იმ დროს ხომ ყველას უსუსური ბრალდებებით აპატიმრებდნენ
ბოლშევოს სააგარაკო სახლიდან გაქცევის შემდეგ, ცვეტაევა ნახევრად შეშლილ მდგომარეობაში გოლიცინში დასახლდა. დახმარებისთვის მან მწერლებს მიმართა. იმ დროისთვის მწერალთა კავშირის გენერალურმა მდივანმა, ე.წ. ლიტერატურის გენერალმა და ცენტრალური კომიტეტის წევრმა - ფადეევმა უარი უთხრა კავშირში მიღებაზე, ასევე თხოვნაზე, რომ სადმე, თუნდაც დროებით, დაებინავებინათ. მან კატეგორიულად განუცხადა: "ამხანაგო ცვეტაევა! თქვენთვის ოთახის შოვნა სრულიად შეუძლებელია", - და ურჩია, დაექირავებინა საცხოვრისი გოლიცინის დასასვენებელ სახლთან ახლოს, რათა ე.წ. კურსოვკით ეკვება მწერალთა კავშირის სასადილოში. ამის თაობაზე ის განკარგულების გაცემას დაჰპირდა.
გოლიცინი მისი ცხოვრების ყინულოვან უდაბნოდ გადაიქცა. იქ კერძო სახლში, კომუნისტურ პროსპექტზე, ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, ყველაზე მკაცრი ყინვების დროს, ფაქტობრივად საზაფხულო ვერანდაზე. აღარც ახლობლები, აღარც მეგობრები, არც თბილი ტანისამოსი, არც შეშა, არც ფული - სრულიად არაფერი. სახლში არ იყო ელექტროენერგია, თავიდან ნავთის ლამპაც არ ჰქონდათ. ამ პროსპექტის ბოლოს კი იდგა კეთილმოწყობილი, გაჩირაღდნებული მწერალთა სახლი, სადაც 10-15-ოდე მწერალი ბინადრობდა და მარინასა და მის ვაჟს მხოლოდ უმცირესი საკვების მიღების უფლებას რთავდნენ. ცოტა ხანში მწერალთა სახლიდანაც გამოაგდეს. არაბუნებრივად გაუზარდეს კვების საფასური, რის გადახდასაც ის ვერ შეძლებდა. ერთხელ, შემთხვევით ყური მოჰკრა დირექტორის სატელეფონო საუბარს: "ცვეტაევას კვება მოვუხსნათ?.. კარგი, დღეს ასეც მოვიქცევი!" - სამზარეულოში მებუფეტე ქალი - ნიურა შეეკითხა: - განა თქვენ აღარ საუზმობთო? - ლამის ქვითინამდე მისულმა მარინამ შესჩივლა: - არა, საქმე ის არის, რომ ისინი ყოველ ჯერზე, 830 რუბლს ითხოვენ, მე კი ამდენი ფული არ მაქვს. წესიერი ადამიანი ვარ და მათ ყოველივე კარგს ვუსურვებ... თუ შეიძლება, ერთ ადამიანზე მომეცითო - შვილისთვის ითხოვდა. სინამდვილეში, მთლიანად - კვებასა და საცხოვრისზე ყველა გაცილებით ნაკლებს იხდიდა - სულ 500 რუბლს.
თითქოს, ყველა ერთთავად დაუპირისპირდა. ძველი ნაცნობები კეთროვანივით გაურბოდნენ; დანარჩენები - დევნიდნენ ან შეურაცხყოფდნენ. აქედან იწყებოდა მისი გზა ჯოჯოხეთისკენ. ყველაზე დიდი საიდუმლო კი მისი დაბრუნება იყო. რატომ არ დააპატიმრეს ისიც? იმ დროს ხომ ყველას უსუსური ბრალდებებით აპატიმრებდნენ.
არიადნას საქმე
არიადნა ეფრონი "ყველაფერში გამოტყდა" და ამით თან გაიყოლა მამა და გარკვეულწილად დედაც. მას რეზინის ხელკეტებით სცემდნენ, კარცერში კეტავდნენ; ზოგჯერ დახვრეტასაც იმიტირებდნენ. არიასთვის ყველაზე გამაოგნებელი გამოდგა ფაქტი, რომ უკვე ჩვეული გამომძიებლის ნაცვლად, მისი ამხანაგი - ანდრეი სვერდლოვი გამოჩნდა, რომელიც ცოტა ხნით ადრე, მას და მის საქმროს დაუმეგობრდა. ყველანი ერთ წრეში ტრიალებდნენ; ერთად დადიოდნენ კინოში; უსმენდნენ ჯაზს; ისხდნენ პატარა "ჟურ-გაზის" (ჟურნალ-გაზეთების გაერთიანების) რესტორანში. არიადნა და მულია (მისი მეგობარი) იქვე, ჟურნალის რედაქციაში მუშაობდნენ. მაშინ ყველა არიადნას დასცინოდა, რადგან ჟურნალ "რევიუ დე მოსქოუს" რედაქციაში ფეხმოუცვლელად საათობით იჯდა. ამის გამო, ძველმოდურად თვლიდნენ. ანდრეი ერთ-ერთი მათგანი იყო. ახლა კი მას სასტიკ გამომძიებლად მოევლინა.
ანდრეი სვერდლოვმა შესანიშნავად იცოდა, რატომ და როგორ დაბრუნდა რუსეთში არიას ოჯახი. არადა, აძალებდა, რომ ათას გამოგონილ ჩვენებაზე მოეწერა ხელი. თან ისეთი უშვერი სიტყვებით იგინებოდა, რომ არია სახტად იყო დარჩენილი. ერთხელაც, როცა ახალგაზრდა ქალი გაჯიუტდა, ანდრეიმ განუცხადა: "რადგან თქვენ არ გსურთ თქვენი ნებით, მოგვიწევს სხვანაირად დაგელაპარაკოთ" - და ე.წ. ძვლების მტვრეველნი გამოიძახა.
სხვათა შორის, როგორც ცვეტაევას ერთ-ერთი ბიოგრაფი (ბელკინა) აღნიშნავდა, არიადნას დაკითხვათა ოქმებში სვერდლოვის გვარი არსად იყო მოხსენიებული. მან სიბერემდე მიაღწია. 1963 წელს მდიდრულ სანატორიუმ "ბარვიხში" პოეტ ტვარდოვსკისაც შეხვედრია, რომელმაც შემდეგ, თავის მოგონებებში მასზე დაწერა: "გამოუცნობი კაცია, 16 წელი საბჭოთა უშიშროების სამსახურში იმუშავა. ბავშვობაში ლენინს იცნობდა. ყველაფერი დეტალურად იცის: ჭორები, ანეკდოტები, "კარის" ცხოვრებისეული ამბები. მასთან ვერ მოვა დედოფალი ეკატერინეს დროინდელი ის გენერალიც, რომელსაც "გაუმართლა" და იმპერატრიცას შიშველი უკანალი ნახა!.. მას გაცილებით მეტი ჰქონდა ნანახი... ყველაზე ხშირად ადამიანებზე ცუდს გატყობინებდა: ტუხაჩევსკი - მორფინისტი; კოსარევი - მექალთანე; ვიღაც მეძავი ყოფილა, ვიღაც - ძაღლიშვილი..." და ა.შ. მაგრამ ცვეტაევასა და არიადნაზე ტვარდოვსკისთვის არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. თუმცა, ის ყველას დაკითხვებს ესწრებოდა, განსაკუთრებით, საფრანგეთში ნამყოფების. ის სერგეი ეფრონის დაკითხვასაც დაესწრო, რომელიც ლეფორტოვოში ფსიქიკურ აშლილობამდე მიიყვანეს.
სერგეი ეფრონის საქმე
მოგვიანებით, ცვეტაევაზე ჩვენებას მისი ქმრის ე.წ. ყველა თანამოსაქმე აძლევდა. მაგალითად, კლეპინინი ამბობდა: საბჭოთა წყობა მისთვის უცხო და მტრულიაო. ლიტაუერი: ბოლშევოში არ ერიდებოდა ეთქვა, რომ ციხეში ჩამოვიდა და რომ შემოქმედება აქ შეუძლებელიაო. - განა ეს ცოტა იყო მარინა ცვეტაევას დასაპატიმრებლად?.. თვით სერგეისგანაც კი გამოწურეს ასეთი ფრაზა: ზოგიერთ ნაწარმოებში გამოთქვამდა ანტისაბჭოურ შეხედულებებსო. მაგრამ მაინც, სერგეი ყველაზე მტკიცე გამოდგა. როდესაც საბოლოოდ, ის რეაბილიტირებულ იქნა, სამხედრო პროკურორმა არიას უთხრა: "მამათქვენი მამაცი ადამიანი იყო. მან თვით ბერიასთან გაბედა მისთვის წაყენებული ბრალდების უარყოფა და ამისთვის ლუბიანკის კედლებში დახვრეტაც მიიღო".
ყველაფრის მიუხედავად, მარინა დაკითხვაზე არც ერთხელ არ დაუბარებიათ, არც გადაუსახლებიათ, როგორც "ხალხის მტრების" ცოლი და დედა, რაზეც პასუხი არ არსებობს. ზოგიერთის ვარაუდით, ის სტალინმა გადაარჩინა. მწერალთა კავშირში ხომ მას სიამოვნებით მოუწყობდნენ სამსჯავროს, ამის ნება რომ მიეცათ. მაგრამ ჩნდება კითხვა - რატომ გადაარჩინა?.. სტალინმა ასე შორსმჭვრეტელურად კიდევ სხვებიც გადაარჩინა: ახმატოვა, პასტერნაკი, ზამიატინი, ბულგაკოვი, პლატონოვი... როგორც ამბობენ, ბელადს უხინჯო ლიტერატურული გემოვნება ჰქონდა და სიცოცხლეს მათ უნარჩუნებდა, ვისაც რუსული ლიტერატურისთვის დიდება უნდა მოეტანა.
ტანჯვის ბილიკი
მარინა ტრამვაიში იჯდა და სიმწრისგან კბილები უკაწკაწებდა. ის მთელი ძალით უჭერდა ყბებს, ოღონდ ეს გარშემო მყოფებს არ შეემჩნიათ. ორი დღის წინ, ლუბიანკაზე მისგან არც ერთი ამანათი არ მიიღეს სერგეისთვის და არც ფული. - ე.ი. ავადაა, მოკვდა, მოკლულია?!. - უტრიალებდა თავში.
რეალურად, მარინა სერგეიზე ადრე წავიდა ცხოვრებიდან - მის დახვრეტამდე ორი თვით ადრე ჩამოიხრჩო თავი.
ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ 40-იან წლებში ცვეტაევას შეეძლო უცებ დახრილიყო და მოურიდებლად მიწიდან აეღო ძირს დაგდებული ხახვის ბოლქვი. "წვნიანს მოვხარშავ, - უთხრა ერთხელ თანამგზავრს. - ასეთი ჩვევა გამომიმუშავდა. იყო სხვა დღეებიც, როცა წვნიანს იმისგან ვხარშავდი, რისი აკრეფაც ბაზარში მიწევდა". არადა, ომი ჯერ არ იყო დაწყებული; არ იყო კვების ბარათები, შიმშილობა. პირიქით, ეს იყო დრო, როცა მწერლები თითქოს ჯაჭვებიდან ჩამოხსნეს, გაამდიდრეს; მხიარულად დაასახლეს მწერალთა სახლებში. უშენებდნენ აგარაკებს პერედელკინოში; უძენდნენ მანქანებს; ყიდულობდნენ წითელ ავეჯს, ფაიფურს; ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ანტიკვარიატის შეძენაში. მათში კომფორტის მოთხოვნილებამ გაიღვიძა. ეს "ადამიანთა სულების ინჟინრები", როგორც მათ სტალინი უწოდებდა, გაზეთებში ბრალს სდებდნენ "ხალხის მტრებს" და რადგან საკუთარ თავში სინდისი უკვე საბოლოოდ გასრისეს, ახლა მთელი ძალით მიექანებოდნენ მხოლოდ ბიწიერი ადამიანური ბედნიერებისკენ. მათი გარეგნული ბრწყინვალება, მათი კეთილდღეობა ცვეტაევას თვალს ვერ უხვევდა. მან კარგად იცოდა პატივდებული მწერლების პწკარების საფასური. ხოლო სიდიადით შესაძლოა, მაშინ მისი თანასწორი მხოლოდ ორი იყო: პასტერნაკი და ახმატოვა.
მარინას იმედი ბევრმა გაუცრუა. ისინი, ვინც ოდესღაც მასთან დაახლოებულნი იყვნენ, ახლა გაურბოდნენ ან სულაც - დევნიდნენ.
თარგმანების გარდა, ორი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ლექსი (ისიც 20 წლის წინანდელი) დაუბეჭდეს. მაგრამ კრიტიკამ მასაც არ აუარა გვერდი. "ცვეტაევას მელანქოლიური მოთქმა", - დაწერეს "იზვესტიაში".
მარინა ცვეტაევას 48 წელი შეუსრულდა, მაგრამ დედაბერივით გამოიყურებოდა.
მარინა გამოიძახეს "ცეკაში". ვაჟი მას გარეთ, თავსხმა წვიმაში ელოდებოდა. თუმცა, არაფრით დახმარებიან. უთხრეს, რომ მხოლოდ მწერალთა კავშირში დარეკვა შეეძლოთ. მისი თანდასწრებით დარეკეს კიდეც. ამგვარად, "კეთილ ადამიანთან" - როტნიცკისთან გადაამისამართეს, რომელმაც მას უკანასკნელი საცხოვრისი გამოუყო - პაწაწინა ოთახი პაკროვკაზე. ეს ბინა მის ბოლო სამყოფელ საკნად გადაიქცა. მე-7 სართულზე, 13-მეტრიან ოთახში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა. ფანჯრებს ფარდებიც კი არ ჰქონდა. მათ აქ 10 თვე გაატარეს. ვინც მასთან ამ ბინაში იყო ნამყოფი, ახსოვდა ოთახში შიშველი ნათურა; ლურსმნებზე ჩამოკიდებული ტანისამოსი; მაგიდა ფანჯარასთან; შვილისთვის სახელდახელოდ დადგმული ფიცარნაგი ზედ დაფენილი ლეიბით; თავისთვის დასაწოლად ერთმანეთზე მიდგმული ჩემოდნები ჰქონდა. ეს უკვე პარიზულ გასაჭირსაც არ შეედრებოდა, არამედ სიღატაკე იყო. სადმე, ნებისმიერი სტუმრობისას, სუფრიდან აუცილებლად იღებდა რამეს და ჩანთაში მალავდა - შვილისთვის.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, პაკროვკიდან უკანასკნელად, ომის დაწყებამდე 4 დღით ადრე, ვაჟთან ერთად კუსკოვოში გაემგზავრა, პოეტ კრუჩონიხთან და ლიდა ლიბედინსკაიასთან ერთად. უკანასკნელი ფოტოც იქ გადაიღეს.
ზაფხულის ამ დღეს, როცა ნავით პატარა კუნძულს მიადგნენ, ცვეტაევა ბალახზე წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და დიდხანს იყურებოდა ცაში. ეს მისი უკანასკნელი უშფოთველობა იყო. ორ დღეში ომი დაიწყო. განუწყვეტლივ სირენების ღმუილი ისმოდა. დაიწყო ბომბსაფარში მუდმივი სირბილი; შიში შვილის გამო, რომელიც სახლის სახურავზე ჩამოვარდნილ მაშხალებს აქრობდა; სტაფილოს შრობა ყველა გამათბობელზე, ბანაკში ქალიშვილისთვის გასაგზავნად - შეუძლია მოხარშოს, მაინც ბოსტნეულიაო; და კიდევ, უაზრო ფაციფუცი ბინაზე, საიდანაც ისევ, ახლა უკვე ომის გამო, ასახლებდნენ.
"სიცარიელის წრე"
1941 წლის აგვისტოს, მდინარის სანაპირო სადგურიდან გაცურა გემმა "ალექსანდრე პიროგოვმა". ამ გემით მარინა ცვეტაევა ვაჟთან ერთად გაემგზავრა. თითქოს თავის მომავალსა და მარადისობაში მიცურავდა. "მე ხომ ვიცი, როგორ ვეყვარები ადამიანებს 100 წლის შემდეგ", - ამბობდა იგი.
ზუსტად 23 დღის შემდეგ, 31 აგვისტოს, შორეულ ელაბუგაში (თათრების მიწაზე) თავი ჩამოიხრჩო ყულფით, სწორედ იმ ლურჯ წინსაფარში, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბრუნებისას ჩამოიცვა, როგორც უღელი.
სიკვდილამდე 5 წუთით ადრე, შვილს წერილი დაუწერა: "...მაპატიე, მაგრამ მერე უარესი იქნებოდა. ეს უკვე მე აღარ ვარ. უსაზღვროდ მიყვარხარ. გადაეცი მამას და არიას, თუ ნახავ, რომ უკანასკნელ წუთამდე მიყვარდნენ და აუხსენი, რომ ჩიხში მოვექეცი..."
ირინა ჯანდიერი