როგორ დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი
font-large font-small
როგორ დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი
გენერალ პოპოვიჩ-ტეკელიას კაციჭამია ჯარისკაცებს (გადმოცემით, სერბ რაზმელთა შორის კანიბალები მართლაც ბევრნი ყოფილან) გადარჩენილი ზაპოროჟიელი კაზაკები ეკატერინე II-მ დიდსულოვნად "შეიწყალა"


1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტოს) ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებულ ე.წ. "სამეგობრო შეთანხმებას", კრემლში ამჟამადაც კი საქართველოს მიმართ პრეტენზიების წამოყენების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნევენ. არადა, "გეორგიევსკის ტრაქტატი" ჩვეულებრივი არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება იყო, რომელსაც ქართლ-კახეთის ანექსიისათვის გარკვეული პირობები უნდა შეექმნა. კერძოდ - სპარსეთთან და ოსმალეთთან ურთიერთობები დაეძაბა. აღსანიშნავია ისიც, რომ ერეკლე II-მ, რომლის მეფობის დასაწყისში ქართლ-კახეთი მართლაც მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რუსების მფარველობაში შესვლა იმ დროს "მოისურვა", როდესაც ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი იყო. სხვათა შორის, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების წინა პერიოდი ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, როგორც წესი, ტენდენციურად შუქდებოდა.

XVIII საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ქართლ-კახეთი მთელს კავკასიაში უდიდესი სახელმწიფო იყო - მას ემორჩილებოდა ერევნის, ნახჭევანის, განჯის, ყარაბაღის სახანოები, რომლებიც დღევანდელ სომხეთსა და აზერბაიჯანს თითქმის მთლიანად მოიცავდა; მიუხედავად იმისა, რომ სამეფოში ფეოდალური ურთიერთობები უწინდებურად მყარად იყო ფესვგადგმული, ევროპასთან კავშირის წყალობით, კაპიტალიზმიც აისახებოდა და, რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში ეს ცვლილება გართულების გარეშე ხდებოდა. იმ დროისათვის, კულტურულად და ეკონომიკურად ქართლ-კახეთის მოსახლეობა უფრო წინ იდგა, ვიდრე მაგალითად, ოსმალეთისა, რომელსაც ევროპის ქვეყნებთან საერთო საზღვარი გააჩნდა. გარდა ამისა, ქართლ-კახეთის ქვეშევრდომთა მოქალაქეობრივი თვითშეგნებაც მაღალი იყო - ერეკლე II-ს თავიანთ მეფედ უშუალოდ ქართლ-კახეთში მცხოვრები არაქართველებიც მიიჩნევდნენ. აქედან გამომდინარე, ქართლ-კახეთს მეზობელი სპარსეთი და ოსმალეთი საკმაოზე მეტადაც კი უწევდნენ ანგარიშს.

GzaPress

ამგვარ ფონზე, მართლაც საეჭვოა, რატომ უნდა მოენდომებინა ერეკლე II-ს რუსი იმპერატორის მფარველობა და ამით საკუთარი სახელმწიფოსათვის ზედმეტი პრობლემების შექმნა. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მიღებული თვალსაზრისი, თითქოს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერა ერეკლე მეფის შორსმჭვრეტელობის შედეგი იყო, აბსოლუტური უაზრობაა, რადგანაც მაშინ რუსეთი კავკასიაში ახალბედა მოთამაშე იყო და აქ გავლენა თითქმის არ ჰქონდა. შესაფერის არგუმენტად ვერც ჩვენი და რუსების "ერთმორწმუნეობა" გამოდგება - იმ დროისთვის სპარსელებიც და ოსმალებიც ქართულ ეკლესიას პრობლემებს ნაკლებად უქმნიდნენ. მართალია, ოსმალეთის საზღვართან - დღევანდელი ბორჯომის ხეობაში, მშვიდობიან მოსახლეთა გატაცება ხშირად ხდებოდა, მაგრამ სამეფო ხელისუფლება იმ დონეზე ძლიერი მაინც იყო, რომ მსგავსი შემთხვევები აღეკვეთა. ერეკლე მეფე ჩრდილო კავკასიიდან გადმოსულ ლეკთა რაზმებსაც საკადრის პასუხს სცემდა; ქართლ-კახეთი სავსებით შემდგარი, ძლიერი სამეფო იყო.

ამავდროულად, ჩრდილოეთით - რუსეთის იმპერიაში, რომელსაც ქართლ-კახეთისგან ჩერქეზეთი, ოსეთი და ჩეჩნეთ-დაღესტანი ჰყოფდა, იმპერატორის ტახტზე ეკატერინე II-ს ასვლიდან (1762 წ.) მოყოლებული, არც მეტი, არც ნაკლები - მსოფლიოს დასაპყრობად ემზადებოდნენ: დედოფლის უპირველესმა ფავორიტმა და მრჩეველმა, გრიგორი პოტიომკინმა ჯერ კიდევ 1772 წელს შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც რუსეთს აზიაში უნდა დაეპყრო სპარსეთი და ინდოეთი, ამის შემდეგ კი უნდა გაენადგურებინა ოსმალეთი, მის ევროპულ სამფლობელოებს თავად დაჰპატრონებოდა და ლუკმა-ლუკმა, მთელი ევროპაც ჩაეყლაპა. აღსანიშნავია, რომ პოტიომკინის ამ ჩანაფიქრით, კავკასიას საკვანძო როლი ეკისრებოდა - ეს რეგიონი სპარსეთსა და ოსმალეთზე შეტევისთვის რუსების უმთავრესი პლაცდარმი უნდა ყოფილიყო.

პოტიომკინის გეგმის განხორციელება ეკატერინე II-მ ორი მიმართულებით დაიწყო - სამხრეთ-აღმოსავლეთით რუსეთმა ყალმუხეთის სახანო დაიპყრო (1772 წ.), ხოლო სამხრეთ-დასავლეთით, უკრაინაში - ზაპოროჟიელ კაზაკთა სეჩი. აღსანიშნავია ისიც, რომ სეჩის კაზაკობა იმ დროს უკიდურესად ანტირუსული განწყობით გამოირჩეოდა. პოტიომკინს ამ ხალხის "მოთვინიერება" ძალზე გაუჭირდა და საგანგებოდ, ამისათვის, 1773 წლისათვის უკრაინაში დიდი რაოდენობით სერბი გადმოასახლა, რომელთაც სათავეში ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოცდილი გენერალი, პეტრე პოპოვიჩ-ტეკელია ედგა. სერბებმა კაზაკთა სეჩი 1775 წლის მაისში მიწასთან გაასწორეს. "ტეკელის დამსახურებაა ის, რომ ზაპოროჟიეს ურჩი კაზაკობა სამუდამოდ განადგურდა ისე, რომ ისტორიაში მათი სახელიც აღარ დარჩება..." წერდა ეკატერინე II-ს გრიგორი პოტიომკინი.

გენერალ პოპოვიჩ-ტეკელიას კაციჭამია ჯარისკაცებს (გადმოცემით, სერბ რაზმელთა შორის კანიბალები მართლაც ბევრნი ყოფილან) გადარჩენილი ზაპოროჟიელი კაზაკები ეკატერინე II-მ დიდსულოვნად "შეიწყალა" და აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჭაობიან დაბლობებში დაასახლა. მოგვიანებით, დედოფალმა ამ ხალხს ყუბანისპირეთში, ჩერქეზებით დასახლებული მიწები "უწყალობა" და მოუწოდა, რომ ახალი სამშობლო "ტუზემცებისგან" ბრძოლით გაეთავისუფლებინათ. კაზაკები მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებდნენ, მისი გული მოეგოთ და შემდგომი "წყალობა" მიეღოთ. რაც შეეხება პეტრე პოპოვიჩ-ტეკელის, მას დედოფლის წინაშე დამსახურება კარგად დაუფასდა - გრიგორი პოტიომკინის რჩევით, იგი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებული რუსული არმიის სარდლად და "ნოვოროსიის" (ასე უწოდებდნენ რუსები დღევანდელი კრასნოდარის მხარის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს) გუბერნატორად დაინიშნა.

GzaPress

სწორედ ამ პერიოდში - XVIII საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში - ქართლ-კახეთის სამეფო კარზე გამოჩნდა გერმანელი "ექიმი" იაკობ რაინეგსი. სინამდვილეში ის გრიგორი პოტიომკინის ხელდასხმული ჯაშუში გახლდათ და ერეკლე II-ის კარზეც ერთი მისიით იმყოფებოდა - ქართლ-კახეთის მეფე და თავადაზნაურობა "ერთმორწმუნე" დიდი რუსეთის მფარველობაში შესვლაზე დაეყოლიებინა. სხვათა შორის, რაინეგსმა ერეკლე II-ის ნდობის მოპოვება მალევე შეძლო, რადგანაც ევროპულ მედიცინაში მართლაც ღრმად იყო განსწავლული და სხვა სფეროებშიც კარგ რჩევებს იძლეოდა. მაგალითად, მისი ინიციატივით დაარსდა მეფის კარზე "ბატონიშვილთა სკოლა", დაიწყო რეგულარული ჯარის შექმნა, რომელსაც ქართველები "რეღულს" უწოდებდნენ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში იმ დროის ევროპული მიღწევები ფართოდ დაინერგა და ა.შ. ამავდროულად კი რაინეგსი დასახული მიზნის მიღწევასაც ცდილობდა - ერეკლე II-ს რუსეთთან კავშირის აუცილებლობაზე ეჩიჩინებოდა და უმტკიცებდა, რომ რუსეთის გარეშე, ქართლ-კახეთს მუსლიმანური ოსმალეთი და სპარსეთი, ადრე თუ გვიან, გადაყლაპავდა.

ამდენად, რაინეგსის ქართლ-კახეთში ჩამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეფე ერეკლეს უკვე აშკარად პრორუსული ორიენტაცია ჰქონდა აღებული, ოღონდ იმხანად ის იმპერატორის მფარველობის ქვეშ შესვლაზე ნაკლებად ფიქრობდა - პატარა კახს უფრო სამხედრო მოკავშირეობა ხიბლავდა. იაკობ რაინეგსის მიერ პოტიომკინისადმი გაგზავნილი საიდუმლო კორესპონდენციებიდან ჩანს, რომ ერეკლეს ეს ჩანაფიქრი რუსეთისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო: "თქვენს მაღალკეთილშობილებას ვთხოვდი, ჩემთვის ცოტა დრო კიდევ მოეცა - ქართლ-კახეთის მეფეს პრივატული უფლებების თუნდაც ერთი, უმცირესი ნაწილის დათმობაც კი ეძნელება... ჯერჯერობით მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ სპარსეთთან და ოსმალეთთან ახლო ურთიერთობისგან რუსეთის გამო შეიკავოს თავი", - წერს რაინეგსი. თავის მხრივ კი პოტიომკინი დედოფალ ეკატერინე II-სთან მიმოწერაში იმედგაცრუებას ვერ მალავს: "ქართლ-კახეთის საქმის მოგვარებას ცოტა დრო კიდევ დასჭირდება - ერეკლე ისევ ჯიუტობს, მაგრამ სულ უფრო და უფრო თმობს საკუთარ, მოძველებულ შეხედულებებს..." - ეს სტრიქონები გრიგორი პოტიომკინმა ეკატერინე II-ს 1780 წელს მისწერა, როცა "გეორგიევსკის ტრაქტატამდე" მხოლოდ სამი წელი რჩებოდა.

პირდაპირი პროპაგანდის გარდა, რუსული აგენტურა ცდილობდა, იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოებს შორის ურთიერთობა დაეძაბა, რათა ერეკლე II-ს ხაფანგში შეტყუება აღარ გასჭირვებოდათ. ამ მიზნით, რაინეგსი იმერეთის მეფის, სოლომონ I-ის კარზე გავლენის მოსაპოვებლად ყველაფერს აკეთებდა, თუმცა იმერელი გვირგვინოსანი მას ნაკლებად ენდობოდა და ერეკლესაც ურჩევდა, ეს "ღერმანელი დოხტური" თავიდან მოეშორებინა. სოლომონ I-ს არც რუსეთთან მჭიდრო კავშირის დამყარება მოსწონდა და პატარა კახს ამის თაობაზეც აფრთხილებდა. სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ იმერეთის მეფე, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდგომ, 1784 წელს, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. იმხანად რაინეგსის მსგავსი "ღერმანელი დოხტურები" მის კარზეც იყვნენ და საფიქრებელია, რომ სოლომონ I-ის მოულოდნელი გარდაცვალება ამ ხალხის მანიპულაციების ლოგიკური შედეგი იყო.

1783 წლის დასაწყისისასთვის იაკობ რაინეგსი ერეკლეს სულ უფრო და უფრო ხშირად ესაუბრებოდა იმაზე, რომ მისი სიკვდილის მერე უფლისწულებს შორის მტრობა ჩამოვარდებოდა, რაც ქართლ-კახეთს საბოლოო დაშლამდე მიიყვანდა. გერმანელი აღარც იმას მალავდა, რომ მას ეკატერინე II-სთან პირადი კავშირები ჰქონდა და თანამედროვე სიტყვებით რომ ითქვას, მის კარზე ერეკლე II-ის ლობირება შეეძლო: "თუ კი რუსეთთიან მეგობრობაზე უარს იტყვით, ქართლ-კახეთს შინაომები ძალას გამოაცლის და მტრების საჯიჯგნად აქცევს... სამწუხაროდ, თქვენ ბევრი შვილი გყავთ და ყველა მათგანს მეფობა უნდა... თუ ქვეყნის ბედს რუსეთის იმპერატორს მიანდობთ, უფლისწულები ახალ მეფეს ურჩობას ვერ გაუბედავენ, რადგანაც ის თვით იმპერატორის მიერ იქნება ხელდასხმული", - ასეთი იყო რაინეგსის არგუმენტები, რომელთაც ხანშიშესული ერეკლე II ვერაფერს უპირისპირებდა. პატარა კახი თავადაც კარგად ხედავდა, რომ უფლისწულებს ერთმანეთი გულზე მართლაც არ ეხატებოდათ.

რუსეთის მფარველობაში შესვლის (რაინეგსი "მეგობრობას" რომ უწოდებდა) მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი, გერმანელი ექიმის თქმით, ქართლ-კახეთის კუთვნილი მიწების დაბრუნება იყო: ერთი მხრივ, ახალციხის საფაშო, რომელიც ქართლს ეკუთვნოდა და მეორე მხრივ - კახეთის კუთვნილი ჰერეთი მაჰმადიანებს ეპყრათ; მათ დასაბრუნებლად კი, რაინეგსის მტკიცებით, ქართლ-კახეთს ძალები არ ეყოფოდა. ამიტომაც, საჭირო იყო, რომ ერეკლე რუსეთს "დამეგობრებოდა"; ხსენებული მიწების განთავისუფლებასა და ქართლ-კახეთისადმი მათ დაბრუნებაზე თავად იმპერატორი იზრუნებდა. ერეკლე II-ს ეს იდეა კი ხიბლავდა, მაგრამ მაინც ყოყმანობდა. მეფემ რაინეგსის სასახლიდან დათხოვნაც კი დააპირა, მაგრამ მერე გადაიფიქრა.

ამავდროულად, რაინეგსს სანქტ-პეტერბურგიდან გრიგორი პოტიომკინი წერილს წერილზე უგზავნიდა და უბრძანებდა, რომ "მეგობრობის ხელშეკრულებაზე" ერეკლე II რაც შეიძლება, მალე დაეთანხმებინა: "წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გამოემშვიდობებით მაგ გერმანულ გოგრას, რომელიც, როგორც ჩანს, თქვენს კისერს უკვე ზედმეტ ბარგად ჰქცევია", - თავს ვერ იკავებდა პოტიომკინი. რაინეგსი ძალასა და ღონეს არ ზოგავდა და როგორც იქნა, 1783 წლის გაზაფხულზე, ერეკლე II ძლივსძლივობით დაიყოლია. ქართლ-კახეთი რუსეთის მფარველობაში შევიდოდა, სამაგიეროდ კი რუსეთს გარეშე მტრებისაგან მისი დაცვა უნდა უზრუნველეყო - ეს იყო მეფის წამოყენებული მთავარი პირობა, რომელსაც სანქტ-პეტერბურგში "დიდსულოვნად" დაეთანხმნენ. ხანმოკლე დიპლომატიური მიმოსვლის შემდეგ გადაწყდა, რომ შეთანხმება რუსულ სასაზღვრო ციხესიმაგრეში - გეორგიევსკში გაფორმდებოდა, რათა ერეკლეს რწმუნებულ ელჩებს მგზავრობაში დიდი დრო არ დაეკარგათ. როგორც წესი, პირობები ცალკეულ მუხლებად ჩამოყალიბდებოდა და მათი ტექსტი ორ ენაზე - ქართულად და რუსულად შედგებოდა. იგი ორივე ენაზე იდენტური უნდა ყოფილიყო და, შესაბამისად - თანაბარი ძალის მქონეც. ერეკლე II-ს ეს ყველაფერი აკმაყოფილებდა და გეორგიევსკში მალევე გაგზავნა ელჩებიც - იოანე ბაგრატიონი და გარსევან ჭავჭავაძე.

რუსეთის მხრიდან კი ყველაფერი სხვაგვარად იყო - გრიგორი პოტიომკინი და იმპერატრიცა ეკატერინე II დიდხანს თათბირობდნენ, ვინ გაეშვათ ხელმოსაწერად, მაგრამ ვერაფრით თანხმდებოდნენ. ბოლოს, ეკატერინე II-მ ამ საქმისათვის ზედგამოჭრილად გენერალ-პორუჩიკი პავლე პოტიომკინი მიიჩნია. ის გრიგორი პოტიომკინის ნათესავი და იშვიათი სილამაზით დაჯილდოებული მამაკაცი იყო. ეკატერინე II-მაც სწორედ ამიტომ შეაჩერა მასზე არჩევანი, რითაც, გრიგორი პოტიომკინის ფარული გულისწყრომა დაიმსახურა. საბოლოოდ, ყველაფერი ისევე გადაწყდა, როგორც იმპერატრიცას სურდა და გეორგიევსკში პავლე პოტიომკინი ჩავიდა. მან აქ უშუალოდ მიიღო მონაწილეობა შეთანხმების ტქსტის შედგენაში. საინტერესოა, რომ ტექსტი ჯერ რუსულად შედგა და მერე ითარგმნა ქართულად, თანაც ისე, რომ ზოგიერთი რუსული გამოთქმა უთარგმნელი დარჩა. ეს ვითომ იმ მიზნით გაკეთდა, რომ რუსულ და ქართულ ვერსიებს შორის მკაცრი შესაბამისობა დაეცვათ, მაგრამ სინამდვილეში ქართულ ტექსტში რუსული ბარბარიზმების სიჭარბეს თავისი მიზეზი ჰქონდა - შეთანხმების შინაარსი ქართველი გვირგვინოსნისთვის ბუნდოვანი უნდა ყოფილიყო, რათა მისი დარღვევა რუსებს იოლად მოეხერხებინათ.

GzaPress

"ტრაქტატად" წოდებული შეთანხმება, რომელსაც ხელი 1783 წლის 24 ივლისს (ძველი სტილით - 4 აგვისტოს) მოეწერა, შესავლისა და 13 მუხლისაგან შედგებოდა. Aმას გარდა, მასში შედიოდა კიდევ 4 საიდუმლო (სეპარატული) მუხლი, რომლებიც მხარეებს არ უნდა გამოექვეყნებინათ. ამასთან, თუ შესავალსა და 13 მუხლში, ზოგადად ქართლ-კახეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ფორმებზე, ქართლ-კახეთის გვირგვინოსნისა და ქვეშევრდომთა უფლება-მოვალეობებზე და რუსეთისადმი საუკუნო მეგობრობაზე იყო საუბარი, სეპარატულ მუხლებში პირდაპირ ეწერა, რომ ქართლ-კახეთის მეფე საკუთარი სუვერენული უფლებების ძირითად ნაწილს რუსეთის იმპერატორს გადასცემდა. კერძოდ - ქართლ-კახეთს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება აღარ უნდა ჰქონოდა და ამ საკითხში არა სანქტ-პეტერბურგს, არამედ ე.წ. "კავკასიის ხაზის" უფროსს უნდა დამორჩილებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ "გეორგიევსკის ტრაქტატის" კაბალური ხასიათი ყველაზე მეტად სწორედ ამ სეპარატული მუხლიდან გამოსჭვივის. ქართლ-კახეთის მეფე "კავკასიის ხაზის" უფროსზე დაქვემდებარებით, ფაქტობრივად, იმპერიის დაბალ მოხელეს უთანაბრდება. არადა, იმხანად ევროპაში სათანადო წესი არსებობდა - მფარველობაში შესვლა, ანუ "პირადი უნია" ორივე მხარეს თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ანიჭებდა; შესაბამის ხელშეკრულებაზეც ხელი თანასწორ პირებს (როგორც წესი - უშუალოდ გვირგვინოსნებს) უნდა მოეწერათ, რის შემდეგაც მათი ქვეყნების გერბებიც ერთიანდებოდა. ცხადია, "გეორგიევსკის ტრაქტატის" ხელმოწერის დროს ეს წესები არავის გაუთვალისწინებია.

შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელს ერეკლე II-მ ხელი მოგვიანებით - 1784 წლის 24 იანვარს მოაწერა, მეორე დღეს კი ტრაქტატით გათვალისწინებული წესებით, რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე საჯაროდ დაიფიცა. ამ დროისათვის ქართლ-კახეთში უკვე რუსული არმიის ორი ბატალიონი იმყოფებოდა, რომელთაც პოლკოვნიკი ტამარა და პოლკოვნიკი ბურნაშოვი მეთაურობდნენ. რუს ჯარისკაცებს ქვეყანა მაჰმადიანი მტრების შემოსევებისაგან უნდა დაეცვათ. ამავდროულად, ტამარასა და ბურნაშოვს პირადად გრიგორი პოტიომკინისაგან დავალებული ჰქონდათ, ხელსაყრელ შემთხვევაში ერეკლე II ტახტიდან ჩამოეგდოთ და ხელისუფლება თავად აეღოთ ხელში. ქართველთა საბედნიეროდ, რუსმა პოლკოვნიკებმა ეს მაშინ ვერ შეძლეს. თუმცა, სანქტ-პეტერბურგში გამარჯვებას უკვე ზეიმობდნენ: "ქართლ-კახეთის საქმე უკვე მოგვარებულია - საკმარისია მხოლოდ დაველოდოთ, როდის გარდაიცვლება მეფე ერეკლე, რომ ეს მხარე რუსეთს უშუალოდ შემოვუერთოთ; ასე რომ, ჩემო ძვირფასო იმპერატრიცა, თქვენ ნუღარაფერზე ინაღვლებთ - ყველაფერი რიგზე იქნება" - წერდა გრიგორი პოტიომკინი ეკატერინე II-ს. ქართლ-კახეთში კი, პოლკოვნიკ ბურნაშოვის გადმოცემით, ხალხი ზეიმობდა. ბუნებრივია, რომ უბრალო ხალხს "ერთმორწმუნე რუსების" იმედი მართლაც ჰქონდა, ისევე, როგორც რუსი ჯაშუშებისგან გაბრიყვებულ თავად-აზნაურობას და თავად ერეკლე II-ს: "ქართლ-კახეთის სატახტო ქალაქში ტრაქტატის დადების გამო დაწყებული საყოველთაო ქეიფი რამდენიმე დღე გრძელდებოდა... ხალხი უზომოდ კმაყოფილი იყო, რომ ქვეყნის ბედი, იმპერატორის წყალობით, უკეთესობისკენ შეიცვალა", - წერდა პოლკოვნიკი ბურნაშოვი "კავკასიის ხაზის" უფროსს, გენერალ-პორუჩიკ პავლე პოტიომკინს, რომელსაც ამ სტრიქონების კითხვისას, ვინ იცის, რამდენჯერ ჩაეღიმებოდა ირონიულად.

P.s. ზარ-ზეიმით რატიფიცირებული "გეორგიევსკის ტრაქტატი" რუსებმა ძალიან მალე - 1787 წელს დაარღვიეს, როდესაც ოსმალეთთან ახალი ომი დაიწყეს. ეკატერინე II-მ ქართლ-კახეთიდან ჯარი უკან გაიწვია ვითომ იმ მიზნით, რომ ოსმალეთს ქართლ-კახეთზე შეტევა არ წამოეწყო; ერეკლე II, რომელსაც ტრაქტატი რუსთა მოკავშირეობას ავალებდა, მტრის წინაშე მარტო დარჩა.

მიხეილ ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
20.11.2017
ბოლოს ვერ გავიგე ერეკლე მეფე რატომ დარჩა მარტო მტრის წინაშე და არა რუსეთი??
24.10.2016
Aრაფერი არ იცვლება თAრიღEბის გარდა,ისევ მოღAლატე მთAვრობა და კმაყოფილი Eრი"..........
Aნი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა საქართველოში მომხდარი დღემდე არცთუ ცნობილი ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.
"ზოგჯერ ტრაბახობდა , ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო"
ვაშინგტონის შტატში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის ოთარ იოსელიანისგან საინტერესო ამბავი გავიგე, რის მერეც პატარა გამოიძიების ჩატარება დამჭირდა. აი, რას მომიყვა ოთარი:
თბილისში ბევრი ლამაზი გოგო დადიოდა, მაგრამ ის ერთი მაინც სხვანაირად გამორჩეული იყო.
"ნადიკვარის ქუჩაზე, ერთ ლამაზ სახლზე მითხრეს, აქ საროსკიპო იყოო. სახელმწიფო არქივში წავედი, სადაც ჯერ გაუკვირდათ, მერე კი ძალიან დამეხმარნენ. ბოლოს დიდი დასტა შემრჩა ხელთ - გაფოლორცებული ქალების შესახებ მასალა მოვიძიე. "ფოლორცი" სომხური სიტყვაა და ნიშნავს ქუჩას ან მოედანს, სადაც ხალხი იკრიბება, ხოლო გაფოლორცებული - სახელგატეხილ, ნაძრახ ქალს"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი