მეტეხის ციხე და პირველი ხიდი დედაქალაქში
font-large font-small
მეტეხის ციხე და პირველი ხიდი დედაქალაქში
ქართველთა უმაგალითო მარტვილობის ამბავი

დღესდღეობით თბილისში, მტკვარზე ათი ხიდია. პირველი ხიდი კი დედაქალაქში მეტეხის ძირში, კლდოვან ნაპირებზე აშენდა. ძველ თბილისში მეტეხის ციხე ისნის მხრიდან ყველაზე საიმედო გუშაგად იყო მიჩნეული. მის ძირას კი მტკვარი ვიწრო ზოლივით ყოფს დედაქალაქს. საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების შერჩეულ ადგილას მოგვიანებით, ჩვენს უახლოეს წარსულში ქალაქის ყველაზე განიერი ხიდი გაიდო.

მეტეხთან ორი ნაპირი ყველაზე ახლოს იყო ერთმანეთთან და ამიტომ მშენებლებმა ხიდის აგება აქ გაცილებით ადვილად მიიჩნიეს. საუკუნეების განმავლობაში ამ ადგილას არსებული ხიდი სახეს სხვადასხვა მიზეზის გამო იცვლიდა: ხან მტერი არბევდა და გადაწვავდა, ხან სტიქია აზიანებდა, ხანაც უკეთესის ასაგებად ანგრევდნენ, თუმცა, ყოველთვის უცვლელი რჩებოდა თავად ადგილი. ეს უძველესი ხიდი რამდენიმე ძველ წერილობით წყაროშია მოხსენიებული და მის არსებობას XVII-XVIII საუკუნეების მტკვრის სხვადასხვა ნახატიც მოწმობს.

ხშირად ქართველები თვითონ შლიდნენ ხიდს, მტკვარზე მტრის გადმოსვლისთვის ხელი რომ შეეშალათ. ასე მოხდა ჯალალედინის ურდოების შემოსევისას. ხვარაზმთა იმპერიის ბოლო მმართველმა ჯალალედინმა სიონის ტაძრიდან ჯვარი ჩამოაგდო, ტაძრის გუმბათი დაანგრია და ზედ ტახტი დაიდგა. ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა, ხიდის შესასვლელთან დააყრევინა და ბრძანა, რიგრიგობით მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, განურჩევლად სქესისა, ვინც სიწმინდეებზე ფეხით გაივლიდა, ხატებს შეურაცხყოფდა და ქრისტეს სჯულს უარყოფდა, სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა, ვინც ამას არ გააკეთებდა, თავს მოჰკვეთდნენ და გვამებს მტკვარში გადაყრიდნენ. ამ შემოსევის შედეგად ასი ათასი ქართველი ეწამა. მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო. გამწარებულ ჯალალედინს ძალიან უკვირდა, ქართველთა უმაგალითო მარტვილობის ამბავი.
1795 წლის შემოდგომაზე, აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს, მეტეხის ხიდი საგრძნობლად დაზიანდა. საჭირო გახდა სასწრაფო შეკეთება, რადგან მისი საშუალებით ერთმანეთს უკავშირდებოდა მეტეხის ციხე და ე. წ. დაბალი ციხე (ასე ეწოდებოდა მეტეხის პირდაპირ მთის ფერდობზე გალავნით შემოზღუდულ უბანს ნარიყალასა და მტკვარს შორის). წელში გატეხილ ქალაქში საამისო თანხები არ მოიძებნებოდა, მაგრამ მშენებლობა ეტაპობრივად ახლდებოდა, როგორც კი საამისოდ ფული გამოჩნდებოდა. საბოლოოდ, ხიდი აღადგინეს. როგორც ჩანს, მან დიდხანს ვერ გაძლო, რადგან 1820 წელს თბილისში მყოფი ფრანგი მოგზაური გამბა წერდა, რომ თბილისში მისი სტუმრობის პერიოდში, მეტეხის ძველი ხიდის ბურჯებზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობდა.
მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის დასაწყისში თბილისმა ზრდა დაიწყო, "გარეუბნები" შემოიერთა და მოსახლეობა მომრავლდა, თბილისელთათვის საჭირო გახდა კიდევ ერთი ხიდის დამატება. სწორედ ამ მიზნით, მეტეხის ხიდის გვერდით, 1830 წელს ახალი ხის ხიდი ააგეს, რომელსაც ავლაბრის ხიდი უწოდეს. ვინაიდან მასზე ურმებსაც შეეძლოთ მოძრაობა, მას "ვირის ხიდიც" შეარქვეს.

დედაქალაქის ისტორიაში ამ ხიდების სახელწოდება ხშირად იცვლებოდა. მათ ხან მეტეხისა და ავლაბრის ხიდებს ეძახდნენ, ხან ავლაბრის პირველ და მეორე ხიდს, ზოგჯერ ხიდს მეიდნისასაც უწოდებდნენ, ზოგჯერ კი მათი კონსტრუქციის გამო ზედა და ქვედა ამერიკულ ხიდებად მოიხსენიებდნენ.
წლების შემდეგ ეს ორივე ხიდი ლითონის ხიდებით შეცვალეს. 1869 წელს ისინი ერთ-ერთ ინგლისურ ფირმას შეუკვეთეს. 1870 წლის გაზაფხულზე შეკვეთა უკვე შესრულებული იყო, თბილისში ჩამოიტანეს და მის დამონტაჟებას შეუდგნენ. ავლაბრის 28-მეტრიანი ხიდის პროექტი თბილისელ ინჟინერ ზეზემანს ეკუთვნოდა, ხოლო მეტეხის 30-მეტრიანი ხიდის ავტორი ინგლისელი ინჟინერი ორდიში გახლდათ. პირველი მოსიარულენი ხიდზე უკვე იმავე წლის გაზაფხულზე გამოჩნდნენ და აღნიშნული ხიდები წლების განმავლობაში ემსახურებოდა თბილისის მოსახლებასა და მათ სტუმრებს.
XX საუკუნის შუა წლებში მეტეხისა და ავლაბრის ხიდების ადგილას ერთი დიდი ბეტონის ხიდის მშენებლობა განიზრახეს. Aიმ დროის პრესაში იწერებოდა: "... ახალი ხიდი, რომლის მშენებლობაც ძირითადად მომავალ წელს უნდა დამთავრდეს, ორმალიანი იქნება; პირველი მალით ხიდი გადაუვლის მდინარეს, ხოლო მეორე მალი ნავარაუდევია ჯვარედინი მოძრაობისთვის. ხიდის ამ მალის ქვეშ გაივლის მიასნიკოვის ქუჩა და შეუერთდება ირაკლის ქუჩას, რომელიც მას ქალაქის მარჯვენა მხრით დააკავშირებს ბარათაშვილის ქუჩასთან".

იმ ხიდზე, რომელზეც ახლა დავდივართ და სამანქანო მოძრაობაა, 1951 წლის გაზაფხულის ერთ-ერთ პერიოდულ პრესაში ვკითხულობთ: "...დღეს, 29 აპრილს, საექსპლუატაციოდ გადაეცემა მეტეხის ახალი ხიდი მდინარე მტკვარზე. ხიდის მშენებლობა 1950 წელს დაიწყო და ასეთი ნაგებობისთვის მოკლე დროში - 6 თვესა და 17 დღეში დამთავრდა. მეტეხის რკინაბეტონის ხიდი აგებულია ინჟინერ გიორგი ჩომახიძისა და არქიტექტორ სერგო დემჩინელის პროექტით. იგი სავსებით თანამედროვე ნაგებობას წარმოადგენს. მისი სიგრძეა 63 მეტრი. ხიდს ორი მალი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი, 43 მეტრი სიგრძისაა, ზეგ უვლის სანაპიროს, რომელიც, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მომავალში მარჯვენა ნაპირზე უნდა აშენდეს. ახალი ხიდი ქალაქის ყველა ხიდზე განიერია - მისი სიგანე 25,6 მეტრს უდრის".
ახალი ხიდი ბაზალტის ქვით შემოსეს და მასზე ბოლნისის ქვით მოპირკეთებული ოთხი თერთმეტმეტრიანი ლამპიონი დადგეს. მისი თუჯის მოაჯირი კი კლასიკური ქართული მხატვრული ჩუქურთმით შეამკეს. ამ დიდი ზომის ხიდის მოკლე დროში შესრულებულ მშენებლობას თავისი მიზეზი ჰქონდა. მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოებისას დასაშვები იყო დღეში ქვის მხოლოდ ერთი რიგის დაწყობა, ვინაიდან ცემენტის ჩვეულებრივი ხსნარი ვადაზე ადრე საჭირო სიმაგრეს ვერ აღწევდა. სამუშაოთა დასაჩქარებლად ხსნარის მოსამზადებლად სმირნოვის მეთოდი გამოიყენეს, რაც შემდეგნაირად მოხდა, პორტლანდ-ცემენტს დაუმატეს გაუნელებელი კირი და მცირე რაოდენობით მარილმჟავა. ამ წესით მოზადებული ხსნარი კი უკვე ოთხ საათში აღწევს იმ სიმაგრეს, რასაც ჩვეულებრივი ბეტონი მხოლოდ მესამე-მეოთხე დღეს იღებს. ამით მშენებლებს საშუალება მიეცათ, 3-4 რიგის ქვა დაეწყოთ, რამაც მუშაობის პროცესი დააჩქარა.
ძნელი სათქმელია, რიგით რომელი ხიდია დღესდღეობით არსებული მეტეხის ხიდი, თუმცა, იმაზე, რომ საუკუნეების წინ ამ ადგილას თბილისის პირველი ხიდი აიგო, ისტორიკოსები ერთსულოვანი არიან.

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით 2014 წელს თბილისის მასშტაბით, მეტეხის ხიდის მიმართულებით ლოცვითი-მსვლელობები გაიმართა და საღამოს ამავე ადგილას ჩვენმა პატრიარქმა ილია II-მ პარაკლისი გადაიხადა. ვინაიდან წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალედ­დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში სწორედ აქ აღესრულა.
2014 წლიდან, ზაზა გაბუნიას ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს ადგილი "წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდის" სახელს ატარებს.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
06.04.2017
არჩვეულებრივი ნარკვევია. ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა ავტორს.
თვალსაზრისი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი