განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების დეტალები
font-large font-small
განდეგილი ბერი გრიგოლის ცხოვრების დეტალები
გაგრძელება

- გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ჩვენთან ერთად ცხოვრობდა იმ ოდაში. სახლის სხვენზე ჰქონდა ოთახი, რომელშიც წელში ვერ გაიმართებოდი. მარხვის დღეებში იქ დაეყუდებოდა. წარმოიდგინეთ, საშინელი უღმერთობის დროს მე და ჩემი ძმები მის გვერდით ვცხოვრობდით. ის მართლა სამაგალითოა სასულიერო პირებისთვის. მთელი მარხვის პერიოდში სხვენიდან არ ჩამოდიოდა. ღამეებს ლოცვაში ატარებდა. საერთოდ არ წვებოდა. ქვევიდან თოკზე გამობმული კალათით ვაწვდიდით საჭმელს. ხორციელი უძლურების მიუხედავად, ბერ გრიგოლს არასოდეს შეუცვლია ასკეტური ცხოვრების წესი. ზედმიწევნით განსწავლული იყო რელიგიურ ლიტერატურაში. ენებიც იცოდა: ბერძნული, რუსული. როგორც კი გაუუმჯობესდებოდა ჯანმრთელობა, დროდადრო იმ ტაძრების სიახლოვეს იმყოფებოდა, დარბევას რომ გადაურჩა. ხან სეფიეთის მთავარანგელოზთა სახელობის ძველ ტაძართან, ხან მარტვილის ტაძართან ახლოს. გვიყვებოდა, წვიმის დროს იქვე მდგარ ცაცხვის ფუღუროს ვაფარებდი თავსო. მარტვილის ტაძრის სიახლოვეს დღესაც დგას დიდი ცაცხვი, სადაც ბერი გრიგოლი მოსაყდრეობდა. ამბობდა, სამ ცალ რკოს შევჭამდი და მთელი დღე მყოფნიდაო. იგი ლოცვაში ათენებდა და აღამებდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც გერმანელები კავკასიონის ქედს მოადგნენ, ჯაშუშობის თემა გააქტიურდა. კომუნისტები მარტვილის ტყეში გადააწყდნენ განმარტოებულ ბერს და ჯაშუშობა დააბრალეს. ბიძაჩემის გრძელი წვერი პარიკი ეგონათ და თურმე აგლეჯდნენ. საშინელ დღეში ჩააგდეს, შეურაცხყოფილი მიიყვანეს რაიონის მილიციაში. თანამდებობაზე ვინც იყო, იმას უცნია ბერი და გაათავისუფლეს. ძალზე დაუძლურებულს, სახლში წამოსვლაც ვეღარ შეეძლო. უთხოვია, იქვე ნათესავის სახლში მიეყვანათ. ცოტა ხანს იქ უმკურნალეს. 1943 წელი იყო, ყველგან ჯაშუშებს ეძებდნენ, ხალხი საშინელი ტერორის ქვეშ ჰყავდათ. მამაჩემს ახლობლისთვის უთხოვია, ჩემი ძმა ეტლით სახლში მომიყვანეო და ფაეტონით მოიყვანეს.
ბიძაჩემი არავის უნახავს განრისხებული და აღშფოთებული. ბუნებით მშვიდი იყო. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც მორწმუნე თანასოფლელი დატუქსა. მან უთხრა, გერმანელები თუ მოვლენ, ეკლესიებს გახსნიანო და ამის გამო გაბრაზდა. ერთხელ ვაჩვენეთ მას პროკლამაციები, სადაც გერმანელები კომუნისტების წინააღმდეგ ხალხს ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ და კარგ მომავალს ჰპირდებოდნენ. ყურადღებით წაიკითხა ყველაფერი, მერე ბუხარში შეყარა და თქვა, მე დღე და ღამე ვლოცულობ, ფაშისტები აქ რომ არ შემოვიდნენ, ღმერთმა მითხრა, საქართველოში ისინი ვერ შემოვლენო.

- ამბობენ, წინასწარმეტყველებაც შეეძლოო?

- ბერ გრიგოლს წინასწარმეტყველების ნიჭიც ჰქონდა, რაც არ იყო გასაკვირი, რადგან სადაც გულის სიწმინდეა, ღვთის სულიც იქაა.

- რა იწინასწარმეტყველა?

- რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ანუგეშა ომში უგზო-უკვალოდ დაკარგული მეომრების მშობლები. სტუმრად მოვიდნენ ბებიაჩემის, სოფიოს ნათესავები. მათი შვილი, ბენედიქტე ჭანტურია ფრონტზე წავიდა და მასზე არაფერი ისმოდა. დამწუხრებული იყვნენ მშობლები, მოვიდნენ ბერ გრიგოლთან და შველას ითხოვდნენ. მას არ უყვარდა წინასწარმეტყველური აზრების წარმოთქმა, მაგრამ შეებრალა ნათესავები და უთხრა, მალე თქვენთან მოვალო. რამდენიმე დღეში მათ სახლში მართლა მივიდა, მყუდრო სენაკში დააბინავეს და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. დილით ღვთისგან ნაუწყები სასიხარულო ამბავი უთხრა: თქვენი შვილი ტყვედ არის ჩავარდნილი, მაგრამ ომის დამთავრების შემდეგ უვნებელი დაგიბრუნდებათ, მის ჩამოსვლამდე ცხენიანი კაცი მის გამოგზავნილ ბარათს მოგიტანთ და მალე თქვენი შვილიც მოვა სახლში, მაგრამ მე უკვე ცოცხალი აღარ ვიქნებიო. გავიდა ხანი და მართლაც ასე მოხდა. ოჯახი ყანაში იყო, როცა ცხენიანი კაცი შენიშნეს, რომელმაც წერილი მოუტანა. ბენედიქტე წერდა, ცოცხალი ვარო. ბერი გრიგოლის გარდაცვალებიდან 2 კვირაში ის მართლა ჩამოვიდა. ასეთივე მდგო­მარეობაში იყო თანასოფლელი ტიმოთე შახურიას ოჯახიც. ისინიც წუხდნენ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილის გამო და მათაც უთხრა, შვილი ცოცხალი დაგიბრუნდებათ, ოჯახიც ეყოლება და ყველაფერი კარგად იქნებაო. უკვე გითხარით, მამაჩემი, ნესტორიც იბრძოდა, პირველი მსოფლიო ომი გამოიარა, ოჯახმა არც მასზე იცოდა რამე. ბოლო დროს ბებიას შვილის ერიდებოდა და ვერ უბედავდა საკუთარ შვილს, დაკარგული შვილის ბედი გამოეთხოვა ღვთისგან. ბოლოს, თურმე დიდი მორიდებით უთხრა, მამა გრიგოლმა კი უპასუხა: ხილვა მქონდა, ხის ჩრდილში ჩამომჯდარიყო ნესტორი, ქუდი მუხლზე ედო, ხელში აღვირი ეჭირა და თავისი საყვარელი ცხენიც გვერდზე ჰყავდა, უფალმა ისიც მითხრა, ერთი კაციც რომ გადარჩეს, ის შენი ძმა იქნებაო. მამაჩემს ძალიან უყვარდა ცხენები, ფაშატი ჰყავდა, ამ ცხენთან ერთად მოიარა პირველი მსოფლიო ომი. მამა მართლა დაბრუნდა. ბევრი საინტერესო დეტალის გახსენება შეიძლება მამაჩემზე. მამაჩემი ომში რომ წავიდა, ჩემი ძმა გიორგიც რკინიგზის გასამხედროებულ ნაწილში მსახურობდა, ამიტომ ოჯახზე პასუხისმგებლობა მე დამეკისრა. კარგად მახსოვს ბატა ბიძიას დანაღვლიანებული თვალები, ნატანჯ სახეზე ყოველთვის უძილობა რომ ეტყობოდა, სულ მხარში მედგა, დროდადრო კოლმეურნეობაშიც გადიოდა სამუშაოდ. მას დაბარვა არ შეეძლო და გუთნით მოხნული მიწის ბელტებს ამტვრევდა ხისგან საგანგებოდ გამოთლილი უროთი, რომელსაც ერთი მხარე წვეტიანი ჰქონდა. საოცარი საყურებელი იყო, უზარმაზარ ბელტებს ჯერ იმ ბასრი პირით გააპობდა და შემდეგ უროთი ანაწევრებდა. ავადმყოფობის მიუხედავად, სრულიად მარტო რამდენიმე ჰექტარ მიწას ამუშავებდა.

- სარწმუნოებაზე ალბათ ბევრს გესაუბრებოდათ.

- ბევრს არ გვესაუბრებოდა, პირადი მაგალითით გვასწავლიდა. ჩვენთვის და მორწმუნე თანასოფლელებისთვისაც მისი ცხოვრება იყო სამაგალითო.

- რატომ ცხოვრობდა განდეგილად, ამაზე თუ უთქვამს ოდესმე რამე?

- ღმერთს პირობა მისცა და სულ მდუმარებაში იყო. ბოლოს მე და ჩემმა დედმამიშვილებმა მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ დიდხანს ვიცხოვრეთ. 8 წელი იმ ოდაში ცხოვრობდა, სახლის ჭერზე, სულ განმარტოებით და საჭმელს მე ვაწვდიდი. ის ჩვენი აღმზრდელი იყო. ომი რომ დაიწყო, ყველას გვავალდებულებდნენ, სახლში სანგარი გაგვეთხარა. მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმა ჯარში იყვნენ და სანგარი ჩვენ გავთხარეთ. ისეთ ადგილას უნდა ყოფილიყო, სახლს რომ ბომბი დასცემოდა, შესასვლელი არ დაეკეტა. ბიძაჩემს ფეხები სტკიოდა, ფიზიკურად ვერ გვეხმარებოდა, მაგრამ გვეუბნებოდა, როგორ გაგვეთხარა. განგაში რომ ატყდებოდა, მაშინვე კიბეს მივუდგამდი მას და თავისი ოთახიდან, სადაც განმარტოებული იყო, ჩამოდიოდა და აკოფში შემოდიოდა. ყველანი მიწაზე ვისხედით, ის კი პირჯვარს იწერდა და გაუთავებლად ლოცულობდა. ძალზე ტანჯული და მძიმე ცხოვრება გამოიარა. საბჭოთა იდეოლოგია ბობოქრობდა, მაგრამ ოჯახს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, მამა გრიგოლისთვის რა იყო სარწმუნოება. ჩვენი სოფელი გამორჩეულია როგორც საერო, ისე სასულიერო მოღვაწეებით. მახსოვს, პროფესორი სერგი მაკალათია გვიკითხავდა ლექციებს. ჩემი გვარი რომ გაიგო, დაინტერესდა ვინაობით, თვითონაც ჩვენი მეზობელი სოფლიდან, სეფიეთიდან იყო. ძალიან დავმეგობრდით, მასთან სახლშიც არაერთხელ ვყოფილვარ. მეტყოდა ხოლმე, მე სეფიეთელებს ვურჩევ, ონტოფოს სკოლაში ატარონ ბავშვები და იქ მეტ განათლებას შეიძენენო. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ მონაზონი დები მარტა და მართა ნადარეიშვილები, ონტოფოელი ბერები ათონის მთაზეც მოღვაწეობდნენ. კარგად მახსოვს მამა ლუკა ნადარეიშვილი, დიდებული ადამიანი, რომელიც აფხაზეთში მოღვაწეობდა და მას გრიგოლ ბერთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა.

- სახლიდან ტაძარში გადიოდა სალოცავად?

- მამა გრიგოლი დროდადრო სახლიდან მიდიოდა, განსაკუთრებით დიდი მარხვის დროს, მერე ისევ ბრუნდებოდა. თუ სად მიდიოდა, ამის შესახებ არ გვეუბნებოდა. თანასოფლელები სადმე შემთხვევით გადააწყდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, ვნახეთო. 1945 წლის შემოდგომა იდგა, სკოლიდან დავბრუნდი, ამასობაში დედაც მოვიდა და სახლში სადილის გაშლა დაიწყო. მამა გრიგოლმა ჩვენი მოსვლა რომ გაიგო, სხვენიდან ჩამოვიდა. ფრთხილად შემოაღო ოთახის კარი და დედას სთხოვა, ხვალ მივდივარ, ბარგი გამიმზადეო. ძალიან დაუძლურებული ჩანდა, მე ფეხებში ჩავუვარდი და ვთხოვე, არ წასულიყო. - არ შემიძლია, რომ არ წავიდე, მელოდებიანო. - დედაჩემი ქვითინით უმზადებდა ტანსაცმელს. წავიდა, მგონი აფხაზეთში, წმინდა ილორის ეკლესიაში. ორ კვირაში უკან დაბრუნდა, ფეხზე ძლივს იდგა. ორმა კაცმა მოიყვანა სახლამდე. ექიმმა გვერდზე გამიხმო და მკითხა, - ეს კაცი შენი ვინ არის? მიკვირს, ცოცხალი როგორ არის, სისხლი სულ მთლად გაწყალებული აქვსო. ეს რომ დედაჩემს ვუთხარი, ატირდა, ყველას გვიჭირდა მასთან განშორება. სულ თავს დავტრიალებდი. არ იყო ასაკში, 67 წლის გახლდათ. ბარბარობა დღე იყო, იმ დილით მითხრა, დღეს ჩემთან შენ გარდა არავინ შემოვიდესო. მეცხრე კლასში ვიყავი მაშინ. უკანასკნელი დარიგებაც მომცა. ბოლოს მითხრა, - არ შეგეშინდეს, გულზე ხელები დამიკრიფე და თვალები დამიხუჭეო. გვერდიდან არ მოვშორებივარ, ვხედავდი, განშორების დღე რომ დგებოდა. საღამოს უკვე ლაპარაკი აღარ შეეძლო. ხელით მანიშნა, ოთახის კარი გამოაღეო. მზე ჩადიოდა. კარგად მახსოვს, მზის სხივები სახეზე მოეფინა. ის მშვიდად ელოდა აღსასრულს. ჩემი ხელით დავუხუჭე თვალი ჩემს საყვარელ ბიძას, მე გავაპატიოსნე. 1945 წლის დეკემბერი იყო. სამძიმარზე ბევრი ადამიანი არ მოსულა, რადგან ხელისუფლების ეშინოდათ. ჩვენს სოფელშია დაკრძალული, 72 წელია, სათუთად ვუვლი ბიძაჩემის საფლავს. მაშინ წარწერასაც ვერ გავუკეთებდით, კომუნისტების დრო იყო. საფლავი რომ არ დაკარგულიყო, ორჯერ დავრგე ბუჩქი მის საფლავთან, ორჯერვე ამოთხარეს, მაგრამ საფლავს არავინ შეხებია. მეუფე პეტრეს ინიციატივით, მის საფლავზე ქვა დადეს წარწერით: `ამ ლოდსა ქვეშე განისვენებს ბერ მონაზონი გრიგოლ (ბატა) ნადარეიშვილი, ათონელი ბერი, ღირსი მამა ალექსი შუშანიას სულიერი შვილი. ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის რამეთუ მათ დაიმკვიდრონ სასუფეველი ცათა (მათეს სახარება 5.10)~. მეუფე პეტრე აქ ისე არ ჩაივლის, რომ არ მივიდეს მამა გრიგოლის საფლავთან და არ დაიჩოქოს მის წინაშე. უზომოდ მადლობელი ვარ მისი.

- ცოტა რამ თქვენ შესახებაც გვიამბეთ. როგორც ვიცი, სოფლის გამგებელი იყავით.

- საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი. დავიბადე 1928 წელს, ვცხოვრობდი იმ სახლში, რომელიც ახლა ეთნოგრაფიის მუზეუმში დგას. მთელი ცხოვრება ჩემს წარმატებებს ბერ გრიგოლს ვუკავშირებდი. ღრმად მწამდა, რომ ის სულ მეხმარებოდა. მახსოვს, სკოლას ვამთავრებდი, ქართულ წერაში მქონდა გამოცდა. წინაღამეს დამესიზმრა, რა თემაც მოვიდოდა. სანამ განათლების სამინისტროდან მოტანილ კონვერტს გახსნიდნენ, ხმამაღლა დავასახელე თემა. ყველანი იქ იყვნენ, დირექტორი, მასწავლებელი, მოსწავლეები. მართლაც, ჩემი დასახელებული თემა აღმოჩნდა ერთ-ერთი. დირექტორმა მოითხოვა, მეთქვა, საიდან გავიგე, ვინ მყავდა განათლების სამინისტროში. ვუმტკიცებდი, რომ არავინ მყავდა, მაგრამ არ დამიჯერა. ასეთი პატარა სასწაულები ხშირად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. ჯარში ყოფნისას საომარ მოქმედებებზე გვგზავნიდნენ. ეს საბჭოთა საიდუმლო ისტორიას უკავშირდება, იქაც სიკვდილს სასწაულებრივად გადავურჩი. ყოველთვის მწამდა, რომ მამა გრიგოლის სიყვარული მიფარავდა... პედაგოგი ვარ პროფესიით, ისტორიის და რუსული ენა ლიტერატურის ფაკულტეტი დავამთავრე, მანამდე ჯარში 4 წელი ვიმსახურე და საინტერესოა, ზუსტად იმ ნაწილში მოვხვდი, სადაც მამაჩემი მსახურობდა. მამას წერილი რომ მოვწერე, პასუხად მივიღე, დააკვირდი იმ შენობას, სადაც ახლა ხარ, მაღლა, მეორე სართულზე აგურით აწერია 1912 წელიო. მართლაც ასე ეწერა... 40 წლის შემდეგ, მეც იქ აღმოვჩნდი... წლების მანძილზე სოფლის გამგებელი ვიყავი და ვფიქრობ, ხალხის სიყვარული მაქვს. ახლა ასაკში ვარ, ცოტა ფეხები მტკივა, თორემ სხვას არაფერს ვუჩივი... ეს ქუჩა ჩემი ძმის, გიორგი ნადარეიშვილის სახელობისაა. ჩემი ძმა პროფესიით იურისტი გახლდათ, აკადემიკოსი და 300-ზე მეტი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. ცნობილი ადამიანი იყო. ის ყველას უყვარდა. გვეამაყება ჩვენი წინაპრები, ჩვენც ვცდილობდით, რომ საამაყოდ გვეცხოვრა. ბიძაჩემი მართლა ღირსეულად აღესრულა, მან მთელი ცხოვრება ლოცვაში გაატარა.


თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
ბე­რი გრი­გო­ლი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა კუნ­ძუ­ლის სა­ვა­ნე­ში დამ­კ­ვიდ­რ­და
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი