ბერი გრიგოლი მთავარანგელოზთა კუნძულის სავანეში დამკვიდრდა
თბილისში, ეთნოგრაფიის მუზეუმში მეგრული ოდა დგას. წლების წინ ეს სახლი ნადარეიშვილების ეზოში, აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში იდგა. იმ ეზოში ახლა ორსართულიანი სახლია და ორი საყვარელი მოხუცი ცხოვრობს: 90 წლის რევაზ ნადარეიშვილი და მისი მეუღლე. ბატონი რევაზი იხსენებს, სახლი ლაზმა ოსტატებმა ისე ააშენეს, ლურსმანი არ გამოუყენებიათო. ამ ჭერქვეშ თურმე ბევრი ცნობილი ადამიანი გაიზარდა. ჩვენ კი ერთ-ერთი მათგანის, ბერი გრიგოლ ნადარეიშვილის საინტერესო ცხოვრების დეტალებზე მის ძმისშვილთან ვისაუბრეთ.
- ეთნოგრაფიის მუზეუმში გამოხარშული წაბლის ხისგან ულურსმნოდ დამზადებული კოლხური ოდა დგას. ალბათ ბევრმა არ იცის ამ სახლის ისტორია. ამ სახლში გიგო ნადარეიშვილმა და სოფიო ჭანტურიამ 3 ვაჟი და 2 ქალიშვილი გაზარდეს. უფროსი შვილი ბერი გრიგოლი გახლდათ, ერისკაცობაში ვასილი, შინაურები ბატას ეძახდნენ. მეორე ვაჟს ვლადიმერი ერქვა, მამაჩემს კი ნესტორი. ჰყავდათ ორი და, ჩატუ (პარასკევა) და პელაგია. დიდებული მამიდები მყავდა, ძალიან ლამაზები. ბაბუას მეექვსე შვილი ჰყოლია - ფილიპე, ჩვილი გარდაცვლილა. შვილიშვილებიც იმ ოდაში გავიზარდეთ. ჩემი ინიციატივით ეს სახლი მერე მუზეუმს გადაეცა. ბაბუა საეკლესიო გლეხი იყო, რეფორმები რომ ჩატარდა და ბატონყმობა გაუქმდა, სოხუმში გადასულა, იქ წაიყვანა უფროსი შვილი, ვასილი და გიმნაზიაში სწავლობდა ბატა ბიძია. ბაბუა შეძლებული კაცი ყოფილა, მამულების გარდა სოხუმის ცენტრში საკუთარი დუქანი ჰქონდა. აფხაზეთში მდგარ რუსეთის ჯარს ამარაგებდა, სამეგრელოდან მიჰყავდა ცოცხალი საქონელი. სავაჭრო სახლებიც ჰქონია, ერთი სიტყვით, კომერციას ეწეოდა და საკმაოდ მდიდარიც იყო. როგორც ვიცი, XIX საუკუნის 90-იან წლებში ააშენეს ის ოდა. თურმე 3 წელი აშენებდნენ, ერთი ლურსმანიც კი არ გამოუყენებიათ. სახლს უნიკალური ორნამენტები ჰქონდა, მუზეუმის ხალხს გავატანეთ, მაგრამ სამწუხაროდ დაუკარგავთ.
ბაბუა მოულოდნელად გარდაცვლილა, ოჯახის უფროსი შვილი ბატა, მაშინ სრულწლოვანი არ ყოფილა, ამიტომ მეურვედ ოჯახის ახლობელი დაუნიშნეს. მან თურმე ბაბუის ქონების მითვისება სცადა, მიწის ნაკვეთის შემოღობვაც კი დაიწყო. 14 წლის ბატას ოჯახის ღირსება დაუცავს, გადმოუღია მამის თოფი და სროლა აუტეხია. ის კაცი გაქცეულა. ამის შემდეგ ბატამ სოფლის მამასახლისს მოსთხოვა, სოფლის კრება მოეწვია. მამასახლისიც იძულებული გამხდარა, არასრულწლოვანი დაენიშნა მამის ქონების განმკარგავად. სოხუმის გიმნაზიაში სწავლობდა ბატა და ამ მოვლენების გამო სწავლისთვის თავის დანებება მოუხდა. ბიძაჩემი ძალიან აქტიური და განათლებული ახალგაზრდა იყო, რევოლუციური იდეებით გატაცებული. მეგობრობდა კონსტანტინე გამსახურდიასთან, ალექსანდრე აბაშელთან და იმ დროის სხვა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან. გამორჩეული აღნაგობა ჰქონდა. არც მატერიალური პრობლემა აწუხებდა, კარგად ჩაცმული დადიოდა. ერთი სიტყვით, სასურველი სასიძო იყო. თურმე თავად მიქელაძეს იმდენად მოსწონებია, მისთვის საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინება შეუთავაზებია, მაგრამ ბატას ამ დროს იტალიიდან ჩამოსული დიდი ვაჭრის მშვენიერი ქალიშვილი უყვარდა. ბებიაჩემი კი ტრადიციებზე აღზრდილი ქალი იყო და თურმე ამ სიყვარულს წინ აღუდგა.
- რატომ?
- შვილისთვის უთქვამს, კათოლიკე გადამთიელი რძალი არ მინდაო. არადა, ძალიან უყვარდა ბიძაჩემს იტალიელი ულამაზესი გოგო, გვარად სპრინქველი. გოგოს მამა ქსოვილებით ვაჭრობდა, ონტოფოში 1810 წელს ჩამოსულა და აქ ცხოვრობდნენ. ბიძაჩემი 1886 წელს არის დაბადებული. ის გოგო რომ გაიცნო, 27 წლის იყო. ძალიან უყვარდა, მაგრამ დედის უარს წინ ვერ აღუდგა, რელიგიამ შეუშალა ხელი მათ ქორწინებას. დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. სიყვარულზე უარმა მთლიანად შეცვალა ბატას ცხოვრება. ამას ისიც დაემატა, რომ რევოლუციონერმა მეგობრებმაც იმედი გაუცრუეს. იყო ძალიან აქტიური ერთობის წევრი 1905-07 წლებში. ამ ერთობის წევრი ყოფილა მაშინ პოეტი ალექსანდრე აბაშელი, რომელსაც ბიძაჩემთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ჩვენს სახლშიც დადიოდა. ბებიაჩემი იხსენებდა, ხაჭაპურს რომ გამოვუცხობდი, ოთახშიც არ მიშვებდნენ, მარტონი ისხდნენ და საუბრობდნენო. 1905 წლის მოვლენებმა დაარწმუნა, რომ რევოლუციურ მოძრაობაში პარტიული ტერორისტები დიდ როლს ასრულებდნენ. მაღალი იდეალების კაცი იყო ბიძაჩემი და მათ მალე ჩამოშორდა. ეტყობა პესიმიზმში ჩავარდა და წავიდა სენაკში, ალექსი შუშანიას სავანეში. მას გაანდო თავისი გულისტკივილი და სწორედ მისი კურთხევით წავიდა ბერად. მორწმუნე ოჯახში აღზრდილმა, ეკლესიური ცხოვრება არჩია. მისი სულიერი მოძღვარი ბერი ალექსი შუშანია იყო, რომელსაც ბატასთან მიმოწერა ჰქონდა. დღემდე შემორჩენილია ლექსი, მიძღვნილი ალექსი ბერის მიერ მისდამი და იქიდან ჩანს, როგორ ამხნევებდა იგი მორჩილების გზაზე დამდგარ ბიძაჩემს. 27 წლის მოძღვრის კურთხევით წმინდა ათონის მთაზე წავიდა, სადაც მსახურობდა მამა გრიგოლი. არავისთვის არ უთქვამს, ბერად რომ მიდიოდა. ფოთიდან წავიდა, გემით უნდა წასულიყო ათონის მონასტერში. სამოქალაქო სურათი 1908 წელს გადაუღია თეთრ ჩოხაში და ეს დედანი შემორჩენილია, მუზეუმს გადავეცით. 1908 წელს ბატა ჯერ ოდესაში, იქიდან იერუსალიმში წასულა მოსალოცად, მერე ათონის მთაზე. იქიდან დედას მოსწერა წერილი, ბერად მივდივარო. ბებიას თურმე შვილის ნაბიჯი არ მოეწონა, შავებიც ჩაუცვამს, რა არ გაუკეთებია, რომ შვილისთვის აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ ვერ გადაათქმევინა. 1910 წელს იგი ბერად ათონში აღკვეცილა. მაშინ იქ უმძიმესი მდგომარეობა იყო, ბერმონაზვნებს ივერთა მონასტერში არ უშვებდნენ, ბერძნებისგან საშინელ დევნას განიცდიდნენ. ამ დროისთვის სავანის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოანე ხოშტარია ყოფილა, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანემ 1919 წლამდე იარსება და ქართველი ბერების მცირე ჯგუფმა დატოვა წმინდა მთა და სამშობლოში დაბრუნდა. უმეტესობა ათონში დარჩა.
- ბიძა საქართველოში დაბრუნდა?
- როგორც ვიცი, ბიძაჩემი უფრო ადრე, 1912 წელს დაბრუნდა საქართველოში. ის ჩვენთან იხსენებდა, როგორ გამოასახლეს ათონის მთიდან ათასზე მეტი ბერი და რუსეთის სამხედრო გემებით კავკასიაში როგორ გადაიყვანეს. ამის შემდეგ ბერი გრიგოლი მთავარანგელოზთა კუნძულის სავანეში დამკვიდრდა. ახლაც არის იქ ივერიის ღვთისმშობლის ხატი შემორჩენილი, რომელიც გრიგოლ ბერს ათონის მთიდან ჩამოუბრძანებია. აქვს ასეთი წარწერა: "წმინდა ესე ხატი ივერიის ღვთისმშობლისა შევსწირე მთაწმინდით თეკლათის მთავარანგელოზის ეკლესიასა, მონაზონი გიორგი გ-ძე ნადარეიშვილმა, მთაწმინდელყოფილმა, საოხად სულისა ჩემისა და მოსახსენებელად მშობელთა ჩემთა 1912 წ." ისევ თავი შეაფარა ალექსი ბერთან და 6 წელიწადი მასთან იყო. ალექსი ბერმა 1917 წელს დაითხოვა მონასტრის ძმობა და დაყუდებულ მოღვაწეობას შეუდგა. ამ მოვლენების შემდეგ მამა გრიგოლმა ვერ იპოვა ადგილი, სადაც შეიძლებოდა დარჩენილიყო. შემორჩენილი წერილებიდან ირკვევა, რომ ის საქართველოში იყო. სამთავროს დედებს 1919 წელს წერილებს სწერდა, ეშმაკმა არ მომცა საშველი და ფეხი ვერსად მოვიკიდეო. როგორც ჩანს, ცდილობდა რომელიმე მონასტერში წასულიყო, მაგრამ საბოლოოდ სხვა გზა - განდეგილობა არჩია. აი, რას სწერდა დედაოს:
"სულიერო დაო სიდონია, პირველად მოგიკითხავ საღმრთო სიყვარულით და ვთხოვ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ის ცეცხლი, რაც თქვენშია, უფრო მეტად გაჩაღდეს სულში და არ ამოაკლდეს. ამაოდ არ არის ნათქვამი მამების მიერ, მონაზონი მუდამ სძლევს ეშმაკსო. 9 წელიწადია, რაც სოფლიდან გამოვედი და მის მერე სულ იმის მცდელობაში ვარ, რაღაც ფერად გამომეკვლია, რა იყო ღვთის ნება ჩემზედა და მოეწყო საქმე ისე, რომ მოძღვარი თანახმაა ამაზე პასუხის მოცემისა. ხოლო დრო და ჟამი არ ვიცი, როდის მივიღებ ამაზე პასუხს... მოახლოებულია ჟამი გათენებისა. ვინაიდან გვესმის მამლის ყივილი. ბერი გრიგოლი, 1919 წლის 15 აგვისტო".
კიდევ ერთი ასეთი წერილია შემორჩენილი, რომელსაც დედაოებს სწერს:
"სულიერო დანნო ევპრაქსია და მართა, მოგიკითხავთ საღმრთო სიყვარულით. ღვთისმშობელს ვსთხოვ და მთავარანგელოზ მიქაელს და გაბრიელს, რათა წარგიმართონ თქვენ სულიერ გზაზე... ამპარტავნება არის დიდი და მთავარი ვნება, ესე იგი, უკეთუ კაცი ამპარტავანია, მაგი არათუ ამ ერთი ვნების პატრონია, არამედ ყოველივე ვნების, რომელ არს ცის ქვეშე. ახლა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სიკვდილი ყოფილა ამპარტავნებაში... ვითარცა თქვა პეტრე მოციქულმან ნაყოფი სულისა არს სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, მყუდროება, მარხვა, მოთმინება... თქვენი სულიერი ძმა გრიგოლი. 1916 წელი, ივლისის 10 დღესა".
მოგეხსენებათ, როგორ ებრძოდნენ მაშინ ეკლესია-მონასტრებს, 1921 წელს ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოს ანექსია გამოაცხადა, დაიწყო ეკლესიის მსახურთა დევნა, ჩვენს სოფელში, ონტოფოში მაშინ ორი ეკლესია დაანგრიეს, ხატები და საეკლესიო ნივთები დაწვეს. ღმერთმა ხალხის თვალწინ აღავლინა სასწაული, ერთ-ერთი ბოლშევიკი ტაძრის სახურავიდან ჩამოვარდა და იქვე გარდაიცვალა, მაგრამ ამ ფაქტმაც ვერ შეაშინა ისინი და ნგრევა მაინც გააგრძელეს. მამაჩემი, ნესტორიც ყოფილი მენშევიკი იყო, თავის დროზე რუსეთის იმპერიის უნტერ-ოფიცერი. პირველი მსოფლიო ომის გმირი. იბრძოდა ტაბახმელასთან წითელი არმიის წინააღმდეგ და 1924 წელს დახვრეტას სასწაულებრივად გადაურჩა. მამა წმინდა გიორგის საბრძოლო ჯვრების ოთხივე ხარისხის კავალერი იყო. მამას გავლილი ცხოვრების გზაც ძალიან საინტერესოა.
- ბატონო რევაზ, ბიძათქვენის შეყვარებულს ხომ არ შეხვედრიხართ სადმე?
- ბერად რომ აღიკვეცა ბიძაჩემი, ამის მერე გათხოვდა. მას არ ვიცნობდი. უკვე თბილისში ცხოვრობდა. მის მეზობლად ონტოფოში ქორიძეები ცხოვრობდნენ, მერე ისინი თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად და მათთან სტუდენტობის დროს ჩემი ახლობელი გოგო ცხოვრობდა. თურმე იმ ეზოში იყო გათხოვილი ეს ქალბატონიც, რომელიც ბიძას ასე ძალიან უყვარდა. იტალიურ სახლში იყვნენ, სტუდენტი ვიყავი, 1948 წელი იყო და ჩემს ახლობელთან სოფლიდან პროდუქტები გამატანეს. რომ მივედი, დავინახე ლამაზი მოხუცი ზის ამ იტალიური სახლის კორიდორში. რომ დამინახა, ჩემს ახლობელს ჰკითხა, ვინ არისო? - ეს არის ონტოფოდან ჩემი მეზობელი ნადარეიშვილი, ბატაიას ძმისშვილიო. მოხუცს ხელში ჯოხი ეკავა, ადგა, მოვიდა ჩემთან და გადამკოცნა. ეტყობოდა, ბიძაჩემის სიყვარული მის სულში ჩარჩენილი იყო. მგონი ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა უკვე. გრიგოლ ბერზე მკითხა რაღაცები, მეც ყველაფერი ვუამბე. თვალცრემლიანი მისმენდა. ბოლოს ვუთხარი, ბიძაჩემი უკვე 3 წლის გარდაცვლილია-მეთქი, ეს რომ გაიგო, ძალიან დამწუხრდა, ბევრი იტირა. აშკარად ეტყობოდა, მასაც ძალიან უყვარდა.
- სად ცხოვრობდა განდეგილი ბერი გრიგოლი?
- ჩვენი სოფლის ტყეში, უფანჯრო, ისლით დახურული პატარა სახლი თავისი ხელით ააშენა, იქ 20 წელი მარტო იცხოვრა. მე იმ სახლში დავრჩენილვარ კიდეც. საცალფეხო ბილიკით მივდიოდით მასთან ტყეში და საჭმელი მიგვქონდა. ტყეში პატარა ბოსტანი ჰქონდა. მახსოვს, ძმისშვილებს თავისი ხელით მოყვანილი ნესვით გვიმასპინძლდებოდა. საოცრად თბილი და მოსიყვარულე იყო, სულ მასთან ყოფნა გვინდოდა. შემდეგ მამაჩემის სახლში 7 ბავშვი ვიზრდებოდით, 4 დედმამიშვილი ვიყავით და ჩვენთან ერთად ბიძაჩემის სამი ობოლიც იზრდებოდა. კარგად მახსოვს, როგორ გვეალერსებოდა და გვეფერებოდა ყველას ბერი გრიგოლი.
- პატიმარიც იყო ბერი, ხომ?
- 1935 წლის ზაფხული იყო, სახლს ალყა შემოარტყეს, ყველაფერი გაჩხრიკეს და სახლიდან საეკლესიო წიგნები და მამა გრიგოლის პირადი ნივთები წაიღეს. მამაჩემი აიძულეს, მათ ტყეში გაჰყოლოდა, სადაც ბერი გრიგოლი დაყუდებული იყო და იმავე ღამეს დააპატიმრეს.
დასასრული შემდეგ ნომერში
თეა ხურცილავა