული ხარკი. მაგრამ დაწესებულ ეტიკეტს ზოგჯერ თავად არღვევდა: აკაკი გაწერელია იგონებდა: "მჟავანაძეობის დრო იყო. კონსტანტინე და მე რუსთაველის პროსპექტზე მივაბიჯებდით. ანაზდად კონსტანტინემ შემომთავაზა: - ას-ასი გრამი არაყი დავლიოთო. დავლიეთ. ხათრს ხომ არ გავუტეხდი. მერე აიჩემა: - არქიტექტორთა ყრილობას უნდა დავესწროთო... დავყევი მის სურვილს. შევედით სამხატვრო გალერეაში... კონსტანტინემ ვასილ მჟავანაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება სთხოვა. მისცეს სიტყვა... კონსტანტინემ დაიწყო: "უცნაური ხალხი ვართ ქართველები! დავით აღმაშენებლის ძეგლი არ დგას თბილისში. ძეგლი კი არა, ქუჩაც კი არ გავიმეტეთ, მისი სახელი დაგვერქმია, კამოსთვის კი არაფერს ვიშურებთ, მისი საფლავი ძეგლად ვაქციეთ. აი, თქვენი ხუროთმოძღვრება! საღამოს ვუმართავთ! ამხ. კამოს ქართველი ერის წინაშე მხოლოდ ერთი დამსახურება მიუძღვის - ჩვენი უსაყვარლესი ბელადის ცოლს, ქალბატონ ნადეჟდა კრუპსკაიას უკურნებელი ვენერიული სენი შეჰყარა, იმან კი - ლენინს. იცოდეთ, ვასილ პავლოვიჩ, ამას კაცობრიობა დაგიფასებთ!" კინაღამ ჩაეშალათ ყრილობა - დარბაზში ჩოჩქოლი, ხმაური, სიცილი ატყდა. კონსტანტინემ სიტყვა დაამთავრა, მაგრამ არეულ ხალხს რომ გადახედა, შეკრთა და ვასილ მჟავანაძესთან მივიდა: "ვასილი პავლოვიჩ, ხომ არაფერი გადავაჭარბე?" "არა, არაფერი" - დაამშვიდა მჟავანაძემ შეფიქრიანებული მწერალი. "ჰო, კარგი, გეთაყვა" - მიუგო კონსტანტინემ და თავის სავარძელს დაუბრუნდა.
- რას გვეტყვით მამა-შვილის, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების ურთიერთობაზე?
- ზვიადისთვის კონსტანტინე არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი მამაც იყო. ცდილობდა, ისე ეცხოვრა, როგორც დიდ კონსტანტინეს მოეწონებოდა. 1955 წელს მამა ზვიადს მოსკოვიდან სწერს: "გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეებისათვის მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც, ასე თუ ისე, შევძელი..."
- თურმე, კონსტანტინე გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო პერიოდში წინაპართა სახეები ედგა თვალწინ, მიცვალებულებს ეხმიანებოდა...
- აბაშა აგონდებოდა, სოფლის ორღობეები, აყვავებული ალუჩები და ვაზები, ძველი აბაშა ენატრებოდა. გული სწყდებოდა, რომ მამისეული ეზო-კარი იავარქმნილი იყო, ღობე მოერღვიათ, ხეები მოეჭრათ, აღარ იდგა ისლის სახლი. იგონებდა გალაკტიონსაც - ვერ დავაფასეთ, საუკუნის უდიდესი პოეტი იყოო. ბავშვობიდან კარგი მეგობრობა გვქონდა, მაგრამ ნასვამი დადიოდა, მე კიდევ ნასვამ კაცთან საუბარი ყოველთვის მიჭირდაო. ფიქრებს ხმამაღლა წარმოთქვამდა, ახსენებდა რუსთაველსაც. სიკვდილის წინ გოეთეს, დავით მეფესა და თამარს ახსენებდა... 1975 წლის 17 ივლისს, ღამის თერთმეტ საათზე სუნთქვა წაერთვა. დიდი კაცის სიკვდილმა ყველა გააოგნა, მხოლოდ ატირებულმა ზვიადმა მოიკრიბა ძალა, შეკრებილთ გამოეყო და ზედ გადაემხო სათაყვანო მამის ცხედარს... კონსტანტინე კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს, რადგან მთაწმინდაზე ადრევე უარი თქვა, საქართველოს დამაქცევარის, ფილიპე მახარაძის გვერდით არ დავიმარხებიო...

შორენა ლაბაძე
"გზა", 2012 წელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (14)
02.01.2018
ბევრი დიდი ქართველი განადგურდა ბერიას ხელით სად იყო კოსტანტინე.
24.10.2017
ბესარიონ ჯაჯანიძე: "... დიდი ქართველი ... ლავრენტი ბერია. ... იმავე ეპოქაში დიდი ბელადი ... ოსის ნაბიჭვარს." ყველაფერს თავის სახელი დაარქვით? :D :D :D კომპეტენტურობის უმაღლესი დონე :D :D :D
სტალინი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი