წლების შემდეგ ფარდაახდილი საიდუმლო
font-large font-small
წლების შემდეგ ფარდაახდილი საიდუმლო
სამამულო ომში დაკარგული ფშავლის გმირობა


"ჩარგალში რომ შედიხართ, მარცხენა ფერდობზე მერცხლის ბუდესავით მოჩანს რაზიკაშვილების ძირძველი სახლი, სადაც ვაჟა-ფშაველა დაიბადა და ცხოვრობდა", - მიამბობს 80 წელს გადაცილებული ფშაველი ქალბატონი, ლატავრა თეთრაული და საკუთარი მამის ვაჟკაცობაზე ლაპარაკს, წინაპრების ვაჟა-ფშაველასთან სიახლოვეზე თხრობით იწყებს.


- ჩემი დიდი პაპის, მამუკა გორზამაულის სახლი რაზიკაშვილების სახლის უკან იდგა. პაპას ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა: მართა და ქალიკელი. ჩემი ბებო - ქალიკელი 1860 წელს დაბადებულა და ადრევე დაობლებულა დედ-მამით. ბავშვობიდან თანატოლ ვაჟა-ფშაველასთან - ლუკა რაზიკაშვილთან და სხვა თანასოფლელ ბავშვებთან ერთად იზრდებოდა. ის ლუკას მამის - პავლე მღვდლის ნათლული იყო და ნათლობის სახელად ელენეც მას დაურქმევია. მერე ობოლი ქალიკელი ნათლიის ჯალაბის კერას მიეკედლა. მშვიდი, სათნო და მშრომელი ჩემი ბებო საოჯახო საქმეში ქალიშვილივით ეხმარებოდა დედობილს - ოჯახის დიასახლის გულქანს. პავლე მღვდელს უთქვამს, - ქალიკელი ჩემპირგაურევლად არ გაათხოვოთო და მართლაც, თავადვე შეურჩევია მისთვის თავისივე მამიდაშვილი - გიორგი თეთრაული, რომელიც გარეგნობით ბრგე, მხარბეჭიანი, თეთრფერი იყო. თეთრაულები ქერა, ცისფერთვალა ხალხი გახლდათ და გვარიც აქედან მოდის. ქალიკელსა და გიორგის ხუთი ქალიშვილი და ერთი ნაბოლარა, ნანატრი ვაჟი - მამაჩემი ეყოლათ. ბიჭს ვაჟას ეძახდნენ. ცხადია, დიდი ვაჟას სიყვარულით. თუმცა, მისი ნათლობის სახელი ივანე იყო. სოფელ არტნის ოთხწლედის დამთავრების შემდეგ, ვანოს თიანეთის შვიდწლედი დაუმთავრებია და მამას ცხვარში გაუგზავნია. სამწყემსურში წიგნებს ჩაჰკირკიტებდა, ლექსებს წერდა, ოცნებობდა ქვეყნიერების გაცნობაზე და განსაკუთრებით - სალდათობაზე. ჰოდა, ერთ სისხამ დილით მიატოვა სამწყემსური და ქალაქის გზას დაადგა. საგზლად გუდით ხმელა პური და დამბალხაჭო გაიყოლა. სამ დღეს იარა ფეხით და როგორც იქნა, ქალაქში ჩავიდა. მიიკითხ-მოიკითხა, ყველაზე დიდი კაცი სადა მუშაობსო? მიასწავლეს ცეკას შენობა (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე). ეს იყო ცეკას იმჟამინდელი მდივნის, ფილიპე მახარაძის რეზიდენცია. მისაღებში მოქალაქეთა გრძელი რიგი დახვედრია. ვაჟამ აუარ-ჩაუარა რიგს და იკითხა: აბა, რომელ ოთახში ზის უფროსიო? - აგე, პირველ სართულზე, ღია ფანჯრიდან წვერიანი კაცი რომ მოჩანსო, - უპასუხეს. გაიხედ-გამოიხედა, ისკუპა, გადაევლო ღია ფანჯარას და წვერიანი კაცის წინ აღმოჩნდა. ფეხმორთხმით მიუახლოვდა შემცბარ კაცს და შეევედრა: ბიძავ, სამწყემსურიდან გამოვეპარე ჩემს მამას. იმას მეცხვარედ ვუნდივარ, მე კი სწავლა მინდა. სალდათობაზე ვოცნებობ. შენი ჭირიმე, ბიძავ, უკან ნუ მიმაბრუნებო. ფილიპე მახარაძემ ვაჟა ამიერკავკასიის სამხედრო სასწავლებელში ჩაარიცხვინა, ოღონდ მანამდე, მის მშობლებს შეატყობინა შვილის ადგილსამყოფელი. ასე მოხვდა ნახევრად ველური ფშაველი სამხედრო სასწავლებელში, რომელიც ოთხ წელიწადში, უმცროსი ლეიტენანტის წოდებით, წარჩინებით დაამთავრა. მას უკვე ყველა ივანეთი მიმართავდა. პატივისცემას იმსახურებდა თავისი მუყაითობითა და დისციპლინით. ვანო სამუშაოდ ნადიკვარზე განლაგებულ თელავის სამხედრო ლეგიონში გაამწესეს. კვირაობით ახალგაზრდა ოფიცრები ნადიკვრის "ტანცპლაშჩატკაზე" ცეკვავდნენ თელაველ ყმაწვილ ქალებთან ერთად. სწორედ იქ გაიცნო მამამ მომავალი მეუღლე - ელენე. მე კარგად მახსოვს მამას გარეგნობა და მოხდენილი ცეკვა დედასთან. მამა საშუალოზე მაღალი, გამხდარი, წელწვრილი კაცი იყო. ძალიან უხდებოდა სამხედრო ფორმა. კოხტად ჩამოსხმული, ნავარჯიშები სხეული ჰქონდა. მახსოვს, ღერძზე წრიულად როგორ ტრიალებდა და სხვადასხვა სპორტულ იარაღზე ვარჯიშობდა; საუკეთესო მსროლელად მიიჩნეოდა; ყველა სახის მანქანას მართავდა, ტანკით დაწყებული და თვითმფრინავით დამთავრებული; პარაშუტით ხტომაში რაღაც რეკორდისათვის ჯილდოც ჰქონდა მიღებული; და კიდევ ერთი: მყინვარწვერის პირველი დამპყრობი სამხედრო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რისთვისაც სიგელით დააჯილდოეს...
- დედათქვენი მალევე შეირთო?
- ელენე ჯაფარიძის ქალი იყო, ლამაზი, დახვეწილი გარეგნობისა და არტისტული. ცეკვავდა, მღეროდა გიტარის აკომპანემენტით, დრამწრეზეც დადიოდა და თელავის თეატრში ერთი როლის თამაშიც მოასწრო... სამხედრო სამსახურის წესი იყო, რომ შენაერთი ერთ წელზე მეტხანს, ერთ ადგილას არ მსახურობდა. თან, დისლოკაციის ადგილს მოულოდნელად უცვლიდნენ, 24 საათის განმავლობაში. მამას ალბათ, თავს მეხი დაეცა, მისი ლეგიონის რუსეთის ქალაქ სვერდლოვსკში გამგზავრების ბრძანება რომ მიიღო. სასწრაფოდ დარაზმა თელაველი ახლობლები, ბაქანზე გასაცილებლად რომ მისულიყვნენ. გამცილებელთა შორის დედაც იყო. ორთქლმავალი დაიძრა თუ არა, მამამ დედას ხელი დასტაცა, ააფრინა და ვაგონის პარმაღზე დაასკუპა. ელენეს წივილსა და ვანოს კაწვრა-ფხაჭვნაში დაძრულა მატარებელი. ვანოს წინასწარ გაუფრთხილებია ხელმძღვანელობა, - შვებულება მომეცით, ცოლი მოვიყვანეო და თბილისიდან ერთი კვირით, თიანეთში ჩავიდნენ. მერე კი ვანო რუსეთში გაფრინდა... მერე გავჩნდით მე, ჩემი და - ბელა და ძმა - ვაჟიკო, რომელიც ჩვენი ვოროშილოვგრადში ცხოვრების პერიოდში, წლინახევრისა, დიზენტერიით გარდაიცვალა. როგორც სამხედროს ოჯახს შეეფერებოდა, ქალაქიდან ქალაქში გადავდიოდით საცხოვრებლად და ერთად ყოფნით ბედნიერები ვიყავით, ვიდრე 1941 წელს, დიდი სამამულო ომი დაიწყებოდა.
მამამ წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სამხედრო აკადემიის დაუსწრებელი განყოფილება და პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს, 62-ე დივიზიის შტაბის უფროსად. მაშინ ის მხოლოდ 32 წლის იყო. მამა იმ დივიზიაში მსახურობდა, რომელმაც უკრაინის მიწა-წყალი ფაშისტებისგან გაათავისუფლა. როგორც გვითხრეს, დნეპრისპირეთის ფორსირებისას დაიღუპა. იქ თითქმის უკანასკნელ კაცამდე გაწყდა მთელი დივიზია, სადაც სამი ქართველი: ლეიტენანტი თავაძე, სერჟანტი ფერაძე და შტაბის უფროსი, პოდპოლკოვნიკი ივანე თეთრაული იბრძოდა. დიდი ხნის შემდეგ, მიწის დამუშავებისას, იმ ადგილებში შემთხვევით გადააწყდნენ ფერაძისა და თავაძის ვინაობის დამადასტურებელ კაფსულებს და ორივე "ნეშტი" დიდი პატივით დაკრძალეს. მერე კვლევაც დაიწყეს. 1974 წელს რუსმა ჟურნალისტმა, შტეფან კაშურკომ მოგვძებნა და შინ გვესტუმრა. იწერდა ყოველ წვრილმანს, მთელ საქართველოში ლექციებს კითხულობდა ამ ბრძოლის შესახებ, მერე კი ქალაქკომის იმჟამინდელმა მდივანმა, ვიქტორია სირაძემ დაიბარა და ლექციების შეწყვეტა სთხოვა, - ხალხს მოშუშებულ ჭრილობებს ნუღარ გაუხსნითო. სტეფანემ გულდაწყვეტილმა დაგვტოვა. ის ფიქრობდა, რომ მე "კაგებე" მითვალთვალებდა და მისი წასვლა ხიფათს აგვაცილებდა. ასე უგზო-უკვლოდ დასრულდა ივანე თეთრაულის თავგანწირვა...
- მამის "კვალს" აღარსად წასწყდომიხართ?
- ერთ სენსაციურ ამბავს გაუწყებთ: ომი რომ დასრულდა და ცხოვრებაც ნელ-ნელა, ჩვეულ რიტმში ჩადგა, თბილისის ერთ ინტელიგენტურ ოჯახში სუფრა იყო გაშლილი. "ჯოჯოხეთიდან" დაბრუნებული ქირურგის, ხაჭაპურიძის ოჯახი მის შინ დაბრუნებას აღნიშნავდა. სტუმრებს შორის იყო ჩემი უფროსი დეიდის, თამარ ჯაფარიძის ერთ-ერთი თანამშრომელი - შალვა. მასპინძელი საოცარ თავგადასავალს ჰყვებოდა. ომის დროს შტუდგარტის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილა. ამბობდა: როგორც ექიმი, იქაც ჩემს საქმიანობას განვაგრძობდი. ბანაკიდან თითქმის არ მიხდებოდა გასვლა. საბჭოთა ტყვეებს ფიზიკურად ამუშავებდნენ. მუშათა ბრიგადას ხელმძღვანელობდა ქართველი ტყვე, ოფიცერი ვანო თეთრაული, რომელიც ბანაკის ხელმძღვანელობის "ნდობით აღჭურვილი" პირი იყო. ვანო ახალგაზრდა, ენერგიული გახლდათ, ჩინებურად იცოდა გერმანული, თავის მოვალეობას "პირნათლად ასრულებდა". თოთხმეტი ქართველი ვიყავით ბანაკში, აქედან 12 ისე გააპარა, რომ ვიდრე თითოეულის რიგი არ მოვიდოდა, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა მოელოდათ. ვანო საოცრად გამჭრიახი გონებისა და მამაცი, უშიშარი ადამიანი იყო. თურმე, საიდუმლო ადგილი ჰქონია, სადაც გაქცეულებისთვის საჭირო ტანსაცმელს თუ სხვა საგნებს ინახავდა. რა კავშირები ჰქონდა ასეთი, დღესაც გამოცანად რჩება ჩემთვის. ცხადია, თანამზრახველების გარეშე, ამას ვერ შეძლებდა. წინასწარ ამზადებდა მორიგ ქართველს, უთითებდა საიდუმლო ადგილს, მაგრამ თვითონ არ აცილებდა. ოპერაცია ბანაკს გარეთ ხდებოდა. ჩემი რიგიც მოვიდა. ვიცოდი, ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ გარისკვად ღირდა. დანიშნულ ადგილას შევიმოსე ინტელიგენტურად, კოსტიუმითა და შლაპით. შუახნის კაცი ვიყავი და მეტი დამაჯერებლობისთვის, ვანოს "ტროსტიც" კი არ დავიწყებია. რაც მთავარია, საბუთი, რომელიც ქვასაც გახვრეტდა, გულის ჯიბეში მედო. ცხადია, ხელის ფარანი და საგზალიც მქონდა. ასე სასწაულებრივად გამოვაღწიე იმ ჯოჯოხეთიდან. ვანო გვარიგებდა: ეცადეთ, ტყე-ტყე იაროთ, უფრო - ღამით, დღისით კი რამდენიმე საათით დაძინება მოახერხოთო. თვითონ საფრანგეთში აპირებდა გაქცევას, "წითლებს" ვერ გადავურჩები, შემდეგ კი ვნახოთო. მერე ამბობდნენ, თითქოს გაქცევისას, ვანო საფრანგეთის საზღვართან მოუკლავთ. არ მჯერა, ამისთანა საოცარი ადამიანის ცხოვრება ასეთი მარცხით დასრულებულიყოო... შალვა აფორიაქებულა და უთხოვია, თეთრაულებსაც ვეტყვი ამ ამბავსო. ხაჭაპურიძე დათანხმდა, ოღონდ სხვაგან არ გაავრცელოთო. დედა და თამარა დაუყოვნებლივ ეწვივნენ ხაჭაპურიძეს. თან წაიღეს ვანოს ფოტოები. ქირურგმა ამოიცნო მამა და კიდევ ერთხელ ითხოვა, არავისთან არაფერი თქვათ, ვანოს წყალობით ცოცხალმა ჩამოვაღწიე და ნუ დამღუპავთ, ციმბირი არ ამცდებაო. დარჩა კიდეც საიდუმლოდ ვანოს თავგადასავალი, დედა კი საბოლოოდ დარწმუნდა ქმრის სიკვდილში და გლოვა გამოაცხადა... ასე დასრულდა ივანე თეთრაულის საბრძოლო ეპოპეა!

ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
12.05.2017
ვენაცვალე მე მას და მეამყება მე ის ქართველი ჩემი გულის ნაწილია ვკოცნი მე მის ქართUლ გულში! მადლობა მას. უფალმა აცხონოს .
ჯაბა
12.05.2017
1974 წელს რუსმა ჟურნალისტმა, შტეფან კაშურკომ - გაუგებარია - კაშურკო რატმაა რუსი, როდესაც უკრაინელია, ანუ დაუჯვირდით რას წერთ, ეს ისეა ბურღულაძე ან შუკაძე რომ ოსად გამოაცხადო ანდა სომეხად...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი