დადიანის სიძე გლეხი არსენა -"მისი დაკითხვა და განაჩენის გამოტანა მსხვერპლის ოჯახში მომხდარა"
font-large font-small
დადიანის სიძე გლეხი არსენა -"მისი დაკითხვა და განაჩენის გამოტანა მსხვერპლის ოჯახში მომხდარა"
უთქვამს, - სჯობს, ღმერთმა მე დამსაჯოს და გადარჩეს სამშობლოო


ეს პატარა ამონარიდი რომელიღაც გამოცემაში წავიკითხე, 27 სექტემბერს: "დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს!" - მიმართა გადამთიელმა ჟიული შარტავასთან ერთად დატყვევებულ მის თანამებრძოლს, სოხუმის მერს - გურამ გაბესკირიას. "არასოდეს ცხოვრებაში!" - იყო მერის პასუხი, ოღონდ, რუსულ ენაზე. მას მერე, იგი არავის უნახავს. გაბესკირიას ამბავმა ჩემი შორეული ნათესავი გამახსენა - ეთერ ხოჯანაშვილი. მან აფხაზეთში არ მიატოვა მამისეული სახლი და იქ ჩაცხრილეს, ოღონდ, დანამდვილებით არავინ იცის, კავკასიელმა თუ აფხაზმა ბოევიკებმა. ამბობენ, რომ ოჯახური ტრადიციებისა და კონტაქტების გამო, არც ერთი აფხაზი ამას არ იკადრებდა.


გასული საუკუნის 80-იანი წლები იყო, თებერვალი, როცა ეთერი იმერეთს, მშობლიურ მხარეს ეწვია. ღონემიხდილი მზის სხივები დასალიერიდან უსიცოცხლოდ ანათებდნენ, როცა სტუმრები მოვიდნენ. ოჯახის პატარები სახლიდან მორიგეობით, ჩუმად გავიძურწეთ და ეზოდან, ფანჯრიდან შევავლეთ თვალი სავახშმოდ შეკრებილებს. ოციოდეკაციან სუფრასთან გამორჩეულად, მამაკაცურად იჯდა ეთერი და ყველა ძველი თაობის ადამიანი ამბობდა, რომ ძალიან ჰგავდა მამას, არსენა ხოჯანაშვილს, ლეგენდა კაცს, რომელზეც მითების შეთხზვა საჭირო არ იყო, რადგან სინამდვილეც გასაოცარი ჰქონდა მრავალჭირნახულ, ათასჯერ ფერფლისგან აღმდგარ ადამიანს.

არსენას ძმები ჰყოლია, დათა და ილიკო. სამივე ძმა თიხის დამუშავებით ირჩენდა თავს. უბრალოდ, არსენას ხელში აყალოს უზარმაზარი გუნჯლები ისე რბილდებოდა, როგორც ცვილი - მზეზე. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დრო იყო, როცა სოფლის შემოსასვლელში წელგამართულ ოჯახს ყაჩაღები დასხმიან თავს. ერთსართულიანი სახლის კარის შემომტვრევისას ოჯახის საძეო, ათიოდე წლის ბიჭი სხვენზე შეუმალავთ - საჯიშე ბიჭს არაფერი დაუშავონო. ყაბალახიან ყაჩაღებს ფული მოუთხოვიათ, ნიკოლოზის ოქროს მონეტები. დამხვდურები შიშით კანკალებდნენ და უარობდნენ, არ გვაქვსო. ერთ ბრგე აბრაგს რევოლვერი მაღლა შეუმართავს და დასაშინებლად გაუსვრია. ნატყვიარს სისხლის ნაკადი ჩამოჰყოლია - ბრმა ტყვიამ ჭერში შემალული ყმაწვილის გულში გაიარა...
ყაჩაღები გადახვეწილან. ჟანდარმერიას ბევრი არ უძებნია დამნაშავე, რადგან ოჯახმა ერთი რამ თქვა: ერთი ყაჩაღი ისეთი ბრგე იყო, არსენა ხოჯანაშვილი თუ იქნება, სხვა მაგხელა ჩვენ არავინ ვიცითო. დაკითხვაზე იფიცებოდა არსენა, თიხიანი თითებით პირჯვარს იწერდა, - უბრალო ვარო, მაგრამ მაინც მისი გაციმბირება გადაწყვიტეს. დაკითხვა და განაჩენის გამოტანა მსხვერპლის ოჯახში მომხდარა. დაბორკილებამდე ქუდი მოუხდია ჯეელს და ძირს დაუხეთქებია, - მე უდანაშაულო ვარ და ბრალმდებლები ასე გასწორდით მიწასთანო... იმ ოჯახის კვალობაზე მართლა აღარავინ დარჩენილა, არც ასულის შთამომავალი, ძე კი ისედაც იცის მკითხველმა, ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა...

რევოლუციამდე არსენა სოფელში დაბრუნებულა. არავინ იცის, რამდენი სატკივარი და მონატრება გადაიტანა ურალს გადაღმა. ფართო, მარილიან სახეზე უზარმაზარი ულვაში აზნაურულად აეწკიპა, თვალები მეტად დაჭკვიანებოდა და ბარძაყისოდენა მკლავები ჩოხის ქვეშ ვერ იმალებოდა... ზამთარ-ზაფხულ ნაბდით მოარულს, სხვა ასპარეზი უნდოდა უკვე, არა თიხის ზელა და საკრამიტე ქურაში თხმელის ნაპობების შეწყობა "რბილი ცეცხლის" დასანთებად.
გვიან ღამით მატარებელს აჰყოლია მეზობელთან ერთად, ზესტაფონიდან ბოსლევამდე, მერე ათიოდე კილომეტრი ფეხით უნდა აევლო სულ აღმართები და ტყიანი ბილიკები. მატარებლის სადგურთან ღვინით ტვინამღვრეული, გადიდგულებული უსაქმურები თავიანთი "ვაჟკაცობის" გამოვლენის შესაძლებლობას ეძებდნენ თურმე. ორი გეზრულელის ცემა, წესით, არ უნდა გასჭირვებოდა ექვს უსაქმურს. თავხედურად უთქვამთ, - მოდი, ალიყური უნდა მოგცხოთო. არსენას ნაბადი მოუხსნია, უსვრია თანამგზავრისთვის (თანამგზავრს უთქვამს, ნაბადმოხვედრილი ეკალას ბუჩქთან აღმოვჩნდიო), ცალი ხელით მოზრდილა კოპიტის მორჩი მოუთხრია და ექვსივესთვის გვერდების გარდა, სხვა რბილი ადგილებიც აუჭრელებია...
ძალადობა მაინც არ იყო არსენას საქმე. გაფხეკილი ზემოიმერული სოფელი ცოლიანი ძმებისთვის დაუტოვებია და თავად ბედის საძიებლად აფხაზეთისკენ გაუწევია. სადადიანოში ჩასულს, თავადის ოჯახში მოჯამაგირეობა უთხოვია. თავადის გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია მისი დიდი ფიზიკური შესაძლებლობა და გონიერება. მართალია, ანგარიში უჭირდა, მაგრამ ჩაფიქრების მერე ვერც მაგაში სჯობდა ვინმე. ცოტა ხნის მერე დადიანს უთქვამს, - მოჯამაგირეობა შენი საქმე არაა, მოურავად უნდა დაგნიშნოო. მალე დადიანების ქონებას დასტყობია სამართლიანი და მშრომელი მოურავის ხელი, კამეჩებისა და ძროხების ნახირს ზაქი და ხბო ემატებოდა, თხის არვეს - თიკნები, ფარას - ბატკნები, ნალიებს - სიმინდი და ღომი; ეზო გადავსებულა ფრთოსნებით, ბუკები - თაფლით, სხვენები კაკალ-თხილით... ერთ საღამოს იხმო თურმე დადიანმა მოურავი და გამაოგნებელი რამ შესთავაზა:
- არსენა, იცი, ერთი მყავს ასული - ვერა და მას შენ გარდა ვერავის ვანდობ, მისი ბედი შენსას უნდა გადაეჯაჭვოსო.
ვერა დადიანი მთელ იმ მხარეში საოცნებო საპატარძლო ქალად ითვლებოდა. ქონებისა და გვარიშვილობის გარდა, გონიერება და ქალური სინატიფე ბევრ არისტოკრატს ღამეებს ათევინებდა. გასაოცარი იყო, რომ თავადმა ასული გლეხუჭას შერთო, მაგრამ დადიანს თავის მოგვარეებთან უთქვამს: ეს გლეხი ბევრ ჩვენნაირ, დრო-ჟამით გაამაყებულ-გათავხედებულ თავადს აღემატებაო.
დიდხანს ზურგს უკან საუბრობდნენ აფხაზეთში დადიანები, - ეს რა ჩაიდინა, რა სამარცხვინოა ჩვენი მოგვარის გადაწყვეტილებაო. მაგრამ მალე კუდის ყავარზე გადების დროც დასრულებულა - 1921 წელს გაუთანაბრებია გვარიანი და უგვარო...
გაპროლეტარებულ, სათავადო ქონების დამკარგავ არსენას ჭალადიდში გლეხური, ჩვეული საშრომი რეჟიმი გაუგრძელებია. 4 შვილი, ორი ვაჟი და ამდენივე ასული საბადაგეში ამოვლებული ხასიათის ვერას ზედამხედველობით იზრდებოდა, არსენა კი კოლხეთის დაბლობის ნაყოფიერ ველებზე ისე შრომობდა, როგორც ათასობით კოლმეურნე. ხელმოკლეობის დასასრული მალე დამდგარა - შრომამ ისევ დაამარცხა სიღატაკე. ჭალადიდიდან, ოჯახის უჩუმრად, გუდაუთაში იშენებდა ახალ სახლს თურმე ათასი ჭირის გადამტანი, უკვე ხანში შესული იმერელი.
უფროსი ასული, პოლინა რომ გათხოვილა მამის დაუკითხავად, არსენას წარბი არ გაუხსნია და მიმხვდარან, რომ სიძე-ასული ახლოს ვერ მიეკარებოდნენ. არავინ იცის, რატომ იწყინა დადიანის სიძემ შვილის დაქორწინება: დაუკითხველობის თუ მამის ეგოიზმის გამო... უმცროსი შვილი, ეთერი მამას დამსგავსებოდა ხასიათით. წყნარად და დინჯად აკეთებდა საქმეს, ძმებს ეხმარებოდა ოჯახების მოწყობაში, შვილების გზაზე დაყენებაში და მერე, როცა 1993 წლის ადრიანმა შემოდგომამ აფხაზეთის მიწაზე სისხლიან-ტკივილიანი კვალის დატოვება დაიწყო, ეთერმა ყველა ნათესავი პეტერბურგისკენ გაამგზავრა, თავად კი სახლს, მამის სითბოშერჩენილ კედლებს ვერ თმობდა და ცხელ ტყვიას შესწირა სიცოცხლე...
თუმცა, ეგებ სახლი კი არა, მამისა და ძმის საფლავებს ვერ თმობდა. უპატრონოდ არ უნდოდა დიდებული მამისა და საყვარელი ძმის ძვალთშესალაგის დატოვება. ფაქტი კი ის იყო, რომ მაინც მოუწია სახლისა და საფლავების დატოვებამ...

დაბოლოს, მინდა, პატრიარქის ქადაგების ნაწილი დავურთო წერილს. იმედია, კონტექსტიდან ამოვარდნილად არ მიიჩნევს მკითხველი უწმინდესის სიტყვებს: "არ შემიძლია, დიდი პატივისცემით არ გავიხსენო ბატონი ჟიული შარტავა. ფაქტობრივად, თავისი თავი შესწირა სამშობლოს. მე არაერთხელ მქონია მასთან საუბარი. ის იყო დიდად მორწმუნე. როცა ქუთათელ-გენათელი, მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი და საერო ხელისუფალი ჩავიდნენ სოხუმში და შეხვდნენ ჟიული შარტავას, მას აუწევია ხელები ზეცისკენ და უთქვამს, - სჯობს, ღმერთმა მე დამსაჯოს და გადარჩეს სამშობლოო. მართლაც, ძალიან მოკლე ხანში იგი დახვრიტეს. რამდენიმე თვის შემდეგ მივიღე წერილი რუსეთიდან, მაგრამ წერილს ეტყობოდა, რომ ის ქართველის მიერ დაწერილი არ იყო და არც რუსის. უცხო ადამიანი იყო, შეიძლება თვითონ რომელიმე რუსეთის ტომთაგან. მწერდა: ვესწრებოდი ჟიული შარტავას დახვრეტას. არ ვიცოდი, ვინ იყო იგი. ვკითხე ვიღაცას და მან მითხრა, რომ ეს იყო ჟიული შარტავა. მე არც ქაღალდი მქონდა, ასანთი ამოვიღე და იმაზე დავწერე მისი გვარი და სახელიო. ბოლოს მწერდა: თქვენ უნდა იამაყოთ, რომ საქართველოს ასეთი თავდადებული შვილები ჰყავსო. მართლაც, გმირულად დაეცა ეს ადამიანი".
P.ს. მეც მივიღე წერილი რუსე­თიდან: რამაზ ხოჯანაშვილი, არსენას შვილიშვილი მწერდა, რომ უსაზღვროდ უყვარს თავისი სამშობლო - თავისი პირველსაფუძველი, პატარა იმერული სოფელი, ჭალადიდი და აფხაზეთი, სადაც მისი უახლოესი და ღირსეული, მხოლოდ შრომითა და პატიოსნებით გამორჩეული ნათესავების ძვლებია მიწისთვის მიბარებული... და იმას დავამატებ, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა თავისი წილი გმირობა გასწია აფხაზეთის ომის დროს. ეს პატარა წერილი კი ბევრს გაახსენებს აფხაზეთს, რომელიც თაობათა ცვლასთან ერთად, სამწუხაროდ, თანდათან უცხო ხდება ჩვენთვის.


როლანდ ხოჯანაშვილი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
16.04.2017
აფხაზეთის ომი ვისთან იყო შეთანხმებული???? ნეტა არა გყავდეს რა, სუსლოვ, სახაროვ, ბაბურინ და სხვათა დათესილი მტრობა და რა სატანა ამერიკა ??მაშინ სად იყო, ამერიკას ეკიდა, რუსებს არ ეკიდათ ქართველებს კი არაფრის ---კი არა გვქონდა და არა გვაქვს.
დატიკოს
29.12.2016
ეს აფხაზეთის ომი მოგონილი და შეთანხმებული იყო შევარდნაძეს+ამერიკას და რუსეთს შორის,იმიტომ არ აღიარა იმ სატანა ამერიკამ 91-ში აპრილში საქართველოს დამოუკიდებლობა,სანამ ტყვია არ გავარდა 21 დეკემბერს!!!
დათიკო48
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი