ათეულობით წლების მანძილზე, ამ თემას ტაბუ ჰქონდა დადებული. სასტიკად იკრძალებოდა იმ გმირთა სახელების ხსენება, რომლებიც 1921 წლის თებერვლის მოვლენებს შეეწირა. პირველი მსხვერპლი, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა, 18 წლის მარო მაყაშვილის სიცოცხლე აღმოჩნდა. მისი დაღუპვა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია როდი გახლდათ - მაშინ, მასთან ერთად, საქართველოს თავისუფლება დასამარდა. ამ დაკარგულ თავისუფლებას და დაღუპულ ასულს მთელი ცხოვრება გლოვობდა საქართველოს მწერალთა კავშირის პირველი თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი. "მე მიყვარს ჩემი სამშობლო მტკივნეულად, განუსაზღვრელად და... მოვალე ვარ, მას ვუმსხვერპლო ყველა, რაც მხოლოდ მისი მეოხებით მომეცა". ამ სულისკვეთებით აღზარდა ქალიშვილიც, რომელიც 1921 წლის 19 თებერვალს სამშობლოს თავისუფლებას ემსხვერპლა.
კოტე მაყაშვილის ცხოვრებიდან
თავადის ოჯახში დაბადებული კოტე მაყაშვილი ცხრა და-ძმიდან ყველაზე უმცროსი იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ, უფროსმა ძმებმა პატარა კოტე გარკვეული პერიოდი, ყარსის ოლქის დაბა სარაყამიშში წაიყვანეს, სადაც თავად მსახურობდნენ. კადეტთა კორპუსში სწავლისას კოტემ მშობლიური ენა დაივიწყა, რაც უდიდესი ტრაგედია აღმოჩნდა მისი ოჯახისათვის. სამშობლოში დაბრუნებული, სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარეს, ორი წლის შემდეგ კი თბილისის მეორე კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში გადაიყვანეს. სწორედ იქ დაუახლოვდა თანატოლ ივანე ჯავახიშვილს, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა კოტე მაყაშვილის ცნობიერების ჩამოყალიბება.
1895 წელს კოტე მაყაშვილი სწავლის გასაგრძელებლად, რუსეთში გაემგზავრა. პეტერბურგის უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის რჩევით, აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოახერხა, რადგან იქიდან გარიცხეს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც იგი სტუდენტობის წლებს უმადლოდა, მისი ქართველად ჩამოყალიბება იყო. სწორედ იმ პერიოდში შეისწავლა მშობლიური ენა, ეცნობოდა "ვეფხისტყაოსანს", "ვისრამიანს", "ქილილა და დამანას", უსმენდა ახალგაზრდა ივანე ჯავახიშვილის ლექციებს - სამშობლოს ისტორიულ წარსულზე, წმინდა ნინოზე, თამარ მეფეზე, დავით აღმაშენებელზე... ყოველივე ამან განაპირობა მისი ცნობიერების ჩამოყალიბება.
მომავალ მეუღლეს, უმშვენიერეს თამარს, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასულს, ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში შეხვდა. მერვეკლასელი კოტე მაყაშვილი თავიდანვე მოუხიბლავს თამარის სილამაზეს და არც თამარი დარჩენილა გულგრილი მის მიმართ. იმ დღიდან, ყველასგან შეუმჩნევლად, ფარულად ეტრფოდნენ ერთმანეთს. პეტერბურგიდან წერილებსაც ხშირად სწერდნენ. "მე სიკვდილის შვილთა რიცხვში უბედნიერესი ვარ, რადგან ვუყვარვარ მას, ვინც მე თავდავიწყებით მიყვარს. ყოველი სიტყვა შენი წვეთია ნექტარისა, რომლითაც მივსებ გულს. გრძნობების ენა ყოველთვის არ ჰგავს გონების ენას", - სწერდა პეტერბურგიდან შეყვარებული კოტე მაყაშვილი.
თამარი მართლაც, იმდენად ლამაზი ყოფილა, რომ მისი მშვენიერებით მოხიბლულ აკაკი წერეთელს ეკატერინე გაბაშვილისთვის უთქვამს: ეს თქვენი საუკეთესო ნაწარმოებიაო.
წლების მანძილზე ეტრფოდნენ ერთმანეთს კოტე და თამარი. 1900 წლის 10 ნოემბერს კი, ქაშუეთის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი (პატარძლის მეჯვარე, ილია ჭავჭვაძის მეუღლე - ოლღა გურამიშვილი გახლდათ). ისინი ჯვარს იწერდნენ სწორედ იმ ტაძარში, სადაც 21 წლის შემდეგ, მათი სიყვარულის ნაყოფი - 18 წლის მარო მაყაშვილი დაასვენეს...

ფრაგმენტები მარო მაყაშვილის დღიურიდან
"მუდამ ვწერდი ყოველ მოთხრობაში, ჩემდა მოგონილში. ამირანმა ასწყვიტა თავისი ჯაჭვი და საქართველო გაათავისუფლა-მეთქი, - ეს ილუზია იყო მარტო. თურმე იგი ამირანი, უფრო გაუწყვეტელი ჯაჭვებით არის შებოჭილი და მის გაწყვეტას ძალიან დიდი ღონე უნდა. აგრეთ ადვილი არ ყოფილა თავისუფლების მიღება"...
"ქართველი ერი მხნე და გულადი არის. არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას. შებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება".
"ძლივს გვეღირსა და ქართული დროშები ვნახეთ. რა მშვენივრად ფრიალებენ... მე სულ მაკანკალებდა. ჩემს არსებაში რაღაც თრთოდა... წმინდა გიორგი, იყავ მფარველი საქართველოისა!.. ხომ ხედავ, მაღალო ზეციურო მამავ, სამართალს. ჩამოგვაშორე მტერი და თავისუფლად ამოგვასუნთქე..."
1921 წლის თებერვალში, საქართველოს შემოესია საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია. უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა სტუდენტებს თავისუფლებისათვის ბრძოლისკენ მოუწოდა. უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი - მარო მაყაშვილი 17 თებერვალს, "წითელ ჯვარში" მოწყალების დად ჩაეწერა. ვერც მამის მუდარამ გასჭრა, ვერც დედის ცრემლებმა. სანიტარიულ რაზმთან ერთად კოჯორში - ბრძოლის ველზე წავიდა. 19 თებერვალს, საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ სასიკვდილოდ განგმირა სამშობლოსთვის თავგანწირული გოგონას სიცოცხლე. მასთან ერთად, თბილისის მისადგომებთან ასობით ქართველის სიცოცხლე ეწირებოდა მტერთან ბრძოლას.
ქაშუეთის ტაძრის ქვედა სალოცავში მოფარდაგებულ იატაკზე სამშობლოს შეწირული ვაჟები ესვენა. შუაში, შემაღლებულზე დაესვენებინათ მარო მაყაშვილი. მისი ნეშტისთვის სამფეროვანი ქართული დროშა გადაეფარებინათ. თავი თეთრი ხილაბანდით წაეკრათ, რადგან ყუმბარის ნამსხვრევებისაგან მიყენებული ჭრილობის გამო კეფიდან კიდევ სდიოდა სისხლი... გმირთა სულების მოსახსენებლად სწირავდა კათალიკოსი ლეონიდე.
მთელი საქართველო გლოვობდა დაღუპულ გმირებსა და დაკარგულ თავისუფლებას. მიცვალებულები ტაძრის ეზოში გაჭრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მარო ცალკე დაასაფლავეს რკინის გალავანთან, მაგრამ... დამოუკიდებლობის დაკარგვასთან ერთად, მისი საფლავიც დაიკარგა, უფრო სწორად - ბოლშევიკებმა ძალა არ დაიშურეს საიმისოდ, რომ მისი კვალი წაეშალათ, თითქოს ამით, ერის ცნობიერებიდან გმირთა სახელების წაშლასაც მოახერხებდნენ.
ქალიშვილის დაღუპვამ კოტე მაყაშვილი ერთ დღეში გააჭაღარავა. "ჩემო გმირო და წმინდანო. გამამხნევე მშობელი;
სამშობლო თუ შენ - რომელი, ახ, ვიტირო რომელი?!"
და მართლაც, მთელი ცხოვრება ერთნაირი განცდით დასტიროდა ასულისა და სამშობლოს ბედს მწერალთა კავშირის დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე. ის თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ "პატარავდებოდა" თვალსა და ხელს შუა სამშობლოს დიდება. სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც ხმა აიმაღლა ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ვაჟის, ლევან რაზიკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საწინააღმდეგოდ. სერგო ორჯონიკიძეს წერილიც კი მისწერა მწერალთა ხელმოწერებით - დაენდოთ ლევან რაზიკაშვილი და მისთვის დახვრეტის განაჩენი გაეუქმებინათ, მაგრამ... "ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟა-ფშაველაც რომ ყოფილიყო, იმასაც დავხვრეტდი", - მიიღო პასუხად მწერალთა კავშირმა.
სასტიკი რეჟიმი სასტიკი მეთოდებით ცდილობდა საქართველოში მყარად დამკვიდრებას.
შვილმკვდარი დედა - თამარ გაბაშვილი შვილის საფლავთან მცირე ხნით რჩებოდა ხოლმე, შვილის დატირებასაც ვერ ახერხებდა, რადგან... ეს სასტიკად აკრძალული იყო. მას შემდეგ კი, რაც მარო მაყაშვილი საფლავი "წაშალეს", თამარ გაბაშვილს იმ ქუჩაზე აღარც გაუვლია. მთელი ცხოვრება გაუსაძლის ტკივილში გაატარა.
საწოლის თავთან დაკიდებული სურათი, ზარდახშაში საგულდაგულოდ შენახული თმის კულული და მისი დღიური შემორჩენოდა მხოლოდ შვილისაგან. საგულდაგულოდ ინახავდა ამ ძვირფას რელიკვიებს. მემკვიდრეებს ანდერძადაც კი დაუტოვა - მისთვის საფლავში ჩაეყოლებინათ ქალიშვილის დანატოვარი - მისი თმა, თითქოს ამით გულთან ახლოს იგულებდა ასულს.
კოტე მაყაშვილი და თამარ გაბაშვილი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მათთან ერთად პოვა საუკუნო განსასვენებელი მათმა ვაჟმა შალვამაც. იქვე დამარხულია მარო მაყაშვილის თმის ნაწნავიც. დედას ანდერძი აუსრულეს. იქნებ, იქ არის მარო მაყაშვილის აღდგენილი საფლავიც?..
"ადამიანთა ცხოვრების უსაზღვრო ოკეანეში იბადებიან, იზრდებიან და ქრებიან ინდივიდები, რომელთა სახელები და მოქმედებანი რჩებიან ხსოვნაში იმისდა მიხედვით, თუ რა სულიერი ენერგია გამოიჩინეს მათ თავისი ყოფნის სარბიელზე," - წერდა კოტე მაყაშვილი, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რა კვალის დატოვება შეძლო მისმა ქალიშვილმა ერის ცნობიერებაში.